ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რამ გააძლიერა ლარი? - №1(265), 2022
როდემდე გასტანს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია 

ქართული ეკონომიკის პარადოქსებს ბოლოდროინდელი ლარის კურსის გამყარება დაემატა. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე – თითქოს არავის არაფერი გაუკეთებია, რასაც ლარის გაძვირება უნდა მოჰყოლოდა. მაგალითად, გასული წლის სექტემბრის შემდეგ სებ-ს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. არადა, უკვე შეჩვეული კურსი, როდესაც ერთი დოლარი 3 ლარზე ბევრად მეტი ღირდა, 3 ლარზე იაფი გახდა. 

ლარის კურსისთვის ყველაზე უარესი პერიოდი გასული წლის აპრილში იყო. ოფიციალური კურსით, მაშინ 1 დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარს გადააჭარბა, სავალუტო ჯიხურებში კი უფრო მეტიც ღირდა. შემდეგ დოლარის კურსი შემცირდა და ივნისში 3.08 ლარამდეც დაიკლო, თუმცა, შემდეგ კვლავ გაძვირების გზას დაადგა. აი, უკვე გასული წლის ოქტომბრიდან, დოლართან მიმართებაში ლარის პოზიცია ნელ-ნელა გაუმჯობესდა. იანვრის ბოლოდან კი, კურსის მკვვეთრ ცვლილებას უკვე 1 დოლარის 3 ლარზე დაბლა ჩამოსვლა მოჰყვა. ზემოთ დასახელებული „უცნაური მოვლენა“ კი სწორედ იმას უკავშირდება, რომ ლარის კურსის მატების პარალელურად კვლავ მატულობს სამომხმარებლო ფასები და ინფლაცია რეკორდულად მაღალ ნიშნულთან ტრიალებს. გასულ, იანვრის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა. მიზნობრივი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი, მოგეხსენებათ 3% ია. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და თუნდაც ეროვნული ბანკის განცხადებებით, უახლოეს მომავალში მსგავს მაჩვენებელზე ინფლაციის ჩამოსვლა გამორიცხულია. 

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ნებისმიერი პოზიტიური მოვლენის დაკავშირება ხელისუფლების გატარებულ პოლიტიკასთან ხდება. როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც მსგავსი ამბავია. ყოველ შემთხვევაში ირაკლი კოვზანაძეს მიაჩნია, რომ, ლარის გამყარება ლოგიკურია. 
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ამჟამად ლარის გამყარებაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს, ესენია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, შემცირებული ფულის მასა და მკვეთრად გაზრდილი ექსპორტი და ფულადი გზავნილები.
 
„ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა ამ გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება. ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამდენიმე გარემოების ერთობლიობამ: 

• ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.6%); 

• სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8%-დან 10.5%-მდე); 

• იანვარში შემცირებული ფულის მასა (მ2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით; 

• მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი. 

ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს. 

ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი, აღვნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე“, – მიიჩნევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში კი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ საქართველოზე მეტად დიდი სავალუტო რყევები სხვა ქვეყნებშია, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც კი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება მათ შორის ბაზარზე შექმნილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რაც კურსის 3 ლარის ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლით იყო განპირობებული. თუმცა, მესტვირიშვილი ამბობს, რომ სებ-ი კურსის ასეთ მოკლევადიან მერყეობებთან მიმართებით განმარტებას არ აკეთებს. მისი თქმით, კურსის პროგნოზის სირთულეზე მეტყველებს ორი განსხვავებული შეფასება ქართული საინვესტიციო ბანკის მხრიდან, როდესაც ერთი გაუფასურებას, მეორე კი გამყარებას პროგნოზირებს. 

კერძო სექტორთან დაკავშირებით, მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ იმპორტზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის კურსის გამყარება უფრო სასარგებლოა, ხოლო ექსპორტიორებისთვის „გამყარება ყოველთვის კარგი შეიძლება არ იყოს“.

„ჩვენ ვერიდებით ამაზე კომენტირებას. თუმცა, უფრო გრძელვადიან ჭრილში რომ შევხედოთ სავალუტო ბაზარს, 2020 წელს, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ ტურიზმიდან დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალი დავკარგეთ. სხვა წყაროების გათვალისწინებით დანაკლისი იყო 1.5-2 მილიარდი დოლარი. შედეგად კურსი გაუფასურდა. 2021 წლის ზაფხულიდან დაწყებული კურსს ჰქონდა გამყარების ტენდენცია, რაც ტურიზმის შედარებით აღდგენას უკავშირდებოდა. მოკლევადიანი მერყეობების ახსნა საკმაოდ რთულია, როგორც ყველა ცენტრალური ბანკი, ჩვენც ვერიდებით ამაზე საუბარს. 

მოვისმინეთ ორი სხვადასხვა შეფასება თქვენს ეთერშიც, რომ ერთ საინვესტიციო ბანკს გამყარების მოლოდინი აქვს, მეორეს გაუფასურების პროგნოზი. ესეც მეტყველებს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. 

მართალია ჩვენთან კურსი მერყევია, მაგრამ ჩვენი განვითარების დონის სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მერყევია. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება არ ვაკვირდებოდეთ ყოველდღე რუბლის მერყეობას, მაგრამ პროცენტებს თუ შევხედავთ, იქ უფრო მაღალი მერყეობა აქვს კურსს, თურქეთზე აღარ მაქვს საუბარი. 

თუნდაც ჩვენზე უფრო განვითარებული ბაზრები, მაგალითად ბრიტანული ფუნტი რომ აიღოთ, იქაც მაღალი მერყეობაა. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს სტაბილური. ეს არ ნიშნავს, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში არ იქნება მერყევი. 

ჩამოვცდით კურსის ფსიქოლოგიურ ზღვარს – 3 ლარს, რამაც კიდევ უფრო გამყარების მოლოდინები გააჩინა. 3.30-დან 3.10-ზე რომ ჩამოვედით რომ ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოლოდინები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

თუ ვსაუბრობთ ბიზნესებზე, ყველასთვის კარგი შეიძლება არ იყოს გამყარება. თუ ვსაუბრობთ იმპორტიორებზე, მათთვის კარგია გამყარება, თუმცა ექსპორტიორისთვის შეიძლება არ იყოს კარგი გამყარება“, – ამბობს არჩილ მესტვირიშვილი. 

კომენტარები – რატომ „მყარდება“ ლარი 

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, ქვეყანაში შემცირებული ტურისტული შემოსავლების, ასევე კლებადი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გათვალისწინებით, გაურკვეველია, თუ რა არის ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მიზეზი. 

„მე ჩემს ლოგიკას უფრო ვეყრდნობი, ვიდრე – რიცხვებს. მინდა, 2021-2022 წელი შევადარო 2019 წელს, რომელიც ბოლო ნორმალური წელი იყო პანდემიამდე. 2019 წელს ლარი უფასურდებოდა. ეს იყო ტრენდი. იმ პერიოდში ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა. 2021 წლის რიცხვებს რომ შეხედოთ, ტურიზმიდან მესამედი მივიღეთ – ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 2 მილიარდი დაგვაკლდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად არ არსებობს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ იმპორტიც გაიზარდა. მათემატიკაც არ სჭირდება ამას, არითმეტიკის ცოდნაც საკმარისია – ხვდები, რომ არ არსებობს რეალური ახსნა, რატომ არის ლარი ამ დონემდე გამყარებული. ამას ემატება ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, ამიტომ როცა ამ სურათს ვუყურებ, ვერ ვხვდები, რა ამყარებს ლარს. 

შესაძლოა, ეკონომიკაში დოლარი შედის, ოღონდ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. ეს იცის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. რაც შეეხება გადმორიცხვების დინამიკას, ის იმიტომ გაიზარდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და აგზავნის ფულს. ასევე, პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ხალხს უფრო მეტი ფულის გამოგზავნა უწევს. ისევ 2019 წელს რომ შევადაროთ, დაახლოებით, 1 მილიარდიან ზრდას მივიღებთ. ეს მილიარდი დოლარი ვერ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ მყარდება ამ დონეზე ლარი 15 ნოემბრიდან მოყოლებული. თუ გახსოვთ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, როცა ლარი უფასურდებოდა, მთავრობა ამბობდა, რომ დიახ, ეს ასე ხდება, რადგან ჩვენი სავაჭრო მეგობრების ვალუტა უფასურდება. დღეს, თურქული ლირა უფასურდება, რუბლიც უფასურდება, რატომ მყარდება ლარი?“, – ამბობს ფადი ასლი. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 5%-ით გამყარდა. კითხვაზე – ამყარებს თუ არა ეროვნულ ვალუტას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა ის ასეთ გამყარებას ვერ გამოიწვევდა. 

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ლარის გრძელვადიანი გამყარების ალბათობა ძალიან მცირე იყო და ამას კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ მიმოხილვაშიც საუბრობდა. 

ბოლო კვირებში ლარი დოლართან მიმართებით სტაბილურად მყარდებოდა, თუმცა, 10 და 11 თებერვალს ლარის კურსმა კლება დაიკლო. მაგრამ, აღსანიშნავია რომ კლება საკმაოდ უმნიშვნელო იყო და 1 დოლარის საშუალო ფასი 2.95 ლარს არ ასცილებია. აღნიშნული კურსი შენარჩუნებულია მომდევნო დღეებშიც. 

„შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც აშკარად ზედმეტად გაუფასურებული ჩანდა ლარი, ამ გამყარების გაგრძელება დიდი ალბათობის მქონე არ ჩანდა. შეფასებისას ვიყენებთ იგივე ინფლაციის პროგნოზს. მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ფულადი ნაკადების შემოდინება-გადინების ბალანსია, რასაც შეძლებისდაგვარად ვითვლით და პროგნოზებსაც ვაქვეყნებთ. აქ ვითვალისწინებთ როგორც მიმდინარე ანგარიშის ძირითად კომპონენტებს, რაც არის ტურიზმი, გზავნილები, ექსპორტი, წმინდა იმპორტი და სხვა. ასევე ფინანსურ მხარეს – ინვესტიციებს, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს. ამ ანალიზის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ე.წ ეფექტური გაცვლითი კურსი. ეს არის მიდგომა, რასაც ვიყენებთ და საიდანაც არ ჩანდა, რომ ამ გამყარებას გაგრძელების ალბათობა ჰქონდა“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ. 

რაც შეხება გამყარების სამომავალო პერსპექტივებს, ნადარაია ამას არ გამორიცხავს, თუმცა დასძენს, რომ ამისთვის დოლარი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად უნდა დასუსტდეს. 

მისივე თქმით, მომავალში ლარმა დოლართან მიმართებით გამყარება თუ დაიწყო, მათი პროგნოზით, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას დაიწყებს. 

აღნიშნულ სიტუაციაში რაც ცალსახად გამოიკვეთა, ლარის „გამყარების“ მთავარი მიზეზი თავის მხრივ, დოლარის კურსის ვარდნაა. მრავალი ვალუტა დოლართან მიმართებაში ზრდას აჩვენებს და შესაბამისად, ლარის კურსის მატება რომ ადგილობრივ პოლიტიკას დავაბრალოთ, მთლად სწორი არ იქნება. 
თებერვლის მეორე სავაჭრო კვირა ლარზე ნაკლებით, მაგრამ შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესი გამყარდა. მათ შორის, მხოლოდ რუსული რუბლი და ევრო გაუფასურდა. მიმდინარე წლის მეექვსე სავაჭრო კვირას რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.94%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას ყველაზე მაღალი, 3.73%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. ეს უკანასკნელი არც წლის დასაწყისიდანაა სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან პირველი იანვრიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.52%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება ევროს, გასულ კვირას ევროპული ვალუტა 0.89%-ით გაუფასურდა, რაც თებერვლის პირველ სავაჭრო კვირასთან შედარებით რადიკალური ცვლილებაა. წინა კვირას ევრო დოლართან მიმართებით 2.65%-ით იყო გამყარებული. 

მიმდინარე წლის მეექვსე სავაჭრო კვირას დანარჩენი ვალუტები გამყარებულია. ლარის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულით იაპონური იენია გამყარებული. კერძოდ, გასულ კვირას იენის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.77%-ით გამყარდა. მიუხედავად ამისა, იაპონური ვალუტა წლიურ ჭრილში მკვეთრი გაუფასურებით გამორჩევა. წლის დასაწყისიდან დღემდე შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 13.55%-ით სწორედ იენია გაუფასურებული. აღნიშნული გასულ წელსაც თურქული ლირის შემდეგ მაღალი ნიშნულით, 11.51%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, იენისთვის ეს ტენდენცია წინა წელს დაწყებულის გაგრძელებაა. გასულ კვირას შედარებით მაღალი ნიშნულით საქართველოს ორი მეზობელი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ვალუტები გამყარდა. თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას თურქული ლირის გაუფასურებამ 0.43% შეადგინა, ხოლო სომხური დრამის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.36%-ია. 

აშკარაა, რომ დოლარის კურსის ვარდნა სხვა ქვეყნების ვალუტების, მათ შორის ქართული ლარის „გამყარებას“ უწყობს ხელს. ეს ტენდენცია სადამდე გაგრძელდება, რთული სათქმელია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში თავის მხრივ მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ლარის კურსს კარგს არაფერს მოუტანს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც განაცხადა: 

„აშშ-ში გაზრდილი ინფლაციის ფონზე, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვების ბანკმა იმაზე მკაცრი ნაბიჯები გადადგას, ვიდრე ამას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები ელოდებიან. 
ამგვარი სცენარის რეალიზაციის შედეგი ბუნებრივია, შესაძლოა იყოს დოლარის მოსალოდნელზე მეტად გამყარების მიზეზი, რაც როგორც წესი, თანაბარ პირობებში განვითარებადი ქვეყნების ვალუტაზე აისახება ხოლმე“, – ამბობს სებ-ის პრეზიდენტი. 

მოვლენების ამ გზით განვითარების შემთხვევაში კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ლარს კიდევ უფრო რთულ პირობებში მოუწევს კურსის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ვიდრე დასუსტებული დოლარის პირობებშია... 

თემურ იობაშვილი