ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ინფლაციის შესაკავებლად სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - №11(263), 2021
ლარში სესხის მომსახურება 169700 მსესხებელს გაუძვირდა 

საგანგაშო ინფლაციის და სამომხმარებლო ფასების მასშტაბური ზრდის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ხელში არსებული ბერკეტები აამოქმედა. სებ ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, დღეს მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს. 

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. როგორც სებ-ის გამოქვეყნებულ ტექსტშია მითითებული, „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ორიენტირი საპროგნოზო ინფლაციაა, რადგანაც მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკაზე სრულად ასახვას გარკვეული დრო სჭირდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება“. 

როგორც სების ვებგვერდზე წერია, როცა პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. შედეგად, სესხებზე მოთხოვნა მცირდება და ამ გზით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. დაბალი მოთხოვნა კი საბოლოოდ ინფლაციასაც ამცირებს. 

ასევე, თუკი საპროგნოზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკას არბილებს და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. შედეგად, სესხებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას განაპირობებს. ამიტომ, ფასები იზრდება და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. 

დღევანდელი მაღალი ინფლაციის პირობებში კი, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. 

„პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება“, – აცხადებენ სებ-ში. მათი თქმით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. 

სებ-ში ყურადღებას ამახვილებენ, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, თუმცა, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია აგრეთვე ის, რომ კომუნალურ გადასახდელებზე სუბსიდია მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, მომავალ თვეებში მაღალი ინფლაციის შენარჩუნების მიზეზები არსებობს. 

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია. ასევე, "ლოქდაუნების" გამო დაგროვილი მოთხოვნის 2021 წლის მეორე კვარტალიდან მოსალოდნელზე სწრაფად რეალიზებამ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა დააჩქარა. გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის მატება ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის დაჩქარებულმა ტემპმაც განაპირობა. ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, იმავდროულად, ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს. 

სებ-ი ვარაუდობს, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზამთრის პერიოდში სუბსიდირების გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს. აქვე, ისიც გახდა ცნობილი, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ლარში მსესხებლებს სესხი გაუძვირა 

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ გამოეხმაურა რეფინანსირების განაკვეთის ზრდას და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.392 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 

ამავე სტატისტიკით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული – 169 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გამომდინარე იქიდან, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა, 169 700 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. 

პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8.289 მლრდ-დან 8.392 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 
169 700 ხელშეკრულებიდან 67 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1072 მლრდ ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობით 15.12% შეადგინა. 

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით, 64 900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2.892 მლრდ ლარია. 

33 500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 700-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4.311 მლრდ ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1.199 მლრდ ლარი გასცეს, საშუალოდ 14.57% ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 3.111 მლრდ ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.03%-ში. 

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.59%-ში გაასესხეს. 
ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89.4 მილიონი ლარია. 

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.6%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია სამომხმარებლო სესხზე – 26.32%. 

შედეგად, ყველა კატეგორიის მსესხებელს, ვისაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვს მიბმული, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესაბამისად გაუძვირდათ. 

რა ღირს სესხი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და მსესხებლებს სესხი გაუძვირა, ექსპერტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე ამახვილებენ ყურადღებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დასაწყისში რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 9%-ს შეადგენდა, თუმცა, ინფლაციის მატების ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა და დღეს 10.5% ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ქვეყანაში ასეთი ძვირი ფულის პოლიტიკა არ გატარებულა. 

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, თურქეთში 2020 წლის იანვარში რეფინანსირების სესხების განაკვეთი 12%-დან 11.25%-მდე შემცირდა. თუმცა, გაზრდილი ინფლაციისა და ლირის გაუფასურების შემდეგ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 15%-ს შეადგენს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ თურქეთში 21.31% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება. მაგალითად, სექტემბერში 19%-დან 18%-მდე, ოქტომბერში 16%-მდე, ხოლო ნოემბერში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად, 15%-მდე შემცირდა. 

2020 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-დან 7.25%-მდე შეამცირა. კლების შემდეგ წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა და დღეს ეგ განაკვეთი მოქმედებს, თუმცა, 2020 წელთან შედარებით მაინც შემცირების ტენდენციაა. 

სომხეთში 2020 წლის მარტში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საპროცენტო განაკვეთი 5.5% დან 5.25%-მდე შეამცირა. წელს კი, ინფლაციის ზრდის ფონზე სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და არსებული მდგომარეობით 7.25%-ს შეადგენს. 

2020 წლის დასაწყისში რუსეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25%-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს მსგავსად რეგიონის სხვა ქვეყნებისა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად რეფინანსირების განაკვეთი არსებული მდგომარეობით 7.5%-ს შეადგენს. 

ასე რომ, თურქეთის შემდეგ ყველაზე მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას რეგიონში საქართველო ატარებს. 

ექსპერტების შეფასება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდზე 

„ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩებოდა და ნოემბერში 12.5% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, თითქმის 4 ჯერაც კი აღემატება“, – ამის შესახებ „საბანკო ასოციაციის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

როგორც ის „ფეისბუკზე“ წერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, არსებული განაკვეთის გაზრდის შესახებ, გამართლებულია. 

„ჩვენ თურქეთის მაგალითზე ვნახეთ თუ რა მოყვა ინფლაციისას მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, როდესაც ინფლაცია სარეკორდო 18-პროცენტიან ნიშნულზე ავიდა. 

ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებამ. წინასწარი შეფასებითაც, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. 

დღეს ინფლაცია არა თუ ცალკეული ქვეყნების, არამედ გლობალურ გამოწვევადაც უნდა მივიჩნიოთ. გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის შედეგად გაზრდილია როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ასევე მნიშვნელოვნად არის სამრეწველო ფასების ინდექსიც, რასაც საქონელზე კონტეინერული გადაზიდვების სარეკორდო ზრდამაც შეუწყო ხელი“, – წერს ცუცქირიძე. მისი თქმით, ევროკავშირშიც ისტორიულ მაქსიმუმამდე, 3.5%-მდე მოიმატა ინფლაციის მაჩვენებელმა. აშშ-ში ასევე ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი, 6.8% წლიური ინფლაციაა. სამრეწველო ფასების ინფლაცია სულაც 25 პროცენტამდე ავარდა. 

2011 წლის შემდეგ 2021 წლის ოქტომბერში სურსათის ფასების ინდექსმა (FAO) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით სარეკორდო 31%-ით გაიზარდა. ამასთან, ნავთობის ფასებიც წინა წელთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. 

რეგიონის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, თებერვლიდან უკვე შეინიშნებოდა ფასების დონის ზრდა, ოქტომბერში რუსეთში ინფლაცია 8.1% იყო, თურქეთში 19.9%, უკრაინაში 10.9%, სომხეთში 9.1% და აზერბაიჯანში 5.7%. 

„ბუნებრივია, რომ მონეტარული განაკვეთის გაძვირება აისახება იმ მსესხებლებზე, რომლებსაც სესხები აღებული აქვთ ლარში ცვალებადი განაკვეთით, რომელიც მიბმულია მონეტარულ განაკვეთზე. მაგრამ ახლა იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას გაზრდილი საპროცენტო ხარჯის გამო, უბრალოდ არის პოლიტიკური მანიპულაცია და არასერიოზულია. 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გამყარების დაწყებულ ტენდენციასაც შეუწყობს ხელს და სწორედ ინფლაციაზე სავალუტო კურსის ზეგავლენის განეიტრალებას ემსახურება. 

სხვა საკითხია, თუ როგორ იმოქმედებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზე. სესხებზე გაზრდილი ხარჯები ამცირებს რა მოხმარებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მდგენელია. ბუნებრივია, იგი ეკონომიკური ზრდაზეც მოახდენს ზეგავლენას შენელების მიმართულებით, მაგრამ ეს დანაკლისი შეიძლება დაკომპენსირდეს როგორც ინვესტიციების ზრდით, ასევე წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, ხოლო გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის შემთხვევაში, შეიძლება გადაიხედოს ნავთობპროდუქტებზე აქციზის არსებული განაკვეთი, მისი შემცირებით და მთავრობის მთავარი ამოცანაც დღეს ეს არის“, – წერს ცუცქირიძე. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ამჟამად „თიბისი ბანკის“ მთავარ ეკონომისტს, ოთარ ნადარაიას. ნადარაიას თქმით, მათი პროგნოზით, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად უნდა დაეტოვებინა. მისივე განმარტებით, მართალია, ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ზოგადად მაღალია, თუმცა ბოლო თვეებში ყოველთვიური ინფლაციის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნებოდა. 

„საპროცენტო განაკვეთის ზრდა ჩვენი მოლოდინი არ იყო. ვფიქრობდით, რომ განაკვეთი უცვლელად დარჩებოდა. ინფლაცია რომ დიდი პრობლემაა, ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ეროვნული ბანკიც, მაგრამ ბოლო თვეებს თუ შევხედავთ, ინფლაცია „მოტეხილია“. წლიური ინფლაცია დეკემბერშიც გაიზრდება, მაგრამ ანალიტიკური თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თვე-თვეზე მაჩვენებელს. მაგალითად, დეკემბერში ინფლაცია გაიზრდება, რადგან შარშან დიდი მინუსი იყო. (2020 წლის დეკემბერში თვიური ინფლაცია -0.1% იყო) ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ თვე-თვეს და შევადაროთ ნოემბერი-ოქტომბერს და ა.შ. ეს უფრო აჩვენებს წინმსწრებ ინდიკატორს. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდა შეჩერებულია თუ სეზონურ ფაქტორსაც გამოვრიცხავთ“, – აცხადებს ნადარაია. 

მისივე თქმით, შესაძლოა, მაღალი ინფლაცია მოლოდინებში გადაზრდილიყო და ამის რისკი დაინახა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა. 

„პირდაპირ რომ ვთქვათ, 0.5 პროცენტული პუნქტით მეტი იქნება თუ ნაკლები რეფინანსირების განაკვეთი, ამით ბევრი რამ არ იცვლება, მაგრამ როგორც გითხარით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ უცვლელად დარჩებოდა“, – ამბობს ნადარაია. 

დღევანდელ სიტუაციაში, ერთი რამე აშკარაა. გაძვირებულ სამომხმარებლო ფასებს, დაემატა სესხების გაძვირებაც. სიტუაციას ისიც აუარესებს, რომ მდგომარეობის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაშიც კი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ინფლაციის შემცირება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა გამოიწვიოს. თანაც, თვითონ სებ-ში მომდევნო თვეებში ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. დღეს არსებული ოპტიმისტური პროგნოზით, ინფლაციამ კლება 2022 წლიდან უნდა დაიწყოს და სავალუტო ფონდის ვარაუდით, 3-4%-ის ფარგლებამდე შემცირდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება. წლევანდელ აპრილში სებ-ი ვარაუდობდა, რომ საქართველოში წლიური ინფლაცია 6.5%-ის ფარგლებში იქნებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი, მიმდინარე წლის ივლისში ვარაუდობდა, რომ წლის ბოლოს საქართველოში ინფლაცია 9.4% იქნებოდა. როგორც ვნახეთ, არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად უფრო უარესია, ვიდრე პროგნოზი იყო. 

თემურ იობაშვილი