ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
უცხოური ამბები
#11(119), 2009

ამერიკის ვალუტის გასამყარებლად 150 მილიარდი დოლარი დაიხარჯა 
 
განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა: მათ შორის რუსეთმა, ტაილანდმა, სამხრეთ კორეამ, ბრაზილიამ და სხვებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციებზე აშშ დოლარის კურსის მხარდასაჭერად 150 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამის თაობაზე Brown Brothers Harriman-ის ანალიტიკოსების გამოთვლებზე დაყრდნობით The Wall Street Journal წერს. მხოლოდ ტაილანდის მთავრობამ ადგილობრივი ვალუტის, ბატას გამყარების თავიდან ასაცილებლად ბაზარზე 15 მილიარდ დოლარზე მეტი გამოისყიდა. რუსეთის ბანკმა 2009 წლის ოქტომბერში, იმავე წლის სექტემბერთან შედარებით, დოლარის შესყიდვა ექვსჯერ გაზარდა. დოლარის ნეტო-შესყიდვამ 15,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა რუსებმა ერთი თვით ადრე მხოლოდ 2,65 მილიარდი დოლარი შეისყიდეს. ამ ნაბიჯით, რუსეთის ცენტრალური ბანკი გეგმიური ინტერვენციების გატარებით ბაზარს ზედმეტი სავალუტო ლიკვიდურობისაგან ათავისუფლებს. სუსტი დოლარი ამერიკის ექსპორტს მხარს უჭერს, რაც ამერიკის ეკონომიკისათვის ხელსაყრელია. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამერიკას ძლიერი დოლარი ჭირდება. მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დოლარი ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 15 ცენტით გაუფასურდა: თუკი 2009 წლის მაისში 1 ევრო დაახლოებით 1,35 დოლარი ღირდა, ნოემბრის თვეში მისმა ფასმა 1,5 დოლარი შეადგინა. 
 
ამერიკის ხელისუფლებამ ზედმეტი გადაიხადა 
 

ამერიკის მთავრობამ 2008 წლის ბოლოს იჩქარა, როცა ფინანსური კრიზისისაგან დაზარალებული სადაზღვევო კომპანია AIG-ისათვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა. ამის გამო იძულებული იყო ამ სადაზღვევო კომპანიის პარტნიორებისათვის ათობით მილიარდი დოლარი ზედმეტად გადაეხადა - ასეთი დასკვნა ფედერალურმა ინსპექტორმა ნილ ბაროფსკიმ გამოიტანა, რომელიც ამერიკის ეკონომიკის გადარჩენის პროგრამის (TARP) შესრულების მიმდინარეობას აკონტროლებდა.   

ამერიკული სადაზღვევო კომპანია AIG გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ამერიკის მთავრობის თითქმის მთლიან კონტროლს დაექვემდებარა. სწორედ მაშინ ამ ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კომპანიის აქციათა 80%-ის გაკონტროლება გადაწყვიტა, მისი გაკოტრება რომ არ დაეშვა. იმავე თვეში კომპანია AIG-მა ამერიკის ხელისუფლებისაგან დახმარების სახით 85 მილიარდი დოლარი მიიღო. კერძო ბანკებმა 75 მილიარდი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გახსნაზე უარი განაცხადეს. 
 

ბაროფსკიმ დაასკვნა, რომ უმოკლეს დროში და ნაჩქარევად შეთანხმდა ამ სადაზღვევო კომპანიისათვის სამთავრობო დახმარების პარამეტრები, რის გამოც მთავრობამ თავისთვის და დამაზღვეველისთვის არახელსაყრელი პირობები ჩამოაყალიბა. მისივე აზრით, ამერიკის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი გაიტნერმა (იგი მაშინ ქვეყნის ფედერალურ სარეზერვო ბანკს მეთაურობდა) 2008 წლის ბოლოს AIG -ის სავაჭრო პარტნიორებთან მოლაპარაკებები არაეფექტურად ჩაატარა. 

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობამ დაზარალებული სადაზღვევო კომპანიის რვა უმსხვილეს პარტნიორს მიმართა, რომელთა შორისაც იყვნენ ბანკები Societe Generale, UBS, Goldman Sachs და Deutsche Bank. მათ მომსახურების ტარიფი 2%-ით უნდა შეემცირებინათ. ასეთ წინადადებას მხოლოდ ბანკი UBS-ის ხელმძღვანელობა დაეთანხმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკებიც ასეთივე ნაბიჯს გადადგამდნენ.
 

AIG იძულებული იყო თავისი პარტნიორებისათვის მომსახურების სრული ღირებულება გადაეხადა. მიმდინარე წლის მარტში სადაზღვევო კომპანიამ გამოაცხადა, რომ სახელმწიფოსაგან მიღებული დახმარების ნაწილი (დაახლოებით 90 მილიარდი დოლარი) თავის სავაჭრო პარტნიორებს გადაურიცხა. იმავე პერიოდში გაზეთმა The Wall Street Journal დააზუსტა, რომ 2008 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის ბოლომდე, სადაზღვევო კომპანია AIG-მა ხელისუფლებისაგან მიღებული 180 მილიარდი დოლარიდან თავის სავაჭრო პარტნიორებს 120 მილიარდი დოლარი "გადაულოცა".   

ფრანგულმა ბანკმა Societe Generale საერთო ჯამში 16,5 მილიარდი დოლარი მიიღო, Goldman Sachs-ის წილად 14 მილიარდი მოდის. 20 უმსხვილესი ფულადი ტრანშიდან 13 ამერიკის ფარგლებს გარეთ მოქმედმა კომპანიებმა მიიღეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამ კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგება პირველად მიიღო და 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ერთი წლით ადრე ამავე პერიოდში AIG-მა 5,4 მილიარდი დოლარი იზარალა. 2008 წლის შედეგების მიხედვით ამ მაჩვენებელმა თითქმის 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.
 
Fannie Mae-ს ზარალმა 120 მილიარდ დოლარს მიაღწია 
 
ამერიკულმა იპოთეკურმა სააგენტომ Fannie Mae 2009 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, 18 მილიარდი დოლარი იზარალა. Fannie Mae წარუმატებლად ზედიზედ მეცხრე კვარტალია საქმიანობს. ამ სააგენტოს საერთო ზარალმა 120 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ კომპანიამ ამერიკის ფინანსთა სამინისტროსაგან მორიგი, 15 მილიარდიანი ტრანშის გამოყოფა მოითხოვა. ამ დახმარების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან სააგენტოსათვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 60 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამ კომპანიის ზარალი იზრდება, რადგანაც ამერიკის მთავრობის პროგრამის მიხედვით, იკრძალება იპოთეკის მონაწილეთა გამოსახლება მათი კუთვნილი სახლებიდან. 
 

იპოთეკური კრედიტების გარკვეული რაოდენობა ამჟამად არალიკვიდურია, რადგანაც ამერიკის საცხოვრებელი ფართის ბაზარზე ფასები ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება. ამერიკის ორი უმსხვილესი იპოთეკური სააგენტოს - Fannie Mae და Freddie Mac წილად ამერიკის მთლიანი იპოთეკური ვალდებულებების თითქმის ნახევარი მოდის, რაც 12 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა. 2008 წლის შემოდგომაზე ორივე კომპანია გაკოტრებამდე მივიდა. მთავრობამ მათ მხარდასაჭერად 400 მილიარდი დოლარი სარეზერვოდ გამოყო. შემდგომში, ამ კომპანიების მართვა სახელმწიფომ გადაწყვიტა. ამერიკის საფინანსო სისტემის კრიზისიდან გამოსვლის და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია Fannie-ისა და Freddie-ს აქტივების "კარგ" და "ცუდ" აქტივებად დაყოფა. მაღალლიკვიდური აქტივები იპოთეკურ სააგენტოებს დარჩებათ, მაშინ როცა "ცუდი" აქტივები სპეციალურად შექმნილ ფედერალურ კორპორაციაში გადაინაცვლებს.  

 
საფინანსო კორპორაცია CIT-მა გაკოტრებისაგან დაცვის პროცედურა დაიწყო 
 

საფინანსო კორპორაცია CIT - ამერიკაში მცირე და საშუალო კომპანიების ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორია. ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გაკოტრებისაგან დაცვის სარჩელი მოამზადა. კომპანიის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ობლიგაციის მფლობელების უმრავლესობამ რეორგანიზაციის გეგმა მოიწონა, რომელიც ამ ფირმას საშუალებას მისცემს საერთო ვალი 10 მილიარდი დოლარით შეამციროს და იმავდროულად, საფინანსო ოპერაციების წარმოება გააგრძელოს. CIT-ის გაკოტრება ამერიკის კორპორატიულ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. ამ კორპორაციაში არსებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის აქტივები 71 მილიარდი დოლარია, საერთო ვალი - 64,9 მილიარდი დოლარი. CIT-ს გაკოტრების საშიშროება ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე დაემუქრა. მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ ამ კომპანიას დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა. ფინანსური კორპორაციის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, კრედიტორებმა 3 მილიარდი დოლარი გამოყვეს. მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, კომპანიამ დამატებით 4,5 მილიარდი დოლარი მიიღო. კორპორაცია CIT მოკლევადიან კრედიტებს თითქმის ორი ათას მიმწოდებელზე გასცემს, რომლებიც საქონელს ამერიკაში მოქმედ 300 000-ზე მეტ მაღაზიას აწვდის. ეს კომპანია 1908 წლიდან მუშაობს.    

 
JP Morgan Chase ბრიტანეთის სამეფო ბროკერის შეძენას აპირებს 
 

ამერიკული ბანკი JP Morgan Chase ახლო მომავალში შეეცდება სრულად გააკონტროლოს ბრიტანეთის საფონდო ბროკერი Cazenove, თუკი კომპანიის აქციათა პაკეტის 50%-ს შეიძენს. ამ საქმიანი გარიგების ღირებულებაა 940 მილიონი ფუნტი სტერლინგი (1,57 მილიარდი დოლარი). Cazenove არის ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მეორეს პირადი საინვესტიციო ბროკერი. ეს კომპანია 190 წლის წინ შეიქმნა. ხუთი წლის წინ, JP Morgan-მა ამ კომპანიის მეთაურებთან მიაღწია შეთანხმებას Cazenove-სთან ერთობლივი საინვესტიციო-საფინანსო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, იმ პირობით, რომ თითოეული მხარე 50%-ს გააკონტროლებდა. ამერიკელებს რჩებათ უფლება 2010 წლის თებერვლამდე დარჩენილი წილიც გამოისყიდონ, რომელიც ძირითადად Cazenove-ს ყოფილ და ამჟამინდელ მენეჯერებს ეკუთვნით. ამ კომპანიის პრეზიდენტი, დევიდ მეიჰიუ არის იმ აქციათა პაკეტის მფლობელი, რომლის ღირებულებაც 18 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. 

JP Morgan დღეს ამერიკის მეორე ბანკია დეპოზიტების და პირველი საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობის მიხედვით. ამერიკის საბანკო სექტორის სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით, ფინანსური კრიზისის დროს ამ ბანკმა ზარალის გარეშე იმუშავა. JP Morgan Chase-ის სუფთა მოგება 2009 წლის 9 თვის განმავლობაში 72%-ით გაიზარდა, შეადგინა 8,45 მილიარდი დოლარი. ერთი წლით ადრე, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,9 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ამ ბანკის სუფთა შემოსავალმა 54%-ით მოიმატა და 77,27 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 50,03 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთ მონაცემებს შეიცავს კომპანიის მიერ გავრცელებული საფინანსო ანგარიში. 
 

2009 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, JP Morgan Chase-ის სუფთა მოგება თითქმის 7-ჯერ გაიზარდა, 3,59 მილიარდი დოლარი შეადგინა. ერთი წლით ადრე, ეს მაჩვენებელი 527 მილიონ დოლარს გაუტოლდა. კომპანიის სუფთა ამონაგები 80%-ით, 26,62 მილიარდ დოლარამდე მოიმატა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2008 წლის ივლის-სექტემბერში 14,74 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. JP Morgan-ის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ სამომხმარებლო კრედიტების ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნების მიუხედავად, ბანკს ამ მიმართულებით სტაბილიზაციის იმედი ჯერ კიდევ არ აქვს. 

 
Societe Generale-მ მოგება გააორმაგა 
 

საფრანგეთის სიდიდით მეორე ბანკის, Societe Generale-ს სუფთა მოგებამ 2009 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, 426 მილიონი ევრო შეადგინა. ეს შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, როცა სუფთა მოგებამ 183 მილიონ ევროს მიაღწია. სუფთა მოგების გაზრდა უკავშირდება ფრანგული ბანკის საინვესტიციო განყოფილების წარმატებულ მუშაობას, რომელმაც 2009 წლის ივლის-სექტემბერში 133 მილიონი ევრო გამოიმუშავა. შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში საინვესტიციო განყოფილების ზარალმა 240 მილიონ ევროს მიაღწია. საინვესტიციო განყოფილების მომგებიანად მუშაობა განაპირობა საფონდო ბაზრებზე გამოცოცხლებამ და რეკორდულად დაბალმა საბაზისო განაკვეთებმა. ამჟამად ევროზონის ტერიტორიაზე საბაზისო განაკვეთი 1%-ია.

ბანკი Societe Generale 1864 წელს დაარსდა. 2009 წლის აპრილამდე ამ ფინანსურ ორგანიზაციას დანიელ ბუტონი მეთაურობდა. იგი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მისი წასვლის მიზეზი გახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში განცდილი მორალური ზარალი. 2008 წლის დასაწყისში, Societe Generale-მ საკუთარი ტრეიდერის, ჟერომ კერველის თაღლითური ფინანსური ოპერაციის გამო ხუთი მილიარდი ევროთი იზარალა. იგი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საკუთარი ხელმძღვანელობის თანხმობით მოქმედებდა. ბანკის ხელმძღვანელობა ასეთ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
 
ჩინეთმა კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა 
 

ჩინეთის საბანკო რეგულირების კომისიამ განაცხადა, რომ მოსახლეობისათვის კრედიტების გაცემის წესების გამკაცრებას აპირებს. ამ კომისიის განმარტებით, ეს საცხოვრებელი ფართობისა და ავტომობილების შესაძენად გამოყოფილი ფულის არამიზნობრივად გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაკეთდება. ფინანსური რეგულატორის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი წინადადებაა, 300 000 ათას იუანზე მეტი თანხის (43 ათასი დოლარის) კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში ეს ფული გადაირიცხოს პირდაპირ პროდუქტის გამყიდველისა და არა მსესხებლის ანგარიშზე. ამით თავიდან იქნება აცილებული ფულის სასპეკულაციოდ გამოყენება, მათ შორის საფონდო ბაზარზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ბანკების მიერ კრედიტების გაცემა სამჯერ, 7,37 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ სესხების გაცემაზე შეზღუდვები მოხსნა. საკრედიტო ბუმმა ჩინეთის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. მათი ვარაუდით, ადვილი შესაძლებელია მოსახლეობისათვის კრედიტების სახით გამოყოფილი თანხები სპეკულაციური მიზნებით იყოს გამოყენებული, რაც საფონდო ბაზარზე "ფინანსური ბუშტების" და "ცუდი ვალების" ზრდას გამოიწვევს. ჩინელი ჩინოვნიკების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბანკების მიერ გამოყოფილი კრედიტებიდან დაახლოებით 1,16 ტრილიონი იუანი საფონდო ბაზარზე აღმოჩნდა.   

2009 წელს ჩინეთის ეკონომიკამ გლობალური ფინანსური კრიზისის დაძლევა შეძლო. ეს კი კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნით და 4 ტრილიონი იუანის მოცულობით სტიმულირების პროგრამით გახდა შესაძლებელი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის ზრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ - 6,1%-მდე დაეცა. მეორე კვარტალში ზრდის ტემპებმა 7,9%-მდე მოიმატა, ხოლო მესამე კვარტალში - 8,9%-მდე. ეს მაჩვენებლები უმეტესი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებლებზე გაცილებით მეტია.  
 
ნიდერლანდების და ბელგიის უდიდესი საფინანსო ჯგუფები ორად გაიყოფა 
 

უდიდესმა ჰოლანდიურმა საფინანსო კომპანიამ ING-მ განაცხადა, რომ საკუთარ ბიზნესს ორ, საბანკო და სადაზღვევო ნაწილად გაყოფს. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ, სადაზღვევო განყოფილება სავარაუდოდ გაიყიდება. კორპორაცია ასევე აპირებს აქციების ინვესტორებისათვის გაყიდვას, იმისათვის, რომ ნიდერლანდების მთავრობისაგან ფინანსური დახმარება კვლავ მიიღოს. ING Group - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კორპორაციაა. მისი აქტივების მოცულობა 1,3 ტრილიონ ევროს აჭარბებს, ხოლო 2008 წელს საერთო ამონაგებმა 66 მილიარდი ევრო შეადგინა.  

ING-მ სახელმწიფოსაგან დახმარება 10 მილიარდი ევროს მოცულობით ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო. მაშინ კომპანიის გადახდისუუნარობის საშიშროება წარმოიშვა. იმავე თვეში ამ ორგანიზაციამ კვარტალური ზარალის თაობაზე გამოაცხადა, რაც პირველად მოხდა. ING-ის მეთაურმა, იან ჰომენმა განაცხადა, რომ მიღებული ზომები კომპანიის ირგვლივ ფინანსური კრიზისისაგან გამოწვეულ წარმოქმნილ გაურკვევლობას მოხსნის. ჰოლანდიელები ევროკომისიისაგან რესტრუქტურიზაციის საკითხში მხარდაჭერას მოელიან. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი პირობა ING-ის ამერიკული ფილიალის Direct USA-ს 2013 წელს გაყიდვაა. მანამდე ING-ის ხელმძღვანელობამ დანახარჯების პროგრამა წარადგინა, რომელიც 10800 სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს. ამჟამად აქ დასაქმებულია 125 ათასი ადამიანი. იგივე კომპანია აპირებს 7,5 მილიარდი ევროს ღირებულების აქციების გამოშვებას, იმისათვის, რომ სახელმწიფოსაგან აღებული ვალი დააბრუნოს.
 

ანალიტიკოსთა პროგნოზების მიხედვით, 2009 წლის მესამე კვარტალში ეს საფინანსო ჯგუფი კვლავ მომგებიანი უნდა გახდეს და ამ მოგებამ დაახლოებით 750 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროსაბჭომ ჰოლანდიისა და ბელგიის მთავრობების მიერ საფინანსო ჯგუფებისათვის ING და KBC-ისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მოიწონა.