ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
გაუგებრობა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების გამო - #8(248), 2020
არის თუ არა ანაბარი მოძრავი ნივთი? 

საბავშვო ანაბრის განკარგვასთან დაკავშირებით გაურკვევლობა გრძელდება. ყველაფერი კი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. თითქმის ყველა მსხვილმა ბანკმა საკუთარ ვებ-გვერდზე ასეთი შინაარსის ინფორმაცია დადო - „საბავშვო ანაბარზე განთავსებული ფულადი სახსრების განკარგვა (ანაბრის დარღვევა ბავშვის სრულწლოვანების ასაკამდე მიღწევის პერიოდში) დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ეს წესი ეხება როგორც 2020 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ისე 2020 წლის 1 სექტემბრამდე გახსნილ საბავშვო ანაბრებს“. გარდა ამისა, მომხმარებელს ესემეს-შეტყობინებაც დაეგზავნა. ბანკებმა იხელმძღვანელეს 2019 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, რომელიც 2020 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი _ „ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“. 

მართალია, სამოქალაქო კოდექსში ეს ცვლილება პარლამენტმა 2019 წელს დაამტკიცა, მაგრამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბანკების მიერ გავრცელებული შეტყობინებების შემდეგ მოექცა. ეკონომისტთა ერთი ნაწილი არსებულ რეგულაციას მიუღებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ბავშვს დანაზოგი შესაძლოა ნებისმიერ დროს დასჭირდეს (თუნდაც ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემების გამო). შესაბამისად მშობელს ანაბრის ვადის დარღვევისა და დანაზოგის გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გამო კი ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება. 

ყველაზე მიმზიდველი ეს ჩანაწერი მაინც ბანკებისთვის არის. ბუნებრივია, სექტორისთვის უკეთესია, რაც ნაკლები ადამიანი დაარღვევს ანაბრის პირობებს და დანაზოგ თანხას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დატოვებს ბანკში. შესაბამისად, ეკონომისტთა ნაწილის კრიტიკას ბანკებმა უპასუხეს, რომ ისინი კანონს იცავენ და კანონში ჩანაწერის მიხედვით მოძრავ ნივთს ანაბარიც განეკუთვნება. 

კანონში ცვლილებების ინიციატორმა დეპუტატებმა კი ბანკები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ სექტორმა კანონის ინტერპრეტაცია საკუთარი ინტერესების მიხედვით მოახდინა. 

ამის შემდეგ, ცვლილებების ინიციატორმა დეპუტატებმა ეროვნული ბანკს წერილი გაუგზავნეს და აღნიშნეს, რომ 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი. ამ ინიციატივის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის თანახმად კოდექსის 186-ე მუხლს დაემატა აღნიშნული შინაარსის ჩანაწერი. 

„ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლით განმტკიცებული უფლების პრაქტიკული რეალიზების მექანიზმის შემუშავება. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი _ „ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ანაბარი თავისი არსით არ წარმოადგენს ბავშვის საკუთრებაში არსებულ არც მოძრავ და არც უძრავ ნივთს, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის ამ ურთიერთობებზე გავრცელების საფუძველი და აღნიშნული არც კანონპროექტის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ პირდაპირი მითითება გაკეთდებოდა კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ანაბრის განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების განხილვისას, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის და 874-ე მუხლის დებულებები. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად: „მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს“. 

სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიზანს არ წარმოადგენდა ანაბართან დაკავშირებული საკითხების ახლებური დარეგულირება და 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვაში არ იყო მოაზრებული ბავშვის სახელზე არსებული ანაბარი“, _ განმარტავენ დეპუტატები. 

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით, ბანკებს მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაგზავნამდე ცვლილებების შინაარსი უნდა გაერკვიათ და ჩანაწერი „ბოროტად“ არ უნდა გამოეყენებინათ. 

„თითქოს ბავშვის უფლებაზე ზრუნავენ. სინამდვილეში მგონია, რომ ვინაიდან პანდემიის გამო ხალხის ნაწილმა ბანკებიდან თანხა გამოიტანა, ეკონომიკური აქტივობების შენელების გამო ისეთი ბრუნვაც აღარ არის, ბანკები ცდილობენ მოქალაქეებს ხელოვნური ბარიერები შეუქმნან. ჩვენ არ ჩაგვიწერია კანონში ანაბრებთან დაკავშირებით რეგულაციების გავრცელების შესახებ და არც გვიგულისხმია ასეთი, ამიტომ არ შეიძლება ეს ინტერპრეტირებული იქნას და არ შეიძლება ბანკმა ბოროტად გამოიყენოს კეთილშობილური ჩანაწერი, რომელიც ბავშვების ქონების დაცვის მიზნით შევიმუშავეთ. ეროვნულთან მქონდა არაერთი კომუნიკაცია. ყველა ბანკს მიეწოდა სამართლებრივი განმარტება, რატომ არ უნდა იქნეს მათი ინტერპრეტაციით ეს კანონი განმარტებული. ბანკების ნაწილის მაინც პირად ინტერესებს ამჯობინებს და ფარად მოჰყავს კანონი. არადა კანონის ინიციატორები, ავტორები ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა და არც შეიძლება ასე დამახინჯებულად განიმარტოს ეს ჩანაწერი. ვისურვებდი რომ ბანკები ზრუნავდნენ მოქალაქეებზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

საბანკო მომხმარებელზე ზრუნვის ვალდებულება ეროვნულ ბანკს აქვს. ბანკების გადაწყვეტილება იყო თუ არა კანონიერი, დაირღვა თუ არა მომხმარებელთა უფლებები, რეგულატორმა ამ საკითხზე დუმილი ამჯობინა. მით უმეტეს, რომ მომხმარებელთა ნაწილმა 1-ლ სექტემბრამდე ბანკებიდან საბავშვო ანაბარი გააუქმა ან მიზნობრიობა შეცვალა, შესაბამისად ვადის დარღვევის გამო ნაკლების სარგებელი მიიღო და იზარალა. ანაბრის ვადის დარღვევისთვის, ეგრეთ წოდებული პირგასამტეხლო სხვადასხვა ბანკში სხვადასხვანაირად იანგარიშება. 

დეპუტატების განმარტებების შემდეგ, ბანკების ასოციაცია იძულებული გახდა კიდევ ერთი განცხადება გაეკეთებინა. ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განმარტა, რომ კანონი ნამდვილად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, ვინაიდან ანაბარიც ქონებაა. შესაბამისად, ვინაიდან ამ საკითხზე ზუსტი განმარტება არ არსებობს, კანონში უნდა დაზუსტდეს, რომ მოძრავ ქონებას ანაბარი არ განეკუთვნება, ან თუკი საქმე სასამართლომდე, მივა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ მოსამართლეები ისე მოიქცევიან ბანკებიც. მანამდე, დეპუტატების განცხადებების მიუხედავად, ბანკები საბავშვო ანაბართან დაკავშირებით, ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, მომხმარებელი კი ისევ გაუგებრობაშია. 

ბანკების ერთმა ნაწილმა, მათ შორის მსხვილმა ბანკებმა, გადაწყვიტეს, რომ დეპუტატების სიტყვა კანონია და ანაბარის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით ძველი წესი დატოვეს, ანუ მომხმარებელს შეუძლია „პირგასამტეხლოს“ დაკისრების სანაცვლოდ ვადა დაარღვიოს. ბანკების მეორე ნაწილმა გადაწყვიტა თავად გაარკვიოს, ანაბრის ვადაზე ადრე გამოტანა ბავშვის საჭიროებებს თუ ემსახურება. ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ანაბარი ნამდვილად მოძრავი ნივთია და როგორც კანონში წერია, ბავშვის მეურვეს ან მშობელს სასამართლოს თანხმობის გარეშე ვადის დარღვევის უფლებას არ მისცემენ. 

„სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები განსაზღვრავს არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესს. ამის შემდეგ ეროვნულ ბანკს პარლამენტმა წერილი მიწერა, რომლითაც განმარტა, რომ აღნიშნული წესი, კონკრეტულად, საბავშვო ანაბრებს არ ეხება. თუმცა აღნიშნული წერილი რამდენად უზრუნველყოფს პრაქტიკის უკან დაბრუნებას და ამ საკითხზე პარლამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ. დღეისათვის ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ საბოლოო სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებამდე, ანაბრის ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება არ მოითხოვოს. ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა აღნიშნული გადაწყვეტილება მოითხოვოს. ბანკების ნაწილი დიფერენცირების გზით წავიდა, კონკრეტულად შეისწავლიან ვადის დარღვევის მიზეზს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ან არ მოითხოვენ. ანუ რეალურად, დღეს რომ ვთქვათ ეს იქნება ბანკების შიდა გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, უნდა ვიმუშაოთ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა გარკვეული ცვლილება დაფიქსირდეს, რატომ არ ეხება კონკრეტულად ეს კანონი თუნდაც დღევანდელი რედაქციით ანაბარს. თუმცა, რეალურად რომ ვთქვათ, საბოლოოდ, პრაქტიკა ჩამოყალიბდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ უზენაესის გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ანაბრის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

რა სახის ქონებაა ანაბარი, ამაზე ზუსტი განმარტება არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსში მხოლოდ უძრავი ნივთის განმარტება გვხვდება: „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“. შესაბამისად, როგორც სხვადასხვა განმარტებით ლექსიკონებში ვკითხულობთ, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, „ყველა დანარჩენი ნივთი, რომელიც არ არის უძრავი, არის მოძრავი“. 

იურისტი მარიკა არევაძე ასევე ფიქრობს, რომ კანონში შესული ცვლილებები დაზუსტებას მოითხოვს, ვინაიდან საფინანსო სექტორის პრაქტიკიდან გამომდინარე ანაბარი ჩვეულებრივ ქონებად განიხილებოდა, შესაბამისად ბანკები ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერის გამო არ გარისკავენ. 

„კანონში არის ჩანაწერი 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ეს ჩანაწერი ჩემი შეფასებით მოითხოვს დაზუსტებას, იმიტომ რომ არცერთი საბანკო დაწესებულება არ გარისკავს ბუნდოვანი, დაუზუსტებელი ჩანაწერის გამო და არ იმოქმედებს ისე, რომ შემდგომ თავად მას შეექმნას პრობლემა. თუ ეს ჩანაწერი შეეხება ანაბრებს, სადაც სასამართლოს თანხმობაა საჭირო, აქ სამი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველი, ეს არის პოზიტიური ნიუანსი, რომ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი მშობლებისგან იყოს დაცული ის საბანკო აქტივი, რომელიც ანგარიშზეა განთავსებული. თუმცა, მეორე მხრივ გვყავს ძალიან დიდი კატეგორია მშობლებისა, რომლებიც პასუხისმგებლიანებიც არიან და კეთილსინდისიერებიც და თავად უქმნიან თავიანთ შვილებს მომავალს, ასეთ შემთხვევაში მათი კანონიერი ინტერესი უკვე იზღუდება უსაფუძვლოდ. და მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს ჩანაწერი გამოაჩენს სამართლებრივ ხვრელს, რომ უბრალოდ მოთხოვნადი აღარ გახდება საბავშვო ანაბარი და მშობლები გახსნიან არა საბავშვო, არამედ ჩვეულებრივ ანაბარს“, _ განმარტავს მარიკა არევაძე. 

დეპოზიტების გარდა, ცვლილება არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასაც ეხება. ამ შემთხვევაშიც, ბავშვის სახელზე არსებული უძრავი ნივთის განკარგვა მშობელს, ან სხვა უფლებამოსილ პირს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე შეეძლება _ „ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“. იურისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში დაგროვილმა სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მშობლები ან მეურვეები, ბავშვის საკუთრებაში არსებულ ქონებას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ _ ჰყიდდნენ ან საბანკო ვალდებულებებით ტვირთავდნენ. შესაბამისად, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება, სწორედ არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას ემსახურება. 

„უძრავი ქონების ნაწილში ცვლილებები საკმაოდ პოზიტიურია, ვინაიდან ემსახურება სწორედ არასრულწლოვნის ინტერესებს და იმას, რომ არასრულწლოვანი, სანამ თვითონ არ მიიღებს განკარგვის შესაძლებლობას, მანამდე დაცული იყოს მისი ქონების გასხვისებისგან“, - აღნიშნავს მარიკა არევაძე. 

აღნიშნული ცვლილებები 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული, ან ნაჩუქარი ქონება უფრო დაცული ხდება. რაც შეეხება ანაბარს, სანამ სასამართლო პრაქტიკა შეიქმნება, ან პარლამენტი კანონში რამეს დააზუსტებს (შეიძლება არც დააზუსტოს, ვინაიდან დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ისედაც ცხადია), მანამდე მშობლებმა, ანაბრის ვადაზე ადრე გამოყენებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია იმ ბანკებში უნდა გადაამოწმონ, სადაც საბავშვო ანაბარი აქვთ. როგორ უკვე აღვნიშნეთ, კანონში შესული ეს ცვლილება ყველა ბანკმა სხვადასხვაგვარად გაიგო და გადაწყვეტილებასაც ინდივიდუალურად იღებს. 

მაკა ხარაზიშვილი