ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რეცესიული ეკონომიკა, გაძვირებული ცხოვრება და სტაბილური საბანკო სექტორი - №3(255), 2021
ეკონომიკა რეცესიას თავს ვერ აღწევს. ოფიციალური სტატისტიკით, იანვარში ეკონომიკურმა ვარდნამ -11,5 პროცენტი შეადგინა, თებერვალში -5,1 პროცენტი, ორი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -8,3 პროცენტია. ამის ფონზე სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები იზრდება, პროცესის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. სესხები ძვირდება, ანაბრის სარგებელი კი მცირდება. ამ ეტაპზე ყველაზე სტაბილურად საფინანსო სექტორი გამოიყურება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის მატებით ახსნეს. კერძოდ, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, მიზნობრივ, 3 პროცენტიან ნიშნულს, ბევრად არ აღემატებოდა, თუმცა სებ-ში აღნიშნეს, რომ დეკემბრიდან ინფლაციის შედარებით დაბალ დონეზე კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ მოახდინა გავლენა. სუბსიდიის ვადების დასრულებისთანავე, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7,2 პროცენტი შეადგინა. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს, 10 წლის წინ, 2011 წელს დაფიქსირდა. 

"ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს", - განმარტეს ეროვნულ ბანკში. 

სასურსათო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა - 36 პროცენტით. თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. 13 პროცენტითაა გაზრდილი შაქრისა და სხვა ტკბილეულის ღირებულება. თევზეული 12 პროცენტით, რძის პროდუქტები და კვერცხი 8,5 პროცენტით, ხოლო პური და პურ-პროდუქტები 7,7 პროცენტით არის გაძვირებული. 21 პროცენტით მოიმატა ფასებმა სამედიცინო პროდუქციაზე, 12 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიულ მომსახურებაზე, მნიშვნელოვნად გაძვირდა მედიკამენტები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფასების მატების გამო, სხვადასხვა პროგრამაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, რათა მოსახლეობას ამ პროგრამებით სარგებლობის პრობლემა არ შექმნოდა. 

"მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევად და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი. ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი საჭიროებს. საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები ჰქონდეთ, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს, მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი", - განაცხადა გაბუნიამ. 

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა, 2021 წელს საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის დამატებითი ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. 

ეკონომისტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მოკლე პერიოდებში პოლიტიკის შერბილება-გამკაცრება შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება და ეროვნულმა ბანკმა არათანმიმდევრული პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ოფიციალური სტატისტიკით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი 6,5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაზარდა. 2019 წლის ბოლომდე ცენტრალურმა ბანკმა კიდევ სამჯერ მიიღო გამკაცრების გადაწყვეტილება და განაკვეთი, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე, 9 პროცენტამდე გაზარდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება სებ-ში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებით ახსნეს, რამაც ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. "ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს", - განმარტეს ეროვნულ ბანკში. 

2020 წლის მარტიდან აგვისტომდე სებ-მა პოლიტიკა საპირისპიროდ შეცვალა და განაკვეთი ზედიზედ სამჯერ, 8 პროცენტამდე შეამცირა. სპეციალისტების შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია: ინფლაციაზე წნეხის შემცირება (3-დან 6 თვის პერიოდში), ლარის კურსზე წნეხის შემცირება. ხოლო რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია: სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა და ეკონომიკური აქტივობის შენელება. 

ერთი შედეგი უკვე დადგა, ორგანიზაცია `საზოგადოება და ბანკების~ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით, 124 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები 0,5 პროცენტით გაუძვირდათ. 

"ინფლაციის დასარეგულირებლად ეროვნულ ბანკს უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ავტომატურად ძვირდება. გარდა ამისა, მარტივი ლოგიკაა, რომ საპროცენტო განაკვეთები ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხებზეც გაიზრდება", - ამბობს დავით კიკვიძე. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, გარკვეულ სექტორებისთვის განსაზღვრული სესხების გაძვირება პანდემიის გამო შექმნილმა რისკებმაც გამოიწვია. თუმცა, ძნელაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს რისკები პროცენტებში მთლიანად მაინც არ ასახულა. 

"საპროცენტო განაკვეთების ზრდა, გარკვეულწილად, ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. თუმცა ეს არ არის არალოგიკური ზრდა, ეს არის რისკიანობიდან გამომდინარე მიღებული კონკრეტული ეფექტი, რომელიც დღევანდელ პანდემიას ახლავს. პანდემიამ გავლენა მოახდინა ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე და ისინი რეაბილიტაციას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, ვგულისხმობ ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო სარგებელი ისტორიულ მინიმუმზეა 

გაძვირებული სესხების ფონზე, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება. კლება განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე ფიქსირდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 2.6 პროცენტული პუნქტით 8.2 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთები 0.8 პროცენტული პუნქტით და 1.9 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე ასეთი დაბალი საპროცენტო სარგებელი პირველად დაფიქსირდა. 

დავით კიკვიძის განმარტებით, დოლარში არსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მიუთითებს იმაზედ, რომ ბანკებს უცხოური ვალუტა აღარ სჭირდებათ, ვინაიდან დოლარში დაკრედიტებას ვერ ახორციელებენ. 

"მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ ბანკს ლარში გასაცემ სესხებზე 200-ათასიანი ზღვარი აქვს დაწესებული. ეს ეკონომიკაში თავისუფალი დოლარის მიმოქცევას ხელს უშლის. ლარიზაციის პოლიტიკამ, ჯერჯერობით, შედეგი ვერ გამოიღო. გარდა იმისა, რომ ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები დოლარში განთავსებული ანაბრების საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით მეტ-ნაკლებად მაღალია", - ამბობს დავით კიკვიძე. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი კი აღნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრების სარგებელი რამდენიმე წელი მცირდება და უახლოეს მომავალში მისი გაზრდის პერსპექტივა არც ჩანს. "უცხოური ვალუტის სადეპოზიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთები იკლებს არა წელს და შარშან, არამედ უკვე 5 წელია. რეალურად 2016-17 წლებში თითქმის მინიმუმამდე იყო ჩამოსული. ეს არის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მაქსიმალურ მოტივაციას ლარიზაციის პროცესზე აკეთებს. თუმცა, დღეს, საფინანსო ინსტიტუტებში სადეპოზიტო პორტფელს ლარიზაციის პროცესი ყველაზე ნაკლებად შეეხო", - აღნიშნავს ძნელაძე.
 
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1,147 მილიარდი ლარით (3.3 პროცენტით) გაიზარდა და 36 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით კი, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 35.6 პროცენტით არის გაზრდილი. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე ძირითადი გავლენა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მატებამ და კურსის გაუფასურების შედეგად, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა. 

ამასთანავე, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 366.1 მილიონი ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა და 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა. კომერციულ ბანკებში, უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტიანი (190.1 მილიონი დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და 6.70 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მატება ძირითადად, იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობის ზრდით არის განპირობებული. დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვალში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 61.8 პროცენტს შეადგენს. 

მომგებიანი და ზარალიანი ბანკები 

პანდემიით გამოწვეული რეცესიული ეკონომიკის ფონზე, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, საფინანსო სექტორი ყველაზე მდგრადად გამოიყურება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საბანკო სექტორის მიერ მიღებულმა მოგებამ 245 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 მილიონი ლარით მეტია. 

კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ორ თვეში ბანკებმა 878 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, 83,75 მილიონი ლარით მეტი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საპროცენტო შემოსავლები 715 მილიონი ლარია (82 მილიონი ლარით მეტი), ჯარიმა-საურავებიდან მიღებული შემოსავლები - 10 მილიონი ლარი (2,15 მილიონით ნაკლები). რაც შეეხება ხარჯებს, პირველ ორ თვეში კომერციულ ბანკებს 606,157 მილიონი ლარის ხარჯი ჰქონდათ. 

ასევე საინტერესოა, ბანკების 2020 წლის ფინანსური მონაცემები. როდესაც ქვეყანამ ორი "ლოქდაუნი" გადაიტანა, ეკონომიკა კი 6,1 პროცენტით შემცირდა, ქართული ბანკების ჯამურმა მოგებამ 99,265 მილიონი ლარი შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2019 წელს ბანკებმა სოლიდური მოგება, 900 მილიონამდე ლარი მიიღეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეროვნულმა ბანკმა, მოსალოდნელი კრიზისის გამო, კომერციულ ბანკებს "აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში" 1,2 მილიარდი ლარი დაარეზერვებინა. ბანკების მოგების შემცირება ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული 15 ბანკიდან, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ატვირთული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელი 8 ბანკმა ზარალით დაასრულა, 7 ბანკი კი მოგებაზე გავიდა. 

მათ შორის, რეცესიულ წელში სოლიდური მოგება აჩვენა "თიბისი ბანკმა" - 123,180 მილიონი ლარი. მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი" - 57 მილიონი ლარით, შემდეგ "კრედობანკი" - 13,950 მილიონი ლარი, "ბაზისბანკი" - 5,972 მილიონი ლარი, "პროკრედიტ ბანკი" - 3,534 მილიონი ლარი, "იშ ბანკი საქართველო" - 2,797 მილიონი ლარი, "ზირაათ ბანკი საქართველო" - 1,408 მილიონი ლარი. 

ზარალიანი ბანკებიდან პირველ ადგილზე "ქართუ ბანკია" - -24,751 მილიონი ლარით, შემდეგია "პაშა ბანკი საქართველო" - -23,193 მილიონი ლარი, "ლიბერთი ბანკი" - -15,173 მილიონი ლარი, "ვითიბი ბანკი ჯორჯია" - -14,776 მილიონი ლარი, "ტერაბანკი" - -13,830 მილიონი ლარი, "ხალიკ ბანკი საქართველო" - -12,894 მილიონი ლარი, "სილქროუდ ბანკი" - -1,182 მილიონი ლარი, "ფინკა ბანკი საქართველო" - -2,887 მილიონი ლარი. 

საბანკო სექტორში აღნიშნავენ, რომ მათთვის პირველი-მეორე კვარტალი რთული იქნება, ბანკირებს უკეთესობის მოლოდინი წლის მეორე ნახევარში აქვთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი კოვიდის საწინააღმდეგო აცრები გააქტიურდება და ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს. ზოგადად, ამ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანა მესამე ტალღის გააქტიურების ზღვარზეა, აქტიური ვაქცინაცია ვერ ხორციელდება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პანდემია ისევ მძვინვარებს, ეკონომისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. 

მაკა ხარაზიშვილი