ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ ბიზნესის პრობლემები გააღრმავა - #7(235), 2019
ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ მისთვის პრიორიტეტული ბიზნესის ხელშეწყობა და შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის ბიზნესის წარმომადგენლებისგან სხვადასხვა მიმართულებით პრეტენზიები – ისინი საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუარესებაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

ბოლო დროს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მთელი მოსახლეობისთვის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა ლარის მორიგი გაუფასურება გახდა. ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაიაფებას სხვა ფაქტორებიც ემატება, რამაც ეკონომიკას დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინა. მათ შორის არის სხვადასხვა რეგულაციების შედეგად ბიზნესისთვის ხარჯების ზრდა, საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მსხვილი ბიზნესისთვის ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმება, ტურისტულ სეზონში ტურისტების შემოსვლის შეზღუდვა. 

როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის, რომელიც შექმნილ პრობლემებს ოპოზიციას და წინა ხელისუფლებას აბრალებს. მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ლარის გაუფასურებას პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ. ხელისუფლების ლოგიკით, ოპოზიციის ქმედებებმა გამოიწვია უარყოფითი მოლოდინები როგორც ინვესტორებში, ასევე ტურისტებში, რომლებიც ქვეყანაში აღარ შემოვიდნენ და ყველაფერმა ერთად ლარის გაუფასურებაც გამოიწვია. 

ხელისუფლების რიტორიკის პასუხად, სხვადასხვა მედია-საშუალებებში ბოლო 7 წლის მანძილზე ლარის გაუფასურების ქრონოლოგია გავრცელდა. 2012 წლის წლიური საშუალო კურსი 1.66 იყო, 2013-ში 1.73, 2014 წელს 1.86, 2015 წელს კურსმა 2.39 შეადგინა, 2016-ში 2.56, 2017-ში 2.65, 2018 წელს 2.70... 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლარის ყოველი მორიგი გაუფასურების დროს აცხადებენ, რომ არაფერია საპანიკო და ლარი მალე ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდებაო. მაგრამ, ბოლო 7 წელიწადში ეროვნული ვალუტა 55%-ზე მეტად არის გაუფასურებული. 2019 წლის 1 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.97 ლარს გადააჭარბა. 

ასეთი გაუფასურების ფონზე მარტივი დასათვლელია ხალხისთვის შემოსავლის გაუფასურებაც. მაგალითად, 1000-ლარიანი შემოსავლის პირობებში 2012 წელს თუ ადამიანს 603 დოლარის ყიდვა შეეძლო, იგივე თანხით დღეს მხოლოდ 343 დოლარს ყიდულობს. შედეგად, 1000 ლარიანი შემოსავალი 7 წლის შემდეგ 260 დოლარით არის გაუფასურებული. მართალია, ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ დოლარის კურსი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარია ინფლაცია არ გაიზარდოსო, მაგრამ, ყოველგვარი სტატისტიკის სამსახურის დაანგარიშების გარეშეც კარგად ჩანს – იმპორტირებული პროდუქცია დოლარის გაძვირების შესაბამისად ძვირდება. შედეგად, ადამიანების მსყიდველუნარიანობაც ლარის გაუფასურების მსგავსად იკლებს. სწორედ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ ბიზნესს მნიშვნელოვნად გაუჭირდა. 

ისევ ხელისუფლების მესიჯ-ბოქსს რომ დავუბრუნდეთ, რასაც ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს ტურისტების კლებას უკავშირებს, საინტერესოა შემდეგი სტატისტიკური მონაცემების მოყვანა: მაგალითად, 2013 წელს საქართველოს 2 884 295 ტურისტი ესტუმრა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი 1.73 იყო. 2018 წელს კი ტურისტების რაოდენობა 4 756 820 იყო, თუმცა ამის მიუხედავად შარშან ლარის საშუალო წლიურმა კურსმა 2.70 შეადგინა. აქედან კარგად ჩანს, რომ მხოლოდ ტურისტების რაოდენობაზე არ არის ლარის კურსი დამოკიდებული. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ივლისის თვეში ტურისტების საერთო რიცხვი მაინც გაზრდილია 1% ით. შესაბამისად, ხელისუფლების განცხადებები, რომ ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო, მთლად სიმართლე არ არის... 

ლარის გაუფასურება და ბიზნესის პრობლემები 

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნესს დეფოლტის საფრთხის წინაშე აყენებს. 

„თუ არ დარეგულირდა ეს შოკი, რაზეც ახლა მიდის საუბარი, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დადგება. რა გარანტია გვაქვს, რომ საგარეო შოკი დარეგულირდება? არანაირი. კობა გვენეტაძის გამოსვლები არაფერს გვაძლევს და არ გვამშვიდებს, ვიღაცას ემლიქვნელება აშკარად. გვეუბნება, რომ დღეს არ არის ცუდი მდგომარეობა და ამაში გვარწმუნებენ. მაშინ უნდა თქვან, რომელი ნიშნულია ცუდი მდგომარეობა და რომელი ნიშნული უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიცოდეთ. აი, აქამდე თუ მივედით, მერე გვაქვს ცუდად საქმე. გვანიშნონ სად არის ჩვენი ზღვარი, სადამდე შეიძლება ლარი გაუფასურდეს“, – აცხადებს თემურ ჭყონია. 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ლარის კურსის ვარდნა „ნაციონალურ მოძრაობის“ და 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია, ჭყონია აღნიშნავს, რომ სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, უნდა შექმნას მმართველმა პარტიამ, იმ გუნდმა, რომელსაც საზოგადოებამ ხმა მისცა არჩევნებზე. შესაბამისად, ამ გუნდმა არ უნდა დაუშვას დესტრუქციული ძალების გავლენა ეკონომიკაზე. 

„თუ ამ ლოგიკას ავყვებით, რომ დესტრუქციულ ძალებს ეკონომიკაზე აქვთ გავლენა, მაშინ ეს ძალები არ გაჩერდებიან. ჩვენ თუ მივაგენით მიზეზს, რომ ამ ძალების გამო ინგრევა ჩვენი ეკონომიკა, მიზეზი ნაპოვნი გვქონია, მაშინ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოუაროს დესტრუქციულ ძალებს, დაგეგმოს როგორ გააუმჯობესოს ეკონომიკა, რადგან დღეს ის საფრთხის წინაშეა“, – ამბობს ჭყონია. 

როგორც ჭყონია აცხადებს, ბიზნესმა დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი არ იცის. 

„დაგეგმვაზე საუბარი არ არის, რაც არ უნდა გაიზარდოს ფასები და ბიუჯეტები დაიგეგმოს, ყველაფერი იქნება შეცდომა, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერის სიტყვებს გავიმეორებ, დანგრეულია პროგნოზირებადი გარემო. ეს თუ ასეა, გრძელვადიან თემებზე საუბარი შეუძლებელია“, – აღნიშნავს ჭყონია. 

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის ელგუჯა მექვაბიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარის გაყიდვის შესახებ, დაგვიანებული იყო. აუქციონზე საბოლოოდ 35 მილიონი დოლარი გაიყიდა და ლარი 4 თეთრით გამყარდა, მაგრამ, დღეის მდგომარეობით კურსი კვლავ 2.91-ის ფარგლებშია. 

როგორც მექვაბიშვილმა განაცხადა, ინტერვენცია თავიდანვე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლარის დოლართან თანაფარდობა 1:3-ს მიაღწევდა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვი იმისთვის აქვს, რომ საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით გამოიყენოს და არა მაშინ, როცა სიტუაცია კატასტროფული გახდება. 

„ლარის გაუფასურება პირველად 1998 წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისი დაიწყო, გადავიდა რუსეთში, რუსეთის კრიზისი ჩვენთან შემოვიდა და სავალუტო ბაზარს დაარტყა. პირველი შოკი მაშინ იყო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ მიიღო ინტერვენციის განხორციელების ანუ დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ სავალუტო ბაზარზე ძალიან ბევრი დოლარი გაიყიდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ძალიან შემცირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. დღევანდელი სიტუაციაც არის რთული, მწვავე და იმ სიტუაციის ანალოგიური, რაც საქართველოს სავალუტო ბაზარზე მოხდა. მიმაჩნია, რომ აუცილებლად საჭირო იყო ინტერვენციების განხორციელება ანუ დოლარის გაყიდვა. ეს თავიდანვე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლარის დოლართან თანაფარდობა 1:3-ს მიაღწევდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ელგუჯა მექვაბიშვილმა. 

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვამ ლარის მცირე გამყარება კი გამოიწვია, მაგრამ რამდენიმე დღეში კვლავ გაგრძელდა გაუფასურება. როგორც ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეს რომ დოლარი გაყიდა და ამით ლარის გაძვირებას შეუწყო ხელი, მეორე დღესვე ლარის გაუფასურების ხელშემწყობი ქმედება მიაყოლა – დიდი მოცულობით გასცა სესხი ლარებში, რაც ლარის მასის ზრდას და შესაბამისად, ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს. 

„ეროვნულმა ბანკმა $35 მილიონი გაყიდა ლარზე (ოთხშაბათს) და მეორე დღეს (ხუთშაბათს) ისევ გასცეს 1 450 000 000 ლარის რეფინანსირების ერთკვირიანი სესხი (გასული კვირის მსგავსად)... 

ლარი, როგორც „სარეზერვო ფული“ წლის დასაწყისიდან 21%-ით გაიზარდა, ბანკების მიერ ფულის მიწოდება (მ2) 15%-ით“, – წერს შეშელიძე და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად სწორედ რეფინანსირების სესხების გაცემას მიიჩნევს. 

შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაკოტრებაზე საუბრობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია. იგი „ოქროს სიის“ გაუქმებისა და ლარის გაუფასურების შედეგ, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დახურვის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. 

„სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. „ოქროს სიის“ გაუქმებამ მსხვილ კომპანიებზე მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა, ისინიც საშეღავათო პირობებით იხდიდნენ გადასახადს. ამას ლარის კურსის მუდმივი რყევა ემატება და ისეთი მდგომარეობაა, დიდ ბიზნესებს უჭირთ. საშუალო და მცირეები კი ბაზრიდან ნელ-ნელა გაქრებიან. ეს არის რეგულაციების შედეგი, რომელსაც არავითარი დადებითი ეფექტი არ გააჩნია“, – ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. 

ბიზნესის პრობლემებზე საუბრობენ ეკონომისტებიც. ლარის კურსი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რამაც კერძო სექტორი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას გარდა, სხვა არაერთი პრობლემაა სახეზე. 

„ლარის კურსი არის აისბერგის წვერი, იმ პრობლემების, რაც დღეს ბიზნესს აქვს“, – ამბობს პაატა შეშელიძე. იგი ადასტურებს, რომ არაერთი კომპანია ნამდვილად დგას დეფოლტის საფრთხის წინაშე. გაკოტრების პირას მყოფ ბიზნესმენებს თავადაც იცნობს და მათგან ისმენს პრობლემებს. 

„კონკრეტული ბიზნესმენების საქმეებს, მათი კომპანიების მოგებას და დანაკლისს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შეფასებები აშკარად სამართლიანია. ბევრი მეწარმისგან, განსაკუთრებით საქართველოში მომუშავე უცხოელი ბიზნესმენებისაგან ძალიან ბევრი უარყოფითი შეფასება მომისმენია ბოლო პერიოდში. ირგვლივ სასოწარკვეთა და იმედგაცრუება. 

საფრანგეთის საელჩოში სულ რამდენიმე ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე, ფადი ასლისაგან და სხვა პიროვნებებისგან მოვისმინე, რომ საქართველოში ბიზნესი აღარ აქვთ. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, თქვა, რომ 20 წელია ჩვენთან ცხოვრობს, მოქალაქეა და მისი ბიზნესი ახლა წყალშია ჩაყრილი. 

ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის მხოლოდ კურსთან კავშირში. ეს არის ბიზნესისადმი მიდგომა, რეგულაციები და ა.შ. 

მაგალითად, ამასწინათ ჩემი ერთი მეგობრის კომპანია დაიკეტა, სადაც ყველისა და ღვინის ადგილობრივი წარმოება და რეალიზაცია ხდებოდა. დაიხურა იმიტომ, რომ წინა საუკუნის ბოლო წლების პრაქტიკით ე.წ. შავი გაგების ხალხი, წილს სთხოვდა. 

პრობლემა არის ძალიან ფართო მასშტაბის, მხოლოდ ლარის კურსს არ შეიძლება დაბრალდეს. ყველაფერს კი აგვირგვინებს პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც კიდევ უფრო მძიმე დღეში აყენებს ბიზნესს. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება ბიუჯეტის დეფოლტზე საუბარი, მაგრამ კონკრეტული კომპანიები (და არც თუ მცირე ოდენობით) რომ ამ საფრთხის წინაშე დგანან, ეს ფაქტია“, – განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ შეშელიძემ. 

დეფოლტი ცუდ მომავლად ესახება ეკონომისტ რამაზ გერლიანს. მისი თქმით, კერძო სექტორი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. კომპანიების ნაწილს, საქმიანობის დროებით ან სამუდამო შეწყვეტა მოუწევს. 

„ბიზნესს რომ მძიმე მდგომარეობა აქვს, ლარის კურსის მკვეთრ ვარდნამდეც ცალსახა იყო. მკვეთრად იკლო რეალიზაციამ, რაც შემდეგ უკვე ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ისაა სახელმწიფო სექტორის მთავარი დამფინანსებელიც. საქმე დეფოლტამდე რომ მივიდეს, ალბათ, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ამ გზაზე ნამდვილად დგას ბიზნეს-სექტორი. ნებისმიერი ტი პის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ რესურსებზე, შესაბამისად, ლარის დევალვაციას დიდ გავლენას ახდენს მათზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის, ის დიდი ხანია გასცდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. იმავდროულად თუკი შევხედავთ საწარმოო ფასების ინდექსს, ეს კიდევ გაცილებით მეტია, რაც ბიზნესს დანახარჯებს უზრდის. ამ დროს ისინი პროდუქციას უნდა აძვირებდნენ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, რადგან რეალურად მოქალაქეებს მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, მათი მოგების მარჟა იკლებს მკვეთრად. 

ბიზესს წამგებიან პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეუძლია. შემდეგ ან აცხადებს ლიკვიდაციას, ან დროებით იღებს პაუზას, რასაც არა მხოლოდ კერძო სექტორი, ქვეყანაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიჰყავს“, – ამბობს გერლიანი. 

ხელისუფლება კი თავის აზრს არ იცვლის და ამბობს, რომ ლარი აღარ გაუფასურდება. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსალოდნელია ლარის გამყარება. 

„იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ კიდევ უფრო, ცოტა გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დღევანდელ სიტუაციაში ეროვნული ბანკისთვის ინტერვენციების განხორციელების მოთხოვნა არასწორად მიიჩნია. 

14 აგვისტოს, ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. 
ჰოდა, იმავე დღეს, 14 აგვისტოსვე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი კვლავ გაუფასურდა... შესაბამისად, ბიზნესისთვის სიტუაცია გაუმჯობესების ნაცვლად, კვლავ უარესდება. 

დაველოდოთ აგვისტოს თვის დასრულებას, იქნებ, მართლაც მოხერხდეს ლარის კურსის დასტაბილურება. ეს ყველას ინტერესია. 

თემურ იობაშვილი