ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საბანკო სესხებზე შემოღებული რეგულაცია შესაძლოა შერბილდეს - #4(232), 2019
რა შედეგი მოიტანა მთავრობის ბრძოლამ "ჭარბვალიანობასთან" 

ბოლო ყველაზე მასშტაბური რეგულაციის ძალაში შესვლიდან, რაც სესხის აღების გართულებას გულისხმობს, 4 თვეზე მეტი გავიდა. ხელისუფლება კარგა ხანს იდგა მტკიცედ და ოპონენტების პრეტენზიების მიუხედავად გამორიცხავდა, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია შეიძლება შეერბილებინა. ამჟამად კი, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკიც კი არ გამორიცხავს რეგულაციის გადახედვას, თუკი დარწმუნდება, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. 

უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, რა გავლენა იქონია მთავრობის ინიციატივამ, რომელიც „ჭარბვალიანობის“ დამარცხებას სესხების შეზღუდვით შეეცადა. მოკლედ თუ ვიტყვით, რეგულაციამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნესის ბევრი მიმართულება, სადაც კი გაყიდვა განვადების მეშვეობით ხდება. ძირითადად, პრობლემა შეექმნა სამშენებლო ბიზნესს _ ხალხი ბინების საყიდლად ბანკიდან ფულს ვეღარ სესხულობს. ასევე ძალიან არის შემცირებული ელექტროტექნიკის მაღაზიების ვაჭრობაც. რეგულაციამ გარკვეული გავლენა იქონია აგრეთვე ავტომობილების გაყიდვაზეც და ავეჯის რეალიზაციაზეც... 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ ფინანსური ინსტიტუტიდან ვალის აღება იმ მოტივით გაართულა, რომ ქვეყანაში „ჭარბვალიანობა“ დაამარცხოს. მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი უპასუხისმგებლოდ აღებული სესხებია. მათი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტი გაუაზრებლად აქვს გამოტანილი და ხშირ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ შეუძლია. შედეგად, „ვალებში იხრჩობა“ და ამით საკუთარ თავთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკასაც აფერხებს. 

რეგულაციების შემოღებიდან დღემდე 

საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის მაისის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პირველი იანვრიდან სესხების შესახებ ამოქმედებულმა რეგულაციებმა საკრედიტო აქტივობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენელდა და მარტის მონაცემებით 15% შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში ზრდა 20% იყო. 

„2019 წლის დასაწყისიდან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ რეგულაციების ამოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობა შენელდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მოლოდინების შესაბამისად, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა მოიკლო და 2019 წლის მარტის მდგომარეობით 15% შეადგინა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). გასულ წელს იგივე მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი, თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს. 

2) თვეში 1000-2000 ლარამდე _ 45%-ს, 900 ლარს. 

3) თვეში 2000-4000 ლარამდე _ 55%-ს, 2200 ლარს. 

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

რეგულაციების გვერდის ავლა შესაძლებელია 

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 4 თვის შემდეგ საფინანსო ინსტიტუტებმა მოქალაქეებისთვის სესხის აღების გამარტივების ახალ გზას მიაგნეს. კერძოდ, საფინანსო სექტორი ქმნის ახალ სპეციალურ ბაზას იმ დასაქმებული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ხელფასს დღემდე „ხელზე იღებენ“. 

სესხების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ პირველ რიგში სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებზე იქონია გავლენა და კრედიტის აღება თუ განვადებით რაიმე ნივთის ყიდვა მათთვის თითქმის შეუძლებელი გახდა. მაგრამ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ბაზარი ახალ რეალობას ერგება და ჩამოყალიბებულ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდებაც მოჰყვა. სწორედ ამ მოქალაქეებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებმა დაიწყეს გარკვეული მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათ სესხის აღების თუ განვადების პროცესს გაუმარტივებს. კერძოდ, ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები „კარდაკარის პრინციპით“ დადიან სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, სადაც დიდი ალბათობით დასაქმებულები შემოსავალს „ხელზე იღებენ“ და მათ სპეციალურ ბაზაში გაწევრებას სთავაზობენ. 

ტექსტი ასეთია: „თქვენი პირადი ნომერი, სახელი/ გვარი და ფოტოსურათი დაგვჭირდება, რათა ჩაგსვათ დასაქმებულთა ბაზაში და როდესაც სესხის აღება ან განვადების გაკეთება დაგჭირდებათ, ცნობების და სახელფასო ამონაწერის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ“. 

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რისკი ნებისმიერი სესხის გაცემისას არსებობს, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორის ქმედებები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არის. მეტიც, კეპულაძე მიესალმება, თუ ფინანსური ინსტიტუტები მოძებნიან გზას, რათა შეისწავლონ თვითდასაქმებულთა შემოსავლები და ჩათვალონ ისინი გადახდისუნარიანებად, რაც ოდნავ მაინც შეამცირებს იმ „სესხის გაუცემლობას“, რაც დღეს არის, რადგან სესხების გაცემა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. 

„თვითდასაქმებული ადამიანების შემთხვევაში კონკრეტული წესია გაწერილი, როგორ უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს შემოსავალი. ვვარაუდობ, რომ ამ წესის დაცვით მუშაობენ საფინანსო ინსტიტუტები, რადგან თუ პრობლემა შეიქმნა უკვე სებ-ში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად შემოსავლიან/ გადახდისუნარიან პირს მისცეს სესხი და ამით სარისკო პორტფელი არ გაზარდეს. მეეჭვება სებ-მა თვალი დახუჭოს და გადაუხვიოს ამ რეგულაციებს, შესაბამისად, ბანკებს გარკვეული პროცედურის დაცვა მოუწევთ. 
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომსახურებას, რაზეც ვსაუბრობთ, მარტივად რომ ვთქვათ, საფინანსო ინსტიტუტებმა გამოყვეს დამატებითი რესურსი, რათა წინასწარ შექმნან იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, ვისი შემოსავლის დადასტურებაც შესაძლებელია. ანუ წინასწარ აკეთებენ ორგანიზებას. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მარკეტინგისა და გაყიდვების ნაწილია. ხოლო თუ შემდეგ ამ სიაში ვინმე უპოვარი, შემოსავლის არმქონე ადამიანების ჩასმა მოხდა, ამას უკვე ზედამხედველი აკონტროლებს და თუ თავისივე შემოღებული რეგულაციების ადმინისტრირებას ვერ ახდენს, ეს უკვე ეროვნული ბანკის პრობლემაა“, _ აღნიშნა კეპულაძემ. 

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ. 

„საუბარია არა მხოლოდ მათზე, ვისაც ხელფასი ბარათზე არ ერიცხებათ და ხელზე იღებენ, არამედ მათზეც, ვინც თვითდასაქმებულნი არიან. ეს ნამდვილად არის დამატებითი შესაძლებლობა როგორც ფინანსური ინსტიტუტების, ასევე მომხმარებლებისთვის. გადაჭარბებული ნათქვამი იქნება, რომ ეს რადიკალურად გადატეხავს სიტუაციას ან 4 თვის წინანდელ მოცემულობაში დაგვაბრუნებს, თუმცა, გარკვეულწილად ნამდვილად გაამარტივებს სესხზე ხელმისაწვდომობას“, _ აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. 

რეგულაციების შესაძლო გადახედვა - რეგულატორი შედეგებს აკვირდება 

13 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად საბანკო რეგულაციების თემა განიხილა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ საბანკო რეგულაციები ნელ-ნელა უნდა მოიხსნას. 

„უპრიანი იქნება, რომ შემდეგი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს გუნდთან ერთად შედგეს. რეგულაციის შესახებ ჩემი პირადი აზრია, რომ ნელ-ნელა უნდა მოვხსნათ და ამისთვის თანდათან ვხედავ კიდეც მზადყოფნას. ეს საკითხი უფრო დეველოპერებს აწუხებთ, ანუ მათ, ვისი ბიზნესიც მცირდება. ვფიქრობ, საბანკო რეგულაციის ქვეშ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთა დაკრედიტება ძალიან ადვილად შეიძლებოდა და მათი ვალაუვალობის საფრთხე არ არსებობდა“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა. 

რეგულაციების შედეგად შექმნილ სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას საბანკო სექტორიც. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის სესხების გაცემა შემცირებულია, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც კარგად ჩანს. მისი აზრით, თუ საბანკო რეგულაციის უარყოფითი გავლენა ძალიან დიდი იქნება, მეტი მიზეზი იარსებებს, რომ ეს რეგულაციები გადაიხედოს. 

„ამას დრო სჭირდება. როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, დაახლოებით 3-დან 6 თვემდეა საჭირო იმისთვის, რომ დააკვირდეს მოვლენებს~, _ ამბობს `საქართველოს ბანკის~ ხელმძღვანელი. 

თავის მხრივ, რეგულაციების შესაძლო შერბილებაზე ალაპარაკდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. 

„თუ არის საჭირო ცვლილებები, ამ ცვლილებებს მივიღებთ“, – განაცხადა გვენეტაძემ. თუმცა, სების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძირითადი პრინციპი _ სესხის გაცემა მხოლოდ გადახდისუნარიან პირებზე – უცვლელი დარჩება. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი აკვირდება მოვლენებს, ჯერ მხოლოდ პირველი კვარტალის მონაცემებია ცნობილი და შემდეგ უკვე მიღებული შედეგების შესაბამისად იმოქმედებს. 

„არის მუდმივი კონტაქტი საფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რისი გაკეთება შეიძლება ტექნიკურად გამარტივების მიმართულებით, რომ ეს დებულება უფრო მოქნილი იყოს. თავის დროზე საკმაოდ ბევრი რამ გავითვალისწინეთ, სანამ ამას მივიღებდით“, _ ამბობს გვენეტაძე. 

გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერ შეზღუდვას, ლიბერალური გარემო სჯობს, თუმცა, ზოგჯერ აუცილებელი ხდება ჩარევა და შეზღუდვა. მისი თქმით, შემოღებული რეგულაციების შედეგი გაცილებით ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოჩნდება, ვიდრე ამოქმედებიდან დღემდე გასული პერიოდია. დღეის მდგომარეობით კი, რეგულაციების გადახედვა და მით უმეტეს, გაუქმება თოქმაზიშვილს ძალიან ნაადრევად მიაჩნია. 

მას შემდეგ, რაც რეგულაციები ძალაში შევიდა და სესხის ხელმისაწვდომობა ნამდვილად გაართულა, ხელისუფლების პოზიცია მთლიანობაში ჯერ ისევ უცვლელია. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აპრილს პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ამ დროისთვის ვერ ხედავს. 

„მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

მსგავს აზრზე იდგა ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომლის მოსაზრებამ გარკვეული აჟიოტაჟიც კი გამოიწვია. 

„ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვიმსჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. 

ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ“, _ აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

სწორედ ამ ფონზე, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ მარტში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა და 486.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის მარტის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული. 

ასევე აღსანიშნავია, რომ რეგულაციებმა გავლენა იქონია სესხის განაკვეთზე. ერთ თვეში (აპრილში) მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხი საშუალოდ 5%-ით გაძვირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი აპრილისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთმა 5,7%-ით მოიმატა და 22,7% შეადგინა (მარტში _ 17%). უცხოურ ვალუტაში კი ზრდა არ მომხდარა. 1-ლი აპრილისთვის, ისევე როგორც 1-ლი მარტისთვის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთმა 6,2% შეადგინა. 

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით _ 17,6%-დან 18,2%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 0,1%-ით შემცირდა და 9,8% შეადგინა (1-ლი მარტისთვის _ 9,9% იყო). 

სპეციალისტების შეფასებით, ბანკები საპროცენტო განაკვეთს რისკების დასაბალანსებლად აძვირებენ. 

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ ბანკებმა სესხების შემცირებისგან საგრძნობლად იზარალეს და მათი გადაწყვეტილებაც ძირითადად ამ ფაქტორმა განსაზღვრა. იმ შემთხვევაში კი, თუ ეროვნული ბანკი რეგულაციას შეარბილებს, ბანკებს დეპოზიტების მომსახურება გაუადვილდებათ და შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე იფიქრონ. 

სანამ მთავრობა „ჭარბვალიანობას“ ებრძვის, პრობლემები შეექმნათ სამშენებლო და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებს. საბანკო რეგულაციები ყველაზე მეტად სწრაფ სესხებს და განვადებებს შეეხო, იპოთეკურ სესხებში კი _ ახალაშენებულ ბინებს. 2 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 4 წელში, სამშენებლო სექტორი პირველად შემცირდა და გაყიდვების შემცირებამ 35%-ს მიაღწია. 

პრობლემა შეექმნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. გარდა შემცირებული კრედიტებისა, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ბაზარი 12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა, ამ სექტორში დასაქმებული 686 ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა. 

თავის მხრივ, სესხს ვეღარ იღებს ის კატეგორია, ვინც დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, არადა, რეგულაციების ამოქმედებამდე აქტიურად სარგებლობდა კრედიტით და სესხის მომსახურებასაც ახერხებდა. ასევე, რეგულაციების შედეგია, რომ სამომხმარებლო სესხები გაძვირდა და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მაინც მატულობს. თუმცა, მთავრობა მაინც იხტიბარს არ იტეხს და რეგულაციების შედეგებზე დაკვირვებას განაგრძობს. 

თემურ იობაშვილი