ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
მთავრობა ბიზნესმენებს საკრედიტო რესურსის მისაღებად საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის გამოყენებას სთავაზობს - №4(244), 2020
ბიზნესისთვის სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საკრედიტო-საგარანტიო სისტემის განახლებული სქემა მაისის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. ამ დროისთვის საბანკო სექტორი მთავრობასთან საბოლოო დეტალების შეთანხმებას ელოდება. პროგრამა ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში შემუშავდა, თუმცა მას ფაქტობრივად არ უმუშავია. ამჯერად, ამ სქემის მიმართ მოლოდინი დიდია, ვინაიდან თითქმის გაჩერებული ეკონომიკის პირობებში დაკრედიტების რისკები გაიზარდა და ბანკები ამ საკითხს უფრო მეტად კონსერვატულად უდგებიან. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პროგრამას არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაც დაემატა. მთავრობამ ახალი სქემა ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ძირითადი არსი არის შემდეგი: სახელმწიფო თავდებში დაუდგება საშუალო და მცირე ბიზნესს, რომელსაც კომერციულ ბანკებში საკრედიტო რესურსის დასამტკიცებლად საკმარისი უზრუნველყოფა არ გააჩნიათ. კერძოდ, საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს სასესხო პორტფელის გარანტიებს, ხოლო სესხს აფასებს კომერციული ბანკი. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90 პროცენტის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე. 

`ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს სესხის გასაცემად უფრო მეტ სითამამეს აძლევს. ამ ინსტრუმენტის საშუალებით, ბანკებისთვის რესტრუქტურიზაციის გაკეთება ნაკლებად ხარჯიანი ხდება. რაც შეეხება სესხის დამტკიცებას, ბანკების მხრიდან მიდგომა იგივე იქნება, რაც გულისხმობს ბიზნესის შესწავლას და გადახდისუნარიანობის შეფასებას. სახელმწიფო უზრუნველყოფის სქემა ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წინა კრიზისებიდან გამომდინარე, მეტად სავარაუდოა უძრავი ქონებაზე ფასების შემცირება, შესაბამისად ქონების შემფასებლები საკმაოდ კონსერვატულები იქნებიან. ასევე მინდა განვმარტო, რომ ეს არის მეორადი უზრუნველყოფა, ანუ მეორადი დაფარვის წყარო, საკმაოდ რთული კალკულაციით. აღნიშნული საგარანტიო თანხა სასესხო პორტფელის 35 პროცენტს ფარავს. შესაბამისად, ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც სუბსიდია~, _ განმარტა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. 

მარტივად რომ ავხსნათ, ამ ეტაპზე, სესხის დამტკიცებისას, რაც არ უნდა კარგი ბიზნესპროექტი იყოს, პრობლემას წარმოადგენს სესხის გარანტიად მოთხოვნილი უზრუნველყოფა, რაც ხშირ შემთხვევაში ბიზნესმენს არ აქვს იმდენი, რასაც ბანკი ითხოვს, შესაბამისად საკრედიტო რესურსსაც ვერ იღებს. ამ პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ბიზნეს-სესხის დასამტკიცებლად მთავარი ფაქტორი ისევ ბიზნესპროექტისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა, ხოლო მეორე ნაწილის, უზრუნველყოფის შეფასებისას, ბანკი ნაკლებად კონსერვატული იქნება, ვინაიდან ბიზნესმენს ამ ნაწილში სახელმწიფო უდგება გარანტორად. 

`ეს არ ნიშნავს რომ ბიზნესპროექტის შეფასება რამენაირად შემსუბუქდება. სესხის დაფარვის მეორადი წყაროს, ანუ მეორადი უზრუნველყოფის შეფასება იქნება უფრო მარტივი. თუ მოხდა ისე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიზნესმენი გადახდისუუნარო გახდა, ბანკი მიმართავს არსებულ პროცედურებს, რაც გულისხმობს მსესხებელისთვის სესხის რესტრუქტურიზაციის ან სხვა ინსტრუმენტების შეთავაზებას. ხოლო თუ სესხი გადეფოლტდა, მისი ანაზღაურება ხდება სახელმწიფო გარანტიით, მანამდე სანამ მსესხებლის ქონების რეალიზაცია მოხდება. ეს პროცესი ბანკისთვის არის მიმზიდველი, ქონების რეალიზაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როდესაც მოხდება მსესხებლის უზრუნველყოფის რეალიზაცია, მიღებული თანხა განაწილდება როგორც ბანკზე, ასევე სახელმწიფოზე პროპორციულად. მაგალითად, თუ 100 ათასი ლარის სესხი გადეფოლტდა, სახელმწიფო გარანტიით დაიფარება 90 ათასი. მსესხებლის ქონების რეალიზაციის შემდეგ, თუ ვთქვათ 100 ლარად გაიყიდა ეს უზრუნველყოფა, 10 ათასი ლარით დაიფარება  

სესხის თანხა, ხოლო 90 ათასი ლარი დაუბრუნდება სახელმწიფოს. თუ 100 ათას ლარზე ნაკლებად გაიყიდა, მიღებული თანხა ბანკსა და სახელმწიფოს შორის განაწილდება პროპორციულად. კონკრეტული პროპორციები ჯერ არ არის განსაზღვრული და მალე ველოდებით ამ დეტალების დაზუსტებას~, _ ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

ამ პროგრამას დაემატა სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობაც. რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფა 30 პროცენტის ფარგლებში იქნება. სესხის მინიმალური მოცულობა 50 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. სქემა არის იგივენაირი, როგორც ზევით განვმარტეთ. ამასთანავე, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 20 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სესხის აღების მომენტში მისი მთლიანი სასესხო ვალდებულებები 8 მილიონ ლარზე მეტი არ უნდა იყოს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს. 

`იმ შემთხვევაში, თუ ამ ბიზნესს აქვს პერსპექტივაში შემოსავლების გაზრდის საშუალება სახელმწიფო გამოდის, როგორც რისკის გამზიარებელი კომპანიისთვის, საფინანსო სექტორისთვის და საფინანსო სექტორი მარტივად აკეთებს ამ პროცესს. ასევე, საკრედიტო საგარანტიო სქემა ეხება ახალ სესხებსაც. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდება მაშინ, როდესაც უკვე ჩვენ ეტაპობრივად გავხსნით ეკონომიკას და ეკონომიკა დაიწყებს ფუნქციონირებას~, _ ამბობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი. 

პროგრამას აქვს სხვა პირობებიც: ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოება კრედიტის გაცემიდან 24 თვეში უნდა დაიწყოს, ხოლო არსებული საწარმოს შემთხვევაში _ კრედიტის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული სქემის განსახორციელებლად ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.
 
„ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 2 მილიარდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება. დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოო ჯამში, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. განახლებული ფორმატის საკრედიტო-საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს _ მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, ასევე მოიზიდონ კაპიტალი თავისი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად~, _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ახალი პირობების შესათანხმებლად ბანკებთან მრავალრაუნდიანი შეხვედრები დასასრულს მიუახლოვდა. წინა პერიოდისგან განსხვავებით, ხიდურელს ამ მექანიზმის აქტიურად ამუშავების იმედი აქვს, ვინაიდან პანდემიის ფონზე პროგრამით სარგებლობა არა მარტო მეწარმეებისთვის, არამედ ბანკებისთვისაც მეტად ხელსაყრელი უნდა იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებული კრიზისის ფონზე ბიზნესის დაკრედიტების რისკები გაიზარდა, შესაბამისად სესხი, რომელსაც გარანტად სახელმწიფო უდგას, ბანკებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. 

„საბოლოო ჯამში სწორედ ბანკია ჩვენი პარტნიორი, ვისთან ერთადაც ამ პროგრამას ვახორციელებთ. არსებული დიზაინის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ვფიქრობთ, რომ პროგრამა უკვე მიმდინარე თვიდან აქტიურად დაიწყება. საფინანსო ინსტიტუტებისთვის არსებული პირობები მისაღებია. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ახალი დიზაინი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებულია. დღეს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის არსებობის საჭიროება ბევრად მეტია, მათ შორის თავად ბანკებისთვისაც. შესაბამისად, ახლა ისინი ბევრად მოტივირებული არიან, რომ გამოიყენონ პროგრამა. ის უზრუნველყოფა, რომელიც ბიზნესებს არსებულ სესხში უდევთ, კრიზისიდან გამომდინარე დევალვაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შეხიდება. განსხვავებული დრო დადგა და ახალი სურათი მივიღეთ. ბანკებიც ახლიდან უყურებენ ამ ყველაფერს. სწორედ ამ მრავალრაუნდიანი შეხვედრების შემდეგ შევჯერდით პროგრამაზე, რომელიც ძალიან მალე აქტიურად ამუშავდება“, _ განმარტა მიხეილ ხიდურელმა. 

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძის განცხადებით, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ. მისი თქმით, საბოლოო დებულება ჯერ კიდევ არ არსებობს და პროგრამა უფრო მეტ სიცხადეს მოითხოვს. 
„ახლა მთავარია ლიკვიდურობის მართვა, რომ კომპანიები გადარჩნენ. როდესაც ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ვითარების ნორმალიზება მოხდება, ამის შემდეგ თანდათან დაუბრუნდებიან იმ ნიშნულებს, რაც კრიზისამდე ჰქონდათ. მე არ ვამბობ, ეს ექვს თვეში მოხდება თუ ერთ წელიწადში, უბრალოდ ეს არის სწორი გათვლა და ხედვა. ამ გეგმასთან დაკავშირებით, მეტი სიცხადე მინდა იყოს საკრედიტო-საგარანტიო სქემებში. მესმის, რომ იქ ახალი ბიზნესის დახმარებაზეა საუბარი, მაგრამ ასევე არის არსებული სესხების რესტრუქტურიზაცია და როდესაც არსებულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ახალი ბიზნესი კარგია, მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, დღეს უფრო მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც ბიზნესს გააჩნია. თუ დღეს ფინანსური ნაკადების მწვავე დეფიციტი გაქვს, როგორ უნდა იფიქრო ახალი ბიზნესის დაწყებაზე? არაადეკვატური იქნება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე კი ამბობს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის საბოლოო დრაფტი უკვე არსებობს, მთავრობასთან საბოლოო გარკვეული დეტალების შეთანხმებაზე მიდის მუშაობა. 

`როგორც იცით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ამ სისტემაზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ. მაშინ, ბიუჯეტი იყო 20 მილიონი ლარი. ამჯერად, სქემა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სახელმწიფო საგარანტიო უზრუნველყოფის 90 პროცენტს დაფარავს, შევიდა სესხების რესტრუქტურიზაცია, ანუ სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაშიც შესაძლებელია ამ სქემის გამოყენება, უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფა 30 პროცენტი იქნება. ამ სქემაში ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომერციული ბანკები ამ პორტფელის ქვეშ ასევე ლიკვიდობის მოპოვებას შეძლებენ. ამ ეტაპზე კონტრაქტში ცვლილებების საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, კონტრაქტის საბოლოო ვერსიასა და ასევე მიზნობრიობების დაზუსტებას ველოდებით. როგორც იცით, პროგრამამ მოიცვა ბევრი სექტორი, მათ შორის რესტორნების ბიზნესი და ველოდებით საბოლოო, დაზუსტებულ სიას, რომლითაც მუშაობას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ პროექტმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაიზარდა თანხა, შემცირდა და აღმოიფხვრა ის ტექნიკური ხარვეზები, რაც წინა პროექტთან მიმართებით არსებობდა~, _ აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ. 
საბანკო სექტორი, აღნიშნული დეტალების დაზუსტებას ერთ კვირაში ელოდება და ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ უკვე მაისის ბოლოს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყება. 

სქემის, რომელიც 20 მილიონი ლარის ბიუჯეტით 2019 წელს ამოქმედდა, ეფექტიანობის საკითხი არაერთხელ დადგა საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატთა ნაწილი მინისტრებისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ ვერ მოხდა, თავის დროზე, ამ სისტემის ამუშავება, რომელსაც სესხებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. ნათია თურნავა თვლის, რომ პანდემიამდე ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ასეთი პრობლემა არ ჰქონდათ, ამასთანავე პროგრამის ტექნიკურად გამართვას გარკვეული დრო სჭირდებოდა. 

„ეს იმით აიხსნება, რომ სანამ გლობალური პანდემია და კრიზისი დაიწყებოდა, არც ბიზნესს და არც ბანკებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დადგომიათ. ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, ბიზნესები იყო ჯანსაღი, რისკები იყო დაბალი. სწორედ ამიტომ, იმ ეტაპზე ეს არ იყო აქტუალური. მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი გამზადებული და დამუშავებული დავახვედრეთ ბიზნესს~, _ განაცხადა ნათია თურნავამ. 

`მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული პროექტის დანერგვა და გაშვება საჭიროებს საკმაოდ მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცვლილებებს, მათ შორის პროგრამულს, კონტრაქტთან სამუშაოს. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ. როგორც კი იარსებებს კონტრაქტი, მგონია, რომ არანაირი შეფერხება აღარ ექნება. პროგრამის თანხის სიმცირისა და იმ პერიოდში მაღალი აქტივობის გამო ამ პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არ იყო. დღეის მდგომარეობით, პროექტი პრინციპულად განსხვავებულია~, _ ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, რომ საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთონ. ეროვნულ ბანკში ამის სურვილი უკვე გამოთქვეს. ახლა მთავარია, ერთი წლის წინ დაწყებული პროგრამა მაისის ბოლოს მაინც ამოქმედდეს და ბიზნესმა ის სარგებელი მიიღოს, რომელზედაც სამთავრობო სექტორი თითქმის ერთი თვეა ლაპარაკობს. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა ეფექტიანი ეს სისტემა და ბიზნესს საკრედიტო რესურსთან წვდომას რამდენად გაუმარტივებს. 

მაკა ხარაზიშვილი