ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საქართველოში ორნიშნა ინფლაცია უცვლელია - №3(267), 2022
რუსეთ-უკრაინის ომმა სამომხმარებლო ფასები მთელ მსოფლიოში გაზარდა 
 
რუსეთ-უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოზე და ცხადია საქართველოზეც მოახდინა გავლენა. ცალკე რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულმა სანქციებმა, ცალკე უკრაინის ეკონომიკის ომის რეჟიმში გადასვლამ პროდუქციის მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა. მთელ რიგ პროდუქციაზე, მათ შორის სურსათზე მიწოდების გართულებამ სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია. საქართველოში ომამდეც არ იყო ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა და ომის პირობებში ინფლაცია კვლავ დამაფიქრებელ მაჩვენებელზეა. 

შარშანდელი ვარაუდით, კოვიდპანდემიის შესუსტების შემდეგ ეკონომიკის ზრდაც მაღალი ტემპით უნდა გაგრძელებულიყო და ინფლაციასაც კლება დაეწყო, თუმცა... პანდემიაზე ბევრად უარესი რამ მოხდა – საქართველოდან არცთუ ძალიან შორს თვენახევარია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მხრივ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთია სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია. 

მაღალი ინფლაცია საქართველოში ლამის ქრონიკულად გადაიქცა და გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, ორნიშნა მაჩვენებელზეა. ინფლაციამ ივლისში 11,9%, აგვისტოში 12,8%, სექტემბერში 12,3%, ოქტომბერში 12,8%, ნოემბერში 12.5%, დეკემბერში 13.9% შეადგინა. წლევანდელ იანვარში ისევ 13.9% იყო, თებერვალში 13.7%, ხოლო მარტში 11.8%, რაც ისედაც ღარიბი ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. 

ქვეყნის ეროვნული ბანკი, რომელსაც ფასების კონტროლზე პასუხისმგებლობა კანონით აკისრია, ინფლაციის მოთოკვას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს. თუმცა, როგორც ვხედავთ, შედეგი არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულებას თავს ვერ ართმევს. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს ნაწარმზე ფასების გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის დონე 6% იყო. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით. 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6%-ით. 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-იანი მატება. 

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 13.7% იყო. ინფლაციის მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა. 

რეფინანსირების განაკვეთის მორიგი ზრდა 

30 მარტს, ეროვნულ ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 11% გახდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად სესხის პროცენტი 191 800 მომხმარებელს გაეზრდება. 1 მარტის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე. 

სებ-ში აცხადებენ, რომ 2022 წელს ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასების მკვეთრი მატება მოახდენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. 

„რომ არა ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. 

ამასობაში, ეროვნული ბანკი საქართველოში 2022 წელს 9%-იან ინფლაციას ელის, თუმცა, წლის ბოლომდე როგორ შეიცვლება მდგომარეობა და რეალურად რა მაჩვენებელზე დაასრულებს ინფლაცია, საკმაოდ რთული საპროგნოზოა. გასულ დეკემბერში ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს მეორე კვარტლიდან ინფლაციის მაჩვენებელს კლება უნდა დაეწყო და მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნებოდა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი კვლავ 3%-ია. როგორც ვნახეთ, პროგნოზი შეიცვალა და წლიური მაჩვენებლის ვარაუდი ბევრად მეტია და ეგეც შესრულდება თუ არა, ძნელი სათქმელია. 

შემცირდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 

საყურადღებოა, რომ ასევე ვერ შესრულდება ეკონომიკის შარშან ნავარაუდები 5%-იანი ზრდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. 

ამ ფონზე, სებ-ში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. 

ამასთან, როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. 

მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკური ზრდაზე დაგეგმა, თუმცა, უკვე თავადაც აღიარებს, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. 

საბანკო ასოციაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5-3%-ის ფარგლებში გაიზრდება. 

„ჩვენი პროგნოზით, 3-4%-ს შორის იქნება რეალური ზრდა წელს, თუმცა კვლავ მაღალია გაურკვევლობა. ფაქტორები, რომლებიც მთლიანად გლობალურ ეკონომიკას დაამჩნევს კვალს, არის ინფლაციური პროცესები. სამწუხაროდ, კონფლიქტმა ახალი ბიძგი მისცა ამას. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაჴ) ინდექსი ახალ რეკორდულ დონეზე ავიდა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები არის გაზრდილი. ეს არის გამოწვევა, რადგან საჭირო იქნება როგორც მინიმუმ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც დგას კითხვის ნიშნები, რომლებიც გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ინფლაცია იქნება დაახლოებით 9%-ის დონეზე. 

ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს დაამჩნევს კვალს ექსპორტს, იმპორტს, ასევე ტურისტულ შემოსავლებს. არ ველით, რომ მიმდინარე ანგარიშის დიდი გაუარესება გვექნება“, – განაცხადა სებ-ის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ. 

სტატისტიკის სამსახურის გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ინფლაციის ძირითადი წილი საწვავისა და პირველადი მოხმარების ნივთებზე მოდის. ორ წელში ჯამური ინფლაცია 25%-მდე იქნება, ეს კი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა. 

გაზეთ „რეზონანსთან“ ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება, რადგან პროდუქციის გაძვირებას ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. 

„როცა ინფლაცია მატულობს, ბუნებრივია, ეს ადამიანებზე უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით კი მათზე, რომელთა სამომხმარებლო კალათაში სურსათი არის მაღალი წილით. საკვები პროდუქტების ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ჯამური მაჩვენებელი, შესაბამისად, შედარებით უფრო მოწყვლადი ჯგუფები დიდი რისკის ქვეშ არიან. 

ეროვნულ ბანკს ისევ უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოწვევების საპასუხოდ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება საპროცენტო განაკვეთები. 
რომ არა მაღალი ინფლაცია, შესაძლებელი იქნებოდა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, გარკვეული ბიძგის მიცემა ეკონომიკური განვითარებისათვის მაღალი ინფლაციის პირობებში, თუმცა ახლა ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს. პირიქით, გვიწევს უფრო გავამკაცროთ პირობები“, – ამბობს გიორგი პაპავა. 

ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, რომ ინფლაცია სიღარიბის მაჩვენებელს ზრდის და ასეთ დროს აუცილებელია მოსახლეობის დახმარება. 

„მოსალოდნელი 9%-იანი ინფლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პროგნოზია და როგორც წესი, ჩვენნაირ ქვეყნებში, ასეთ დროს დაბალი ფენები ძალიან ზარალდებიან. მათ უძვირდებათ პროდუქცია და იმ შემთხვევაში თუ ჰყავთ მანქანა, უძვირდებათ გადაადგილებაც. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება იმის დანახვა, როგორ იმოქმედებს ინფლაცია მოსახლეობაზე. 

როგორც წესი, მაღალი ინფლაციის დროს სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაშინ, როცა მაჩვენებელი ასეთი მაღალია, რთული სათქმელია, თუ რამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. ასეთ დროს გამოსავალი არის მოქმედება, უნდა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ფენას სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებით. არ ვარ მომხრე სუბსიდირებების, თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთ დროს პირდაპირ თანხებითაც უნდა ხდებოდეს მოსახლეობის დახმარება. 
დახმარების შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, ვის უჭირს და ვის არა, რადგან კორუფცია და მსგავსი ქმედებები  

ავირიდოთ. შესაბამისად, იმას მაინც მოვახერხებთ, რომ რამდენიმე პროცენტული პუნქტით ნაკლები იქნება სიღარიბის მაჩვენებელი“, – აღნიშნა მომცელიძემ. 

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებლის კლებას მოელის, თუმცა, მისი თქმით, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ომის ხანგრძლივობაზე და შედეგებზე. 

„ინფლაცია არა მარტო ჩვენთან, მთავარი გამოწვევაა ამერიკაშიც და იქნება ალბათ რუსეთშიც. ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა და უფრო მეტად ფასები კვების პროდუქტებზე, სურსათზეა გაზრდილი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია და მათ სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი სურსათს უკავია. ღარიბ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად არტყამს ეს ინფლაცია. პურზე და კვერცხზე გაზრდილი ფასი შიმშილობას ნიშნავს. 

ინფლაცია ალბათ შემცირდება, იმას ვგულისხმობ, რომ ისეთი მაღალი მაინც არ იქნება, როგორც ბოლო თვეებში იყო, ასევე შარშანდელთან შედარებითაც უნდა შემცირდეს, მაგრამ ახლა უბრალოდ ზრდის ტემპის შემცირებაზე ვსაუბრობთ და საუბარი არაა ფასების შემცირებაზე. 

ბევრი რამეა დამოკიდებული ომზე რამდენ ხანს გაგრძელდება. ამასთან, კრიზისულ სიტუაციაში ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად უნდა მოქმედებენ~, – აცხადებს სოსო ბერიკაშვილი. 

ინფლაცია უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე 

აქვე შეგვიძლია რამდენიმე, საქართველოზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებელზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. 

ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში ევროზონაში ინფლაციის დონემ 7.5% შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 
ფასების საერთო დონის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ენერგოპროდუქტების – 44.7%-ით და სურსათის 5.0%-ით გაძვირებას ჰქონდა. საბაზო ინფლაციის დონე კი, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგიის ფასებს, 3.2%-ს შეადგენს. 

ეკონომისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის ტემპის მკვეთრი დაჩქარება რუსეთ-უკრაინის ომით და საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გაძვირებითაა გამოწვეული. 

ევროპის მასშტაბით ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე (15.6%) ლიტვაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი ინფლაცია კი მალტაშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენს. 

რაც შეეხება ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებს, გერმანიაში ინფლაციის დონე 7.6%-ია; საფრანგეთში – 5.1%; იტალიაში ინფლაციის მაჩვენებელი 7.0%-ს შეადგენს, ესპანეთში კი 9.8%-ს. 

თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 61.14%-ს მიაღწია, რაც ბოლო 20 წლის უმაღლესი ნიშნულია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი მარტში, წინა თვესთან შედარებით, 5.46%-ით გაიზარდა. 

ფასების მატების ყველაზე მაღალი მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტირების სექტორში ფიქსირდება (+99%). ასევე, მნიშვნელოვნად, თითქმის 70%-ით გაიზარდა სურსათისა და საკვები პროდუქტების ფასებიც. 

რეკორდულად არის ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილი აშშ-შიც. ინფლაციის დონემ მარტში 8.5% იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. 

2022 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1.2%-ით არის გაზრდილი. ინფლაციის მკვეთრი ზრდა რუსეთ-უკრაინის ომთან და მსოფლიოს მასშტაბით ენერგოპროდუქტებისა და სურსათის გაძვირებასთანაა დაკავშირებული. 

რაც შეეხება საბაზო ინდექსს, რომელიც არ ითვალისწინებს ენერგოპროდუქტებისა და სურსათის ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი. 

დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის მარტში ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. 

თებერვალთან შედარებით, მარტში სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით არის გაზრდილი, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით გაძვირებული ენერგოპროდუქტები და სურსათია. 

ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს და რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს. 

ამ ფონზე, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მთელ მსოფლიოში ახდენს უარყოფით გავლენას, ცხადია საქართველოც გამონაკლისი ვერ იქნება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ტენდენცია შეარბილოს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის სწრაფად დასრულება და საქართველოში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა. არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ომის დასრულების შემდეგაც არ ჩანს სახარბიელო მომავალი. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად „ჩამოეკიდა“ რუსეთს. თუ 2012 წელს, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში რუსეთი მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებდა და მთელ საგარეო ვაჭრობაში 5.1% ეკავა, გასულ, 2021 წელს კი, რუსეთი ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია და მის წილად საგარეო ვაჭრობის 14.5% მოდის. შესაბამისად, სანქციების პირობებში მყოფი რუსეთის ეკონომიკის ვარდნა არც საქართველოს ჰპირდება რაიმე კარგს. 

თემურ იობაშვილი