ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
1 დეკემბრიდან "ეროვნული ბანკის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდება
#9(117), 2009

ეროვნულ ბანკს უფლებამოსილებები ეზრდება

24 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომელიც 1 დეკემბრიდან ამოქმედდება და ამავე დროს ძალას დაკარგავს დღეს მოქმედი ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომელიც 1995 წელსაა მიღებული.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ: "საქართველოს ეროვნული ბანკის სახით ქვეყანაში ყალიბდება ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანა ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობასთან ერთად, საბანკო და სადაზღვევო სფეროების თითოეული მომხმარებლის და ინვესტორთა უფლებების დაცვა იქნება".

"ამ კანონის მიღებით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული საკანონმდებლო ბაზა ფინანსური სექტორის რეგულირების მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
კანონის თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უქმდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკის ერთადერთი უმაღლესი ორგანო ეროვნული ბანკის საბჭო გახდება, რომელიც მის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს. საბჭოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

ახალ კანონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებული საკითხია. სადაზღვევო სფერო საკმაოდ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც უკავშირდება როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კონკრეტულ მოქალაქეთა ინტერესებსა და უფლებებს. მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით გადაუდებლად აუცილებელია უფრო ეფექტური რეგულირების დაწესება. ამჟამინდელი კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება საკმაოდ მოუქნელია და მხოლოდ ლიცენზიების გაცემითა და გაუქმებით შემოიფარგლება. რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობასა და განვითარებას.

ეროვნულ ბანკს ეზრდება უფლებამოსილება სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, რომელიც ადეკვატურია სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონესთან და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროში განხორციელებული პროგრამების სათანადოდ შესრულებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

დაირღვა თუ არა პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტში განხილვის დროს ამ საკითხზე წამყვანი და ამავდროულად კანონპროექტის ინიციატორი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იყო. პარლამენტში ბიუროზე, საკომიტეტო თუ პლენარულ განხილვებზე ეს კანონპროექტი გაჰქონდა მურთაზ ზოდელავას, რომელიც იმ დროს იყო ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. დღეს ის უკვე საქართველოს გენერალური პროკურორია.

რატომ გაჰქონდა მას და არა კანონპროექტის ინიციატორ - კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს ან თუნდაც მელიქიშვილის მოადგილეს ზურაბ ბუცხრიკიძეს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო? ბუცხრიკიძის განმარტებით, როდესაც ამ კანონპროექტს წინა პარლამენტი ღებულობდა, მაშინ ზოდელავა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად მუშაობდა და ჩართული იყო ამ კანონპროექტის მიღებასა და კონსულტაციებში. ასე რომ, ძველი კანონის მიღებიდან გამომდინარე, ზოდელავას გამოცდილება ჰქონდა და მან თავისი ეს საქმიანობა გააგრძელა.

იმასთან დაკავშირებით, რომ შარშან ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოსატანად ინიციატორებმა ფაქტობრივად იგივე არგუმენტები გამოიყენეს, რაც ამჟამად ისევ უკან დასაბრუნებლად, ზურაბ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ არც ის გაყოფა გახლდათ ტრაგედია, თუმცა მაშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიაჩნდა, რომ გაყოფა საჭირო არ იყო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტა, რომ უნდა გაყოფილიყო. დღეს, როდესაც ისევ შეერთდა, კომიტეტი მიესალმა, რომ გამართლდა მოსაზრება, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა. რაც შეეხება ამ საქმეში ზოდელავას მონაწილეობას, იგი მონაწილეობდა როგორც სპეციალისტი, კანონპროექტის შემქმნელი და არა როგორც იდეოლოგი.

ეს დოკუმენტი პირველი მოსმენისას კომიტეტმაც და პარლამენტმაც ისე მიიღო, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰყოლოდა ორი საბჭო: ეროვნული ბანკის საბჭო და საფინანსო ზედამხედველობის საბჭო; თუმცა მეორე მოსმენისას წარდგენილში მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭო დარჩა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, როდის მოხდა ეს შეცვლა და ამ შეცვლით დაირღვა თუ არა პარლამენტის რეგლამენტი? საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, კანონის მიღების პერიოდში კომიტეტს მუდმივი კონსულტაციები ჰქონდა როგორც დეპუტატებთან, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

მეორე მოსმენის წინაც გაიმართა კონსულტაციები და ყველა იმაზე შეთანხმდა, რომ ერთი საბჭო უნდა იყოს. ამით პარლამენტის რეგლამენტი არ დარღვეულა, ვინაიდან საერთოდ სამი მოსმენით გადის კანონი. პირველი მოსმენა არის პრინციპებზე შეთანხმება, მეორე მოსმენა კი - მუხლობრივი შეთანხმება. აქედან გამომდინარე, პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი იმ დათქმით მიიღო, რომ მუხლობრივი შეთანხმების წინ ამ საკითხს განიხილავდნენ. კონსულტაციებში მონაწილე ექსპერტთა დასახელებისგან მელიქიშვილმა თავი შეიკავა (იმიტომ, რომ შეიძლება ვინმე გამომრჩესო. ისე, განმარტებით ბარათში ეწერა, რომ აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ).

როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, მისთვის ძალიან რთულია ერთმნიშვნელოვნად შეაფასოს ის ფაქტი, რომ მეორე მოსმენით მიღებული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველისგან. როგორც იგი განმარტავს, თუ პარლამენტის რეგლამენტიდან გამოვალთ, ასეთი ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან პირველი მოსმენის დროს ხდება კონცეპტუალური გადაწყვეტა, თუ როგორი უნდა იყოს კანონი; ხოლო მეორე მოსმენის დროს ხდება უბრალოდ მუხლობრივი დაზუსტება, მაგრამ არ იცვლება იდეა.

აქედან გამომდინარე, პარლამენტის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველი მოსმენით ერთი კანონპროექტი იყო მიღებული და მეორე მოსმენით სულ სხვა; ანუ მუხლები, რომლებიც მეორე მოსმენითაა მიღებული, შინაარსობრივად ეწინააღმდეგება იმას, რასაც პარლამენტმა კენჭი უყარა პირველი მოსმენით. ამით პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაარღვია თავის მიერ მიღებული რეგლამენტი.

პაპავა იხსენებს ჯერ კიდევ 1999 წლის პარლამენტს, სადაც ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "მცირე ბიზნესის შესახებ" მესამე მოსმენაზე კარდინალურად შეცვალეს (რევოლუციის შემდეგ ეს კანონი გაუქმდა). ხოლო როდესაც 2005 წლის ბიუჯეტს ეყარა კენჭი პარლამენტში 2004 წლის დეკემბერში, მაშინ მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებით კენჭი ეყარა ერთ ჩანაწერს, პრეზიდენტთან კი პარლამენტიდან ხელმოსაწერად წავიდა სულ სხვა დოკუმენტი (ანუ მეცნიერებათა აკადემიის შესახებ მთავრობამ შეინარჩუნა ის ჩანაწერი, რაც უარყო პარლამენტმა). ასე რომ, რეგლამენტის ასეთი დარღვევები საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია.

მიუხედავად ასეთი ნაკლისა, პაპავა ამ გადაწყვეტილების შინაარსს მიესალმება; ანუ მისი შეფასებით, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს კანონდარღვევაა, ხოლო შინაარსობრივი თვალსაზრისით მისასალმებელია. პაპავას მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიმართ დანაშაულებრივი იყო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიდა და კენჭი ეყარა პირველი მოსმენით. არც ერთ გამოსვლაში დეპუტატებს არ აღუნიშნავთ, რომ 2008 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ და კონკრეტულად, პარლამენტმა ჩაიდინა დანაშაული, როცა მთავრობის ინიციატივით "დაანგრია" ეროვნული ბანკი. ამ შეცდომას, რა თქმა უნდა, არავინ აღიარებს, მაგრამ ის, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ეროვნული ბანკი იბრუნებს თავის ფუნქციებს და ის უნდა აღსდგეს, როგორც ერთიანი, ძლიერი ინსტიტუტი, თუნდაც იმ დარღვევებით, რომლებიც არის დაკავშირებული პარლამენტის რეგლამენტთან, ეს მაინც მისასალმებელია, რადგანაც ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე შეიძლება გაკეთდეს.

რატომ არ შედის ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არიან წევრები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტისა, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას, მთლიანად საბჭოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს, ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე ირწმუნება, რომ კანონის მიხედვით, საბჭო შეიმუშავებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და პარლამენტსაც დასამტკიცებლად საბჭო წარუდგენს. ლადო პაპავას აზრით კი, რა თქმა უნდა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქცია იყოს, ეს იქნებოდა კონსტიტუციურიც და აბსოლუტურად სწორიც. მაგრამ ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ დაკნინებული, მას არანაირი ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს და ამიტომ ეს ჩანაწერი ისევ ასეთ დონეზე დატოვეს.

დაკნინებულია თუ არა პარლამენტის როლი ეროვნულ ბანკთან ურთიერთობაში

რაც შეეხება პარლამენტს, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად კი შეაქვთ, მაგრამ თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ეს დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში საქმიანობა მაინც ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიხედვით წარიმართება. ამაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ეს არის მოქმედი ნორმა, რომელიც ეროვნული ბანკის დაარსების დღიდან არსებობს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს განსაზღვრავს და ამიტომ უცვლელად დატოვეს. ზურაბ ბუცხრიკიძეს კი მიაჩნია, რომ ეს ნორმა აკნინებს პარლამენტის როლს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობაში.

ბუცხრიკიძე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ კანონის თანახმად, ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ; ხოლო საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს არც ეს ჩანაწერი მოსწონს, ვინაიდან გამოდის, რომ ანგარიშს აპრიორი ამტკიცებს, ანუ კიდევაც რომ არ მოსწონდეს, მაინც უნდა დაამტკიცოს!

ამასთან დაკავშირებით ბუცხრიკიძემ თავისი მოსაზრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროსაც გამოთქვა: "მე არ ვიცი პარლამენტის როლის ასე დაკნინება! ე.ი. პარლამენტი ვალდებულია (თუნდაც, არ ეთანხმებოდეს), დაუმტკიცოს ის ანგარიში, რომელსაც თავის დროზე არ დაეთანხმა და შესაძლოა ვერც შეასრულოს ეროვნულმა ბანკმა ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თვითონვე  შეადგინა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აქ გარკვეული კორექტირება უნდა შევიდეს, ვინაიდან გამოდის, რომ პარლამენტი არის უბრალოდ მარიონეტის როლში, რომელიც მხოლოდ  ვალდებულია დაუმტკიცოს ანგარიში, რომელსაც შეიძლება არც ეთანხმებოდეს~. სამწუხაროდ, ბუცხრიკიძის ეს მოსაზრება ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ არ გაიზიარა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს კვლავაც მიაჩნია, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ეროვნული ბანკის ანგარიში ან დაამტკიცოს და ან არ დაამტკიცოს. ასე რომ, ჯობდა ეს ჩანაწერები სხვაგვარი ყოფილიყო; "ამგვარად, კანონში არის გარკვეული მომენტები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება და ჯობდა, რომ დღესვე გასწორებულიყო, მაგრამ ალბათ, მუშაობის პროცესში კიდევ იქნება ცვლილებები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონში უამრავი პოზიტიური მომენტია (განსაკუთრებით ეს არის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნება, ზედამხედველობის საბჭოს მოშლა, დაზღვევის საკითხები და ა.შ.)", - დასძენს ბუცხრიკიძე.

ასევე არ გაიზიარა პარლამენტმა ბუცხრიკიძის მოსაზრება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ჰქონოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის უფლება და უცვლელად დატოვა კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი: "ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით".

ბუცხრიკიძის აზრით, მართალია, უცხოელი ექსპერტები ჩვენ მართლაც ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევენ და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე სისტემების დანერგვაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ, მაგრამ სავალდებულო არ არის, რომ ისინი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იყვნენ. ამისათვის არსებობენ კონსულტანტები და ექსპერტები, რომლებსაც შეიძლება მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდეთ, მაგრამ ისინი თვითონ მართვის პროცესში არ უნდა მონაწილეობდნენ. აქვე ბუცხრიკიძე იმასაც ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვერც ვიცე-პრეზიდენტი, ვინაიდან სებ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები საჯარო მოხელეები არიან და საქართველოში საჯარო მოხელეები არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

კანონში "საჯარო სამსახურის შესახებ" მართლაც არის მე-15 მუხლი (სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები): "სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას". თუმცა, ამ საკითხში ერთგვარი გაურკვევლობა შეაქვს ამავე კანონის მე-17 მუხლის (პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო სამსახურში) "ზ" პუნქტს: "საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა".
 
ზურაბ ბუცხრიკიძის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც პარლამენტმა აგრეთვე არ გაიზიარა, შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არც ადრე მონაწილეობდა და არც დღეს საერთოდ არ მონაწილეობს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე სამსახურის ზედამხედველობაში. პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ამ სამსახურის ანგარიშზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ კანონში, სადაც საუბარია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, იქვე ჩაწერილიყო, რომ წარუდგენს საქართველოს პარლამენტსაც.

კანონის ზოგიერთი მუხლი არალოგიკურია

ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებულთან შედარებით კანონის საბოლოო ვარიანტში ცვლილებები კი არის, მაგრამ სამწუხაროდ, ძირითადი არსი იგივე რჩება: ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი იტვირთება იმ ფუნქციებით, რომლებსაც სასურველი არ არის, რომ განაგებდეს და მით უმეტეს, გაუგებარი დატვირთვაა მთელი საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. თავის დროზე ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია იმიტომ ჩამოართვეს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე უფრო მეტი კონცენტრაცია გააკეთოსო. ახლა კი მთელი საფინანსო სექტორის ზედამხედველობა დააკისრეს!

ეროვნული ბანკისთვის ეს არის უზარმაზარი დატვირთვა და ფაქტობრივად ეჭვქვეშ დგება, მას დარჩება თუ არა დრო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად. გარდა იმისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა ზედამხედველობა სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, ვინაიდან ჯერ ერთი, ეროვნული ბანკი თავად არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე და მეორეც, ეროვნული ბანკის მთავარი საზედამხედველოსთვის - საბანკო სისტემისთვის, სადაზღვევო ბაზარი სარესურსო წყაროა.

ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ პრინციპული მნიშვნელობა მაინც არა აქვს, ქართულ კანონში რა ეწერება, რადგან ქვეყანას თავისი პიროვნული გადაწყვეტილებით ერთი კაცი მართავს; რომ ამ კანონში არავინ ჩაიხედავს და ისედაც ჩანს, რომ არავის ჩაუხედავს, არ გაუთვალისწინებიათ დოკუმენტის ირგვლივ საქართველოში არც ისე ფართოდ, მაგრამ მაინც გამართული მსჯელობა. მაგალითად, თავის დროზე ჯავახიშვილი მიუთითებდა, ერთ-ერთ ბოლო მუხლში (გარდამავალ დებულებებში) ეროვნულ ბანკს რომ ავალებდნენ კანონმდებლობაში ცვლილების უზრუნველყოფას, მას საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც კი არა აქვს.

ახლა ეს ჩანაწერი ამოაგდეს და ჩაწერეს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მთავრობა როგორ უზრუნველყოფს კანონის მიღებას? მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, მაგრამ კანონპროექტის შეტანა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ მიაღებინებ კიდეც.

საქართველოს პარლამენტმა არ იცის, რომ საქართველოში ერთადერთი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტია, რომელსაც შეუძლია კანონის მიღება, გაუქმება, შესწორებების შეტანა?! ვინ მოამზადებს კანონპროექტს, მაგას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს და ამისთვის კანონში ადგილი არ უნდა დაკარგო. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება დაწეროს კანონმდებელმა, რომ დაევალოს მთავრობას, მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. და თანაც, ამისთანა რამეს რომ წერს კანონმდებელი, აუცილებლად უნდა მიუთითოს დროც. არადა, წერია, რომ მთავრობამ მოიყვანოს შესაბამისობაში (რაც ნონსენსია) და ვადა არ არის მითითებული. ეროვნულ ბანკსაც უწერია, რომ მის კომპეტენციაში არსებული ნორმატიული აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში და ვადა არც მას უწერია.

ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია - ფულად-საკრედიტო რეგულირება ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს - საბჭოს ფუნქციებში რომ არ წერია, ეს ნონსენსია და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება თვითონ არსს და ამ ნაწილში კონსტიტუციასაც, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო და როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო არ იყოს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციების საქმის კურსშიც კი?! ფულად-საკრედიტო პოლიტიკა რომ აუცილებლად დამტკიცებული უნდა იყოს პარლამენტის მიერ, ეს კონსტიტუციის 95-ე მუხლში წერია და ანტიკონსტიტუციურ კანონს რატომ ღებულობ? ფორმალურად მაინც დაიცავი კანონი და ნუ ეწინააღმდეგები კონსტიტუციასაც და ლოგიკასაც!

აი, მაგალითად, მე-6 მუხლის პირველი პუნქტში წერია: "ეროვნული ბანკი ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა. ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური". ეს ორი წინადადება ერთმანეთის გამომრიცხავია. თუ ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა, მაშინ ეროვნულ ბანკთან როგორ იქმნება ორგანო, რომელიც მასთან შეხებაშიც არ არის?!

აი, კიდევ, მუხლი 7, პუნქტი 1: "ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა". თუ 4-ზე ნაკლები არ არის, რამდენ ხანში უნდა შეივსოს?! თუ არის 4, ან 5, ან 6, არ უნდა შეივსოს?!

კიდევ ერთი შენიშვნა: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, საბჭოს დანარჩენი წევრებიც შეიძლება იყვნენ უცხოეთის მოქალაქეები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს არ უწერია, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ გათავისუფლების საფუძვლებში ერთ-ერთი საფუძველი არის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. ე.ი შეიძლება დავნიშნოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონიტორინგის სამსახურის უფროსად და საფუძვლებში კი იქნება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, მაგრამ მას უფლებამოსილება ვერასდროს შეუწყდება, თუ არ არის საქართველოს მოქალაქე. ასეთი ნონსენსი კანონში მრავლადაა.

ასე რომ, მართალია, საბოლოო ვარიანტით ორი საბჭო აღარ არის, ამასთან
დაკავშირებით აღრევა და ურთიერთდაპირისპირება აღარ ხდება, მაგრამ პირველ წარდგენილთან შედარებით არსი არ იცვლება. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი მაინც არის რაღაც საზედამხედველო მონსტრი და მეორე მხრივ, ყველაფერი დანარჩენი აბურდულ-დაბურდულად გამოიყურება.

ახალი კანონის მიმართ ჯავახიშვილი ასე ძალიან უარყოფითად განწყობილი კიდევ იმიტომ არის, რომ უქმდება მის მიერ შემუშავებული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ.
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე ადამიანი ვარ! უბრალოდ, მყოფნის თავხედობა, ვიფიქრო, რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ვარ. მე კარგად ვიცი, რასაც ვწერდით, რისთვის ვწერდით. სანამ კანონში ცვლილებას შეიტანენ, ნებისმიერ სახელმწიფოში აუცილებლად ჰკითხავენ ამ კანონის შემდგენს, რომ რა გქონდათ მხედველობაში, ესა და ეს რატომ ჩაწერეთო? ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ვინაიდან ხშირად შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი გაგება (სამწუხაროდ, კანონებს მთელ მსოფლიოში ხშირად აქვს ეს ნაკლი) და პირველ რიგში ის არის საინტერესო, მისმა დამწერმა რა ჩადო და რატომ ჩადო; გაუმჯობესებაზე მერე შეიძლება იმსჯელო. ამათ ესეც არ აინტერესებთ. ლაპარაკია იმ კანონზე, რომელიც მაშინ მთელმა მსოფლიომ აღიარა ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში და სხვათა შორის, ამ კანონს ყველაზე მეტი ტაში უკრა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის ხელდასმითაც (ზოგ შემთხვევაში დუმილით, ზოგ შემთხვევაში აქტიური მონაწილეობით) თავიდან ბოლომდე ირღვევა ეს კანონი".

შენიშვნების მიუხედავად, ახალი კანონის მიღება წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს

რატომ დაერქვა დოკუმენტს ახალი კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ" და არა ცვლილებები და დამატებები კანონში "ეროვნული ბანკის შესახებ"? შარშან მარტში ძირფესვიანად რომ შეიცვალა კანონი, მაშინ ცვლილებები დაერქვა. როგორც ზურაბ ბუცხრიკიძე იხსენებს, პარლამენტში მაშინაც ჰქონდათ დავა, რომ ჯობდა ახალი კანონი მიეღოთ, მაგრამ კანონპროექტის ინიციატორებმა რატომღაც აიხირეს, ახალი არ გვინდაო. ამჯერადაც უმჯობესი იყო ახალი კანონის მიღება, რადგან დღეს მოქმედ კანონშიც ფაქტობრივად ბევრი რამე იყო შესაცვლელი და ამჟამად გასწორდა.

არა გვგონია, ვინმესთვის საჭირო იყოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მნიშვნელობის შეხსენება. ამის მიუხედავად, კანონპროექტის განხილვის პერიოდში დეპუტატები საკომიტეტო თუ პლენარულ სხდომებზე დეპუტატები საოცრად პასიურები იყვნენ. ერთად-ერთი, ვინც საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ბუცხრიკიძე გახლდათ. მას ჰქონდა ძალიან პრინციპული შენიშვნა, რომელთაგან ზოგი გაითვალისწინეს და ზოგიც არა.

ლადო პაპავას აზრით, დოკუმენტის განხილვისას რომ მხოლოდ ერთი დეპუტატი, ზურაბ ბუცხრიკიძე აქტიურობდა, ეს თავად ბუცხრიკიძის წესიერებასა და კომპეტენტურობაზე მეტყველებს. პარლამენტში შესაძლოა სხვებიც იყვნენ წესიერები, მაგრამ მათ უბრალოდ წარმოდგენა არა აქვთ, რასთან აქვთ საქმე.

საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დამსახურება, რომელმაც მოახერხა თავისი პოლიტიკური კავშირების გამოყენება და ამით გააძლიერა ეროვნული ბანკი.

დალი ჩიკვაიძე