ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
რატომ არ უხსნის რუსეთი ცას საქართველოს
#1(85), 2007
პოლიტიკას შეწირული ავიაცია და მგზავრები

რუსეთის ხელისუფლებაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის ეკონომიკური ბლოკადა გამოეცხადებინათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. პროდუქციის მწარმოებლებთან ერთად ქართული ავიაკომპანიებიც ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. თანაც, ქართული კომპანიების დაზარალების მიზნით რუსეთმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიებიც არ დაინდო და მათაც ასევე აუკრძალა საქართველოდან რუსეთის მიმართულების ფრენა. ბლოკადა ავიაკომპანიებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს, მაგრამ როდესაც საქმეში რუსულ-ქართული პოლიტიკაა ჩართული, ბიზნესმენები ამინდს ვერ ცვლიან. პოლიტიკოსების ბუტიაობა თითქოს დასასრულს უახლოვდება, რის ნიშნადაც რუსეთის პრეზიდენტმა გაწვეული ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო დაგვიბრუნა, მაგრამ აქამდე კვლავაც გაურკვეველია, როდის გადაწყვეტს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველოდან აფრენილი თვითმფრინავების მიღებას.

გასული წლის 2 ოქტომბერს რუსულმა მხარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეეჩერებინა. ამის ოფიციალური მიზეზი მაშინ რუსეთის ნავიგაციის მიერ ქართული ავიაკომპანიების დავალიანების მოთხოვნა დაასახელა. დავალიანების თანხა 3 მილიონ 200 ათასი დოლარი დასახელდა. რაც შეეხება იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის აკრძალვას, რომლებსაც არც რუსეთის ნავიგაციის ვალი ჰქონიათ არასდროს და არც ქართულ კომპანიებს არ წარმოადგენენ, მათთვის ფრენის შეჩერების მიზეზი ოფიციალური რუსეთის ვერსიით ამ ავიაკომპანიების დოკუმენტაციის გადახედვის მიზეზით ახსნა. თუმცა, ცხადია, ეს ვერსია საქართველოში არავის არ მიაჩნია სარწმუნოდ.

რა ვალებს ითხოვს რუსეთი

2004 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული წერილიდან, რომელიც რუსულმა მხარემ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გამოუგზავნა, ირკვევა, რომ ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის მიმართ ვალები დაუგროვდათ და ამ თანხის სასწრაფოდ დაფარვას ითხოვს.

“გაცნობებთ, რომ ქართულ ავიაკომპანიებს ერიცხებათ დავალიანება საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისათვის IATA-ს დადგენილებით, 1994 წლიდან 2001 წლის თებერვლამდე. გთხოვთ სასწრაფოდ მიიღოთ ზომები დავალიანების დაფარვაზე 2004 წლის ნოემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია არ მოემსახურება ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიაზე.

პატივისცემით, გენერალური დირექტორი ერნის ტეიმურაზოვი”.
 

IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია) მონაცემებით, 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რუსეთის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის მიმართ ვალები მართლაც დაუგროვდათ ქართულ ავიაკომპანიებს, მათ შორის მსხვილი დავალიანება ჰქონდათ შემდეგ კომპანიებს:

“აბავია”-ს - 106 000 დოლარი; “ავიაექსპრესკრუიზს” - 109 000 დოლარი; “გაკო კავკასია”-ს - 561 000 დოლარი; ხოლო “საქართველოს ავიახაზებს” - 464 000 დოლარი.

საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად გასული წლის 2 ოქტომბერს რუსულმა მხარემ სწორედ ეს ვალები და მათი გადაუხდელობა დაასახელა.

რამდენად სამართლიანია რუსული მხარის მოთხოვნა

როგორც საქაერონავიგაციაში ჩვენ გვითხრეს, რუსეთი ვალებს დღეს მოქმედი ავიაკომპანიებისგან არასწორად ითხოვს. ის დავალიანება, რომლის დაფარვასაც რუსეთის მხარეს სურს, კარგა ხნის წინ გაკოტრებული ავიაკომპანიების დავალიანებაა.

“მოქმედ ავიაკომპანიებს რუსეთის ნავიგაციის ვალი არ ჰქონდათ. ვალები შეიძლება 90-იანი წლების დროს იყო, მაგრამ დღევანდელ პერიოდში ავიაკომპანიას რომ რაიმე დავალიანება ჰქონოდა, რუსეთი საკუთრ ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას ელემენტარულად არ მისცემდა”, - ამბობს “საქაერონავიგაციის” საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელი თეა გადაბაძე.

რუსეთის მიერ დასახელებული ვალების უსაფუძვლობაზე მიუთითებენ ქართულ ავიაკომპანიებშიც. როგორც “აირზენა – ჯორჯიან ეარვეისი”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათ რუსეთის მიმართ არც ძველი დავალიანება ჰქონიათ და მიმდინარეც ბოლომდე აქვთ დაფარული. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ მათთვის ფრენის შეზღუდვა არ შეიძლება დავალიანებას უკავშირდებოდეს.

მეორე ქართული ავიაკომპანია “ნაციონალური ავიახაზები”, რომელიც ასევე რეგულარულ რეისებს ასრულებდა რუსეთის მიმართულებით, რუსეთის ბლოკადამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ავიაკომპანიის პრეზიდენტი გიორგი კოდუა ჩვენთან საუბრისას უარყოფს, რომ მის კომპანიას დავალიანება ჰქონდეს. რაც შეეხება ძველი ვალების მოთხოვნას, კოდუა ასევე ამბობს, რომ ვალი მხოლოდ იმ კომპანიებს ჰქონდათ, რომლებიც კაი ხნის წინ გაკოტრდა ან სახელმწიფომ შეგნებულად გააკოტრა.

ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი თაქთაქიშვილი ჩვენთან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით თავიდანვე აბსურდული იყო.

“თავის დროს ჩვენ მივმართეთ რუსეთის მხარეს, რომ თუ მათ სურდათ ვალების ამოღება, უნდა მიემართათ იმ გაკოტრებული კომპანიებისთვის, რომლებსაც ვალები დარჩათ. მოქმედ ავიაკომპანიებს კი არავითარი დავალიანება არ ჰქონდათ რუსეთის ნავიგაციის მიმართ”, - ამბობს თაქთაქიშვილი.

რა ზარალი ნახეს ავიაკომპანიებმა და აპირებენ თუ არა ჩივილს

საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე მოსკოვის მიმართულებით ფრენა კვირაში 20 რეისი სრულდებოდა. აქედან 3 რეისი ჰქონდა “საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს”, 6 - “აეროფლოტს”, 7 - “ჯორჯიან ეარვეისს”, 4 - “სიბირს”.

გიორგი კოდუას განცხადებით “ნაციონალურმა ავიახაზებმა” რუსული ბლოკადის გამო დაახლოებით 600 ათასი დოლარი იზარალა. ამას ემატება ასევე მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც ფრენების განახლების შემთხვევაში დაახლოებით 6 თვის მანძილზე მაინც გასტანს და კომპანიას აუცილებლად დააზარალებს.

საჰაერო სივრცის ჩაკეტვის პირველ დღეებში გიორგი კოდუა რუსული მხარის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებდა, თუმცა დღემდე ეს სარჩელი არსად შეუტანია.

“მაშინვე ვაპირებდი რუსეთის ნავიგაციისთვის ჩივილს და ამისათვის იურისტებიც ავიყვანე. თუმცა რუსეთთან არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ მთხოვა გავჩერებულიყავი, რადგან ისედაც გართულებული მდგომარეობა რუსეთსა და საქართველოს შორის უარესად არ დაძაბულიყო”, - ამბობს გოირგი კოდუა.

რაც შეეხება ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და  IATA-ს, ექსპერტების აზრით ისინი რუსეთს სანქციებს არ დააკისრებენ, რადგან ეს ორგანიზაციები მხოლოდ ფრენების რეგულირებით არიან დაკავებული. თუმცა გიორგი კოდუას ვარაუდით, არის შანსი, რომ რუსეთის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციას მისმა კომპანიამ სასამართლო მოუგოს.

“ჩვენ დაველოდებით სიტუაციას და მომავალში შეიძლება რუსულ მხარეს ვუჩივლოთ კიდეც. რუსეთის პრეტენზიები ლოგიკური რომ იყოს და თუ დავუშვებთ, რომ ქართულ კომპანიებს დავალიანების გამო აუკრძალეს ფრენა, მაშინ რუსული კომპანიები ხომ მაინც იყვნენ უვალოდ? რუსულ კომპანიებს ასევე 2 ოქტომბრიდან აკრძალული აქვთ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენა,” - განაცხადა გიორგი კოდუამ.

“აირზენა – ჯორჯიან ეარვეისი” მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული პოლიტიკის გამო. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი აკა სანიკიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ  ბლოკადამ “აირზენა”-ს გადაზიდვები 45 პროცენტით შეამცირა. სანიკიძის განცხადებით, ზარალის ზუსტი მონაცემები მას შემდეგ გაირკვევა, რაც კომპანია დოკუმენტაციას გაეცნობა. რაც შეეხება სასამართლოში ჩივილს, სანიკიძის თქმით, “აირზენა” არ აპირებს ცეცხლზე ნავთის დასხმას და სასამართლოში წასვლას.

რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს, გავრცელებული ინფორმაციით, “აეროფლოტი”, “პულკოვო” და “სიბირი” რუსეთის ნავიგაციის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებენ და არც ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ ვინმეს.

როდის განახლდება ფრენა რუსეთის მიმართულებით

ქართულ კომპანიეისაგან განსხვავებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა ბლოკადა შედარებით იოლად გადაიტანეს. თბილისიდან პირდაპირ გაფრენის უფლების აკრძალვას რუსულმა კომპანიებმა შემოვლითი გზით გადაჭრეს და იმ მგზავრებისთვის, ვისაც სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჩამოერთვათ, სომხეთიდან ამგზავრებდნენ. რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ სწორედ იმ ალტერნატიული გზით ისარგებლა, რა გზითაც საქართელო-რუსეთს შორის გადაადგილებაა შესაძლებელი. ელჩი მეზობელ სომხეთში ჩამოფრინდა და იქიდან უკვე მანქანით მოაღწია თბილისში რუსეთის საელჩომდე.
 
კოვალენკოს საქართველოში დაბრუნება პოლიტიკოსთა აზრით რუსული ბლოკადის დასასრულის დასაწყისია. ბლოკადის დასასრულებლად კი ცხადია, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მგზავრთა მოძრაობაც უნდა აღდგეს.

ავიაკომპანიების და ასევე საქაერონავიგაციის წარმომადგენლების განცხადებით საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობები მოგვარებულია. ახლა ჯერი პოლიტიკოსების ნებაზეა. საქართველომ რუსეთის მიერ გამოგზავნილ “R” ფორმას ხელი მოაწერა. ამის შესახებ “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ზეზვა ობგაიძემ განაცხადა.

როგორც ობგაიძე განმარტავს, ყოველი წლის დასაწყისში ქვეყნები ამ ფორმას ერთმანეთს უგზავნიან, რაც იმას ნიშნავს რომ პარტნიორ ქვეყნებს ერთმანეთთან ფრენების განხორციელება სურთ. შესაბამისად, რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და “R” ფორმას ხელი უკვე ორივე მხრიდან მოაწერა.

“ნაციონალური ავიახაზების” პრეზიდენტი გიორგი კოდუა ჩვენთან საუბრისას აცხადებს რომ ფორმა “R”-ზე ხელმოწერა უკვე იმის დადასტურებაა, რომ ორივე ქვეყანა თანახმაა ფრენების განახლებაზე. მაგრამ ფრენების განახლებაზე არც “აირზენას”, არც “ნაციონალურ ავიახაზებს” და არც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან ოფიციალური დირექტივა აქამდე არ მიუღია.
 
საქართველოს ტრანსპორტის რეგულირების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩხიკვაძის განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს და რუსეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მოსკოვში, 5-6 თებერვლისთვის იმსჯელებენ.

“განვლილი სამი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის მხარეს ორჯერ მივმართეთ. 24 იანვარს რუსეთმა დიპლომატიური არხებით შეგვატყობინა, რომ 5-6 თებერვალს მოსკოვში შესაბამისი მოლაპარაკებების გასამართად მზად არის. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად ჩვენც მზად ვართ,” - აღნიშნა ალექსანდრე ჩხიკვაძემ, რომელიც მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

როდემდე გასტანს რუსეთ-საქართველოს შორის ბლოკადა და რას მოიმოქმედებენ ავიაკომპანიები, წესით მალე უნდა გაირკვეს. მაგრამ სანამ საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მივა საქმე, რუსეთმა წესით ვიზების გაცემაზე უნდა მოხსნას ბლოკადა, რაც ელჩის დაბრუნების მიუხედავად, ისევ ძველებურად გრძელდება.

თემურ იობაშვილი