ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რა გავლენა აქვს მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებას ლარის კურსთან - #11(239), 2019
რეფინანსირების სესხების გავლენა ლარის გაუფასურებაზე 

ლარის კურსი ყოველდღიურ თავისტკივილად არის გადაქცეული. საით წავა მისი კურსი მომდევნო დღეს, არსებული ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი საპროგნოზოა. ექსპერტები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ასახელებენ ლარის კურსის ცვლილების სხვადასხვა მიზეზებს. ამ სტატიაში შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რაც ლარის გაუფასურებაზე დიდ გავლენას ახდენს. მიზეზებს შორის, ძირითადად ქვეყნის შიდა ფაქტორები შეიძლება მივიჩნიოთ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში ხელს საზღვრის მიღმა იშვერს ხოლმე და უკვე წლებია, ლამის ყველაფერს „საგარეო ფაქტორებს“ აბრალებს.
 
ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რა მოცულობის ლარი ტრიალებს ქვეყანაში – კურსი დოლარის და ლარის მასის თანაფარდობით ყალიბდება. როდესაც ლარის მასა უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე დოლარი შემოდის, ლარი უფასურდება. ლარის მასის ზრდის მთავარი წყარო ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში დამატებითი ლარის გამოტანაა. ლარის მოცულობა იმ შემთხვევაშიც იზრდება, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე იმავე პერიოდში ეკონომიკიდან საბიუჯეტო შემოსავლების სახით იღებს. ექსპერტების განცხადებით, ლარის კურსზე უდიდეს გავლენას ახდენს რეფინანსირების სესხებიც, რასაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს – ამ შემთხვევაშიც ლარის მასა მატულობს და დამატებითი წნეხი ჩნდება ლარის გაუფასურებაზე. 

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 4,124 მლრდ ლარის ტოლია. იანვარში 3,289 მლრდ ლარი იყო. ზოგადად, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მატულობს, თუმცა, იყო თვეებს შორის მცირე მონაკვეთები, როდესაც ლარის მასა იკლებდა. ლარის კურსის ცვლილებისთვის გასათვალისწინებელია როგორც ეკონომიკის ზრდა, ასევე საგარეო ფაქტორები. აღსანიშნავია რომ ძირითადად, კურსი ემთხვევა ლარის მასის სწრაფი ზრდის დინამიკას. ლარის საშუალო კურსი იანვარში თუ 2.66 იყო, ოქტომბერში 2,97-ს მიაღწია. 

მატულობს სარეზერვო ფულიც (M1 – ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გამოშვებული ნაღდ ფულს (M0) დამატებული კომერციული ბანკების დეპოზიტები ეროვნულ ბანკში), რომელიც იანვარში თუ 7,48 მლრდ იყო, ოქტომბერში 9,013 მლრდ ლარს მიაღწია. 

მატულობს ფართო ფული M2 (მიმოქცევაში არსებული ლარი დამატებული კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ლარში, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე). იანვარში თუ ეს მაჩვენებელი 9,23 მლრდ-მდე იყო, ოქტომბერში 11,363 მლრდ-ს გადააჭარბა.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აგრეთვე ფართო ფული M3 (M2 და კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო თანხა). იანვარში ეს მაჩვენებელი 20,185 მლრდ ლარის ტოლი იყო, ოქტომბერში კი 24,373 მლრდ-ს მიაღწია. ცხრილი 1-ში მოცემულია როგორ იცვლებოდა ბოლო წლის მანძილზე ფულადი აგრეგატები (ცხრილი 1). 
     

ცალკე თემაა რეფინანსირების სესხები, რომელსაც ეროვნული ბანკი მოკლე ვადით სესხად აძლევს კომერციულ ბანკებს. ასეთი სესხებით კომერციული ბანკები ლიკვიდობის დეფიციტს ირეგულირებენ. რეფინანსირების სესხის აღება მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ და მათი მიღება სებ-ის აუქციონზეა შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მეტ რეფინანსირების სესხს გასცემს სები, იზრდება ლარის მასა. ეკონომისტები ამ მაჩვენებელზეც ამახვილებენ ყურადღებას და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ დიდი მოცულობით გაცემულ რეფინანსირების სესხებს ასახელებენ. რაც შეეხება დინამიკას, 2019 წლის იანვარში ხუთჯერ გაიმართა აუქციონი და კომერციულმა ბანკებმა ჯამში 4.55 მლრდ ისესხეს. ოქტომბერში ასევე 5-ჯერ გაიმართა აუქციონი. ჯამურად ნასესხებმა თანხამ 11.05 მლრდ ლარი შეადგინა. 

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა გასულ წლებში ჯერ ეკონომიკის სტიმულირების, შემდეგ ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის მოტივით რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა დაიწყო. ცხადია, ერთი მხრივ იაფი ფული ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობია, თუმცა, იქვე ფულის ხელმისაწვდომობის ზრდა თავის მხრივ ფულის მასის ზრდას იწვევს, რაც შემდეგ უკვე ლარის კურსის ვარდნის ხელშემწყობიც არის და ინფლაციის ზრდისაც. ამიტომ, კონკრეტულ მომენტში განაკვეთის ზუსტი ბალანსია საპოვნელი. თუ შევხედავთ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების დინამიკას, ვნახავთ რომ მაქსიმალური პროცენტი 2008 წელს იყო – მაშინ განაკვეთი აპრილში 12% მდე გაზარდეს. სავარაუდოდ, მაშინდელი ზრდის მიზანი ინფლაციის მაღალი ტემპის შემცირება იყო, თანაც, დაერთო აგვისტოს ომი და როგორც მთელ ეკონომიკას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც დიდი დარტყმა მიადგა. შემდგომში, რეფინანსირების განაკვეთი პერიოდულად იკლებდა და იმატებდა. 2013 წლის აგვისტოში მინიმალურ – 3,75%-მდე შემცირდა. მაშინდელი ასეთი კლების მიზანი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა იყო. თუმცა, იმავდროულად დაწყებულმა ლარის გაუფასურებამ თავის მხრივ რეფინანსირების განაკვეთის მატების საფუძველიც გააჩინა. 2015 წლის ბოლოს განაკვეთმა 8%-ს მიაღწია. შემდეგ კვლავ კლება იყო. 

უკვე წელს, მარტში თუ რეფინანსირების განაკვეთმა 6,5%-მდე დაიწია, სექტემბრიდან მოყოლებული 8,5% მდე იყო მომატებული. 11 დეკემბერს კი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის მორიგი მომატების გადაწყვეტილება მიიღო – რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა. შედეგად, სესხები ლარში გაძვირდა და ფულის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა. 
აქედან გამომდინარე საინტერესოა ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ფულის მართვის ქრონოლოგია. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 2014 წლის შემოდგომით დაწყებულ ლარის მკვეთრ გაუფასურებას, გარე ფაქტორებთან ერთად ამ პროცესს ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით განვითარებულმა არასწორმა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ. 2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აღინიშნებოდა, ამასთან ერთად ნოემბრიდან ბიუჯეტის ხარჯების და რეფინანსირების სესხის მოცულობების ზრდა ლარის მოცულობაზე მნიშვნელოვნად აისახა. 

2014 წლის დეკემბერში, იმავე წლის ნოემბერთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა უპრეცედენტო მაჩვენებლით – 241.5 მლნ ლარით გაიზარდა. გასულ წლებში, ერთი თვის განმავლობაში ლარის მასა ამ მოცულობით არასდროს გაზრდილა. ე.წ. სარეზერვო ფული, რომელიც მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულთან ერთად ბანკების დეპოზიტებსაც მოიცავს, იმავე დეკემბერში 450 მლნ ლარით გაიზარდა. 

ერთბაშად მსგავსი მასშტაბით არა, მაგრამ, მთლიანობაში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო წლევანდელ იანვარ-სექტემბრის პერიოდშიც. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიმოქცევაში არსებული ლარის მასა 3,289 მლრდ-დან 4,125 მლრდ-მდე გაიზარდა. 

ეკონომისტთა ნაწილი სების მიერ ბაზარზე ფულის მასის მიწოდების ზრდაში პირდაპირ გავლენას ხედავს ლარის გაუფასურებაში. თავად სებში კი განაცხადეს, რომ ლარის მასის ზრდას და ლარის კურსს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. 

„ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც, ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის,და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია“, – აცხადებს ბანკი. 

თუმცა, ეროვნული ბანკი რომ ფულის მასის ცვლილებით ცდილობს ინფლაციის შემცირებას თუ ლარის „გამყარებას“, ეს კარგად ჩანს. ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს, როდესაც ეროვნული ბანკი იძულებული გახდა რეფინანსირების განაკვეთი 7,5% მდე გაეზარდა, ამ გზით ბაზარზე ლარის მასის ზრდა შეეზღუდა და შესაბამისად, ლარის გაუფასურება შეეჩერებინა, მეორე დღესვე უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის, 1,9 მილიარდი ლარის მოცულობის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციულ ბანკებზე. იმავე დღეს სებმა გამოაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად, მომდევნო დღეს 40 მილიონ დოლარს გაჰყიდდა რეზერვებიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ხელით თუ ფულის მასის შემცირებას ცდილობდა, მეორე ხელით ეს მასა მეორე დღესვე გაზარდა. მესამე დღეს კი ამ გაზრდილი ლარის გავლენის შესამცირებლად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად... 

ეკონომისტი პაატა შეშელიძე ასეთ ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის დანაშაულებრივი სქემა, რასაც ლარის გაუფასურებაც მოსდევს და ინფლაციის ზრდაც. 

„ეს არის დანაშაულებრივი სქემა, არანაირი კავშირი ეკონომიკასთან არ აქვს და მთავრობა ამას ხელს აფარებს, ფინანსთა მინისტრის განცხადებები არის პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობა ამას ხელს აფარებს. ამასთან, მაჭავარიანი ცრუობს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ფისკალური პოლიტიკა გავლენას არ ახდენს ლარის კურსზე“, – აცხადებს შეშელიძე. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ღია ბაზარზე გასცემს რეფინანსირების სესხს, დეპოზიტად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებს იტოვებს, შესაბამისად კომერციული ბანკები ამ ფულს აძლევენ ფინანსთა სამინისტროს. ანუ ეროვნული ბანკი ინფლაციის ხარჯზე ირიბად აფინანსებს მთავრობას. 
რეფინანსირების განაკვეთის მატებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. 

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების პროცენტი ასწია. სწორია, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ ყოველკვირეულად 2,5 მილიარდი ლარი აძლია სესხად კომერციულ ბანკებს. გინდ გქონია და გინდ არა მაღალი პროცენტი, თუ რამდენსაც მოგთხოვენ ბანკები, იმდენი გაეცი?!“, – წერს გოცირიძე ფეისბუკზე. 

რეფინანსირების განაკვეთის ჯერ კიდევ 8,5% მდე გაზრდისას გააკეთა კომენტარი ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ. 
     

„ეროვნულ ბანკს ფაქტობრივად სხვა არჩევანი არ ჰქონდა დარჩენილი, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც მგონი ომის შემდეგ არ ყოფილა. ეს გამოიწვევს როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებს. დადებითი შედეგი იქნება ის, რომ ლარზე წნეხი შემცირდება, თუმცა, ეს მოხდება ერთი ან ორი კვარტლის შემდეგ. რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, ეს იქნება ის, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, რადგან ლარის რესურსი ძვირდება. ასევე ეროვნულ ბანკს დროებით ლარიზაციის პოლიტიკაზე მოუწევს უარის თქმა. ლარის რესურსის შეზღუდვა კიდევ უფრო შეზღუდავს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე. კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ზრდაც საკმაოდ მაღალია. მონეტარული პოლიტიკა არის მნიშვნელოვნად გამკაცრებული. როგორც ჩანს საკმაოდ პესიმისტურია მოლოდინი და ამიტომ ცდილობს ეროვნული ბანკი წინასწარ მოუჭიროს არტახებს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ. 

თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ გრაფიკზე რა თანაფარდობაა ლარის მასის ზრდასა და ლარის კურსს შორის. კურსის ცვლილებასთან ყველაზე ახლოს, როგორც ვხედავთ რეფინანსირების სესხის მაჩვენებელია. 

საინტერესო იყო commersant.ge-ს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც სების ხელმძღვანელის – კობა გვენეტაძის პოლიტიკაა გაკრიტიკებული. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ყურადღება გამახვილებულია სების მიერ ბაზრიდან დოლარის წილის შემცირებაზე და შესაბამისად, ლარის ჭარბ მიწოდებაზე. 

საერთაშორისო რეზერვები – არავინ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ეროვნული ბანკი არა მარტო სავალუტო აუქციონებით, არამედ ყველა სხვა მექანიზმითაც ისრუტავს დოლარს და აწვდის შესაბამის ლარს ბაზარს. კერძოდ:
 
2016 წლის 20 დეკემბერს, რაც ბოლოჯერ გაყიდა დოლარი ეროვნულმა ბანკმა, უცხოური ვალუტის რეზერვები შეადგენდა 2 მილიარდ 563 მილიონ დოლარს, მას შემდეგ ეროვნული ბანკი მხოლოდ სავალუტო აუქციონებზე ყიდულობს 492 მილიონ დოლარს, შემდეგ ყიდის 72.8 მილიონს დოლარს, ანუ ჯამში შესყიდული გამოდის დაახლოებით 419 მილიონი დოლარი და 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვები შეადგენს 3 მილიარდ 187 მილიონ დოლარს, ანუ 624 მილიონი დოლარით მეტს, ვიდრე 2016 წელს. ანუ გამოდის რომ გარდა იმ 419 მილიონი დოლარისა, რომელიც სებ-მა შეისყიდა სავალუტო აუქციონებზე, მან სხვა წყაროებიდან (გრანტები, სესხები, პრივატიზაცია და ა.შ.) მიღებული კიდევ 205 მილიონი დოლარი გამოკეტა რეზერვებში და ამით კიდევ უფრო მეტად შეურყია საყრდენი ეროვნულ ვალუტას. 

„ამდენად, ეროვნულმა ბანკმა ლარს თითქმის 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა. გარე ფაქტორებმა უფრო დააზიანა ლარი თუ ეროვნულმა ბანკმა, ეს საზოგადოებამ განსაჯოს“, – წერს commersant.ge. 

საინტერესო იყო ეკონომიკის მინისტრის კომენტარი, რომელიც მან ბოლო დღეებში ლარის „გამყარების“ შესახებ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებაში თუ მთავრობის წევრები ერთხმად „გარე ფაქტორებს“ ადანაშაულებენ ხოლმე, გამყარებისას უკვე მთავრობის დამსახურებად მიიჩნევენ. 

„ლარის გამყარება არის ფაქტი. ეს არის მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მხოლოდ იმედი, რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას. 

ეს არის შედეგი ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელშიც ეროვნული ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მაგრამ არა მხოლოდ. ჩვენ ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია, ამას ვაკეთებთ წარმატებით და ამას მალე იხილავს მოსახლეობა“, – განაცხადა თურნავამ. 

ასე რომ, სანამ მთავრობა თავს იქებდა ლარის გაძვირების ტენდენციით, „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე 12 დეკემბერს თუ 1 დოლარის ღირებულება 2.8335 ლარი იყო, 13 დეკემბერს 2.8532 ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი 1 დოლარის ღირებულება 2.8647 ლარია. 

თემურ იობაშვილი