ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მცირდება - #1(241), 2020
საფინანსო ბაზარზე საბანკო მონოპოლია კიდევ უფრო იზრდება 

ლომბარდებს სესხის უზრუნველყოფისთვის მომხმარებლების მიერ დაგირავებული ქონების ბანკებში გადაგირავება აეკრძალათ. ეროვნული ბანკის მიერ ორჯერ გადადებული რეგულაცია პირველი თებერვლიდან საბოლოოდ ამოქმედდა. ახლა სპეციალისტები ბაზრიდან ლომბარდების ნაწილის გასვლას, ან შერწყმის პროცესის დაწყებას ელოდებიან. ამ პროცესს უკვე დიდი ხანია გადიან მიკროსაფინანსო კომპანიები. 2018 წლიდან, ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ ამ ბაზარს, თითქმის ყოველ თვე, ერთი ან რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს. 

საქართველოში 800-ზე მეტი ლომბარდია რეგისტრირებული. რეგულაციამდე სესხის აღების აპრობირებული პრაქტიკა ასეთი იყო: ვინაიდან ლომბარდებს საკუთარი ქონება, როგორც წესი, არ გააჩნიათ, მომხმარებლის მიერ დაგირავებულ ქონებას კომერციულ ბანკებში აგირავებდნენ და სესხს სხვისი ნივთების უზრუნველყოფით იღებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 თებერვლიდან ეს პრაქტიკა აიკრძალა. ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ლომბარდის გაკოტრების შემთხვევაში, ასეთი პრაქტიკა მომხმარებლის ქონების დაკარგვის რისკს ზრდიდა, ან ამ ქონების უკან დაბრუნებას აჭიანურებდა. 

ამ რეგულაციით, თავის მხრივ კომერციულ ბანკებსაც აეკრძალათ სესხის გამცემი სუბიექტების სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ამ ორგანიზაციებში მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონება. ახალი რეგულაციით, სესხების მიღების უზრუნველსაყოფად ლომბარდების მეპატრონეებს შეუძლიათ თავიანთი აქტივების, მათ შორის სასესხო პორტფელის დაგირავება. რეგულაცია 2019 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ლომბარდების მეპატრონეებმა გაკოტრების საფრთხე დაინახეს და ეროვნულ ბანკს, ახალ წესებზე მოსარგებად, დრო სთხოვეს, რის გამოც ეს პროცესი ჯერ ნოემბრამდე, შემდეგ კი თებერვლამდე გადაიდო. 
გარდა ამისა, ლომბარდებზე გარკვეული ტიპის რეგულაციები წლის დასაწყისიდან უკვე გავრცელდა. მათ შორისაა ლიცენზიების ასაღებად 10 000 ლარის განსაზღვრა; სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი არანაკლებ 15-20 მ2 უნდა იყოს; სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები. ამ ყველაფრის გაკეთება ლომბარდების მფლობელებს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ. 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სალომბარდო ბაზარზე ქაოსური მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე უამრავი, მცირე ზომის ლომბარდია, რომლებიც სრულად გაუმჭვირვალედ ოპერირებენ და მომხმარებლებს პრობლემებს უქმნიან.
 
„როდესაც ოქრო ლომბარდში ბარდება, მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მის შედეგად გაცემული სალომბარდე სესხის მოცულობა. შემდეგ ამ პატარა ლომბარდების მიერ საფინანსო ინსტიტუტებში ხდება ნივთების გადაგირავება ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ეს თავად მომხმარებელმაც არ იცის. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ძალიან ხშირად, პატარა ლომბარდების მეპატრონეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. კერძოდ, როდესაც კლიენტი ლომბარდს ფულს უხდის, მაგალითისთვის, თვეში 3%-ს, აქედან ლომბარდებმა 1.5% ბანკში უნდა გადაიხადონ. დარჩენილ 1.5%-ს კი ესენი თავისი პირადი მიზნებისთვის ხარჯავენ. საფინანსო ინსტიტუტებში დავალიანებას აღარ იხდიან, რის შემდეგაც ეს საფინანსო ინსტიტუტები ნივთების რეალიზაციას ახდენენ. საბოლოო ჯამში დაზარალებული გამოდის მომხმარებელი. ამ ხალხს გადახდილი აქვს ფული და ნივთებს აღარ უბრუნებენ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია~, – განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა. 

ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, საფინანსო სექტორში ყოველი რეგულაცია ბაზარზე ცვლილებებს იწვევს. მისი ვარაუდით, აუცილებლად დაიწყება ლომბარდების შემცირების პროცესი, რაც საფინანსო ბაზარს კიდევ უფრო დააპატარავებს. 

"ახალ რეგულაციებთან შეწყობა მსხვილ ბიზნესს უფრო უადვილდება, ვიდრე მცირესა და საშუალოს. შედეგად ამჯერად სალომბარდე ბაზარზე ჩვენ მივიღებთ იგივე სურათს, რაც მიკროსაფინანსოების ბაზარზე მოხდა, როცა რეგულაციების დაწესების შემდეგ მისოების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ კლიენტების უფლებების დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები საფინანსო ორგანიზაციებს უპასუხისმგებლო დაკრედიტებისგან შეზღუდავს. თუმცა, მეორე მხრივ არ შეიძლება, რომ მისო-ებს, ლომბარდებსა და ბანკებს ერთი და იგივე თამაშის წესები ჰქონდეთ", – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი. 

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი შემცირება, პირველ რიგში, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის თამაშის წესები შეიცვალა. 2018 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი ჯერ 100 პროცენტამდე, შემდეგ 50 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ზოგიერთი კომპანიის მიერ გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 500 პროცენტსაც კი აღემატებოდა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა აიკრძალა, რაც ასევე მძიმე აღმოჩნდა ამ სექტორისთვის. რეგულაციების ამოქმედებამდე საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობდა, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 46-მდეა შემცირებული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ეტაპზე ლიკვიდაციის პროცესში 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იმყოფება. 

ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია. მისი განცხადებით, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც საბანკო სექტორმა 90-იან წლებში გაიარა, რადგან მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი რეგულაციების შემოღება. 

"არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. მე ადრეც მითქვამს იმასთან დაკავშირებით. ჩვენი გადმოსახედიდან მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც 200-ზე მეტი საბანკო ორგანიზაცია და ბანკი იყო საქართველოში, მაგრამ მათ მიერ გაწეული მომსახურება და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. ეს გზა მიკროსაფინანსო სექტორს გასავლელი აქვს. ის, რომ დღეს საქართველოში 200-ზე მეტი ბანკი არ გვაქვს და გვაქვს 15 ბანკი, არ ნიშნავს, რომ დღევანდელი საბანკო სექტორის კონტრიბუცია უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს 20-ზე მეტ ბანკს ჰქონდა. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მიკროსაფინანსო სექტორს. სისტემა იზრდებოდა არაჯანსაღად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიდრე ის არაჯანსაღად გაიზრდებოდა, მიღებულიყო ზომები რეგულაციებთან დაკავშირებით. დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები", – ამბობს გვენეტაძე. 

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მე-3 კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშში ზარალი დაფიქსირდა (რაც კობა გვენეტაძემ ერთი კომპანიის პრობლემით ახსნა), 2019 წელი მთლიანობაში ამ სექტორმა 112 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.
 
მისო-ების შემცირების მიუხედავად გაიზარდა მათ მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ჯამმა 1,129 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 28 მლნ ლარით აღემატება. ამ მონაცემებში ჩანს, რომ სექტორისთვის ყველაზე მომგებიანი სალომბარდე პროფილია. 1,129 მლრდ ლარის სესხიდან 432,138 მლნ ლარი – სალომბარდე სესხი იყო, 268,978 – სამომხმარებლო სესხი, ხოლო 110,536 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა. 
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების პროცესი ყველაზე მძიმე დასაქმებულებისთვის აღმოჩნდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, სამსახური 286 ადამიანმა დაკარგა. 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია საინფორმაციო პორტალ BM-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო სექტორის დახურვის ტენდენცია აღარ გაგრძელდება და ის ორგანიზაციები, რომლებმაც შეძლეს ადაპტირება, ბაზარზე ოპერირებას აქტიურად გააგრძელებენ. 

„მთლიანად საფინანსო სექტორი ვითარდებოდა არაჯანსაღად და შესაბამისად ეს რეგულაციები, იგულისხმება კონკრეტულად საცალო დაკრედიტების დებულება, რომელიც გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა, საკმაოდ შედეგიანი იყო. ფაქტია, რომ სახეზე გვქონდა ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსოს თუ კომერციული ბანკის ისეთი თამაშის წესები, როცა საკმაოდ ჭარბი რაოდენობით მიდიოდა პორტფელი სამომხმარებლო მიზნობრიობით, მაშინ როდესაც მოსახლეობის შემოსავალი შესაბამისად არ იზრდებოდა. მეორე მხრივ სახეზე გვქონდა საკმაოდ დიდი დოზით ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან დაკრედიტებაში უპასუხისმგებლო მიდგომები. შესაბამისად, აღმოიფხვრა ეს ყველაფერი, თუმცა, სამწუხაროდ დადებით შედეგთან ერთად მოხდა ცალკეული მიკროსაფინანსოების დახურვა, რადგან მათი ბიზნეს-მოდელი ამ ახალ რეგულაციებთან შეუსაბამო აღმოჩნდა. არა მგონია ასეთი კრიზისული პერიოდი გაგრძელდეს, მთავარი ტალღა ჩავლილია და ორგანიზაციებმა, რომლებმაც შეძლეს ადაპტირება, ვფიქრობ, რომ შეძლებენ გააგრძელონ ოპერირება, მით უმეტეს საუბარია მისო-ებისთვის შეღავათების დაწესებაზე და პირობების გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს ბესო შენგელია. 

განსხვავებული პოზიცია აქვს მერაბ ჯანიაშვილს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდეგ მოსახლეობისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვა უფრო რთულდება, მცირე ორგანიზაციები იძულებულები არიან ბაზარი დატოვონ, ხოლო კომერციული ბანკების მონოპოლია სულ უფრო იზრდება, რაც საფინანსო ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

"დღეს საქართველოს საფინანსო სისტემის 95 პროცენტი კომერციულ ბანკებზე მოდის, სადაც ორი ბანკის წილი 85 პროცენტს აღემატება. სადაზღვევო კომპანიების, მისო-ებისა, თუ სხვა პატარა საფინანსო ინსტიტუტებს ძალიან მცირე წილი უჭირავთ. შედეგად ახალი რეგულაციებით 2 მსხვილი ბანკი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კონკურენციისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ცუდი შედეგის მომტანი იქნება. ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება მართებს ეროვნულ ბანკს, რომ ამ ორმა ბანკმა შექმნილი საბაზრო ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს. საერთაშორისო ორგანიზაციები სებ-ს მუდმივად მიუთითებენ, რომ საბანკო ბაზარზე კონცენტრაცია ძალიან მაღალია და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუმცა, ეროვნული ბანკის რეფორმები მდგომარეობას უფრო აუარესებს", - დასძენს მერაბ ჯანიაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ საფინანსო ორგანიზაციების შემცირების შემდეგ არალეგალური ბაზარი გააქტიურდეს, ანუ ჩრდილოვანი დაკრედიტების მასშტაბები გაიზარდოს. 

კობა გვენეტაძე ამ ეტაპზე ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს. თუმცა, ამბობს, რომ თუკი სებ-ი დაინახავს, რომ ე.წ. კერძო მევახშეთა მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, მის შესაჩერებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
 
"რაც შეეხება საბანკო სისტემაში ჩრდილოვან სექტორს, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მევახშეების მიმართულებით გააქტიურდება, მაგრამ ბევრი ზომა არის მიღებული რათა ეს მიმართულება იყოს შეზღუდული, თუმცა მისი სრულად გაქრობა არ ხდება და ის ყოველთვის იარსებებს, თუ დავინახეთ, რომ ეს სექტორი იზრდება და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენ მას ყურადღებას მივაქცევთ, რათა კანონმდებლობით არ მოხდეს ამ სექტორის უფრო მეტად ზრდა", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

დაბოლოს, სპეციალისტების განცხადებით, საფინანსო ბაზრიდან პატარა მოთამაშეების გასვლა, ხოლო ბანკების გაძლიერება ხელს უშლის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობას, არაკონკურენტულ გარემოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებას. კონკურენციის გასაზრდელად, მნიშვნელოვანი იქნებოდა რომელიმე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის შემოსვლა საქართველოს საფინანსო ბაზარზე, თუმცა, საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი ეროვნულ ბანკში არავის წარუდგენია. 

მაკა ხარაზიშვილი