ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ინტერვიუ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან დავით მჭედლიძესთან - №2(290), 2024
დავით მჭედლიძე - დაიბადა 1986 წლის 27 ივნისს ქ. თბილისში. 

პროფესიული კარიერა 

09.2022-დღემდე - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 

09.2021-09.2022 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 

06.2017-08.2021 - ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; 

01.2016-06.2017 - ანგარიშგების სამსახურის უფროსის მოადგილე, სს „თიბისი ბანკი“, მომგებიანობის ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელი; 

01.2015-12.2015 - ფინანსური რისკების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, სს „თიბისი ბანკი“; 

01.2011-01.2015 - ფინანსური ანგარიშგების სამსახურის უფროსი, სს „ბანკი კონსტანტა“; 

01.2009-12.2010 - ფინანსური რისკების მართვისა და ანალიზის ოფიცერი, სს „ბანკი კონსტანტა“; 

11.2006-12.2008 - ფინანსური ოფიცერი, სს „ბანკი კონსტანტა“. 

განათლება 

2019-2022 - ფინანსური ანალიტიკოსის ჩარტერის მფლობელი, CFA ინსტიტუტი (ვაშინგტონი, აშშ); 

2014-2016 - ACCA Global (F1-F3,F5-F7; DipIFR); 

2004-2007 - ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB). 

უცხო ენები: ინგლისური, რუსული. 

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

- ბატონო დავით, პირველ რიგში თუ შეიძლება ჩვენს მკითხველებს მოვუყვეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ, სკოლის დამთავრებიდან დღევანდელ დღემდე. 

– მივესალმები ჟურნალის მკითხველებს. 2003 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლა და სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში გავაგრძელე. მესამე კურსიდან საშუალება მომეცა, რომ სწავლის პარალელურად მუშაობაც დამეწყო. ვცადე მშენებლობისა და ტურიზმის სფეროებში მუშაობა, თუმცა შემდეგ ფინანსების ლექტორისგან მივიღე საკმაოდ კარგი შემოთავაზება და დავსაქმდი ფონდ „კონსტანტაში“, საიდანაც დაიწყო საკმაოდ საინტერესო გამოცდილების მიღება საფინანსო სექტორში. 

- თქვენ წარმატებული გზა გაქვთ გავლილი. ვინ შეიტანა ყველაზე მეტი წვლილი ამ წარმატებებში? მშობლებმა, მასწავლებლებმა, ვინმე უფროსმა კოლეგამ თუ სხვებმა? განსაკუთრებით, ვინმეს ხომ არ გამოარჩევდით? 

– ამ პერიოდის მანძილზე ბევრი გამორჩეული ადამიანი გავიცანი და უამრავი ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე. იმედი მაქვს, მომავალშიც მსგავსად გაგრძელდება. ვცდილობ ყველასგან მივიღო დადებითი გამოცდილება და ახალი რამ ვისწავლო. 

- საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 10 წელი, კერძო საბანკო სექტორში მუშაობდით. რატომ გადაწყვიტეთ კერძოდან სახელმწიფო სექტორში გადასვლა? ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება ხოლმე. 

– რეფორმის შესახებ რომ შევიტყვე, ძალიან დამაინტერესა მისმა მასშტაბმა და წარმატების შემთხვევაში მისმა პოზიტიურმა გავლენამ საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეულ საწარმოზე. შემდგომ, 2017 წელს იური დოლიძე გავიცანი და საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა ჩვენ შორის, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. წამითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ისევ კერძო სექტორში დავბრუნდე. 

- თქვენ ფაქტობრივად დაარსების დღიდან მუშაობთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ფიქრობთ თუ არა, რომ სამსახურმა მიაღწია დასახულ მიზნებს, თუ რაღაცები ისევ ვერ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო? 

– სამსახურმა ნამდვილად ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა წინ ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა გადასალახი, რომ აღნიშნული რეფორმა შესრულებულად ჩაითვალოს. მათ შორის გამოვყოფ კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. 

- "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებიდან თითქმის 8 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აუდიტორული და ბუღალტრული მომსახურების ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები და იქნებ, უარყოფითიც არის? 

– მე ვფიქრობ, მთავარი პოზიტიური ცვლილება არის კერძო სექტორის მიერ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სარგებლის გააზრება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია საწარმო, რომელთათვისაც აღნიშნული სარგებელი გაუგებარია და კანონის მოთხოვნებს ასრულებენ მექანიკურად, ვალდებულების მოხდის მიზნით ან საერთოდაც არ ასრულებენ. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სამსახური გააგრძელებს შესაბამის საინფორმაციო ღონისძიებებს. 

- მომხდარმა ცვლილებებმა აშკარად ხელი შეუწყო საერთაშორისო აუდიტური კომპანიების ე.წ. "დიდი ოთხეულის" დომინაციას. მას ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ის უფრო და უფრო გამოიკვეთა. თქვენი აზრით, ეს კარგია თუ ცუდი? 

– სტატისტიკური მონაცემების ანალიზი განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. 2016 წელს „დიდი ოთხეულის“ პროცენტული წილი აუდიტიდან შემოსავლებში შეადგენდა 63.42%-ს, ხოლო შემდეგ წლებში აღნიშნულმა პროცენტულმა მაჩვენებელმა, პირიქით, კლება განიცადა და 2022 წლისთვის „დიდი ოთხეულის“ პროცენტული წილი აუდიტიდან შემოსავლებში შეადგენდა 51.10%-ს. 

აუდიტორულ ფირმებს საშუალება ეძლევათ ხარისხზე დამყარებული კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. მონიტორინგის წარმატებით გავლის შედეგად მათ ენიჭებათ გარკვეული უფლებამოსილებები, ხოლო თუ ხარისხი არ იქნება სათანადო, მაშინ მათ უფლებამოსილებები ეზღუდებათ. ამგვარად, თუ რამდენად უკეთეს სეგმენტზე მოი პოვებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას, ეს დამოკიდებულია აუდიტორული ფირმის/აუდიტორის მიერ გამოვლენილ ხარისხზე. 

- თქვენ სამსახურს 2021 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობთ. რა არის ის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში სამსახურმა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო? 

– სამსახური აგრძელებს ზრდას და განვითარებას როგორც არსებული სამუშაოს მოცულობის კუთხით, ასევე ფუნქციურადაც. შესაბამისად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიური და საკმაოდ ინტენსიური პროცესია. რომ არა სამსახურის ერთ მუშტად შეკრული გამორჩეული გუნდი და ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭო, აღნიშნულ გამოწვევის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა. 

სამსახურმა, საბჭოსთან შეთანხმებით, 2023 წელს გამოაქვეყნა საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი. სადაც მოკლედაა აღწერილი სამსახურის მიღწევები და დეტალურად არის წარმოდგენილი მისი სამომავლო სტრატეგიული მიზნები. ვფიქრობ, ამ მიზნების გასაჯაროება ხელს შეუწყობს სამსახურისა და პროფესიის მოლოდინების თანხვედრას და სამსახურის ანგარიშვალდებულების ზრდას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს დოკუმენტი პერიოდულად განახლდება უკუკავშირის, პრიორიტეტებისა და გარემოებების გათვალისწინებით. 

- ბევრი აუდიტორი გამოთქვამდა უკმაყოფილებას სამსახურის მიერ 2017-2021 წლებში ჩატარებული აუდიტური ფირმების ხარისხის შემოწმებების მიმართ და აღნიშნავდნენ მათ სუბიექტივიზმს ან/და გადაჭარბებულ სიმკაცრეს. მათი ნაწილი ადრეც და ახლაც მიიჩნევს, რომ სამსახურის მიზანია საქართველოში აუდიტს ბაზარზე 20-25 აუდიტური ფირმა დატოვოს მხოლოდ, დანარჩენებს კი სამოქმედოდ მხოლოდ საგადასახადო და ბუღალტრული მომსახურების სექტორი დაუტოვოს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხებზე? 

– როგორც აღვნიშნე, სამსახურის ერთ-ერთი მიზანია ქვეყანაში აუდიტის მომსახურების ხარისხის ზრდა და პროფესიისადმი ნდობის ამაღლება, ხოლო რაც შეეხება აუდიტორული ფირმების რაოდენობას, ამას, ვფიქრობ, თავად ბაზარი დაარეგულირებს. სამსახურს რაიმე სასურველი რაოდენობრივი/მიზნობრივი მაჩვენებელი ამ მიმართულებით არ გააჩნია. 

- ასევე, ბევრი აუდიტორი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მათთან განხილვისას, სამსახური ძალიან ხისტია და უკიდურესად იშვიათად ითვალისწინებს მათ აზრს. ამ მოსაზრებას იზიარებთ? 

– ყველა კანონპროექტი თუ კანონქვემდებარე აქტი თანხმდება სამსახურის საბჭოსთან და პროფესიასთან. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს იყოს კონსტრუქციული ამ პროცესში. წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე პროფესიის წარმომადგენლის აზრი არ გაგვეთვალისწინებინა. 

- აქვს თუ არა სურვილი სამსახურს, რომ საზოგადოების მხრიდან მისი ნდობა ამაღლდეს, თუ ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს? 

– ძალიან ვაფასებთ პროფესიისა და რეფორმის სხვა მონაწილეთა მაღალ ნდობას სამსახურის მიმართ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ! 

- ზოგადად, თქვენ თვითონ როგორ შეაფასებდით თქვენს თავს, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაწეული მუშაობის მიხედვით - კმაყოფილებით თუ კრიტიკულად? 

– ყოველთვის ვცდილობ ვიყო თვითკრიტიკული და მიღწეულს არ დავჯერდე. ვფიქრობ გამოწვევები ბევრია და სამსახურის გუნდთან ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით ქვეყნის სასიკეთოდ. 

- რა არის მთავარი სირთულე ან ხელშემშლელი ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის პროცესში ამჟამად? და რა არის მისი უახლოესი ამოცანები/გეგმები? 

– როგორც აღვნიშნე, სამსახურის მიმართ ნდობა იზრდება და შესაბამისად გასული წლების ბევრი გამოწვევა შედარებით მარტივად გადასალახი ხდება. გამოვყოფ კვალიფიციური თანამშრომლების მოძიებისა და შენარჩუნების სირთულეს და ასევე ახალგაზრდა თაობის მხრიდან ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიისადმი ინტერესის კლებას. 

აღნიშნულისა და სხვა გამოწვევების შესახებ დეტალურად ვსაუბრობთ ჩვენს სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც 2023 წელს გამოვაქვეყნეთ სამსახურის ვებგვერდზე. 

- აუდიტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო აუდიტური ფირმები განსხვავებული სტანდარტით უნდა რეგულირდებოდნენ, ანუ მათი რეგულაცია შედარებით რბილი უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? 

– თუ მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებში ვგულისხმობთ მათ სიმცირეს, მათი ზომიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ სამსახურის რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმების უმრავლესობა მეოთხე ზომითი კატეგორიის საწარმოა. თუმცა, მათი უფლებამოსილება აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, მათი ზომითი კატეგორიიდან არ გამომდინარეობს, არამედ გამომდინარეობს მათ მიერ სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი ხარისხიდან, რაც ვლინდება მონიტორინგის ჩატარებისას. 

მოგეხსენებათ, რომ აუდიტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ნდობის ხარისხის ამაღლება. აუდიტორული მოსაზრების საფუძველს დასაბუთებული რწმუნება ქმნის. აღნიშნული კი მაშინ მიიღწევა, როდესაც აუდიტორს მოპოვებული აქვს საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებები იმისთვის, რომ აუდიტორული რისკი (რაც უკავშირდება არაადეკვატური მოსაზრების გამოთქმას) შემცირდეს მისაღებ დაბალ დონემდე. 

ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელნი თანაბრად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი სანდო ფინანსური ანგარიშგებით, მიუხედავად სუბიექტის ზომისა. აქედან გამომდინარე მონიტორინგები ტარდება ხარისხისადმი მაღალი მოთხოვნებით, მონიტორინგის წესის თანაბრად დაცვით ყველა ფირმაში. თუ ფირმას თავისთავად არ გააჩნია შესამოწმებელი არეალის ფართო სპექტრი, მოწმდება ის, რაც ფირმას გააჩნია, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ხარისხისადმი მოთხოვნა თანაბრად მაღალია. 

აქვე მოგახსენებთ, რომ სამსახური მუშაობს IAASB-ის მიერ ახლადშექმნილი, ნაკლებად რთული საწარმოების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით, რაც აუდიტორულ ფირმებს საშუალებას მისცემს თუ მათი კლიენტი – სუბიექტი ნაკლებად რთული საწარმოს კრიტერიუმებში ჯდება, ის კონკრეტული აუდიტი ჩაატაროს ამ მიზნით შემუშავებული ნაკლებად რთული საწარმოების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტით. აღნიშნული მიზნით მიმდინარე წელს იგეგმება ცვლილების მომზადება კანონში შესატანად, ხოლო თუ როდის ამოქმედდება ცვლილებები, პროფესიასთან ერთად იქნება განხილული. 

- სამსახური თუ გეგმავს აუდიტორული ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვას (კვლევას), რათა უკეთ გამოიკვეთოს რა გამოწვევები არსებობს ბაზარზე და დაისახოს გზები ამ გამოწვევების დასაძლევად? 

– პროფესიასთან მუდმივი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სწორად ამიტომ სამსახური გეგმავს პროფესიასთან გამართოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ საჭირბოროტო საკითხებს, მათ შორის ნორმატიულ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებს, გასული მონიტორინგებისას გამოვლენილ დარღვევებს, სანქცირების გამომწვევ ფაქტებს – იმ მიზნით, რომ სამომავლოდ შემცირდეს მსგავსი სამართალდარღვევები. აღნიშნულ შეხვედრაში ასევე ჩართული იქნება დამსწრე საზოგადოების გამოკითხვის ფუნქციონალი, რომელიც აუდიტორულ ფირმებს/ აუდიტორებს მისცემს საშუალებას დააფიქსირონ ბაზარზე არსებული გამოწვევები, რაც შემდგომ დამუშავდება ჩვენ მიერ. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ სამსახური ყოველთვის ღიაა მოისმინოს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს პროფესიიდან შემოსულ საკითხებზე, ფუნქციონირებს როგორც „ცხელი ხაზი“, ასევე ელექტრონული/მატერიალური ფორმით წერილის მიღების სისტემები. 

- კომპანიების გარკვეულ ნაწილს (მათ შორის, ზოგიერთ მსხვილ კომპანიას) თავისი ფინანსური მონაცემების გასაჯაროებას ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს. პროცენტულად, დაახლოებით რამდენია ასეთ "ურჩი" კომპანიების რიცხვი და ზედამხედველობის სამსახური როგორ "ებრძვის" მათ? 

– მოგეხსენებათ, რომ ანგარიშგებების წარდგენის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს, რაც ძალიან სასიხარულოა. თუმცა, გეთანხმებით, რომ ზოგ კომპანიას ჯერაც არ აქვს გააზრებული გამჭვირვალობის სარგებელი. ვცდილობთ, მსგავს კომპანიების წარმომადგენლებთან გვქონდეს არგუმენტირებული დიალოგი და რიგ შემთხვევებში წარმატებასაც ვაღწევთ. ასევე, იგეგმება კანონის ცვლილება და წარუდგენლობის შემთხვევაზე სანქციების გამკაცრება. 

- რატომ არ საჯაროვდება მე-4 ზომითი კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები? 

– 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/34/EU დირექტივის შესაბამისად, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე მე-4 კატეგორიის საწარმოთა ანგარიშგებების გასაჯაროება არ არის ნებადართული. 

- რამდენიმე წლის წინ ზედამხედველობის სამსახური საკრედიტო ბიუროსთან ერთად მუშაობდა კომპანიებისთვის საკრედიტო რეიტინგების მინიჭებაზე, რაც მათ სესხებზე წვდომას გაუმარტივებდა. რა ხდება ამ მიმართულებით? 

– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სამსახურის სისტემაში დაგროვებულ ინფორმაციას ბევრი დაინტერესებული პირი ამუშავებს, მათ შორის ბანკები და საკრედიტო ბიურო. ვფიქრობ ახლო მომავალში მსგავსი პროდუქტის გაჩენა ბაზარზე გარდაუვალია. კომპანიას, რომელსაც მიენიჭება სანდო საკრედიტო რეიტინგი, გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესის განვითარებისთვის, ვიდრე ურეიტინგო კომპანიას, სხვა თანაბარ პირობებში. 

- თქვენ 5 შვილი გყავთ. გსურთ თუ არა, რომ რომელიმე მათგანი იმ პროფესიას გაყვეს, რომელსაც თქვენ ახლა ემსახურებით? რას საქმიანობენ ისინი ამჟამად? 

– უმეტესობა სკოლაში სწავლობს, უმცროსი კი ბაღში. ჩემთვის სასიხარულო იქნება თუ იმ პროფესიას აირჩევენ, რომელიც მათთვის იქნება ყველაზე საინტერესო და ქვეყნის განვითარებასაც წაადგება. 

- გაქვთ თუ არა თავისუფალი დროის დეფიციტი? როცა გაქვთ თავისუფალი დრო, მისი გატარება როგორ გირჩევნიათ (ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარდა)? რამე ჰობი/გატაცება თუ გაქვთ? 

– თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი რამ მოვასწრო. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარდა, ძირითადად ფიზიკური აქტივობებითა და კითხვით ვარ დაკავებული. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი