ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ლარის კურსის დასტაბილურების მიზეზები - №10(274), 2022
ფულადი გზავნილების ზრდა – ერთ-ერთი ფაქტორია 
 
სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, საბოლოო ჯამში ლარის კურსი იზრდება. 29 სექტემბერს თუ 1 დოლარი საშუალოდ 2.85 ლარი ღირდა, 14 ნოემბერს 1 დოლარის ღირებულებამ 2.71 ლარი შეადგინა. თუ გავიხსენებთ მარტში ლარის კურსს, სხვაობა თვალშისაცემია. მარტში 1 დოლარის ღირებულებამ 3.40 ლარსაც კი გადააჭარბა. ლარის დასტაბილურებაში ექსპერტების თქმით გადამწყვეტი მნიშვნელობა ფულადმა გზავნილებმა, ტურიზმიდან შემოსავალმა და ექსპორტის ზრდამ იქონია. 

„თიბისი კაპიტალში“ მიიჩნევენ, რომ გამყარების ზეწოლა ლოგიკურია და „როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა“. 

„თიბისი კაპიტალი“ განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ წლის ბოლოსთვის ლარის კურსის გამყარებაა პროგნოზირებული და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სამიზნე მაჩვენებელი ამერიკულ დოლართან მიმართებით 2.70-ით განისაზღვრა, ნაცვლად 2.80-ისა. 

„გასული კვირა, უფრო საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ცვლილებების მხრივ იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რამაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, დოლარის შედარებითი დასუსტება გამოიწვია. 

აშშ დოლარში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნაკლები ტემპით გაზრდა, 10-წლიანი განაკვეთის უკვე დაფიქსირებული შემცირება და დოლარის გაუფასურება საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიური განვითარებაა. თიბისი კაპიტალის წინა შეფასებებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერება და დოლარის დასუსტება საბაზო სცენარს წარმოადგენდა. თუმცა, შესაძლოა რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს. ამ მხრივ უკრაინაში არსებული ვითარების თუნდაც ნაწილობრივი და დროებითი მოგვარება, ასევე დოლარის დასუსტების არგუმენტია, განსხვავებით გლობალური რეცესიის რისკებისა, რა შემთხვევაშიც დოლარის პოზიციები, პირიქით, ძლიერდება. 

მთლიანობაში, დამატებითი ინფორმაციის ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში ასახვის შედეგად, „თიბისი კაპიტალი“ აუმჯობესებს წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80 ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე“, – აღნიშნულია ანგარიშში. 

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროს ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია იგივე ფაქტორებს უკავშირდება, რაც აქამდე იყო: მაღალი სავალუტო შემოდინებები, რაც აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში ფიქსირდება. თავის მხრივ, ეს ეხება ტურიზმს, ექსპორტს და ფულად გზავნილებს. 

„ამ ძირითად კატეგორიებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა ვალუტის შემოდინებების და გადინების დინამიკა პროფიციტულია ანუ პლუსში ვართ. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც ლარის კურსზე დადებითად აისახება. 

ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ასევე ფიგურირებენ მიგრანტები, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ. ვიცით, რომ მიგრანტების მეორე ტალღაც გვქონდა, რომლებიც რუსეთიდან მობილიზაციას გამოექცნენ. ისინი სხვადასხვა შეფასებით არ არიან ისეთი შეძლებულები, როგორებიც იყვნენ პირველი ნაკადის შემთხვევაში (ძირითადად IT-სფეროში დასაქმებულები, მაღალანაზღაურებადი ადამიანები), თუმცა მეორე ნაკადის კატეგორიასაც მოაქვს გარკვეული ფული; რადგანაც ტურიზმის შემოსავლებში მიგრანტების ხარჯებიც ითვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე ნაკადის შემდეგ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ მაღალ ნიშნულზე იქნება“, – აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა. 

რაც შეეხება ლარის გამყარების წლის ბოლომდე შენარჩუნების ალბათობას, ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც რთული სათქმელია. მისივე აზრით, ეს დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად მიგრანტების შემოსვლაზე და ასევე იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საქართველოში. „ჩვენი პროგნოზებით და აქამდე ჩატარებული გამოკითხვებით, მინიმუმ ერთი წელი, ისინი აქ აპირებენ დარჩენას. წლის ბოლომდე ზუსტი ნიშნულის თქმა ამხელა გაურკვევლობის პირობებში რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3-ზე დაბლა დარჩება“, – აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა. 

ცნობისთვის, Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდზე დიდ შემოსავალს მიიღებს და სავარაუდოდ, ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბებს. 

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში შემოსულმა 3.3 მილიონმა ვიზიტორმა ადგილობრივ ეკონომიკაში 2.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მხოლოდ მესამე კვარტალში მიღებული თანხა 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

გარდა ამისა, Galt&Taggart-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ წელს საქართველომ ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან რეკორდულად დიდი – 7-მილიარდიანი შემოსავალი მიიღოს. 

ფულადი გზავნილები ნავარაუდებზე მეტი იქნება 

2022 წლის განმავლობაში საქართველო 4 მილიარდამდე დოლარის ფულად გზავნილებს მიიღებს – ამ პროგნოზს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აკეთებს. გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ქავთარაძემ განაცხადა, რომ მათ გზავნილების პროგნოზი, რაც 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 3.8 მილიარდამდე გაზარდეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ფაქტობრივად მისი მოცულობა 4 მილიარდიც იყოს. 

„განვაახლეთ ფულადი გზავნილების პროგნოზი, მანამდე 3.5 მილიარდ დოლარს ვპროგნოზირდებდით წლიურად, ახლა 3.8 მილიარდს ვპროგნოზირებთ. ამასთანავე, არაა გამორიცხული გზავნილებმა 4 მილიარდსაც კი მიაღწიოს. 

რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, 2.5 მილიარდი დოლარი გვაქვს უკვე 9 თვეში, ტურიზმის შემოსავალმა მესამე კვარტალში 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის დონეზე მთლიანად აღდგეს ტურიზმი და ფაქტობრივად მივიღოთ შემოსავალი 3.3 მილიარდი, 4 მილიარდამდე ფულადი გზავნილები“, – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ. 

2021 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 2.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, ხოლო 2022 წლის 9 თვეში მისი მოცულობა უკვე 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. წელს ყველაზე მეტი თანხა – 1.1 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხეს, რაც მთლიან წინა წელთან შედარებით 700 მილიონით მეტია. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით მეტია. 

ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიღებული გზავნილები მიგრანტთა გადმორიცხვებია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი 29 მილიონით აშშ-ია. 

1. რუსეთის ფედერაცია – $174 მლნ, მატება წინა წელთან 351%; 

2. იტალია – $36 მლნ, მატება წინა წელთან 7%; 

3. აშშ – $29 მლნ, მატება წინა წელთან 17%; 

4. საბერძნეთი – $18 მლნ, კლება წინა წელთან -8%; 

5. ყირგიზეთი – $18 მლნ, მატება წინა წელთან 417%; 

6. ისრაელი – $16 მლნ, მატება წინა წელთან 7%; 

7. გერმანია – $16 მლნ, მატება წინა წელთან 47%; 

8. ყაზახეთი – $10 მლნ, მატება წინა წელთან 72%; 

9. თურქეთი – $10 მლნ, კლება წინა წელთან -1%; 

10. სომხეთი – $9 მლნ, მატება წინა წელთან 677%; 

11. ბელარუსი – $7 მლნ, მატება წინა წელთან 1312%; 

12. აზერბაიჯანი – $5 მლნ, კლება წინა წელთან -42%; 

13. ესპანეთი – $4 მლნ, კლება წინა წელთან -5%; 

14. გაერთიანებული სამეფო – $4 მლნ, მატება წინა წელთან 124%; 

15. საფრანგეთი – $4 მლნ, მატება წინა წელთან 12%; 

16. ტაჯიკეთი – $3.8 მლნ, მატება წინა წელთან 320%; 

17. პოლონეთი – $2.8 მლნ, კლება წინა წელთან -11%; 

18. უზბეკეთი – $2.7 მლნ, მატება წინა წელთან 323%; 

19. ირლანდია – $2.4 მლნ, მატება წინა წელთან 41%; 

20. კანადა – $2.0 მლნ, მატება წინა წელთან 14%. 

სტატისტიკური ინფორმაციით, გაზრდილია საქართველოდან ვალუტის გადარიცხვაც, თუმცა, საქართველოდან გადარიცხული თანხის ზრდა გაცილებით მცირეა, ვიდრე საქართველოში გადმორიცხული ვალუტის მოცულობაა გაზრდილი. შესაბამისად, ლარის კურსის ზრდის საფუძველი მნიშვნელოვანია. 2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა საფრთხის შემცველია 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. კვლევის ავტორების თქმით, ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც აჭარბებს – 64%-ით. 

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს“, – წერია ანგარიშში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. 

„მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა ამ მიზნით გამოყენებული, ამ ქვეყანასთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. 

რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს“, – წერია კვლევაში. 

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. 

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში კი ექსპორტი მთლიანად 6.3%-ით არის გაზრდილი. 

2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია; 

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
 
„რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება“, – ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“. 

„რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან", – წერია ანგარიშში. 

ნაკლებად სავარაუდოა მთავრობამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინოს. დღემდე საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის შედეგად გაჩენილი ეკონომიკური შანსების გამოყენებაზე უარს არ ამბობს და მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული ეკონომიკური შედეგები ჩანს კიდეც. იგივე, ლარის კურსის გაუმჯობესებაში, რუსეთიდან შემოსული მიგრანტების, რუსეთიდან გადმორიცხული ვალუტის და ასევე საგარეო ვაჭრობაში რუსეთთან გაზრდილი მოცულობების დამსახურება დიდია. თუმცა, რა მოხდება ცოტა შორეულ მომავალში – რთული საპროგნოზოა. რისკები და საფრთხეები უფრო მეტად იზრდება თუ საქართველოს ეკონომიკა – ძნელი სათქმელია. 

თემურ იობაშვილი