ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა - #11(239), 2019
1 ნოემბრიდან "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც მთავრობის ინიციატივით ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოამზადა. აღნიშნული კანონით გაიზარდა ანგარიშვალდებული პირების ჩამონათვალი, ასევე გაფართოვდა რისკების შეფასების სისტემა. ხოლო პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო მეტად მკაფიო გახდა. 

ინიციატორების განმარტებით, ახალი კანონი უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის სფეროში მკაფიო და განჭვრეტადი სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას. ამასთან, წინამორბედ კანონში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2003 წელს მიიღო, წლების განმავლობაში უამრავი ცვლილება და დამატება განხორციელდა, რამაც კანონი აღსაქმელად რთული და ბუნდოვანი გახადა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, მისი კანონმდებლობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან იყოს შესაბამისობაში. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განმარტებით, ახალი კანონით ერთი მხრივ, გაუმჯობესდა და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა `უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ~ წინამორბედ კანონში განმარტებული ტერმინები. ასევე ჩაიწერა ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა: ერთჯერადი გარიგება, საქმიანი ურთიერთობა და კლიენტის ვერიფიკაცია, ხოლო ანგარიშვალდებულ პირთა სიას, დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი დაემატა. 

`პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში სწორი საქმიანობის წარმართვისთვის. კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით, ტერმინი პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ანგარიშვალდებული პირების მიერ კლიენტების მიმართ გასატარებელი იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის და სხვა ღონისძიებების ვალდებულებებს~, _ განაცხადა `ინტერპრესნიუსთან~ ნათია მიქელაძემ. 

რაც შეეხება საეჭვო გარიგებებს, მიქელაძის განცხადებით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება ანგარიშვალდებული პირების მიერ გარიგების საეჭვოობის განსაზღვრას. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, კანონი აწესრიგებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი ან დაბალი რისკის არსებობისას ქმედებებს კლიენტების მიმართ. კანონი ასევე ადგენს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ისეთი კლიენტების მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელი ან საცხოვრებელი მაღალი რისკის იურისდიქციის ქვეშ არის. ამასთანავე კანონი აწესრიგებს ანგარიშვალდებული პირების მიერ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების და სხვა ინფორმაციის სსი პ მონიტორინგის სამსახურში წარდგენის საკითხებს. 

აღსანიშნავია, რომ კანონით, ანგარიშვალდებული პირების ზედამხედველ ორგანოებად განისაზღვრნენ: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. 

ანგარიშვალდებული პირები კი არიან: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები. სადაზღვევო ორგანიზაციები, სალიზინგო კომპანიები, ნოტარიუსები, აუდიტორები, აუდიტორული ფირმები, სერტიფიცირებული ბუღალტრები, ადვოკატები და სხვა. სულ 21 ანგარიშვალდებული პირია. 
ანგარიშვალდებულმა პირებმა უნდა შეატყობინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს (ფმს) საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. ტრანზაქცია საეჭვოა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული ქონების ან მისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე, მიზნად ისახავს ფულის გათეთრებას ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის საჭირო არ არის დანაშაულის ფაქტის დანამდვილებით ცოდნა, თუმცა არც ჰიპოთეზური ვარაუდია საკმარისი. ფმს-ში უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, თუ კლიენტთან ან/და მის ტრანზაქციებთან დაკავშირებული უჩვეულო გარემოებების შესწავლის შედეგად, ანგარიშვალდებული პირი მივა დასკვნამდე, რომ შეიძლება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულს ჰქონდეს ადგილი. ანგარიშვალდებული პირები ელექტრონულად უგზავნიან ფმს-ს საეჭვო ტრანზაქციების და ავტომატურ შეტყობინებებს. ფმს-ის პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას, რომ მიღებულ შეტყობინებებში ფიგურანტი პირების დადარება მის ხელთ უკვე არსებულ მონაცემებთან მოხდეს. 

ფმს-ი შეისწავლის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშვალდებული პირებისგან მიღებულ შეტყობინებებს და თუ მივა დასკვნამდე, რომ ტრანზაქცია უკავშირდება ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას ან სხვა სახის დანაშაულს, საქმის მასალებს უგზავნის გამოძიების ორგანოებს. ფმს-ი ინსტიტუციურად და ფინანსურად დამოუკიდებელი სტრუქტურაა და უფლებამოსილია, მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირებისგან და საჯარო დაწესებულებებიდან. 2015 წლიდან ფმს-ს ასევე შეუძლია, ანგარიშვალდებულ პირებს მოსთხოვოს 72 საათით საეჭვო ტრანზაქციების შეჩერება ან ანგარიშის დაბლოკვა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის/აღკვეთის მიზნით. 

კანონით ერთ-ერთი მთავარი სიახლეა პრევენციული ღონისძიებების გატარების საფუძვლები. მანამდე, აღნიშნული ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდებოდა, თუ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული გარიგება გარკვეულ თანხას აღემატებოდა, ხოლო ახალი კანონით საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ან შესრულებული გარიგებების თუ ოპერაციების თანხის ოდენობის მიუხედავად. 
მაგალითად, მე-14 და მე-15 მუხლები აწესებს დამატებით ვალდებულებებს საინვესტიციო ხასიათის დაზღვევის პროდუქტებთან მიმართებით. კერძოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია სიცოცხლით დაზღვევის მოსარგებლის მიმართ განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები _ მოსარგებლის იდენტიფიკაცია, მოიპოვოს ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ და სხვა. 

კანონპროექტის მე-18 მუხლში მოცემულია გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირებმა მაღალი რისკის კლიენტების მიმართ უნდა გაატარონ. 

კანონპროექტის 25-ე მუხლი ადგენს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულებას, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების შესახებ. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი, გარდა საეჭვო გარიგებებისა, დამატებით განსაზღვრავს იმ გარიგებების ჩამონათვალს, რომლებიც ასევე უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 

მაგალითად, თუ კლიენტი არის მაღალი რისკის მქონე პირი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე. შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30 ათას ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 ათასი ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან აქციების გადაადგილების შესახებ, ხოლო ადვოკატი ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება `ადვოკატთა შესახებ~ კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას. 

კანონის 36-ე მუხლი ადგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ანგარიშვალდებულ პირს მისცეს წერილობითი მითითება, 72 საათის განმავლობაში გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების თაობაზე. ასეთი უფლებამოსილების მიზანია, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკმარისი დრო საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. 

`ახალ კანონში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანგარიშვალდებული პირების რაოდენობა გაიზარდა (მაგალითად, საადვოკატო ბიურო, სადაზღვევო/ გადაზღვევის ბროკერი). ასევე რისკების შეფასებისა და მართვის საკითხშია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ გაფართოვდა რისკების შეფასების სისტემა, ანგარიშვალდებული პირებისთვის გაფართოვდა ვალდებულებები იმ მიმართულებით, რომ უშუალოდ შიგნით უნდა დაინერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტური სისტემა, პერიოდულად ამ სისტემის შეფასება უნდა მოახდინონ. გაფართოვდა არეალი შეფასების ნაწილში ურთიერთდაკავშირებულ პირებთან. ამასთანავე, უფრო ფართოდ არის აღწერილი კვლევის საგანი, რა სავალდებულო მიმართულებებია. დანარჩენი უფრო ტექნიკური საკითხებია. პრინციპულად შეიცვალა მიდგომები. ზოგადი რაც იყო, უფრო მეტად დაკონკრეტდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა კვლევის საგანი, დაკონკრეტდა არა მარტო ის, რაზე უნდა მოხდეს ზედამხედველობა და რას უნდა მიექცეს ყურადღება, არამედ უშუალოდ სისტემა უნდა შემუშავდეს, რომელიც უნდა გულისხმობდეს, ყოველწლიურად, ამ სისტემის მონიტორინგს. ასევე ზედამხედველი აფასებს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს, კონკრეტულ ტრანზაქციებს, არამედ ამ სისტემის გამართულობასა და სისწორეს~, _ განმარტა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის გამოქვეყნდა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში. ამ ანგარიშის მომზადებას ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს. 

რისკების შეფასების ანალიზში, ფულის გათეთრების ყველაზე მაღალ რისკიან სფეროდ სათამაშო ბიზნესი დასახელდა, საბანკო სექტორში რისკი საშუალოდ შეფასდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საბროკერო კომპანიებში _ საშუალო-დაბალი, ხოლო ყველაზე ურისკო სფეროდ _ სადაზღვევო სექტორი, საკრედიტო კავშირები, სანოტარო და საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურება დასახელდა. ტერორიზმის დაფინანსების რისკი თითქმის ყველა სფეროში შეფასდა როგორც დაბალი. 

სხვადასხვა სექტორებში რისკის დონის შეფასებისას, სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა ეროვნულ დონეზე გამოვლენილი რისკები. ამასთან, რისკების შეფასების ანგარიშში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები განიხილება რისკ-ფაქტორად ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულის გათეთრება კრიმინალიზებულია პალერმოს და ვენის კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად. ფულის გათეთრების დანაშაულს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი ქმედება: უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით. ასევე, უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დაფარვა ან შენიღბვა. 

უკანონო ქონება გულისხმობს როგორც კანონის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებულ ქონებას, ისე მისგან მიღებულ შემოსავალს, ხოლო დაუსაბუთებელია ისეთი ქონება, რომლის კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა შეიძლება განხორციელდეს ქონებით სარგებლობის, მისი შეძენის, ფლობის, კონვერსიის, გადაცემის ან სხვა მოქმედების შესრულებით. ფულის გათეთრება ისჯება 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. 

გამოძიების ორგანოებისთვის კი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე ოპერატიული ინფორმაციის მთავარი წყაროა ფმს-ის ანალიზის შედეგები. მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, 2015-2018 წლებში ფულის გათეთრების 165 საქმეზე ჩატარებული გამოძიებიდან 123 საქმეს (75%) საფუძვლად დაედო ფმს იდან მიღებული ინფორმაცია. ტერორიზმის დაფინანსების საქმეებში ეს მაჩვენებელი 67%-ია. ფმს ისგან დამოუკიდებლად დაწყებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა საქმეებში პარალელური ფინანსური გამოძიების მხარდაჭერის მიზნით, 2019 წლიდან, გამოძიების ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ ფმს-ში შენახული ინფორმაცია. 

ამავე ანგარიშში, აღნიშნულია, რომ 2014-2018 წლებში დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ქონების ჩამორთმევა განხორციელდა ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულების საქმეებში. აღნიშნული ქონებიდან დაზარალებულებს თითქმის 8 მილიონი ლარის ზიანი აუნაზღაურდათ. 

მაკა ხარაზიშვილი