ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრობანკების სტატუსის მისაღებად ემზადებიან - №6(270), 2022
ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტიტუტები 2023 წლიდან უნდა გამოჩნდნენ 

კონკურენციის გაზრდა, მიკრო და მცირე ბიზნესისთვის დაკრედიტების ახალ რესურსთან ხელმისაწვდომობა - ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივით, ქართულ საფინანსო სექტორს ახალი ფინანსური ინსტიტუტები - მიკრობანკები დაემატება. კანონპროექტი მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა. ფინანსურ სექტორს იმედი აქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე მას პარლამენტი განიხილავს და კანონის სახეს მისცემს. წინასწარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკვე არის მზად. თუკი კანონპროექტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში არ გაიწელება, მიკრობანკებმა საქმიანობა 2023 წლის იანვრიდან უნდა დაიწყონ. 

მთავრობამ "მიკრობანკების შესახებ" კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. უახლოეს მომავალში დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მისო-ებს შორის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღების უფლება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ. 

კანონპროექტის მიზანს საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება წარმოადგენს. ასევე, საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდა, განსაკუთრებით სოფლად. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად გაუწევს. ასევე, მათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო ექნებათ. 

"კანონპროექტი ეროვნულ ბანკთან ერთად ფინანსთა სამინისტროში შემუშავდა. ეს არის მიკრობანკების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს. მიკრობანკებს ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მათ სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები შედარებით გამარტივებული ექნებათ, ვიდრე ეს ბანკებს აქვთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ვისაც სურვილი აქვს, რომ მომავალში დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მიკრობანკის სტატუსი მიიღონ და უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები~, _ განაცხადა ხუციშვილმა. 

მიკრობანკებს, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, საზედამხედველო კაპიტალის მცირე მოთხოვნა ექნებათ. თუკი ბანკების შემთხვევაში ეს არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის _ ერთი მილიონი ლარი, მიკრობანკებს კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა 10 მილიონი ლარი ექნებათ. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლისთვის სრულიად მზად არის, ახლა მთავარია პარლამენტმა გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. 

"მიკრობანკების კანონპროექტის მალე განხორციელებისთვის ძალიან მოტივირებულია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ზოგადად, მიკრობანკების ზედამხედველობა იქნება უფრო რბილი, ვიდრე საბანკო სექტორისთვის, თუმცა უფრო მკაცრი, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ამ შედარებით რბილ მიდგომას ცხადია, რომ თავისი ვალდებულებები მაინც მოჰყვება. ამასთან, მთავარი მოთხოვნა, რასაც ეროვნული ბანკი უწესებს კომერციულ ბანკებს, შეეხება დეპოზიტების მოზიდვას, კერძოდ, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა შეეძლებათ მხოლოდ დაზღვეული დეპოზიტების ფარგლებში", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება `კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ~ საქართველოს კანონშიც. კერძოდ, დაიხვეწება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები, საბანკო ლიცენზირებისა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის პრინციპები და მოთხოვნები. კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების განხორციელების შედეგად უფრო სრულყოფილად და სიღრმისეულად წარიმართება ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმების, კომერციული ბანკის ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცესები. 

"მიკრობანკების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ან სხვა მესამე მხარემ მიკრობანკის სტატუსის მისაღებად შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს: არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნესის ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. გარდა ამისა, მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას უჩენთ. 

მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო-საფინანსო საქმიანობა: სესხების, გარანტიებისა და აკრედიტივების გაცემა, ლიზინგი, ფაქტორინგული ოპერაციები ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; ასევე საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის განცხადებით, მიკრობანკსა და მიკროსაფინანსო კომპანიებს შორის დიდი სხვაობაა მათ შორის დაკრედიტების ზღვრისა და დეპოზიტების მოზიდვის თვალსაზრისით. 

"ბევრი უფლება, რომელიც მიკრობანკს ექნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს. უპირველესად, ეს არის სესხის ზედა ზღვარი 100 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე. ამის გარდა, არის მიმდინარე ანგარიშების, დეპოზიტების გახსნა, რისი უფლებაც მიკროსაფინანსოებს არ აქვთ. ასევე დეკლარირებულია, რომ მიკრობანკები ეროვნული ბანკიდან მიიღებენ ლარის რესურსს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ამას პაკეტში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, უფრო რთული დაცვის რეგულაციები მოჰყვება. რაც შეეხება ბანკებს, აქაც დიდი სხვაობაა, ბანკებს კიდევ უფრო რთული და მკაცრი რეგულაციები აქვთ. მათ სესხის ზედა ზღვარზე არანაირი შეზღუდვა აქვთ, სამაგიეროდ, ბანკებისთვის მოთხოვნა საწესდებო მინიმალურ კაპიტალზე 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკრობანკებისთვის 10 მილიონი ლარი~, _ ამბობს გია პეტრიაშვილი. 

მისი განცხადებით, მოლოდინია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით მიკრობანკები სესხებს შედარებით დაბალ პროცენტში გასცემენ, ვინაიდან კანონპროექტი მათ ეროვნული ბანკის ფინანსურ რესურსზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. 

"მიკრობანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ შევადარებთ, მოლოდინი არის, რომ მიკრობანკები სესხს უფრო დაბალ პროცენტში გასცემენ, ვინაიდან მიკრობანკებს ეროვნული ბანკის რეფინანსირებულ ლარზე ექნებათ წვდომა. ამან უნდა გამოიწვიოს რესურსის გაიაფება. ეს გააძლიერებს კონკურენციას, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მიკრობანკები რაიმე სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ბანკებს, ვინაიდან მიკრობანკები შეიძლება ბანკების მხოლოდ ერთი პროცენტი იყოს. ამიტომ აქ კონკურენციის მნიშვნელოვან ზრდაზე არ არის საუბარი, თუმცა ფულად რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით უფრო მეტის შესაძლებლობა ჩნდება, რაც მომხმარებელს წაადგება. მიკრობანკების სამიზნე მომხმარებელი ის კლიენტურაა, რომლებიც საბანკო სერვისებს მრავალი მიზეზის გამო მოწყვეტილია. მომხმარებელთა სეგმენტი უფრო გაფართოვდება, მაგრამ ძირითადი სფერო დარჩება იგივე. მიკრობანკის მოდელი გულისხმობს იმას, რომ 70 პროცენტი პორტფელში უნდა იყოს ბიზნესსესხები, საუბარია მიკრო და მცირე ბიზნესზე~, _ ამბობს გია პეტრიაშვილი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მიკრობანკების ერთ ერთი უპირატესობა არის ის, რომ მათ დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნება, თუმცა აქაც გარკვეული შეზღუდვაა. კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტარების დაცვის მიზნით, ეს ფინანსური ინსტიტუტები მხოლოდ იმ რაოდენობის ანაბრებს განათავსებენ, რა მოცულობასაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აზღვევს _ 15 ათასი ლარი. თუმცა თუკი დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა გაიზრდება, ეს ზღვარი მიკრობანკებისთვისაც მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტო, თავდაპირველად, 5 ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტს აზღვევდა, შემდეგ ეს მოცულობა 15 ათასამდე გაიზარდა და გეგმის მიხედვით ეს პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `კრისტალის~ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე მედიასთან აღნიშნავს, რომ მიკრობანკების მოდელი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების შემდეგი ეტაპი, რომლითაც ორგანიზაციებს უფრო მეტი შესაძლებლობები ეძლევათ. კერძოდ, ეს არის საბანკო სფეროში გადასვლის წინაპირობა. მისი განმარტებით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს სექტორი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქმნება იმისათვის, რომ მოსახლეობის და ეკონომიკის მოთხოვნა კრედიტზე დაკმაყოფილდეს. 

"მიკრობანკების მოდელი არის ბიზნესზე ორიენტირებული და მისო-ების განვითარების რეგულირების ახალი რეჟიმი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტებით ისარგებლონ და თავის მომხმარებელს სრული სერვისი შესთავაზონ. ეს გამოიწვევს როგორც მომსახურების ხარისხის ამაღლებას _ ანგარიშების გახსნას, დეპოზიტების დაგროვებას, ასევე თავად ორგანიზაციებისთვის დაფინანსების ხარჯის შემცირებას. საბოლოო ჯამში მისო-ები თავისი მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეძლებენ, ანუ კიდევ უფრო შეღავათიან პერიოდში მოსახლეობის დაკრედიტებას. ეს არის არსი ამ რეგულირების~, _ განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. 

რაც შეეხება ლიცენზიის მიღების პროცედურებს, კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი წერილობით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს. 

მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. ამასთანავე, ლიცენზიის მისაღებად არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა: განაცხადის წარდგენისას, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 

ამასთანავე, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ, წერილობითი მიმართვის მიღებიდან, 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებული უარის ან თანხმობის შესახებ. ასევე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელთან შესაბამისი კონსულტაციები გამართოს. 

თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემაზე განმცხადებელს დასაბუთებული უარი განუცხადოს ან დაადგინოს ხარვეზი (მათ შორის, რამდენჯერმე) და ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვროს ვადა მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 

ამ ეტაპზე, უკვე ცნობილია, რომ ეროვნულ ბანკს მიკრობანკის ლიცენზიის მოსაპოვებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მბჩ მიმართავს. გია პეტრიაშვილის განცხადებით, საამისოდ მათი კომპანია სრულიად მზად არის. 

"ჩვენ ვაპირებთ, ლიცენზიის მისაღებად მივმართოთ ეროვნულ ბანკს. ასევე ვიცით, რომ არსებობს კიდევ ორი მსურველი. სავარაუდოდ, თავიდან მაქსიმუმ სამი ლიცენზია გაიცემა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ციფრი 5-6-მდე გაიზარდოს. მოლოდინი არის, რომ პარლამენტი კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. ეროვნულ ბანკს აქვს მზადყოფნა, რომ უკვე ახალ წლამდე პირველი ლიცენზია გასცეს", - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა. 

ამ დროისთვის ბაზარზე, 15 კომერციული ბანკი და 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში - 17 პროცენტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 7 პროცენტი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთი - 18 პროცენტიდან იწყება. 

მაკა ხარაზიშვილი