ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
პანდემიის ეფექტი ფინანსურ სისტემაში - კომერციული ბანკების შემოსავალი გაიზარდა, მოგება კი შემცირდა - №11(251), 2020
კოვიდპანდემიის გამო ნაწილობრივ ჩაკეტილი და დაზიანებული ეკონომიკის ფონზე ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა (ნოემბრის მონაცემებით, სამსახურდაკარგულთა სიაში, 163 ათასი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც 200-ლარიანი დახმარება მიიღეს), ხოლო ტურისტული ბიზნესი თითქმის მთლიანად გაჩერდა, ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის 10 თვეში ბანკების შემოსავლები გაიზარდა, დაკრედიტების მაჩვენებელი ისევ მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი დაბალი. რაც შეეხება მოგებას, 10 თვის სტატისტიკით, კომერციული ბანკები მოგების ნაცვლად ზარალზე გავიდნენ, რისი გამომწვევი მიზეზი - სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნაა. 

ეროვნული ბანკის 2020 წლის 10 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 335 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.98 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორის საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებს უკავია, საიდანაც მიღებული შემოსავლები, ოქტომბრის მონაცემებით, 49 მილიონი ლარით _ 1.66 მილიარდი ლარამდეა გაზრდილი, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი 204 მილიონი ლარით _ 1.15 მილიარდ ლარამდე. 

არასაპროცენტო შემოსავლები შარშანდელი წლის 10 თვის იდენტურია და 734 მილიონი ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ არასაპროცენტო შემოსავლები, ძირითადად, საკომისიო გადასახდელებიდან და ჯარიმა-საურავებიდან შედგება. ოქტომბრის მონაცემებით, ამ ნაწილში შემოსავლები შემცირებულია. კერძოდ, საკომისიოებიდან მიღებულმა შემოსავალმა 263 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 35 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯარიმა-საურავებიდან მიღებული შემოსავლები კი, რომელიც ასევე ყოველთვის მზარდი იყო, თითქმის განახევრდა და 33 მილიონი ლარით 39,9 მილიონი ლარამდე შემცირდა. ეს ფაქტი სავარაუდოდ სესხების გადავადებას უკავშირდება, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდა და გადავადებულ სესხებზე შესაბამისად ჯარიმებიც აღარ დაირიცხებოდა. გარდა ამისა, საბანკო სექტორი შემოსავალს იღებს ბანკთაშორისი სესხებიდან, ფასიანი ქაღალდებიდან და სხვა. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ პანდემიის მიუხედავად კომერციული ბანკების შემოსავლები იზრდება, თუმცა 10 თვის მონაცემებით ბანკების ზარალმა 86 მილიონი ლარი შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში ბანკებმა 738 მილიონი ლარის მოგება მიიღეს. 2019 წლის მოგებამ კი თითქმის მილიარდ ლარს (954 მილიონი) ლარი მიაღწია. 

რაც შეეხება არსებულ ზარალს: საქმე ისაა, რომ მარტში, როდესაც კოვიდპანდემიამ საქართველოშიც შემოაღწია და მთავრობამ შეზღუდვები გამოაცხადა, ეროვნული ბანკის მოთხოვნით, კომერციულმა სექტორმა, `აქტივების შესაძლო დანაკარგების~ ბუფერში 1,2 მილიარდი ლარი დაარეზერვა. შედეგად კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების მარტის სტატისტიკაში 943 მილიონიანი ზარალი გამოჩნდა. მომდევნო თვეებში, მიღებული მოგების ფონზე, ზარალის 10 თვის ჯამური მაჩვენებელი 86 მილიონ ლარამდე შემცირდა. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მართალია გაზაფხულზე 1,2 მილიარდი ლარის დარეზერვება მოხდა, თუმცა, ეს სექტორისთვის რეალურად ზარალია, ხოლო რამდენად `ამოტრიალდება~ ეს მონაცემები, მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება, როდესაც მსესხებლები რესტრუქტურიზებული სესხების გადახდას დაიწყებენ. 

"მთლიანად სისტემა შეიძლება, მოგებაზე გავიდეს, მაგრამ ნულთან ახლოს. წლის ბოლომდე დამატებით რეზერვებსაც არ ველოდებით იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მოთხოვნით უკვე შეიქმნა დამატებითი რეზერვი. ეს რეზერვი კიდევ არსებობს", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მათ დროულად მიიღეს ზომები, რათა კოვიდპანდემიიდან გამოწვეული რისკების გამო, კომერციული ბანკები შესაძლო ფინანსური პრობლემებისაგან დაეცვათ. 

"ეროვნული ბანკის დავალებით კომერციულმა ბანკებმა, 2020 წლის მარტში, სასესხო პორტფელზე პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება გააკეთეს. სესხების მოსალოდნელი დანაკარგების პორტფელის შეფასების შემდეგ ინდუსტრიამ 1,2 მილიარდი ლარის რეზერვი შექმნა. ეს იყო აუცილებელი. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, სხვა ქვეყნებში, ასეთი დანაკარგების შესაბამისი შეფასება და აღიარება არ მოხდა. გარკვეულწილად კომერციული ბანკების შელამაზებული ბალანსი დარჩა, რამაც იმ ქვეყნებში საბანკო სისტემას დიდი პრობლემა შეუქმნა. აქედან გამომდინარე საჭიროა ვიცოდეთ, რა ხდება საბანკო სექტორში და ადეკვატურად შეიქმნას ასეთი რეზერვი. რადგანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის მარტში გატარებული რეზერვი - 1,2 მილიარდი არის ადეკვატური და არ ველოდებით საკრედიტო პორტფელზე დამატებით რეზერვს. წლის ბოლოს სექტორი მოგებაზე გავა და შესაძლოა ეს იყოს 50-100 მილიონის ფარგლებში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, კრიზისის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ლიკვიდურობის საკითხი. შეიძლება, ქვეყანას აბსოლუტურად ჯანსაღი სისტემა ჰქონდეს, მაგრამ როდესაც მსესხებლები, დაკარგული სამსახურის, ან შემცირებულის შემოსავლების გამო, ვერ ახერხებენ თანხების დაბრუნებას, ამ შემთხვევაში კომერციული ბანკების ლიკვიდურობა დღის წესრიგში დგება. 

"ბანკმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, ის უნდა მოემსახუროს დეპოზიტებს, მას აქვს ვალდებულებები. ლიკვიდურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, სისტემას დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ლიკვიდობის ინსტრუმენტები. ამავე დროს შემუშავდა საზედამხედველო დროებითი გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში გამოთავისუფლდა კაპიტალის ბუფერების ნაწილი. ბანაკებს ლიკვიდობის მართვაში უფრო მეტი მოქნილობა მიეცათ. ბუნებრივია, დღეს არსებულმა სიტუაციამ ფინანსური სექტორი დააზარალა, მაგრამ იმ კარგი მაჩვენებლების და ზედამხედველობის წყალობით, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, სისტემა ამ სირთულეებთან გამკლავებას ახერხებს. ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგებმა 1,2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები იმისათვის, რომ ცხადად დაენახა რა სიტუაციაა მოსალოდნელი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ფინანსურ სექტორს ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებისთვის საკმარისი რესურსი აქვს. 

ამასთანავე, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე, 10-თვიან პერიოდში დაკრედიტების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე, 11,4 პროცენტის დონეზე ფიქსირდება. განსაკუთრებით, საცალო დაკრედიტება გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც ორგანიზაციის ანალიტიკოსები, მარტში, პანდემიის დასაწყისში დაკრედიტების ზრდას 5-10 პროცენტის ფარგლებში ვარაუდობდნენ. ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული მორიგი შეზღუდვების გამო სესხების ზრდის ტემპი ნოემბერ-დეკემბერში შემცირდება. 

"მონაცემები არის უკეთესი, ვიდრე მოველოდით. საბანკო სესხები არ შემცირდა, რამაც საკმაოდ კარგი გავლენა მოახდინა ივნისიდან ეკონომიკის აღდგენაზე. სესხების ზრდის ტემპის უფრო მეტად შემცირება, ეკონომიკაზე კოვიდის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს კიდევ უფრო გაამძაფრებდა. 10 თვის განმავლობაში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით, დაკრედიტების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე ფიქსირდება. შენელებულია კორპორატიული სექტორის დაკრედიტება, თუმცა, აქაც ზრდაა. ზრდის ტემპი მომატებულია საცალო სესხებში და ეს ძირითადად განპირობებულია იპოთეკური სესხების სუბსიდირებით. ამასთანავე, ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხებიც დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის სესხის გადავადება მოხდა. ბანკები კომპანიებს, ინდივიდუალურადაც უკეთებენ რესტრუქტურიზაციას. მთავრობა, ტურისტული ბიზნესისთვის სესხის პროცენტს ასუბსიდირებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვადაგადაცილებული სესხები დაბალ ნიშნულზეა, შემდეგ ვნახოთ რა მოხდება", - ამბობს ევა ბოჭორიშვილი. 

ეკონომიკის ნაწილობრივ გაჩერების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე ადასტურებს, რომ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არ არის, ეს პროცესი სწორედ დროულად დაწყებულმა გადავადებებმა შეაჩერა. სესხების რესტრუქტურიზაცია, როგორც მსესხებლის, ასევე ბანკების ინტერესებში შედიოდა. 

"პორტფელში მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების წილი მაღალი არ არის, 2.5 პროცენტია, ვინაიდან ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას, ან უცვლიან მსესხებლებს გადახდის გრაფიკს, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. შედეგად, რესტრუქტურიზებული სესხების მაჩვენებელი გაიზარდა და ოქტომბრის მდგომარეობით, 11.6 პროცენტია. რაც შეეხება ნეგატიურ სესხებს, ბუნებრივია, მისი წილი დამოკიდებულია მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღეს არსებული მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი პორტფელში შეადგენს 7.6 პროცენტს. ეს გაზრდილია, რა თქმა უნდა, პრეკოვიდამდე პერიოდში ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე ვიყავით. ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს კიდევ გაიზრდება. დღევანდელი გადმოსახედიდან მიგვაჩნია, რომ ნეგატიური სესხების წილი დაახლოებით 10 პროცენტს მიაღწევს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიის დასაწყისში, გადავადების პირველი ფაზის დროს, მთლიანი პორტფელის, 50 პროცენტზე მეტი სესხი გადავადდა. რაც შეეხება გადავადების მეორე ტალღას, ივლის-აგვისტოში ბანკებმა სესხების გადავადება ინდივიდუალური საქმეების შესწავლის საფუძველზე დაიწყეს. ეს პროცესი შეეხო იმ მსესხებლებს, რომლებმაც დაასაბუთეს, რომ სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ. ეროვნული ბანკის მონაცემებით მეორე ფაზის დროს გაცემული სესხების 25 პროცენტზე მეტი გადავადდა. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მესამე ეტაპზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ამჯერადაც კომერციული ბანკები, ინდივიდუალურ საქმეებს სწავლობენ და გადავადებას, ძირითადად, იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობენ, რომლებიც ახალი შეზღუდვების ტალღაში მოჰყვნენ. 

რაც შეეხება კომერციულ ბანკებში სესხებსა და დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ეროვნული ბანკის ოქტომბრის მონაცემებით, იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია და 8.2 პროცენტს შეადგენს. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და 9.5 პროცენტის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.8 პროცენტული პუნქტით, 2.4 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.4 პროცენტის ნიშნულზეა. 
რაც შეეხება სესხებს, ოქტომბრის მონაცემებით, იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით, წლიურ 11.3 პროცენტამდე გაიზარდა. ფიზიკური პირებისთვის ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთები 0.9 პროცენტული პუნქტით _ 17.5 პროცენტამდე შემცირდა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და 7.0 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, უცვლელად 6.4 პროცენტის ნიშნულზე დარჩა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების რესურსი გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებს. თავის მხრივ კი ეს პროცესი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკური მოვლენები. 5 აგვისტოს შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი აღარ შეცვლილა და 12 დეკემბერსაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი იგი ისევ 8 პროცენტის დონეზე დატოვა, შესაბამისად მასზე მიბმული ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებიც არ შეიცვალა. 

რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენის ტემპებს, მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5 პროცენტი იქნება. Gალტ & თაგგარტ ანალიტიკოსებს ორ სცენარს განიხილავენ. პირველი _ თუკი ტურისტული სექტორი ნაწილობრივ მაინც გაიხსნა (რის იმედსაც კორონავირუსის ვაქცინის დარეგისტრირება იძლევა), ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდება, ტურისტული სექტორის გარეშე კი ზრდა ზრდა 3,5 პროცენტი იქნება (წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი ვარდნის პროგნოზია). 

"ველოდებით, რომ მომავალი წელი წლევანდელზე უკეთესი წელი იქნება. ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს. ეს პროცესი, შესაბამისად საბანკო სექტორზეც პოზიტიურად აისახება, სესხებზე მოთხოვნა გაიზრდება", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა. 

დაბოლოს, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორი არსებულ გამოწვევებს მზად დახვდა და მდგრადობას ინარჩუნებს. ასევე საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, რომელზედაც ეკონომიკის დიდი ნაწილია ჩამოკიდებული. სწორედ, ამ სექტორის გამოცოცხლებაზე იქნება დამოკიდებული ეკონომიკის გაზრდა და ბანკებში გადახდისუუნარო მსესხებლების სტატისტიკის ცვლილება.
 
მაკა ხარაზიშვილი