ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება - №10(274), 2022
აშშ-ის ფედერალური სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების მიზანს ინფლაციასთან გამკლავება წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, ენერგეტიკულ, საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, სესხების გაძვირებას და ინვესტორების მიერ სარისკო პოზიციების შემცირებას იწვევს. თუმცა, მთავარი ბანკირების ამ გადაწყვეტილებების ფონზე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა რიგით მომხმარებელს უწევს, რომელსაც სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირების პარალელურად საკრედიტო ტვირთიც გაეზარდა. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტი უკვე გადმოეცა საქართველოს საფინანსო ბაზარსაც. თუ აქამდე ქართველ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო ლარში გაცემული სესხები ლამის ყოველთვე უძვირდებოდა, ამჯერად უცხოურ ვალუტაში სესხებზეც გაზრდილი პროცენტის გადახდა მოუწევს. 

აშშ-ის ფედერალურმა სისტემამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წლის დასაწყისიდან დაიწყო და ამ პერიოდამდე, ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით საპროცენტო განაკვეთები რამდენჯერმე გაზარდა. ბოლო გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს მიიღო და ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. FED-ის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სპეციალისტები აშშ-ში ოქტომბერში ინფლაციის 10%-ან მაჩვენებელს ელოდებოდნენ, თუმცა ინფლაცია 7.7%-ს დონეზე დაფიქსირდა, რაც სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება. 

ოქტომბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1.25%-დან 1.5%-მდე გაზარდა. ამ შემთხვევაშიც, მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ინფლაციის მოთოკვას ემსახურება. ცენტრალური ბანკის ინფლაციური სამიზნე მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, თუმცა ამჟამად ევროზონაში ინფლაცია 9%-იან ნიშნულს აღემატება. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის – ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილება საქართველოში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე უკვე აისახა. ძნელაძის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.6%-ით გაიზარდა, ახალ შეთავაზებებზე კი ზრდა 3%-დან 5%-მდე მერყეობს, გააჩნია რა კოეფიციენტზეა მიბმული სესხის საპროცენტო განაკვეთი. 

"ცვლადგანაკვეთიან სესხებზე, საპროცენტო განაკვეთები გარკვეულ კოეფიციენტებზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებლად ზემოქმედებს ამ კოეფიციენტზე, მაგრამ ეს შეიძლება არ მოხდეს მომენტალურად, როგორც საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებისას ხდება. ფედერალურმა ბანკმა დღეს თუ შეცვალა მონეტარული პოლიტიკა, იმ დღესვე არ იცვლება საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ცალსახად ახდენს გავლენას. მაგალითად, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი და TIBR ინდექსი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთია, უცხოეთში ასე არ არის. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში მსესხებელს აინტერესებს როგორ შეიცვლება მისი საპროცენტო განაკვეთი, აუცილებლად უნდა ჩახედოს კონტრაქტს, რა კოეფიციენტზეა მიბმული მისი სესხი და ამის ინფორმაცია საჯარო სივრცეში აუცილებლად მოიპოვება. ადრე ეს იყო ლიბორის ინდექსზე მიბმული. როგორც იცით, ლიბორი გაუქმდა. მომავალი წლიდან დოლარის ლიბორიც აღარ იარსებებს, ძალაში ახალი კოეფიციენტები შემოდის. შეიძლება სხვადასხვა ბანკმა სხვადასხვა კოეფიციენტი გამოიყენოს, ამიტომ აუცილებელია ნახოთ, რომელ კოეფიციენტზეა მიბმული თქვენი სესხი. თუ კონტრაქტში ვერ ნახავთ, მომსახურე ბანკს უნდა ჰკითხოთ და აუცილებლად გეტყვით. ასევე, კომერციულ ბანკს აქვს ვალდებულება, რომ შემდეგი თვის საპროცენტო განაკვეთი გარკვეული დროით ადრე შეგატყობინოთ. საკმაოდ პოპულარული გახდა ცვლადგანაკვეთიანი სესხები. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს, რომ გარკვეული სესხები თავიდან არის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით და შემდეგ გადადის ცვლად განაკვეთზე. მაგალითად, მომხმარებელს 2-3 წლის წინ აღებულ სესხებზე შეიძლება მკვეთრი სხვაობაც კი მოუწიოს. ამიტომ იგი უნდა გაერკვეს კონტრაქტში, როდის და რაზე არის მიბმული მისი სესხი", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებების ეფექტი ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის. 

"ფედერალურმა რეზერვმა პროცენტის გაზრდა წლის დასაწყისიდან დაიწყო, ამასთანავე კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოლოდინი შექმნა. ვიხილეთ, რომ საპროცენტო განაკვეთი ერთბაშად 75 საბაზისო პუნქტით გაიზარდა, თანაც რამდენჯერმე. მსგავსი რამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ამასთანავე, პროგნოზირებენ, რომ ეს არ არის უკანასკნელი ზრდა. ასევე ევროკავშირმაც დაიწყო მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრება, რაც პირდაპირპროპორციულად მიმართულია ინფლაციის ზრდის გასაჩერებლად. ინფლაციის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოინახა როგორც ერთადერთი მექანიზმი ამის შესაჩერებლად. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს წლის დასაწყისში ახალ შეთავაზებებზე, საპროცენტო განაკვეთები უკვე გაიზარდა, მაგრამ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სესხები აშშ-სა და ევროკავშირში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირდაპირპროპორციულად ჯერ არ გაძვირებულა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თუ ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკა ამ დონეზე შენარჩუნდება, მომავალ წელს, შეიძლება საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ასევე ყველა ექსპერტის მოლოდინია, რომ საშუალოვადიან, 3-5-წლიან პერიოდში აღარ უნდა ველოდეთ ისეთ დაბალ საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც თუნდაც 2018-2019 წლებში იყო. ცხოვრება შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებში მოგვიწევს", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

ეროვნული ბანკის საკრედიტო პირობების კვლევაში აღნიშნულია, რომ უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის საპროცენტო პირობები მცირედით გამკაცრდა. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. იმავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საკრედიტო პირობების გამკაცრებას ბანკების წარმომადგენლები მომდევნო კვარტალშიც ელოდებიან. 

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს, 2019 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი თითქმის გააორმაგა, 6.5%-დან 11%-მდე გაზარდა. პარალელურად, ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა – საშუალოდ 18%-ია. უცხოურ ვალუტაში სესხებზე შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნარჩუნდებოდა და ეროვნული ვალუტაში სესხები არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდენ. ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, უცხოური ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა რომ შეემცირებინა, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა სხვადასხვა ზომა გაეტარებინა. ერთ-ერთი იყო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ვადიანობის შემცირება. ამჯერად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში სესხებზეც შემცირდება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდება იმის ნიშნები, რომ ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის საფრთხე არ არსებობს. გარდა საპროცენტო განაკვეთების ზრდისა, ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილება გავლენას ახდენს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ვალუტების გაცვლით კურსზეც, თუმცა გვენეტაძე ამ კუთხით საქართველოში საფრთხეს ვერ ხედავს. 

"ინფლაცია არის გლობალური გამოწვევა და ამ მიმართულებით ბევრ ქვეყანაში ბოლო წლების რეკორდები მოიხსნა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ისეთი საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებაზე, როგორებიც არიან ევროპის ცენტრალური ბანკი და ამერიკის ფედერალური რეზერვები, მას აქვს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშებს, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა. სხვანაირად ინფლაციასთან გამკლავება შეუძლებელია. რაც შეეხება გავლენას, როგორც წესი, როდესაც მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, მას აქვს გავლენა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე, რადგანაც მოთხოვნა ამ ეკონომიკების პროდუქციასა და სერვისებზე მცირდება. ამავე დროს გავლენა აქვს ადგილობრივი ვალუტების გაცვლით კურსზე. აქაც სპეციფიკურად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნის ვითარება. დღეს, საქართველოში განსაკუთრებული მდგომარეობაა. უცხოური ვალუტის შემოდინება საკმაოდ დიდია, ვინაიდან ტურიზმმა საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა და მიგრაციაც გაიზარდა. ამ შემთხვევაში ვალუტის კურსზე ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებას გავლენა არ ექნება~, _ ამბობს კობა გვენეტაძე. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ ინფლაციური რისკების გასანეიტრალებლად ცენტრალური ბანკებისთვის ერთადერთი მთავარი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა. ამიტომ მომხმარებელს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში მოუწევთ ცხოვრება. 

"როცა რაღაცის ეფექტს ვზომავთ, საჭიროა გაანალიზება, რა იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი შეფასება, რა ზომის ინფლაცია შეიძლება ყოფილიყო, რომ არა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ერთი რამ რაც ცხადად შეიძლება ითქვას, ინფლაცია მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე დღევანდელი ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შედეგი აქვს, მათ შორის სამომავლო ინფლაციის მოლოდინების კონტექსტში. დღევანდელ შემთხვევაში როდესაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. ცხადია, მოკლევადიან პერიოდში ეს ინსტრუმენტი არის იმისთვის, რომ მოთხოვნაზე უარყოფითი გავლენით ფასების ზრდაზე გავლენა შეამციროს. ბუნებრივია, ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ძირითადი გავლენა აქვს ლარში საპროცენტო განაკვეთებით. ევროპის ცენტრალური ბანკისა და აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ გამკაცრებული პოლიტიკა გვეხმარება იმაში, რომ არა მარტო ლარში, არამედ სხვა ვალუტებშიც საპროცენტო განაკვეთების ზრდით, შემცირდეს მოთხოვნა, რაც ინფლაციაზე დადებით გავლენას მოახდენს. მაღალი საპროცენტო განაკვეთები უნდა ავიღოთ ტვირთად იმისთვის, რომ 2023 წელს-2024 წლის დასაწყისში ინფლაცია კვლავ 3-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს გვქონდეს. ამისთვის ვიხდით ფასს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით", - ამბობს გიორგი პაპავა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო ექსპერტებს უჭირთ პროგნოზი, როგორ განვითარდება ინფლაციური პროცესები და კიდევ რა ფასის გადახდა მოუწევს რიგით მომხმარებელს გაზრდილი ფასების გამო. 
ეროვნული ბანკის ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და საკვები პროდუქტების გაზრდილი ფასები კიდევ მეტად გააძვირა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა, რაც ქვეყანაში მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა. პარალელურად, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მაღალია, რასაც დიდწილად რუსებისა და ბელარუსების ხანგრძლივვადიანი ვიზიტების ზრდის ფონზე, აღდგენილი ტურიზმი უწყობს ხელს. მეორე მხრივ, ძლიერი ეკონომიკური აქტივობისას მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის რისკებიც იზრდება, თუმცა ამას ნაწილობრივ გაცვლითი კურსის ბოლო დროინდელი გამყარება აბალანსებს. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისა და მიწოდების შოკების ამოწურვის შედეგად, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. თუმცა, არსებობს მეორე სცენარიც თუ ინფლაცია, ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, სები რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც არ გამორიცხავს. 

"ამ ეტაპზე გაურკვევლბა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციური რისკებიც მაღალია. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ზე შევინარჩუნეთ. ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის თითოეული ცვლილება ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და სრულად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 4-6 კვარტალში აისახება. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ლარის მსყიდველობითი უნარის სტაბილურობის დასაცავად", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

ამ დროის მონაცემებით, დასკვნა ერთია: მინიმუმ ერთი წელი ინფლაციის მნიშვნელოვან შემცირებას არ უნდა ველოდეთ. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, გლობალურ პრობლემებს ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა. ჩრდილოეთიდან გაზრდილმა მიგრაციამ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. შესაბამისად, ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზომები არც ისე ეფექტიანი აღმოჩნდა. ოქტომბრის მონაცემებით წლის ინფლაცია ისევ ორნიშნა მაჩვენებელზეა და 10,2%-ს შეადგენს. საქართველოს მოქალაქეებს კი ხელში გაძვირებული ფასები და გაზრდილი აპროცენტო განაკვეთები შერჩათ. 

მაკა ხარაზიშვილი