ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
მსოფლიოს უდიდესი აუდიტური კომპანიის გაკოტრების ნამდვილი ისტორია
#7(163), 2013
რამდენიმე წლის წინ საქმიანობა შეწყვიტა მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და უდიდესმა აუდიტურმა ფირმამ – Arthur Andersen. მისთვის უკანასკნელი სკანდალის ექო საფინანსო ბაზრებზე დღემდე ისმის. ეს ისტორია ამერიკული ენერგეტიკული გიგანტ Enron-ის გაკოტრებასთან ერთად განვითარდა. მაშინდელი სკანდალის მსხვერპლი სწორედ აუდიტური ფირმა Arthur Andersen აღმოჩნდა, რომელიც იძულებული შეიქმნა თავისი არსებობა შეეწყვიტა.

2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ძლიერ შოკში აღმოჩნდა – ამერიკაში ერთმანეთის მიყოლებით დაინგრა ბიზნეს-იმპერიები Enron, WorldCom, Global Crossing, Merck. ეს ამერიკული კორპორაციები ნანგრევებად ერთ წამში იმიტომ გადაიქცნენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ხელმძღვანელები შეგნებულად ამახინჯებდნენ საბუღალტრო ანგარიშგებას, ხოლო შესამოწმებლად მოსული გარე საფინანსო აუდიტორები განგაშის გამოცხადების მაგიერ, მათთან დანაშაულებრივ კავშირში შედიოდნენ.

გაკოტრებული ფირმები სრულიად განსხვავებულ დარგებში საქმიანობდნენ. ყოველ მათგანს საკუთარი ისტორია ჰქონდა, მაგრამ ყველა ამ კომპანიის ბიოგრაფიაში ფიგურირებდა ერთადერთი პერსონაჟი, რომლებმაც ისინი სამუდამოდ გააერთიანა – ესაა აუდიტური კომპანია Arthur Andersen, რომელიც მათ ბუღალტერიას აკონტროლებდა. წარმატებულ, ყველასთვის პატივსაცემ ფირმას უმწიკვლო რეპუტაცია და წარმატების 90-წლიანი ისტორია ჰქონდა. იგი აუდიტური ფირმების `დიდ ექვსეულში~, შემდეგ `დიდ ხუთეულში~ შედიოდა და ამ ხუთეულის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ჩნდება კითხვები, რომლებიც ჯერაც პასუხგაუცემელია: კომპანია Andersen-ს კლიენტების შესანარჩუნებლად  რატომ დაჭირდა ისეთი საეჭვო მეთოდის გამოყენება, როგორიც მათი ფინანსური ანგარიშგების შელამაზებაა? იყო ეს ბოროტი განზრახვა, თუ ამ ფირმის თანამშრომლები გულწრფელად ცდებოდნენ, როცა მონაცემებთან მუშაობის ახალ მეთოდებს პრაქტიკაში ნერგავდნენ?

აღნიშნული სამწუხარო მოვლენების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ (რომელმაც ყოვლისშემძლე ამერიკის ეკონომიკას რამდენიმე ძლიერი საყრდენი დაუნგრია), ამ ისტორიაში ბევრი რამ არაერთმნიშვნელოვნად არის შეფასებული და აღქმული. ერთ ჯაჭვში გადაბმული ზოგიერთი ფაქტი უკვე სხვა შინაარსს იძენს. როგორც ცნობილია, დიდის კარგად აღქმა ყოველთვის შორი მანძილიდან არის შესაძლებელი. მომხდარის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაში ეჭვი დიდი დროის გასვლის შემდეგაც არავის შეაქვს.

პატიოსნება და არაფერი პატიოსნების გარდა...

მოვლენების ამგვარად განვითარება 90-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიისათვის (რომელიც ამ ხნის განმავლობაში უდიდესი რეპუტაციით სარგებლობდა), ნამდვილად დრამატული იყო. ძნელად წარმოსადგენია, რა განცდა ექნებოდათ Arthur Andersen-ის შემქმნელებს, მათი შვილობილის ამგვარად განადგურებას რომ შესწრებოდნენ. არტურ ანდერსენს, ვინც ფირმას საკუთარი სახელი და გვარი დაანათლა, ეს ნაკლებად ემუქრებოდა, რადგანაც იგი 1947 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი მემკვიდრე ამ ფირმაში _ ლეონარდ სპაჩეკი `ენრონის დრამის~ დაწყების დროს ორი წლის წინ გარდაცვლილი იყო.

კომპანია Arthur Andersen 1913 წელს ორმა ამერიკელმა, პროფესორმა არტურ ანდერსენმა და მეწარმემ კლარენს დელანიმ შექმნეს. ამ ფირმის დაარსებამდე არტურ ანდერსენი PriceWaterHouse-ის ჩიკაგოს ოფისში აუდიტორად მუშაობდა. თავდაპირველად, მათ მიერ დაარსებულ ფირმას უფრო გრძელი სახელწოდება _ Andersen, DeLany & Co. ჰქონდა, მაგრამ ერთობლივი საქმიანობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, ანდერსენის საქმიანი პარტნიორი ამ ბიზნესიდან გავიდა, რის შემდეგაც კომპანიის სახელწოდებიდან მისი გვარიც გაქრა (რაც ბუნებრივია). თვით პროფესორი არტურ ანდერსენი კომპანიას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, იგი ბუღალტრული ანგარიშგების უმაღლესი სტანდარტებს თავგამოდებით იცავდა.

აუდიტური ფირმის Arthur Andersen თანამშრომლებისათვის საკუთარი კომპანიის ისტორია და მისი დამაარსებლის საქმიანობის ფილოსოფია კარგად ცნობილი რომ ყოფილიყო, ალბათ თავიდან აიცილებდნენ იმ საბედისწერო შეცდომებს, რამაც აუდიტური გიგანტის დაღუპვა გამოიწვია. არადა, ანდერსენის საქმიანობის პრინციპები ძალიან მარტივი იყო. მისი მყარი რწმენის მიხედვით, აუდიტორები ძირითადად პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ არა კლიენტი-კომპანიის, არამედ მისი აქციონერთა წინაშე. სხვა სიტყვებით, აუდიტური საქმიანობის უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს პატიოსნება და არაფერი პატიოსნების გარდა.

არტურ ანდერსენის, შემდეგ კი მისი მემკვიდრის, ლეონარდ სპაჩეკის მეთაურობის დროს, ამ კომპანიის დევიზი იყო `Think straight, talk straight" (`იფიქრე პატიოსნად, ისაუბრე პატიოსნად~). ჯერ კიდევ თავისი აუდიტორული საქმიანობის დასაწყისში, პროფესორმა ანდერსენმა აღნიშნა, რომ საგადასახადო და საბუღალტრო კონსულტაციებს ანგარიშგების შემოწმებასთან ერთად დიდი ფულის შემოტანა შეუძლია. არტურ ანდერსენმა ბუღალტრული აღრიცხვის საკუთარი მეთოდები პრაქტიკაში დანერგა. იგი თავის თანამშრომლებს მოუწოდებდა `გაეუმჯობესებინათ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება~. მას მხედველობაში ჰქონდა, რომ აუდიტორთა და კონსულტანტების ხანგრძლივი და რუდუნებით მუშაობა იმ დამკვეთი ფირმის საქმიანობის გაჯანსაღებისკენ იქნებოდა მიმართული, რომელმაც მათ საკუთარი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება ანდო.

დიდი პროფესორის მოსწავლეებმა საკუთარი მასწავლებლის შეგონებანი თავისებურად გაიგეს. მისი დანერგვა ცხოვრებაში ზედმეტი სიზუსტით დაიწყეს. ამ ფირმამ საკუთარი ავტორიტეტი არტურ ანდერსენის მეთაურობისას მოიპოვა. იგი ამერიკელებმა ჭეშმარიტ ფინანსურ წინასწარმეტყველად მიიღეს. დიდი დეპრესიის წლებში (როცა ამერიკაში უდიდესი და გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა), კომპანია Arthur Andersen-ს ამერიკის ეკონომიკაში არსებული სირთულეების არ შეეშინდა და ამერიკული ბიზნესის სიმყარეზე ფსონი გააკეთა.

ანდერსენის გარდაცვალების შემდეგ, ამ კომპანიაში მისმა მემკვიდრემ ლეონარდ სპაჩეკმა უცხოური ბაზრების ათვისება უფრო აქტიურად დაიწყო. სპაჩეკის მონდომებით, `არტურ ანდერსენმა~ ლიდერის პოზიციები ჯერ ევროპაში მოიპოვა, ხოლო შემდეგ აუდიტორთა `დიდ ექვსეულში~ შევიდა. ეს აუდიტური ფირმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის ამ სეგმენტში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გახდა. ლეონარდ სპაჩეკის მეთაურობისას, `არტურ ანდერსენის~ ყოველწლიური შემოსავალი 16-ჯერ და მეტჯერ, 8 მილიონიდან 130 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. კრისტალური პატიოსნების სტრატეგიამ თავისი დივიდენდები ნამდვილად მოიტანა. სხვა ცნობილი აუდიტური კომპანიებისგან განსხვავებით, `არტურ ანდერსენს~ დიდი გაერთიანების პროცესში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. იგი მხოლოდ საკუთარი რესურსების მეშვეობით ვითარდებოდა.

არჩეული სტრატეგიის სისწორე იმ ხუთწლიანი კვლევის შედეგებმაც დაადასტურა, რომელიც კომპანიამ 1990-იანი წლების შუაგულში ჩაატარა. გაირკვა, რომ ნებისმიერი ბიზნეს-კავშირის მიმართ უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ კომპანიის სპეციალისტთა აზრით, განხილულ პერიოდში, ყველა ცნობილი შემოერთებისა და `შთანთქმის~ მთლიანი რაოდენობის 61% აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ალიანსები დაიშალა, ან მათი საქმიანობა მათსავე პოტენციალს არ შეესაბამებოდა. მსოფლიოს საფინანსო ბაზარზე არტურ ანდერსენს თანამედროვე აუდიტის ერთ-ერთ `მამად~, თავისი საქმის უდიდეს სპეციალისტად მიიჩნევდნენ. მისი ცხოვრების ისტორია არის იმის მშვენიერი ნიმუში, როგორ შეიძლება ამერიკული ოცნება სინამდვილედ გადაიქცეს.

არტურის მშობლები – ჯონ ვილიამი და მარი ანდერსენი ამერიკაში ნორვეგიიდან 1881 წელს ჩავიდნენ. თავდაპირველად, ეს ოჯახი ილინოისის შტატში ცხოვრობდა. Arthur Andersen-ის მომავალი დამაარსებელი 1885 წელს დაიბადა. 16 წლის ასაკში არტურმა ორივე მშობელი დაკარგა. ამ უბედურებამ ჭაბუკი ვერ გატეხა; 1908 წელს გამოცდები ძალიან პრესტიჟული სერტიფიკატის CPA (Certified Public Accountant) მისაღებად ჩააბარა.
ილინოისში იგი ამ წოდების ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. 1917 წელს Northwestern University-სთან არსებული კელოგის სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც ბიზნესის ბაკალავრის წოდება მიიღო. უნივერსიტეტში წარმატებულ სწავლას იგი მუშაობას უთავსებდა. ლექციებს საღამოობით ესწრებოდა, ხოლო ღამე ემზადებოდა.

კოლოსალურ დატვირთვებს ხელი არ შეუშლია, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი გამხდარიყო. თვით ფირმა Arthur Andersen-ის ისტორია მისი შემქმნელის ისტორიის მსგავსად ამერიკული ოცნების ხორცშესხმა იყო. 1913 წელს, ანდერსენმა თავის პარტნიორთან კლარენს დელანისთან ერთად, პატარა კომპანია The Audit Company of Illinois შეიძინა. საფინანსო ბაზარზე ახალი მოთამაშე Andersen, Delaney & Co. გამოჩნდა, რომელმაც 1918 წელს სახელწოდება შეიცვალა და როგორც Arthur Andersen & Co. დამკვიდრდა.
შემდეგი 90 წლის განმავლობაში, ამ ფირმის ბიზნესი მხოლოდ იზრდებოდა, ძალებს ისე იკრებდა, რომ Arthur Andersen თავდაპირველად აუდიტური კომპანიების `დიდ რვიანში~, შემდეგ `დიდ ექვსეულში~, ბოლოს `დიდ ხუთეულში~ შევიდა, რასაც არავინ გაუკვირვებია.

XXI საუკუნის დასაწყისისთვის, `არტურ ანდერსენი~ იმ გიგანტად გადაიქცა, რომლის წლიური შემოსავალი 9,3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო საქმიანობის არეალი მსოფლიოს 84 ქვეყანას მოიცავდა. ამ ფირმის ეგიდით აუდიტი ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ რეგისტრირებულ 2,4 ათას კომპანიას უტარდებოდა. Arthur Andersen-ის აუდიტური ანგარიშგების საიმედოობა ეჭვს არ იწვევდა. ყველას კარგად ახსოვდა, რომ ის იმ ადამიანმა შექმნა, რომელიც ხელმძღვანელობდა პრინციპით `იფიქრე პატიოსნად, ისაუბრე პატიოსნად~. იგი თავის სამეცნიერო შრომებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში იცავდა აუდიტური შეფასებების დამოუკიდებლობას, მას ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უმთავრეს საყრდენად მიიჩნევდა.

კომპანია `არტურ ანდერსენს~ არა მარტო დამაარსებლის მხრივ გაუმართლა. 1947 წელს არტურ ანდერსენის გარდაცვალების ფაქტს შეეძლო კომპანიის საქმიანობა მთლიანად შეეცვალა, მაგრამ ანდერსენს 39 წლის ლეონარდ შპაჩეკის სახით კარგი მემკვიდრე გამოუჩნდა. ამ ფირმისადმი თავისი ერთგულება მან იმით დაამტკიცა, რომ აქ საქმიანობა გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოდ უფრო დიდ და ცნობილ კომპანიებში იწვევდნენ. მან ანდერსენს პირადი ერთგულება იმით დაუდასტურა, რომ მის ქვრივს სიცოცხლის ბოლომდე წელიწადში 600 ათასი დოლარი პენსიის სახით დაუნიშნა. სპაჩეკი განუხრელად იცავდა ამ ფირმაში დამკვიდრებულ პრინციპებს, მაგრამ წინამორბედისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურად აზროვნებდა. არტურ ანდერსენი კმაყოფილდებოდა იმით, რომ მისმა ფირმამ ამერიკა `დაიპყრო~. სპაჩეკი ოცნებობდა სხვა, უპირველესად დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე დამკვიდრებულიყო. ფირმის დამაარსებელი უმეტეს დროს მისი ბიზნესის განვითარებას უთმობდა, ხოლო საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების პროპაგანდაზე არ ზრუნავდა. მისი მემკვიდრე ამერიკაში მოგზაურობდა, რომლის დროსაც აუდიტორული საქმიანობის საკუთარ ხედვას პროპაგანდას უწევდა. ეს პრინციპები არტურ ანდერსენის პრინციპებს აგრძელებდა და ანვითარებდა, რომელიც თვლიდა, რომ აუდიტორებს ძირითადი პასუხისმგებლობა დამკვეთი კომპანიის კი არა, მისი აქციონერების წინაშე ეკისრებოდათ.

ლეონარდ სპაჩეკი თავის მხრივ დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი დასკვნის ფორმირებისას, აუდიტორი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რა ურთიერთობები აქვთ კლიენტსა და აუდიტორს, ან რა შემოსავლით უზრუნველყოფს მის ფირმას კონკრეტული შემოწმება. მისი აზრით, რეპუტაციის შელახვას ნებისმიერი ფინანსური ზარალი ჯობია.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის      
 
ყველაფერი შეიცვალა 1980-იან წლებში, როცა სწრაფად მზარდმა ამერიკის ეკონომიკამ ბუღალტრებს ახალი მოთხოვნები წაუყენა. აუდიტორები კომპანიებში სასურველი სტუმრები აღარ იყვნენ, რადგანაც მრეწველები და მეწარმეები მხოლოდ მოგების გაზრდაზე ზრუნავდნენ. მათ საკუთარი შეცდომების დაფიქსირება აღარ სურდათ. თუ ერთი აუდიტური კომპანია კლიენტის შემოწმების შემდეგ, მისი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელ დასკვნას დაწერდა, შემდეგი წლის აუდიტს კონკურენტ ორგანიზაციას ატარებინებდნენ, რომელიც როგორც წესი უფრო დამყოლი აღმოჩნდებოდა.
იგი თანახმა იყო თვალები შემოწმებული ფირმის მრავალ `შეცოდებაზე~ დაეხუჭა.

ძალაუნებურად, აუდიტორები იძულებულნი შეიქმნენ არსებულ ვითარებას შეგუებოდნენ. ამჯერად, მათი მთავარი ამოცანა იყო ფირმის დირექტორთა და აქციონერთა მოთხოვნებს შორის `ბალანსი~ უწყვეტად დაეცვათ. საერთო წესებიდან გამონაკლისი არც კომპანია `არტურ ანდერსენს~ გაუკეთებია, მაგრამ ამის მიუხედავად, წესიერების ფარგლებში დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა და აშკარა თაღლითობებში მონაწილეობა არ მიუღია.

1970-1980-იან წლებში კომპანიის კონსალტინგური საქმიანობა ძალიან განვითარდა. იგი აუდიტორთა საქმიანობასთან შედარებით, უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. 1989 წელს შეიცვალა ამ კორპორაციის სტრუქტურა. კომპანიას Andersen Worldwide უწოდეს. მისი ერთი განყოფილების – Arthur Andersen-ის სპეციალიზაცია აუდიტის ჩატარება იყო, ხოლო მეორე – Andersen Consulting ფინანსური კონსულტაციებით იყო დაკავებული. ამ კომპანიის კონსალტინგური შტო წლიდან წლამდე ზრდის შთამბეჭდავი დინამიკის დემონსტრირებას ახდენდა. მისი მომგებიანობის შედარება აუდიტორთა ფრთის მუშაობასთან შეუძლებელი იყო. ამის შედეგად, აუდიტი ძირითადი ბიზნესიდან კორპორაციისათვის თავისებურ ტრამპლინად გადაიქცა, რომელიც მას საკუთარი კონსალტინგური მომსახურების წარმატებით დანერგვაში, ახალი სიმაღლეების დაპყრობაში ეხმარებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობას მოგების მისაღებად გამართულ რბოლაში მხედველობიდან გამორჩა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კორპორაცია Andersen-ის განვითარებისას.

ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც ჯერ კომპანიის კრიზისი, ხოლო შემდეგ მისი დაშლა-განადგურება გამოიწვია. კომპანიის რესტრუქტურიზაციისას დადგინდა წესი, რომლის მიხედვითაც უფრო მომგებიანი ფრთა ნაკლებად შემოსავლიანი განყოფილებისთვის წელიწადში შემოსავლის ნაწილს (მაქსიმუმ 15%) რიცხავდა. გამოვიდა ისე, რომ Andersen Worldwide-ის ხელმძღვანელობამ (საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ) ორივე განყოფილების თანამშრომლები ერთმანეთს `შუბლებით შეაჯახა~. ასეთმა გადაწყვეტილებამ ფირმის წიაღში დაუნდობელი კონკურენცია შვა, რასაც მრავალი ბიზნესმენი დღემდე შეცდომით `შიდაკორპორატიული პოლიტიკის კონსტრუქციულ ელემენტად~ თვლის!

პრაქტიკულად მაშინვე, როცა `აუდიტორები~ და `კონსულტანტები~ ამ კორპორაციის ცალკე განყოფილებებად ჩამოყალიბდნენ, მათ შორის ნამდვილი ომი დაიწყო. ბუნებრივია, აუდიტორული შტო დამსახურების მიუხედავად, ფინანსურად ნაკლებად წარმატებული იყო კონსალტინგურთან შედარებით. ამის შედეგად, Arthur Andersen-ის თანამშრომლებმა `მეორადი~ როლის შესრულება იუკადრისეს და კომპანიის შიგნით საკუთარი `საიდუმლო~ კონსალტინგური სამსახური ჩამოაყალიბეს. მათ კლიენტების წართმევა თავიანთი `თანამოძმეებისაგან~ დაიწყეს. `კონსულტანტებს~ ისედაც არ სურდათ თავიანთი კოლეგების `გამოკვება~. შემდეგ შეიტყვეს, რომ `აუდიტორები~ ცდილობდნენ `სხვის მოედანზე~ დამოუკიდებლად ეთამაშათ. ისინი იმდენად აღშფოთდნენ, რომ გადაწყვიტეს ჰოლდინგიდან გასულიყვნენ.

Andersen Consulting-ის ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ მათი კომპანია Arthur Andersen-ის დაფინანსებას აღარ აპირებდა, რადგანაც მისი თანამშრომლები კორპორატიულ ეთიკას უხეშად არღვევდნენ. მათ სათაო კორპორაციისაგან მოითხოვეს, რომ `კონსულტანტები~ დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოეყალიბებინათ, რომელიც იურიდიულად და ფინანსურად არა მარტო `აუდიტორებზე~, არამედ Andersen Worldwide-ზეც აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი. თავის აპოგეას სიტუაციამ 1997 წელს მიაღწია, როცა კომპანია Andersen Consulting-მა სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. იგი Arthur Andersen-ისგან მოითხოვდა, რომ 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ზარალი აენაზღაურებინა, რადგანაც კორპორაციის აუდიტურმა განყოფილებამ არსებული შეთანხმება დაარღვია და კლიენტების `წართმევის~ გზით ცდილობდა ფირმებისთვის საკუთარი საკონსულტაციო მომსახურება შეეთავაზებინა. ყველაზე მთავარი ამ კონფლიქტურ ისტორიაში ის იყო, რომ Andersen Consulting-ის ხელმძღვანელობა სასამართლოში შეტანილი სარჩელის მეშვეობით მოითხოვდა არა მარტო სათაო კორპორაციიდან გამოყოფას, არამედ ფირმის სახელწოდების გამოყენებაზე უფლებების შენარჩუნებასაც.

Andersen Worldwide-ის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მხოლოდ ამის შემდეგ მოწყვიტა საკუთარი მზერა კორპორაციაში შემომავალ ფულად ნაკადებს და ყურადღება მიაქცია იმას, რომ სინამდვილეში ამ კომპანიას საქმეები ცუდად მისდიოდა. `ოქროს კვერცხის~ მდებელ `ქათამს~ თავის უწინდელ პატრონთან დარჩენა აღარ სურდა. მასთან ერთად დაიკარგებოდა წლიური მოგების უმეტესი ნაწილი ზრდის უწინდელი ტემპების შენარჩუნების იმედთან ერთად. `ამბოხებულ~ განყოფილებასთან მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები მზად იყვნენ შემდგომი ურთიერთობის საკითხები სასამართლოს კედლებს მიღმა განეხილათ, მაგრამ ამ სურვილმა საგრძნობი შედეგები ვერ მოიტანა. კომპანიებს შორის ურთიერთობა უწინდებურად დაძაბული რჩებოდა. Andersen Consulting საკუთარ მოთხოვნებზე უარის თქმას სულაც არ აპირებდა. უფრო მეტიც, ყველა გადარიცხვა, რომელიც კონსალტინგურ განყოფილებას Arthur Andersen-ის სასარგებლოდ უნდა განეხორციელებინა, სასამართლოში საქმის დაწყების მომენტიდან დაბლოკა. ეს იმას ნიშნავდა, რომ აუდიტორები თავიანთი `მომგებიანი თანამოძმეებისაგან~ ცენტსაც ვეღარ იღებდნენ.

სათაო კორპორაციის მეთაურებმა განაცხადეს, რომ ჯგუფი Andersen Worldwide თანახმაა Andersen Consulting საკუთარი `წიაღიდან~ იმ შემთხვევაში გაუშვას, თუკი მეორე მხარე ე.წ. `გასამცლელოს~ (კომპანიიდან გამოყოფის გადასახდელი) _ 14,6 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდიდა, კორპორაციას მთლიან ინფრასტრუქტურას დაუტოვებდა და უარს იტყოდა ამ ბრენდის გამოყენებაზე. ამ დამღლელ დაპირისპირებაში წერტილი 2000 წელს დაისვა, როცა პარიზში, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: დადგინდა, რომ კომპანია Andersen Consulting ძირითადი კორპორაციისგან გამოეყოთ. ყოფილ განყოფილებას ნაცვლად მოთხოვნილი 14 მილიარდისა, სათაო კომპანიისათვის 1 მილიარდი უნდა გადაეხადა, ხოლო კორპორაციის კუთვნილი ბრენდი უნდა დაებრუნებინა.

ეს მილიარდი დოლარი `კონსულტანტებს~ ანგარიშების ბლოკირებისას Arthur Andersen-ის მიმართ დაგროვებული ვალის შედეგად დაუგროვდათ, რომელიც Andersen Consulting-ისგან უნდა გადარიცხულიყო. გამოვიდა, რომ კომპანია კომპენსაციის გადახდას გადაურჩა. სასამართლო პროცესის შედეგებით ორივე მხარე დარჩა კმაყოფილი. ძირითადი კომპანიის წარმომადგენლები არ მალავდნენ სინანულს იმის გამო, რომ ფასეული აქტივი მათგან ფაქტიურად უფასოდ `წავიდა~, მაგრამ კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფრო ფასეული ბრენდი `წაართვეს~. `კონსულტანტებმა~ მოსამართლისგან უფასოდ თავისუფლების მინიჭებით გაიხარეს.

Andersen Consulting-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯო ფოჰენდმა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ღიმილით გააკეთა: `რაც შეეხება ბრენდს, გულახდილად ვიტყვით, რომ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის მიღების სანაცვლოდ გაღებული არც ისე დიდი დანაკარგია~. მორალური თვალსაზრისითაც კი მოსამართლემ გამოყოფილი კომპანიის მხარე დაიჭირა. მისი აზრით, `Andersen Worldwide საკუთარი განყოფილებების საქმიანობაზე საჭირო ზედამხედველობას არ ახორციელებდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან დაკავშირებული ადრე მიღებული ყველა შეთანხმება ანულირებული უნდა იყოს. მოსამართლის აზრით Arthur Andersen-ს კონსულტაციების დაწყებით ადრე არსებული შეთანხმებები არ დაურღვევია, რადგანაც ამის გაკეთება Andersen Worldwide-ს არასოდეს აუკრძალავს. მიუხედავად ამისა, Andersen Consulting სრულებით მართალია, როცა ამტკიცებს, რომ Andersen Worldwide არ ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომელიც ორი კომპანიის საქმიანობის კოორდინაციას შეეხება. Andersen Consulting-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული~.

ამ სასამართლო პროცესმა მსოფლიოს აუდიტორული ბაზარი ძალიან შეაშფოთა. საკუთარი თავის პატივისმცემელ ყოველ აუდიტურ კომპანიას კონსალტინგური განყოფილება უთუოდ ჰყავდა. საკუთარი კორპორაციის წიაღში, მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს წამყვანმა აუდიტორებმა საკუთარი `კონსულტანტების~ თავიდან მოცილება, ან მათთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებით, მათ სურდათ შიდა კორპორატიული ინტერესთა კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ. აუდიტურმა კომპანია Ernst&Young-მა საკუთარი კონსალტინგური განყოფილება 11 მილიარდ დოლარად კომპანია Cap Gemini-ს მიჰყიდა, ხოლო კომპანია KPMG-მ ანალოგიური ფირმა დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოყო.

2000 წლის ბოლომდე, კომპანია Andersen Consulting-მა უფლება მიიღო თავისი ძველი ბრენდით ესარგებლა. შემდეგ სახელწოდება შეიცვალა და საფინანსო ბაზარზე Accenture Plc-ის სახელწოდებით გახდა ცნობილი, რისთვისაც მრავალმილიონიანი სარეკლამო კამპანია განახორციელა. მას ადრე მოპოვებული პოზიციები არ დაუკარგავს, უფრო მეტიც – საქმიანობასა და განვითარებას წარმატებით აგრძელებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსოფლიოს 100 უდიდესი კომპანიიდან ამ ფირმის კლიენტი 89 კორპორაციაა.

აუდიტორთა "სიღატაკე და ბრწყინვალება"

რებრენდინგის ჩატარების შემდეგ, ამ ფირმამ საკუთარი სახელწოდება შეკვეცა და მხოლოდ Andersen დატოვა. ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ კონსალტინგური განყოფილების როლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ `განქორწინების~ შემდეგ აუდიტურ კომპანია Arthur Andersen-ს საქმეები ცუდად წაუვიდა. აუდიტორები შეეცადნენ ახალ პირობებში რაც შეიძლება მეტი ფული გამოემუშავებინათ, რაღაც მომენტში უბრალოდ სიფხიზლის შეგრძნებაც დაკარგეს.

გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნებული პატიოსნება სწრაფად მისაღებ შემოსავალზე გადაცვალეს. `კონსულტანტებთან~ ჯერ კიდევ 10-წლიანი დაპირისპირების პერიოდში, Arthur Andersen-ის ხელმძღვანელობამ კლიენტებთან `მათი საბუღალტრო ანგარიშგების გაუმჯობესებაზე~ აქტიური თანამშრომლობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამით ცდილობდნენ მომგებიანობის დემონსტრირება მოეხდინათ და უფრო წარმატებული კოლეგების წინაშე სირცხვილი არ ეჭამათ.
განხეთქილების შემდეგაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუდიტური კომპანია საკმაოდ კარგ ფინანსურ შედეგებს აჩვენებდა. ამისათვის საჭირო იყო მდიდარი დამკვეთებისათვის `პლასტილინის თოჯინად~ გადაქცეულიყვნენ.

"ნაგვის ქარიშხალი"

პირველი ფირმა, რომელმაც საკუთარი საფინანსო მაჩვენებლები Arthur Andersen-ის აუდიტორთა დახმარებით შესამჩნევად `შეალამაზა~, იყო არა ენერგეტიკული გიგანტი Enron, არამედ კომპანია Waste Management, რომლის სპეციალიზაცია ნაგვის გადამუშავება იყო. ამ ორ ფირმას შორის საქმიანი ურთიერთობები ჯერ კიდევ შორეული 1971 წლიდან დაიწყო, როცა აუდიტურმა კომპანიამ Waste Management-ის წლიური ფინანსური ანგარიშგების შემოწმება ჩაატარა. პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ამ ორ ფირმას შორის `მეგობრობის ხიდი~ აშენდა. მეგობრობდნენ ოჯახებით, უფრო მეტიც – შემდეგი 30 წლის განმავლობაში Waste Management-ის ყველა ფინანსური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი აუცილებლად Arthur Andersen-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

პირველი განგაშის ზარი 1991 წელს გაისმა, როცა ნაგვის გადამამუშავებელ კომპანიაში სერიოზული ფინანსური პრობლემები წარმოიშვა. ეს დარგი მანამდე სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, მაგრამ ამ მომენტისათვის კრიზისი დაიწყო. სამუშაო სიმძლავრეების სიჭარბემ ბოლოს საწარმოს მოგების შემცირება გამოიწვია. Waste Management-ის ხელმძღვანელობამ ახალი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების მაგიერ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების შელამაზება გადაწყვიტა და ფირმის შემოსავლები შესამჩნევად `გაზარდა~.

Arthur Andersen-ის თანამშრომლებმა თავდაპირველად ეს იდეა (ავანტიურა) არ მოიწონეს, მაგრამ შემდგომში Waste Management-ს ყოველწლიურ ფინანსური ანგარიშგების გაყალბებულ დოკუმენტებს მაინც უგზავნიდნენ. აუდიტორები კლიენტი-კომპანიის ხელმძღვანელობას რეგულარულად შეახსენებდნენ, რომ მსგავსი პრაქტიკა მათ კარგს არაფერს უქადდა, მაგრამ ჯიუტ `მენაგვეებს~ არჩეული პოლიტიკის შეცვლა აღარ სურდათ.

1993 წელს აუდიტური კომპანიის Arthur Andersen ხელმძღვანელობამ Waste Management-ის მეთაურთა `მოსარჯულებლად~ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა: მათ შეატყობინა, რომ ფინანსური ანგარიშგების წარმოების მსგავსი პრაქტიკა ამ კომპანიას `მაღალი რისკის დონის მქონე კლიენტად გადააქცევდა~.
კონტროლიორებმა ამ კომპანიას არსებული სიტუაციის შეცვლის საკუთარი გეგმა შეთავაზეს, რომლის მიხედვითაც, მათ უარი უნდა ეთქვათ ბუღალტერიის წარმოების უკანონო მეთოდებზე და გაყალბებული შედეგების თანდათან კორექტირება მოეხდინათ.

ამის მიუხედავად, Waste Management-ის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი კატეგორიულად განაცხადა. Arthur Andersen-ის თანამშრომლებმა  გაყალბებული დოკუმენტების შექმნა იძულებით გააგრძელეს. ამის შედეგად, 1991-1996 წლების პერიოდში, Waste Management-ის სუფთა მოგების მაჩვენებელი 1,43 მილიარდი დოლარით (15%-ით) გაიზარდა, რაც ამერიკის ისტორიაში იმ მომენტისათვის პირველი უდიდესი `ფინანსური სიმახინჯე~ იყო. მსგავსი ისტორიები დიდხანს არ გრძელდება: 1997 წელს სიყალბე გამჟღავნდა. ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ (SEC) კომპანიაში არსებულ დარღვევებზე საკუთარი გამოძიება დაიწყო.

სასამართლომდე საქმე 2001 წელს მივიდა.  ძირითადი ბრალდებები (როგორც მოსალოდნელი იყო) სწორედ აუდიტორებს, Arthur Andersen-ის სამ პარტნიორ-თანამფლობელს რობერტ ოლგაიერს, უოლტერ სერკავშის, ედვარდ მაიერს წაუყენეს, რომლებიც Waste Management-ის თაღლითობას მრავალი წლის განმავლობაში მალავდნენ. სასამართლომდე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, კომპანიის ხელმძღვანელობამ თანხმობა განაცხადა ჯარიმის სახით 7 მილიონი დოლარი გადაეხადა, რაც მაშინ აუდიტორული ბაზრისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო.

ამის გარდა, SEC-მა საჯარო გაკიცხვა გამოუცხადა არა მარტო Arthur Andersen-ის ზემოთ ჩამოთვლილ სამ პერსონას, არამედ ამავე კომპანიის ყოფილ რეგიონულ დირექტორს რობერტ კუტსენდს, რომელიც ამ დარღვევების დაშვების დროს ამავე ფირმაში საქმიანობდა. ჯარიმის გადახდის გარდა, მათ საჯარო კომპანიებში აუდიტის ჩატარება რამდენიმე წლით აუკრძალეს. მშვიდი პერიოდი არც Waste Management-ის ხელმძღვანელობას ჰქონდათ: განრისხებული აქციონერების სარჩელების მიხედვით, მრავალწლიანი ტყუილის გამო ამ კომპანიამ უზარმაზარი თანხა – 220 მილიონი დოლარი გადაიხადა.

დამკვირვებელთა თქმით, ძირითადი მიზეზი, რამაც აუდიტურ კომპანიას Waste Management-ის საფინანსო დოკუმენტაციის `შელამაზებისკენ~ უბიძგა, იყო სწორედ ის მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა ორ ორგანიზაციას შორის, რის გამოც Arthur Andersen-ის აუდიტორებმა იძულების წესით თავისი პროფესიონალურ პრინციპებს უღალატეს. ფინანსური მაკონტროლებლების მუშაობის სპეციფიკა ისეთია, რომ ისინი ზეწოლას ორივე მხრიდან განიცდიან. ერთი მხრიდან არიან კლიენტები, რომლებმაც აუდიტი დაუკვეთეს – მათ ყოველმხრივ `საუკეთესო დოკუმენტების~ მიღება სურთ.
ოპერატიული ხელმძღვანელობის საპირწონედ გამოდიან ამავე კომპანიის აქციონერები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საქმის რეალური მდგომარეობა, ვისთვისაც აუდიტორული ანგარიშები ხშირ შემთხვევებში იქმნება. ამ ზღვარზე ბალანსირება ბევრს არ გამოდის. დიდია იმის ცდუნება, რომ აუდიტორმა დიდი კლიენტის სურვილები შეასრულოს, რადგანაც მის კეთილ განწყობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მაკონტროლებლების შემოსავალი.

თორმეტიოდე წლის წინ, ფრაზა `ანგარიშგება დადასტურებულია Arthur Andersen-ის მიერ~ დიდი ფული ღირდა, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი გარანტი იყო იმისა, რომ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარია. ამ აუდიტური კომპანიის ავტორიტეტი შეირყა. ერთადერთი, რამაც კომპანია იმ მომენტში გაკოტრებისგან გადაარჩინა, SEC-ის განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ `კომისიას ეჭვი არ შეაქვს Arthur Andersen-ის მუშაობის მეთოდების ეფექტურობასა და ხარისხში~.   

ენერგეტიკული მეხი მოღრუბლულ ცაზე

სრულებით შესაძლებელია, Waste Management-თან დაკავშირებული ისტორია დროთა განმავლობაში დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ... 2001 წლის დეკემბერში მსოფლიო გააოგნა ცნობამ იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკული გიგანტი Enron `გარდაიცვალა~. კომპანია, რომელიც ქაღალდზე – ანუ საფინანსო ანგარიშების მიხედვით `მშვენიერ~ მდგომარეობაში იყო, შედიოდა ამერიკული ბიზნესის `უმაღლეს ლიგაში~, მეშვიდე ადგილს იკავებდა ქვეყანაში კაპიტალიზაციის მიხედვით, 100%-ით გაკოტრებული აღმოჩნდა.
1990-იან წლებში ამ კომპანიის აქციები 15 დოლარად იყიდებოდა, 2000 წლის შემოდგომისათვის ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს (90 დოლარი) მიაღწია.

სწორედ ასეთი კონცერნის ფასიანი ქაღალდები რამდენიმე დღეში 90%-ით გაუფასურდა. Enron-ის კოლაფსისათვის მზად არ აღმოჩნდა უოლ-სტრიტი, რადგანაც ინვესტორები პანიკამ მოიცვა. მოვლენების ამგვარად განვითარებას ამერიკის ხელისუფლებაც არ ელოდა. თეთრი სახლის რეაქცია თავიდან ძალიან ბუნდოვანი იყო – ამის ახსნა მარტივი ფაქტორით იყო შესაძლებელი: ამერიკის ადმინისტრაციის მაშინდელი მეთაურს ჯორჯ ბუში-უმცროსს და Enron-ის მეთაურს კენეტ ლეის პოლიტიკური შეხედულებების გამო მეგობრობა აკავშირებდათ. არავისთვის იყო საიდუმლო ის, რომ Enron-ი მილიარდობით დოლარს გამოყოფდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებში 2000 წელს. ამ საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვება სწორედ ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა მოიპოვა. მაშ ასე, საზოგადოებამ და ქვეყნის ხელისუფლებამ კომპანიაში არსებული კრიტიკული სიტუაციის თაობაზე არაფერი იცოდა, რიგითი თანამშრომლებიც შოკირებულნი დარჩნენ, რადგანაც მათ ელვისებური სისწრაფით დაკარგეს ის დანაზოგები, რითაც Enron-ის ფასიანი ქაღალდები შეიძინეს და კომპანიის ხელმძღვანელთა ნებართვის გარეშე მათი გაყიდვა არ შეეძლოთ.

პრაქტიკულად, თავიდანვე აშკარა გახდა, რომ ენერგეტიკული გიგანტის საფინანსო დოკუმენტაციის გაყალბების შესახებ იცოდნენ Enron-ის ხელმძღვანელობამ და იმ აუდიტორებმაც, ვინც ამ დოკუმენტაციის `სინამდვილეს~ საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა. იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება დაადგენდა, რომ `კაზუსი Enron~ ტოლია `Waste Management-ის კაზუსისა~, საუბარი იქნებოდა მხოლოდ იმაზე, რომ Arthur Andersen-ის აუდიტორთა საქმიანობაში მხოლოდ არაკორექტულობა გამოიკვეთებოდა, ამის გამო კომპანია ჯარიმას გადაიხდიდა, მაგრამ გადარჩებოდა.

2001 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ Arthur Andersen-ის  თანამშრომლები არა მარტო თვალს ხუჭავდნენ საკუთარი კლიენტის `ფინანსურ ცელქობებზე~, არამედ აქტიურად ეხმარებოდნენ ამ საქმეში. ამერიკული პრესა მაშინ წერდა, რომ `განადგურდა ტონობით ის დოკუმენტები, რომლებიც ენერგეტიკულ კომპანიაში საქმის ნამდვილ ვითარებას ასახავდა~. სიტყვა `ტონობით~ შემთხვევით არ დაწერილა.

ეს `საინტერესო პროცესი~ ამერიკის იუსტიციის ფედერალურმა დეპარტამენტმა შემდეგნაირად აღწერა: `2001 წლის 23 ოქტომბერს, მაშინ, როცა Enron-თან დაკავშირებული დოკუმენტების განადგურების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, `არტურ ანდერსენის~ ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა, რომ ინსპექცია მზადდებოდა. ქაღალდის საჭრელი მანქანები სხვადასხვა ქვეყნებში, ამ კომპანიის წარმომადგენლობებში დღე და ღამე მუშაობდნენ, ხოლო ნაგვად ქცეული დოკუმენტაცია სატვირთო მანქანებით გაჰქონდათ...~

აშკარა გახდა, რომ Arthur Andersen-ის 90-წლიანი აუდიტორული საქმიანობა დასასრულს მიუახლოვდა. ასეთი სირცხვილის ჩამოწმენდა უკვე შეუძლებელი იქნებოდა. სიტუაცია იმით გართულდა, რომ თავდაპირველად აუდიტური კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფდა, რომ მისი თანამშრომლები ამ სკანდალურ ისტორიაში მონაწილეობდნენ. შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ფირმის თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით, ხელმძღვანელობისგან რაიმე მითითების მიღების გარეშე მოქმედებდნენ.
ბოლოს კი დამნაშავეთა ვინაობა თვითონვე დაასახელა. ისინი აღმოჩნდნენ მთავარი აუდიტორი (რომელიც Enron-ს ამოწმებდა) დევიდ დუნკანი, აუდიტორები თომას ბაუერი, დებრა კეში, როჯერ ვილარდი, აგრეთვე ამავე ფირმის ოთხი პარტნიორი, რომლებიც ჰიუსტონში, Enron-ის შტაბ-ბინაში მუშაობდნენ: სტივენ გოდარდი, მაიკლ ლოუტერი, გარი გულბსი, მაიკლ ოლომი. გამოძიების დროს გაირკვა, რომ Andersen-ის აუდიტორებმა არაერთხელ და სერიოზულად დაარღვიეს კორპორატიული ეთიკის ნორმები.
გაზეთი The Wall Streat Journal მაშინ წერდა: `Enron და მისი აუდიტორი ჰგავდნენ არა შესამოწმებელ და შემმოწმებელ კომპანიებს, არამედ ერთიან კორპორაციას, სადაც აუდიტური ფირმა Andersen-ი კომპანია Enron-ის ფინანსური ორგანოს როლს ასრულებდა~. ამ ორი კომპანიის თანამშრომლების მეგობრულ ურთიერთობებზე ახალი ინფორმაცია ყოველდღე ვრცელდებოდა.
Enron-ი `მეგობარი-აუდიტორის~  Arthur Andersen-ის თანამშრომლებთან ერთად საერთო კორპორატიულ საღამოებს მართავდა. მათ აგრეთვე ძვირადღირებული კურორტების საგზურებით აჯილდოვებდა. აუდიტური კომპანიის წარმომადგენლები Enron-ისგან ჰონორარებს არა მარტო აუდიტის ჩატარებისთვის, არამედ საკონსულტაციო მომსახურებისთვისაც იღებდნენ.
ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ `თბილი ადგილებით~ Enron-ის შვილობილ კომპანიებსა და სათაო ოფისში. 1990-იან წლებში Enron-სა და Waste Management-ში Andersen-ის იმდენი თანამშრომელი დასაქმდა, რომ ამ ფაქტმა დამკვირვებელთა გაოგნება გამოიწვია. აუდიტორები ამის სანაცვლოდ ვალების დამალვის სქემებზე ხუჭავდნენ თვალებს, რამაც საბოლოოდ Enron-ის გაკოტრება გამოიწვია. ეს ისტორია ძალიან ჰგავდა Waste Management-თან დაკავშირებულ ისტორიას, იმ განსხვავებით, რომ მასშტაბები ძალიან დიდი იყო. Waste Management-ის ფინანსური ანგარიშგების გაყალბებასთან დაკავშირებული ხმაური `ბავშვური ცელქობა~ იყო იმ სკანდალთან შედარებით, რომელიც Enron-ის გაკოტრებამ გამოიწვია.

SEC არ შემოიფარგლა მარტო `Enron-ის საქმის~ გამოძიებით. თანდათან `არტურ ანდერსენის~ სხვა კლიენტებითაც დაინტერესდა. რამდენიმე კვირის შემდეგ დამკვირვებელთა ყველაზე უარესი შიში დადასტურდა: ერთმანეთის მიყოლებით თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს კომპანიებმა WorldCom, Qwest Communications, Global Crossing, ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck, უდიდესმა რელიგიურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Baptist Foundation of Arizona. ყველა ეს ფირმა და ორგანიზაცია აუდიტორულ მომსახურებას  `არტურ ანდერსენისგან~ იღებდა. ეს გახლდათ ფირმა, რომლის ვიზირებით შექმნილი ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა, ფირმა, რომლის დამაარსებელს მსოფლიოს ერთ-ერთ უპატიოსნეს და პრინციპულ ადამიანად იცნობდნენ!

2001 წლის იანვარში `არტურ ანდერსენის~ მეთაური ჯოზეფ ბერარდინო ამტკიცებდა, რომ `კლიენტები კომპანიას ზურგს არ შეაქცევდნენ~, მაგრამ ეს მოსაზრება ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა. იგი დაკავებული პოსტიდან მალე გადადგა. იმის შიშით, რომ მათი ფინანსურ დოკუმენტებსაც გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კლიენტი-კომპანიები `არტურ ანდერსენს~ მალევე შემოეფანტა. 2002 წლის ივნისში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ აუდიტურ ფირმას ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ დარეგისტრებულ კომპანიებში საქმიანობა აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილებას ბაზრზე დიდი რყევები არ გამოუწვევია, რადგანაც `დიდი ხუთეულის~ უცვლელი მონაწილისაგან იმ დროისათვის მხოლოდ `ფიტული~ იყო დარჩენილი. რაც იმას ნიშნავდა, რომ საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი სასიკვდილო სარეცელზე იწვა და გაცოცხლებას ვეღარ შეძლებდა.
სასამართლომ ამ ფირმას 500 000 დოლარის გადახდა ჯარიმის სახით დააკისრა. ფირმის დარჩენილი 200 თანამშრომელი მხოლოდ კრედიტორებთან და მოსარჩლეებთან დავების რეგულირებით იყვნენ დაკავებულნი.

"ამერიკული ოცნება" ბედნიერი დასასრულის გარეშე...

აუდიტური ფირმა Arthur Andersen უწინდელი სახელწოდებით არსებობას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ფირმის მეთაურებმა მალევე გააცნობიერეს. მათ დაშლის პირას მისული საკუთარი ბიზნესის სარფიანად გაყიდვა გადაწყვიტეს. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო სახელის მქონე უდიდესი აუდიტორები ჩაერთვნენ. მალევე გახდა აშკარა, რომ Arthur Andersen-ის ამერიკული აქტივები მიმზიდველი სულაც არ იყო. იმ მომენტისათვის ძალიან `დაისვარა~ ფირმის ავტორიტეტი. მხოლოდ მცირე შანსი რჩებოდა, რომ Enron-თან დაკავშირებულ სკანდალს მალე დაივიწყებდნენ. Arthur Andersen-ის გაყიდვა მხოლოდ `ნაჭრებად~ გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელმძღვანელობას ამ ბიზნესის მთლიანად გაყიდვა დიდი ხნის განმავლობაში სურდა.

გამარჯვებულნი აღმოჩნდნენ უდიდესი აუდიტური ფირმები Ernst&Young და KPMG. პირველმა მიიღო `არტურ ანდერსენის~ განყოფილებები რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნებში. მეორემ – აქტივები იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბრიტანეთში, გერმანიასა და პოლონეთში. `არტურ ანდერსენის~ ამერიკულ ბიზნესის მიმართ დაინტერესება არავის გამოუჩენია, რადგანაც სასამართლოში, ამ ფირმის წინააღმდეგ 2002 წლის განმავლობაში მრავალმილიონიანი სარჩელები განიხილებოდა.

ამ ისტორიას საოცარი დასასრული ჰქონდა. 2005 წლის 31 მაისს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2002 წელს, `არტურ ანდერსენის~ წინააღმდეგ მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ კომპანიის ფაქტობრივი ლიკვიდაცია გამოიწვია. თუმცა, ეს სარეაბილიტაციო დოკუმენტი ფირმის ფაქტობრივი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ მიიღეს, ამიტომაც `მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომა~ ვეღარ მოხერხდა...

ექსპერტთა აზრით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო არა Arthur Andersen-ის გამარჯვება, არამედ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის ავტორიტეტისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა, რომელიც Enron-ის საქმის შემდეგ სხვა დიდი კორპორაციების წინააღმდეგ მასშტაბურ სასამართლო გარჩევებს გეგმავდა. აუდიტური კომპანია `არტურ ანდერსენი~ კი ამერიკის ისტორიაში ფანტასტიკური აღმასვლისა და ელვისებური დაცემის ნიმუშად დარჩა...

ვეფხია სამსონიძე