ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
15 აპრილიდან საბანკო რეგულაციები გამარტივდა - #3(243), 2020
კორონავირუსმა მოქალაქეებისთვის სესხის აღების შესაძლებლობაზეც იმოქმედა
 
ერთწლიანი გამკაცრებისა, რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, 15 აპრილს, საბანკო რეგულაციები მცირედით გამარტივდა. მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა - სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე არ გაიცემა. თუმცა, ამ შემთხვევაში მომხმარებლის გადახდისუნარიანობას საფინანსო სექტორი საკუთარი პრინციპებით შეაფასებს. ამასთანავე იზრდება სესხის დაფარვის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს, საკუთარი შემოსავლებით, უფრო მეტი მოცულობის კრედიტის აღება შეეძლება. მსესხებლები კი, შემოსავლების მიხედვით, 4 კატეგორიის ნაცვლად 2 კატეგორიად დაიყო.
 
ახალი რეგულაციებით, მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა, იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის პრინციპები. შემოსავლის დადგენის წესი აღარ იქნება გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება შემოსავლები დადგენის წესი საკუთარი პრინციპებით განსაზღვროს. 
სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას. 

მაგალითად: მსესხებელი დაიყო 1000-ლარამდე და 1000 ლარის ზევით შემოსავლის მქონე პირად. თუკი სესხის აღების მსურველს 1000 ლარამდე შემოსავალი აქვს, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის მომსახურების ხარჯი შემოსავლის 20 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს, ეროვნულ ვალუტაში კი 25 პროცენტს; ხოლო 1000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში, სესხზე გაწეული ხარჯი უცხოურ ვალუტაში არაუმეტეს 30 პროცენტი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 50 პროცენტი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე მომსახურების კოეფიციენტი მცირედით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე თითქმის იგივე დარჩა. თუმცა, ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზარდა, რაც სესხის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. ამასთანავე, საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60 პროცენტიდან 70 პროცენტამდე. მსესხებელს ქონების შეძენისას 30 პროცენტიანი თანადაფინანსება მოეთხოვება. 

რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს (ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად); 
რისკ-ფაქტორების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციული მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, რისკ-ფაქტორების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებას დაცვის სამი ხაზის (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით. 

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა. 
`ასეთი მიდგომა დაკრედიტების მიკრომენეჯმენტში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს, რაც ფინანსური ინსტიტუტის რისკ-ფაქტორების მართვის ფუნქციის როლს გაზრდის და გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას აამაღლებს. ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს~, _ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება. ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს. პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მთელი გასული წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ რეგულაციის მოქმედებას და მის გასაუმჯობესებლად მუშაობდა. 

"შარშან მთელი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვაკვირდებოდით მოვლენებს, ვაგროვებთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. არ გვინდოდა, რომ ეს რეგულაცია ხშირი ცვლილების საგანი გამხდარიყო და ამიტომ გარკვეული პერიოდი დაველოდეთ, რათა დაგვეგროვებინა ბევრი ცვლილება ერთად და ერთად გაგვეკეთებინა. დეკემბერში ბანკებთან შეხვედრის შემდეგ დავაანონსეთ, რომ ამ ცვლილებებს გავაკეთებდით და მარტიდან ავამოქმედებდით. შესაბამისად, ამ გეგმას მივყვებით კიდევაც", - ამბობს პაპუნა ლეჟავა და დასძენს, რომ არა კორონავირუსისგან გამოწვეული შოკი, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დაკრედიტების ტემპს საგრძნობლად დააჩქარებდა. 

"რა თქმა უნდა, შემოღებული დებულება არ იყო იდეალური. მთელი გასული წლის განმავლობაში დაგროვდა საკითხები, რაც საოპერაციო კუთხით რთული იყო, ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნიდა, მეტი ტვირთი გადმოჰქონდა ეროვნულ ბანკზე, როგორც რეგულატორზე, როდესაც რეალურად ბანკები უნდა იყვნენ პირველი ხაზი რისკის მენეჯმენტის კუთხით. ამ განწყობებმა განაპირობა ის ცვლილებები, რაც გავაკეთეთ. 

რაც შეეხება ეფექტს რასაც ველოდებით, რომ არა კორონავირუსი, ეს ალბათ დააჩქარებდა დაკრედიტების ტემპს. ყველა საცალო პროდუქტის გაცემა მარტივდება, მათ შორის განვადებებისაც", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

ცვლილებების გამარტივების პროცესში ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართული იყო საბანკო სექტორი. `თიბისი ბანკის~ გენერალური დირექტორი ელოდება, რომ 15 აპრილიდან ფიზიკური პირები სესხებს უფრო მარტივად აიღებენ, თუმცა ახლა გარკვეულ დაბრკოლებას კორონავირუსი ქმნის. 

"ეს ცვლილებები გამოიწვევს, რომ ფიზიკური პირების დაფინანსება უფრო გამარტივდება და ზოგადად, ადამიანებს უფრო მარტივად შეეძლებათ სესხების აღება. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებსაც ალბათ ხაზი უნდა გაესვას. პირველ რიგში, ლარში იპოთეკურ სესხებზე ვადა გახანგრძლივდა. თუ აქამდე მაქსიმუმ 15 წლიანი სესხები იყო, ეს ვადა 20 წლამდე გაიზარდა. ამავე დროს, ქართველები, რომლებიც უცხოეთში არიან დასაქმებული და მათ აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავლები, მათთვის გამარტივდება პირობები. თუ ადრე თანამონაწილეობა 40 პროცენტი იყო, ახლა 30 პროცენტამდე შეუმცირდებათ. კიდევ არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც ჯამურად გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს უფრო გაუმარტივდებათ პროცედურულად სესხების აღება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომერციულ ბანკებს მეტი თავისუფლება მიეცემათ და თავად განსაზღვრავენ წესებს, როგორ იყოს სესხის გაცემის პრინციპები. ყველა ვარიანტში, დღევანდელი ცვლილებები, საშუალო ვადაში ფიზიკური პირების დაფინანსებაზე დადებით გავლენას მოახდენს. თუ გვერდზე გადავდებთ კორონავირუსის ეფექტს, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ზრდა სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით შეიძლება იყოს 5-დან 10 პროცენტამდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება 2020 წელს, რადგან ძირითადი გამოწვევა წელს კორონავირუსი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, დაკრედიტების წესებში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა შერბილებული რეგულაციები სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. საუბარია კონკრეტული მოდელების შემუშავებაზე, რომელის მიხედვითაც საკრედიტო ოფიცერი დისტანციურად, ბინაზე მისვლის გარეშე, სიმულაციურად დაითვლის მსესხებლის შემოსავალს.
 
"თუ ფიზიკური პირი დაადასტურებს, რომ ის მუშაობს და აქვს, მაგალითად ტაქსი, შესაბამისად ტაქსის ლიცენზია, ბანკი მისი საშუალო შემოსავლის დაანგარიშებასა და მის მიხედვით გარკვეული სესხის გაცემას უფრო მარტივად შეძლებს. ანუ თუ აქამდე, რეგულაციით, შემოსავლის დაანგარიშების და კოეფიციენტის გამოთვლის კონკრეტული სქემები იყო განსაზღვრული და მასთან თანდართული მითითებები უშუალოდ სებ-ისგან მოდიოდა, დღეს ეროვნული ბანკი მხოლოდ ფუნდამენტურ მიდგომებსა და კოეფიციენტებს განსაზღვრავს. კომერციულ ბანკებს კი შეეძლებათ კოეფიციენტების მიღების მეთოდები უშუალოდ საკრედიტო პროდუქტებში გაწერონ. ასევე წინა რეგულაცია არ იძლეოდა სრულფასოვანი მოდელის ამოქმედების საშუალებას, დღეს ეს უფრო მეტად არის შესაძლებელი, რაც მეტ თვითდასაქმებულს მისცემს სესხი აღების საშუალებას. ასევე შემცირდა შუალედები შემოსავლებთან მიმართებით და ოთხიდან ორზე ჩამოვიდა. გარდა ამისა, გაიზარდა ვადა იპოთეკურ სესხებთან მიმართებით, რაც ცალსახად ამარტივებს მის მიღებას და არარეზიდენტებისთვის თანამონაწილეობის ნაწილი 40%-დან 30%-მდე შემცირდა, რაც ასევ მნიშვნელოვანი ცვლილებაა წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზრდება დამტკიცებული სესხების რაოდენობა, ადამიანები მიიღებენ სესხს მისთვის სასურველ პირობებში და რაოდენობაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხების დამტკიცება არ ხდება ისე მარტივად, როგორც 2018 წელს იყო, რადგან მკაცრად რეგულირდება ყველა კოეფიციენტი", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე. 

2019 წლის იანვრის შემდეგ, ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან. ერთ-ერთი ეს საკითხიც იყო, რის გამოც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში რამდენჯერმე დაიბარეს. ეროვნული ბანკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიზანი ჭარბვალიანობის შემცირება იყო. ორგანიზაცია `საზოგადოება და ბანკების~ საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი განმარტავს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საბანკო სექტორიდან არ მოდიოდა, ეს პრობლემა იყო ონლაინ-გამსესხებლების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, ამ ეტაპზე რეგულაციების გამარტივება წნეხში მყოფი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. 

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე კი ეროვნული ბანკის 17 მარტის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ საფინანსო სექტორში ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

"ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც. წლის დასაწყისში რომ ამოქმედებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი, გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო. პირველ რიგში, ეს მაღალ შემოსავლიან პირებს და იპოთეკურ დაკრედიტებას ეხება, რაც ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკონომიკურ ზრდაზე და სამშენებლო სექტორზე. მისასალმებელია, რომ გასწორდა და შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი და და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლებათ, თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვრონ შემოსავლის დადგენის პრინციპი". ექსპერტის თქმით, ამის გამო დაკრედიტების მექანიზმები ზედმეტად ბიუროკრატიული და მოუქნელი იყო. 

"საბანკო რეგულაციების შერბილება, შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაში, რაც დიდწილად კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გლობალური შოკის შედეგია, ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეკონომიკის და შიდა მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით და მთლიანად ეწერება ეკონომიკის მხარდამჭერ სამთავრობო სტრატეგიაში, რომლის მიზანიც არის გლობალური შოკისას დანაკარგების მაქსიმალურად შემცირება", - მიიჩნევს გიორგი ცუცქირიძე.
 
სესხების დამტკიცების შედარებით გამარტივება შვება ვერ იქნება ონლაინ-გამსესხებლებისთვის, ან მცირე ფორმის სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან წლიური საპროცენტო განაკვეთის კოეფიციენტი ისევ 50 პროცენტის დონეზე რჩება, რამაც ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი გააკოტრა. ახალი წესები, სესხის აღებას შედარებით გაუმარტივდება თვითდასაქმებულებსა და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა ამ შემთხვევაში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი, პანდემიის პირობებში, მოქალაქეების დიდ ნაწილმა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით შემოსავალი დაკარგა. შესაბამისად, ისინი კრედიტებით პირობების გაუმჯობესებას გამარტივებული რეგულაციებითაც ვეღარ შეძლებენ. 

მაკა ხარაზიშვილი