ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რა გავლენა აქვს ლარის სტაბილურობაზე უცხოეთიდან შემოსულ ვალუტას? - #10(238), 2019
როგორია ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ტენდენცია

ბოლო წლებში, ლარის კურსის ვარდნა რომ ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, აღარავისთვის არის უცხო. მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა განსაკუთრებული არასტაბილურობით და ეტაპობრივი გაუფასურებით გამოირჩა, ჩვენი ჟურნალიც თემას თითქმის ყოველ ნომერში ეხება. ახლა წლის ბოლო ახლოვდება და ლარის როგორც მორიგი გაუფასურების, ასევე გაძვირების შანსი არსებობს – გააჩნია ხელისუფლება მიმოქცევაში ლარის მასის ზრდას შეუწყობს ხელს თუ შემცირებას. გასული წლების მსგავსად, თუ წლის ბოლოს კვლავ გადაწყვიტა მთავრობამ და ბიუჯეტიდან ერთბაშად დააფინანსა ის დაგეგმილი პროექტები, რომელთა შესრულებაშიც წლის მანძილზე ჩამორჩენა იყო, ეს ლარის კურსს ნამდვილად არ წაადგება. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ, წესით, ასევე ხელი უნდა შეუწყოს ლარის მასის შემცირებას და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის „გამყარებასაც“, მაგრამ სებ-მა იმავდროულად რეფინანსირების სესხები თუ დიდი მოცულობით გასცა, ეს უკვე ლარის გაუფასურების ხელშემწყობი იქნება. ეს რაც შეეხება ადგილობრივ სიტუაციას, თუმცა, ლარის კურსზე არანაკლები გავლენა უკვე ქვეყნის გარედან შემოსულ ფინანსურ ნაკადებს აქვს, კერძოდ, სხვადასხვა სახით შემოსულ უცხოურ ვალუტას, რაც პირდაპირ აისახება კიდეც ლარის გამყარება-გაუფასურებაზე. მაგალითად, რაც მეტი დოლარი შემოვა ქვეყანაში, მით ნაკლები დეფიციტი იქნება მასზე და შესაბამისად, დოლარის გაძვირების ნაკლები მიზეზი დარჩება. 

უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე ძირითადი არხი არსებობს და ვნახოთ, რა ტენდენციებია ამ მხრივ. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები უცხოეთიდან 

ამ საკითხზე პერიოდულად ვწერთ ხოლმე და ახლა აღარ განვავრცობთ. შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობას, ჯერ მხოლოდ 2 კვარტლის მონაცემები აქვს სტატისტიკის სამსახურს გამოქვეყნებული. ამ მაჩვენებლის მიხედვით კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია. ასე რომ, უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების გამო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სახეზეა. 

საქართველოში ვალუტის შემოდინების უმნიშვნელოვანესი არხი უცხოეთიდან გადმორიცხული გზავნილებია. ამ გზით შემოსული ვალუტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლარის კურსის სასარგებლოდ და რომ არა ემიგრანტები, ვინც საქართველოში ოჯახებს ფულს უგზავნის, ლარი გაცილებით მძიმე დღეში იქნებოდა. ბოლო წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა მატულობს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაიკლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა. 

2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით აჭარბებდა. ამის შესახებ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული. 

დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას, თუმცა, 2018 წელს სურათი შეიცვალა. 

საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ის ფაქტს, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს, საგანგაშოდ მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძე. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შეზღუდული და შემცირებული, როგორც ჩანს, ამას აქვს პოლიტიკური წინამძღვრები. საქართველო არ არის ხელგაშლილი ინვესტორების მიმართ და ეს მთავრობის ნებართვის გარეშე იშვიათად ხდება. სასაცილოც კი არის, მაგრამ მე მახსოვს ეკონომიკის სამინისტროში საგანგებოდ შეიქმნა სპეციალური თანამდებობა, რომელიც ფაქტობრივად იქცა ინვესტიციების მაკონტროლირებელ მექანიზმად. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. აბა როგორ შეიძლება განვითარებად, ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? საგანგაშო მდგომარეობაა კიდევ ერთი მიმართულებით და კიდევ ერთი მაჩვენებლის მხრივ. ამის შესახებ თავიდანვე ვამბობდი. აშკარა იყო, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით და სპეციალური თანამდებობის პირის დანიშვნა რომ გააკონტროლოს ეს, სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს“, – აღნიშნავს პაატა შეშელიძე. 

„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის. თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ოდნავ შემცირებულია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ისრაელიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა. ასევე გაზრდილია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც. 
     

რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, შემდეგი სიტუაციაა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8.5%-ით მეტია.
 
სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა. 

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის 9 თვეში $309.3 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ $26.6 მილიონით ნაკლებია. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში წასულების მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. BM.GE აქვეყნებს სტატისტიკას წლევანდელი მაჩვენებლების მიხედვით. 

1. რუსეთის ფედერაცია – $309.3 მილიონი, კლება წინა წელთან 8%; 

2. იტალია – $174.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%; 

3. საბერძნეთი – $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%; 

4. აშშ – $132.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%; 

5. ისრაელი – $120.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%;

6. თურქეთი – $70.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%; 

7. გერმანია – $35.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%; 

8. ესპანეთი – $29.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%; 

9. უკრაინა – $35.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%; 

10. პოლონეთი – $16.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%; 

11. საფრანგეთი – $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%; 

12. ყაზახეთი – $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 161%; 

13. ყირგიზეთი – $19.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%; 

14. აზერბაიჯანი – $16.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%; 

15. გაერთიანებული სამეფო – $12.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%; 

16. კვიპროსი – $10.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%; 

17. კანადა – $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%; 

18. სომხეთი – $8.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%; 

19. ერაყი – $6.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%; 

20. ირლანდია – $6.5 მილიონი, კლება წინა წელთან 13%; 

ტურისტების რაოდენობა 

ვალუტის შემოტანის ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი არხია ტურიზმი და უცხოელი ტურისტები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 6.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი, საიდანაც 4.4 მილიონი იყო ტურისტი. 

რაც შეეხება გასულ თვეს, ოქტომბერში საქართველოში 782 670 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 438 805 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი ოქტომბრის თვის რეკორდული მჩვენებელია. წინა წლებში, ოქტომბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს შემოსულა. 

2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 8.8%-ით (63 530 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.8%-ით (31 584 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა. 

რაც შეეხება ბოლო წლებში ყველაზე მზარდ ნაკადს – რუსეთიდან გაზრდილი ტურისტების რაოდებობას, წლევანდელი ზაფხულიდან მატება კლებამ შეცვალა. ოქტომბერში რუსეთიდან 118 252 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე. 

2016-2018 წლებში საქართველოს რუსეთის 3,4 მილიონი მოქალაქე ეწვია. ამ დროის განმავლობაში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, ტენდენცია კლებით 8 ივლისის შემდეგ შეიცვალა. ივლისიდან მოყოლებული რუსი ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 12,5%-ით იკლებს. 

ცხადია, ერთ-ერთი მთავარი და ტრადიციული ტურისტული ბაზრიდან ფრენების შეწყვეტამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე, სექტორიდან მიღებულ შემოსავალზეც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 141 მილიონი დოლარით შემცირდა. 

უნდა ითქვას, რომ შემოსავლების კლება რუსი ვიზიტორების შემცირებაზე მეტად, ირანელი ვიზიტორების დანაკლისმა განაპირობა. წელს საქართველოს 122 ათასი ირანელი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 139 ათასით ნაკლებია. დანაკლისი ირანიდან მით უფრო საგრძნობია იმის გათვალისწინებით, რომ ირანელი ვიზიტორები საშუალოდ თითქმის ორჯერ უფრო მეტს ხარჯავენ (2071 ლარი), ვიდრე რუსები (1253 ლარი). 

უხეში გაანგარიშებით, მხოლოდ ირანელი ტურისტების კლების გამო ტურიზმის სექტორმა 287 მილიონი ლარი იზარალა, რაც მთლიანი დანაკლისის ნახევარზე მეტია. რთული პერიოდის მიუხედავად, ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კრიზისი ძირითადად დაძლეულია. 

ოქტომბერში უშუალოდ ტურისტული ნაკადი 7,8% ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტები კი 8,8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში საგრძნობი ზრდა აჩვენა ვიზიტორების ნაკადმა ევროკავშირიდან. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. 

იმავდროულად, გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც, ეს არის პირველი შემთხვევა ივლისის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 267 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 მილიონი დოლარით აღემატება. 

ასევე, უნდა ითქვას, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, წელს საქართველოს მაინც უფრო მეტი რუსი ტურისტი ეწვია, ვიდრე წინა წელს. 2019 იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 984 533 რუსი ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.9%- ით აღემატება. 

რაც შეეხება გასულ თვეში საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 134 374 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა. კლება 15%-ია, რაც სეზონური ფაქტორითაა გამოწვეული. 

ექსპორტი 

ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი არხია ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი. 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ეს 0.5 პროცენტით მეტია. 
     

ამასთან, ექსპორტი 10 თვეში 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 7 331.6 მლნ. აშშ დოლარი (3.1 პროცენტით ნაკლები). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 295.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა. 

აღსანიშნავია, წლების დინამიკაში, ისევე როგორც მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, ცალკე აღებულმა ექსპორტმაც 2014 წლის მონაცემებს მხოლოდ 2018-ში გადააჭარბა. შესაბამისად, მდგომარეობა არასახარბიელო იყო და ლარის გაუფასურებაზე გავლენას ეს მდგომარეობაც ახდენდა. რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, სტატისტიკის სამსახურს ჯერ 10 თვის მაჩვენებელი აქვს გამოქვეყნებული და ზუსტი მონაცემები უკვე მომავალ წელს გვეცოდინება. 

ამ სიტუაციაში ჩანს, რომ ქვეყნის ვალუტის შემომავალ არხებს შორის ყველაზე სტაბილურია ფულადი გზავნილები. შესაბამისად, დიდი მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომ გარდა საკუთარი ოჯახებისა, ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად ეხმარებიან. თუმცა, მხოლოდ ემიგრანტების იმედად რომ ვერც მთლიანად ეკონომიკა იქნება კარგად და ცალკე აღებული ლარის სტაბილურობაც არ გამოდის, ყველა კარგად ვხედავთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარება და ექსპორტის ზრდა სწორედაც რომ მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა და მისი პრიორიტეტი უნდა იყოს. 

თემურ იობაშვილი