ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ინფლაცია ზაფხულის შემდეგ ორნიშნა მაჩვენებელს არ ჩამოსცილებია - №11(263), 2021
რა იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი 

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციას დასასრული არ უჩანს. მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, აქამდე მხოლოდ დაპირებად რჩება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განსაზღვრა და ოფიციალურად ეს მაჩვენებელი დღესაც უცვლელად რჩება, თუმცა, რასაც ვხედავთ, მხოლოდ „ქაღალდზე“, რადგან ბოლო პერიოდში ინფლაცია 3% კი არა, ივლისიდან მოყოლებული, სტაბილურად ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული. 
უკანასკნელი მონაცემები, რაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციის დონეს აღნიშნავს, საქსტატმა დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოაქვეყნა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. 

ასე რომ, ივლისში 11,9%, აგვისტოში 12,8%, სექტემბერში 12,3%, ხოლო ოქტომბერში კი 12,8%-იანმა ინფლაციამ ისედაც ღარიბი ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. 

რომ დავუბრუნდეთ საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა, ბოლო ერთი წლის მანძილზე ფასების ყველაზე დიდი, 20.2%-იანი მატება იყო ტრანსპორტის ჯგუფში. ფასები 17%-ით გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში: 

• 27.7%-ით გაძვირდა ზეთი და ცხიმი; 

• 26.2%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული; 

• 20.4%-ით პური და პურ-პროდუქტები; 

• 17.9%-ით რძე, ყველი და კვერცხი; 

• 17.4%-ით შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული; 

• 16%-ით თევზეული; 

• 15.5%-ით ხილი და ყურძენი; 

• 10.7%-ით ხორცი და ხორცის პროდუქტები. 

წლის განმავლობაში ფასები 11.5%-ით გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში. 
     

აქვე, ალბათ საინტერესო უნდა იყოს, თუ სამომხმარებლო ფასები როგორ შეიცვალა ბოლო 9 წელიწადში, ანუ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა. საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ 2021 წლის ნოემბერში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით შეადგინა 50.05%. ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის 100 ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 150.05 ლარს. 

თუმცა, აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ ცალკე აღებული ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს, რადგან, როდესაც შემოსავლის ზრდა აჭარბებს ინფლაციის დონეს, ამ შემთხვევაში შემოსავლის მიმღები პირის მდგომარეობა მაინც უმჯობესდება. მაგრამ, როდესაც შემოსავალიც მცირდება, ქვეყანაში სამუშაო ადგილებიც იკარგება და თან ინფლაციაც მაღალია, მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. 

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ უფრო მაღალი ინფლაცია 10 წლის წინ დაფიქსირდა. კერძოდ, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14.30% იყო. მაგრამ, შემდეგ მკვეთრად შემცირდა და ზუსტად 1 წელიწადში უკვე 3.30% დეფლაცია დაფიქსირდა. შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების დონემ დაიკლო. 

ვინ არის პასუხისმგებელი მაღალ ინფლაციაზე – ოპონენტები სებ-ის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. დეპუტატი აღნიშნულის მიზეზად ორნიშნა ინფლაციას ასახელებს და აცხადებს, რომ ფაქტია, ეროვნული ბანკი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. 

განცხადება ბადრი ჯაფარიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც სადაც კობა გვენეტაძემ დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა. 

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის მიზანია, სტაბილური, დაბალი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი დასაქმება. სებ-ის საქმიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ართმევს ის თავს ძირითად ამოცანებს. 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ ართმევს თავს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის შესრულებას, რადგან ქვეყანაში გვაქვს კატასტროფული ინფლაცია; მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა პროცენტებიც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სებ-ი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. თუ ვერ ასრულებს ამოცანებს, რა აზრი აქვს მის დარჩენას პოსტზე?!“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

სებ-ის პრეზიდენტი მაღალ ინფლაციას გარე ფაქტორებს აბრალებს 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ძვირდება, არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ფასების ზრდას შეაკავებს. 

„მოგეხსენებათ, რომ ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რაც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, რა თქმა უნდა, ასევე მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და შესაბამისად, ინფლაციური შოკი ჩააქროს“, – ამბობს კობა გვენეტაძე. 
     

მისი თქმით, ინფლაცია მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგალითად თურქეთში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. 

„მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტრუქტურა. საქართველოში მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი და რადგანაც პანდემიამ მობილობა შეამცირა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ზარალი მოგვადგა. გარდა ამისა, იყო ერთჯერადი ფაქტორებიც, იყო სუბსიდია. ასევე, თუ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვა ღირდა 10 ათასი დოლარი, დღეს უკვე 5-ჯერ მეტი ღირს და ეს ფასებზე აისახება. 

ყველა ფასი ქართული კალათიდან არის ასახვა იმისა, რაც საერთაშორისო ბაზარზე მოხდა. ხოლო როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ძვირდება, არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ფასების ზრდას შეაკავებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, მესმის მოსახლეობის, თუმცა ინფლაცია არის მთელი მსოფლიოს პრობლემა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და სხვადასახვა ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებლები ჩამოთვალა: 

გვენეტაძის თქმით, ბოლო მაჩვენებლებით რუმინეთში ინფლაცია 8%-ია, ბელარუსში – 10.5%, უკრაინაში – 11%, მოლდოვაში – 9%, ყაზახეთში – 9%, უნგრეთში – 6%. 

„ეს ნამდვილად გლობალური პრობლემაა და შეუძლებელი მასთან გამკლავება დროის მოკლე პერიოდში. საქართველოს ხელისუფლება, ეკონომიკური გუნდი ატარებდა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მან დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო დამატებითი დაფინანსების მოზიდვა, რომელმაც საშუალება მისცა ქვეყანას დაეფინანსებინა დეფიციტი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ია, რაც სებ-ის პრეზიდენტის დასახელებული ქვეყნების მაჩვენებელს აჭარბებს და ადასტურებს რომ ინფლაციის მხრივ საქართველოში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე დასახელებულ ქვეყნებში. 

კობა გვენეტაძე ოპტიმისტურ განცხადებასაც აკეთებს. მისი თქმით, „ფასების ზრდა დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება“. 

„ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და ამის შემდეგ მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტალიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

რა უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაცია შემცირდეს – სპეციალისტის კომენტარი 

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე BM.GE-სთან საუბრისას ფასების ზრდის ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებს და ქვეყანაში 12.5%-იანი ინფლაციის მოთოკვის ძირითად ინსტრუმენტებად დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა და ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრი კონტროლი მიაჩნია. 

„მართალია, ოქტომბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით, ოდნავ შემცირდა ფასების დონე ნოემბერში, მაგრამ რაიმე ტრენდზე ჯერ საუბარი ნაადრევია. უდავოა, ინფლაცია გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, რადგან ზომაზე მეტი ინფლაციის შემთხვევაში, მომხმარებელი თავს შეიკავებს პროდუქტის ან მომსახურების შეძენისგან, ხოლო მომწოდებელი იძულებული იქნება, აწარმოოს უფრო ნაკლები და შეამციროს ხარჯები, შესაბამისად, დაიკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. მსგავსი ეფექტი ეკონომიკაზე ზომაზე მეტად დაბალ ინფლაციასაც აქვს. ამდენად, ჩვენ გვჭირდება ინფლაციის სწორი დონე, რომელიც ჩემი აზრით, სადღაც 5%-ის ფარგლებში უნდა იყოს“, – ამბობს ლევან სურგულაძე. 

ორნიშნა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, ფინანსისტმა საგარეო ფაქტორებთან ერთად ადგილობრივ პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. 
„ახლა ჩვენ ვართ პანდემიის მდგომარეობაში. ჯერჯერობით, არ ჩანს დასრულების ვადები, პროგნოზირებაც კი რთულია და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ესეც არის. 

1. ეგზოგენური ფაქტორები ანუ ე.წ. იმპორტირებული ინფლაცია. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში შეიქმნა ლოგისტიკური პრობლემები, შეფერხდა მიწოდება, რაც ჩვენი ქვეყნის ბაზარსაც გადმოეცა. ამ სიტუაციაში არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არანაირი ბერკეტი არ აქვს. მოკლედ, საგარეო ფაქტორების წილი საკმაოდ მაღალია იმ ინფლაციაში, რაც გვაქვს; 

2. ინფლაციას ასევე ხელი შეუწყო ფულის მასის რამდენჯერმე ზრდამ, რამაც მიმოქცევაში გააჩინა ჭარბი ფული მაშინ, როდესაც მოწოდება შეფერხდა და, რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა და შექმნა ინფლაციური წნეხი; 

3. პანდემიის პირობებში ასევე შეიცვალა ხარჯვითი მიმართულებებიც – თუ მაგალითად, პანდემიამდე ადამიანები მოგზაურობდნენ და დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯებოდა საზღვარგარეთ, პანდემიის გამო ვერ წავიდნენ უცხოეთში და შესაბამისად, ხარჯვითი ნაკადები დარჩა ქვეყნის შიგნით – ამ ფაქტორმაც, ჩემი აზრით, ინფლაციურ წნეხში თავისი როლი შეიტანა; 

4. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყანაში განხორციელებული სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვესმის რომ აუცილებელი იყო, მაგრამ ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციური გარემოს დამძიმებას; და ბოლოს, 

5. ლარის სისუსტემ, ბუნებრივია, გამოიწვია იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება და რადგან ჩვენ მეტწილად იმპორტულ საქონელზე ვართ დამოკიდებული, ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციურ პროცესებს“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

ფინანსისტის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაშიც საქართველოში შედარებით მაღალი ინფლაციური გარემო შენარჩუნდება. სურგულაძის აზრით, გამოსავალი შემდეგი ნაბიჯების გადადგმით იქნება შესაძლებელი. 

"უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს ფულის მიწოდებას ისე, რომ არ დაზიანდეს ეკონომიკური აქტივობა, რომლის ნიშნებიც სახეზე გვაქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრ კონტროლზე აყვანა, რადგან ჩვენ გვყავს დიდი მხარჯველი ქვეყანაში – ეს არის სახელმწიფო. ნებისმიერ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე, რამეთუ მიმდინარე ინფლაცია არაა გამოწვეული ზომაზე მეტი ეკონომიკური აქტივობით", – ამბობს ფინანსისტი. 

ინფლაციის „მოთოკვის“ ინსტრუმენტებზე საუბრისას, ანალიტიკოსმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მართალია, ეროვნულ ბანკს შეუძლია, კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ ეს არაა საჭირო, რადგან ეკონომიკისთვის ფული ისედაც გაძვირებულია. 

„ახლა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა არაა მიზანშეწონილი, ეს იქნება ნაჯახისებური მეთოდი და იმუშავებს ეკონომიკის შემცირებაზე. ამდენად, პრაქტიკულად, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ რომ არ დავაზიანოთ ის ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაქვს და ამავე დროს ინფლაციაც გვეჭიროს, რათა კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ეროვნულმა ბანკმა ახლა უნდა უყუროს საერთაშორისო ტრენდს – ეგზოგენური ფაქტორების ცვლილებას და ნელ-ნელა დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შემცირება. პარალელურად კი, უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე და დაველოდოთ პანდემიის დასრულებას“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით დიდია მთავრობის როლი. 

„მთავრობას აქვს ბიუჯეტი და ის უნდა დახარჯოს; გასაგებია, რომ ბიუჯეტი სხვადასხვა კატეგორიის ხარჯისგან შედგება, მაგრამ ძირითადად ის უნდა მიიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაც ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ქმნის სამუშაო ადგილებს, ამიტომ ეს სწორი ხარჯვაა, ხოლო ხელფასების ზრდა თუ მასშტაბური სუბსიდირების პროგრამები, მსგავსი ხარჯის გაწევა არასწორი იქნება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

მოცემულ სიტუაციაში სებ-ის პრეზიდენტის ვარაუდი, რომ ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტალიდან კლებას დაიწყებს, შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი ჩანდეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბევრი რამე თავად ეროვნული ბანკის და ქვეყნის მთავრობის ხელშია. მათ შორის: გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა, ფულის მასის ზრდის შეჩერება – აუცილებლად შეუწყობს ხელს ინფლაციის შემცირებას. 

თემურ იობაშვილი