ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
კომერციული ბანკების რეკორდული მოგების მაჩვენებელი პანდემიის პირობებში- №1(265), 2022
პანდემიური 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა საბანკო სექტორისთვის. ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან კომერციული ბანკების ჯამურმა წმინდა მოგებამ 2.08 მილიარდი ლარი შეადგინა. პატარა, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, თანაც ძალიან რთულ პანდემიურ პერიოდში, ეს მართლაც სოლიდური მაჩვენებელია. საბანკო სექტორს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ზრდა აქვს, ამასთანავე შემცირებულია ხარჯებისა და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავინდებურად ძალიან მაღალი რჩება. 

მთლიანობაში, 2021 წელს კომერციულმა ბანკებმა 5.97 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, ეს 2020 წლის მაჩვენებელს (4.88 მილიარდი ლარი) 22 პროცენტით აღემატება. აქედან, ჯამური საპროცენტო შემოსავლები - 4.73 მილიარდ ლარია, 18 პროცენტით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაცემული სესხებიდან საბანკო სექტორმა 4.13 მილიარდი ლარის (19 პროცენტით მეტი) შემოსავალი მიიღო, ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი - 2.48 მილიარდი ლარი (20 პროცენტით მეტი), იურიდიული პირებიდან - 1.67 მილიარდი ლარი (18 პროცენტით მეტი) იყო. 466 მილიონ ლარზე მეტია საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, ეს მაჩვენებელი 43 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ასევე გაზრდილია მსესხებლებზე დაწესებული ჯარიმა-საურავებიდან მიღებული შემოსავლები, აქედან 2021 წელს ბანკებმა 73,6 მილიონი ლარი მიღეს, 46 პროცენტით მეტი 2022 წელთან შედარებით. 

რაც შეეხება ხარჯებს, სტატისტიკა აჩვენებს რომ შარშან ბანკებს ხარჯები შეუმცირდათ. 2021 წელს მთლიანი საბანკო სექტორის ხარჯი 3.63 მილიარდი იყო - 24 პროცენტით ნაკლები 2020 წელთან (4.80 მილიარდი ლარი) შედარებით. 

"დღეისთვის უკვე აღდგენილია კრიზისამდე არსებული ფინანსური მაჩვენებლები. შარშან საბანკო სექტორმა რეკორდული მოგება დაწერა, 30%-ანი უკუგება კაპიტალზე, ანუ 100 ლარის ინვესტიციაზე ინვესტორმა 30 ლარის უკუგება მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენ ვიძახდით, რომ საბანკო სექტორი იქნებოდა კრიზისიდან გამოსვლის წამახალისებელი და ასეც მოხდა. 
2022 წელს ვფიქრობთ, რომ მომგებიანობა შედარებით შემცირდება და სექტორის უკუგება კაპიტალზე სადღაც 20%-ს მაჩვენებელს დაუბრუნდება", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო "ბიემჯი"-სთან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. 

საქართველოში სულ 14 კომერციული ბანკია. ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 14 კომერციული ბანკიდან, მხოლოდ ერთი, "პაშა ბანკი" გავიდა ზარალზე. 

საბანკო სექტორში უმსხვილეს ბანკებად რჩებიან "თიბისი ბანკი" და "საქართველოს ბანკი", მთლიანი მოგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ორ ბანკზე მოდის. შარშან "თიბისი ბანკმა" 940.3 მილიონი ლარის მოგება მიითვალა, "საქართველოს ბანკის" მოგების მაჩვენებელი კი - 831.9 მილიონი ლარია. შემდეგ მოდის "პროკრედიტ ბანკი" - 62.4 მილიონი ლარით, "ლიბერთი ბანკი" - 44.9 მილიონი ლარი, "ბაზისბანკი" – 43.8 მილიონი ლარი, "ვითიბი ბანკი" - 37.8 მილიონი ლარი, "ქართუ ბანკი" - 34.0 მილიონი ლარი, "ტერა ბანკი" - 30.0 მილიონი ლარი, "კრედო ბანკი" - 27.3 მილიონი ლარი, "ჰალიკ ბანკი" - 20.7 მილიონი, "იშბანკი საქართველო" - 11.2 მილიონი ლარი, "ზირაათ ბანკი საქართველო" - 2.6 მილიონი ლარი, "სილქ როუდ ბანკი" - 82.9 ათასი ლარი, "პაშა ბანკი საქართველო" - -6.1 მლნ ლარი (ზარალი). 

2021 წლის ზაფხულიდან ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შემდეგ ასევე იზრდება ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი. 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 1.74 მილიარდი ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 42.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, საკრედიტო პორტფელის მატება როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საკრედიტო პორტფელის 88.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 52.2 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.4 პროცენტს შეადგენდა. 

აღნიშნულ პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 731.8 მილიონი ლარით (3.6 პროცენტით) გაიზარდა და 21.0 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად თანაბრად იყო გამოწვეული როგორც ფიზიკური პირების, ისე იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდით. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი დეკემბერში 292.8 მილიონი დოლარით (4.3 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 7.14 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 52.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებითაც შედარებით გამოსწორებულია. დეკემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 68.1 მლნ ლარით შემცირდა და 479.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მხოლოდ 1.1 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. 

ამასთან ერთად, 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.48 მილიარდი ლარით (4.2 პროცენტით) გაიზარდა და ჯამში 37.2 მილიარდი ლარს გაუტოლდა. ერთ წელიწადში კი მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 7.6 პროცენტით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა როგორც ეროვნული ვალუტის, ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატებამ მოახდინა. 

კერძოდ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 787.5 მილიონი ლარით (5.6 პროცენტით) გაიზარდა და 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტები 484.0 მილიონი ლარით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტები - 500.3 მილიონი ლარით გაიზარდა. 

კომერციულ ბანკებში, უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტიანი (200.2 მილიონი დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და მთლიანმა მოცულობამ 7.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ზრდა, ძირითადად, იურიდიული პირების დეპოზიტების მატებით არის განპირობებული. 
საქართველოს საბანკო სექტორს დადებითად აფასებს მსოფლიო ბანკიც. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ბანკმა, საფინანსო სექტორის შეფასების (FSA) დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის პირობებში საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან პროაქტიური ნაბიჯების გადადგმითაა განპირობებული. 

"ეროვნულმა ბანკმა, ბაზელ III-ის ძირითადი სტანდარტების და სხვა პრუდენციული მოთხოვნების დანერგვის შედეგად, გააძლიერა საფინანსო სექტორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ასევე გაძლიერდა მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო. შედეგად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ნაკრები სრულყოფილია. 2020 წელს, პანდემიის გათვალისწინებით, სებ-მა ბანკებს სესხებზე მოსალოდნელი დანაკარგებისთვის წინასწარ საერთო რეზერვის შექმნისკენ მოუწოდა. ეროვნულმა ბანკმა შეზღუდა კაპიტალის განაწილება და გამოათავისუფლა ბანკების კაპიტალის ბუფერის ნაწილი. მარეგულირებლის ამ ღონისძიებებმა, ეკონომიკის მნიშვნელოვან ფისკალურ და მონეტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ხელი შეუწყო საბანკო სექტორის მდგრადობას, რასაც FSAჵ-ის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის სტრეს-ტესტების შედეგებიც მოწმობს", - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. 

ამასთანავე, ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაღალი ხარჯები ასევე გამოწვეულია მაღალი საკრედიტო რისკის აღქმით ინფორმაციის ასიმეტრიის გამო, ისევე როგორც მოთხოვნის მხრიდან არსებული შეზღუდვებით, როგორიცაა არაფორმალურობა, სუსტი ფინანსური მენეჯმენტი და ბიზნეს-უნარები. 

"მიუხედავად კარგად განვითარებული საბანკო საკრედიტო პროდუქტებისა, სხვა ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნების ნაკლებობა (როგორიცაა ლიზინგი, ფაქტორინგი, კაპიტალის დაფინანსება) ზღუდავს ფინანსური სექტორის შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ფირმების სხვადასხვა ტიპის საჭიროებები მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.
 
გამოქვეყნებულ ანგარიშში, მსოფლიო ბანკი ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს, რათა ბანკებზე ჩამოკიდებულ ბიზნესს ალტერნატიული ფინანსური წყარო გაუჩნდეს. კერძოდ, კარგად განვითარებული კაპიტალის ბაზრები ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს. 

"საფინანსო სექტორში ბანკების დომინირებისა და მაღალი დოლარიზაციის პირობებში კაპიტალის ბაზრის განვითარებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა დანაზოგების უფრო ეფექტურ მობილიზებას, კორპორაციული და შინამეურნეობების სექტორისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას, მათ შორის გრძელვადიან სესხებზე ხელმისაწვდომობას... 2018 წლიდან ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კაპიტალის ბაზრების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შექმნა კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტი და მნიშვნელოვნად განახლდა კაპიტალის ბაზრის საკანონმდებლო ბაზა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით და სხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ სტრატეგიას ამზადებენ", - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. 

ასე რომ, საბანკო სექტორი ერთ-ერთი ბიზნესია, რომელსაც პანდემიამ ვერაფერი დააკლო. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ამ სექტორმა ყველაზე კარგი ფინანსური მაჩვენებლები სწორედ ამ პერიოდში დადო. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, სესხებზე ასევე რეკორდულად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, ბანკების მომხმარებლები არც ისე ხელსაყრელ პირობებში არიან. ეს მაჩვენებლები ასევე ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორს არც ისე მაღალრისკიანი მომხმარებელი ჰყავს. მოახდენს თუ არა ეს საპროცენტო განაკვეთებზე დადებით გავლენას, ამაზე არავინ ლაპარაკობს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთები მცირედით მაშინ შემცირდება, როდესაც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებს. ამ ეტაპზე, ინფლაცია ისევ ორნიშნა ნიშნულზეა. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს, რასაც შესაძლოა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოჰყვეს. ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდებია. ამ დროისთვის, მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებშიც კი საქართველოში საკმაოდ პასუხისმგებლობიანი გადამხდელები არსებობენ, რაც საფინანსო სექტორის მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობაზე აისახება. 

მაკა ხარაზიშვილი