ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №264
შესაძლოა თუ არა, 7-წუთიანი და 11-წუთიანი ქვიშის საათებით გავზომოთ 15 წუთი?
ამოცანის ამოხსნა
მოქმედებაში მოვიყვანოთ ერთდროულად ორივე საათი. როგორც კი 7-წუთიანი საათი გაზომავს 7 წუთს, ამოვატრიალოთ და თავიდან მოვიყვანოთ მოქმედებაში. 11-წუთიანი საათი როგორც კი დაასრულებს, 7-წუთიან ქვიშის საათში ჩამოიყრება 11-7=4 წუთის შესაბამისი ქვიშა. ზუსტად ამ მომენტში, ამოვატრიალოთ ეს ქვიშის საათი. ამოტრიალებულ საათში ზემოთ დარჩება 4 წუთის შესაბამისი ქვიშა. ზუსტად ამ მომენტიდან დავიწყებთ 15 წუთის ათვლას: როდესაც ეს ქვიშა ჩამოიცლება, მყისიერად მოვიყვანთ მოქმედებაში 11-წუთიან ქვიშის საათს და მისი ჩამოცლის შემდეგ გაიზომება 4+11=15 წუთი.
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფ"-ის პრიზი დაიმსახურა მარიამ აფციაურმა.
მორიგი ამოცანა №265
პატარა კუნძულზე ცხოვრობს 199 ადამიანი. თითოეული მათგანი ან სულ სიმართლეს ლაპარაკობს, ან სულ იტყუება. ამასთან, თითოეული მათგანი ამბობს, რომ მის გარდა კუნძულის დანარჩენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი - მატყუარაა. რამდენი მატყუარა ცხოვრობს კუნძულზე? პასუხი დაასაბუთეთ.
რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი:
1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";
2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან";
3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";
4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".
გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
ფრიდონ ალშიბაია