ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი სულ უფრო მასშტაბური ხდება
#2(146), 2012
დაზღვევის სფეროს ლოკომოტივი კი კვლავ სახელმწიფოა

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ამისთვის სახელმწიფო რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს. პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალურ პროექტებზე და მათ შორის, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. 

პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო, რომ პენსიონერებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სახელმწიფო დააზღვევს, წლის ბოლოს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზღვეული იქნება:

„2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით, 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება. 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე, ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი; სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება და ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი ოჯახის ცხოვრებაში~.

გასულ წლებში სახელმწიფომ უკვე სცადა დაზღვევის მსურველი თავად მოსახლეობა გამხდარიყო და ამისთვის 2009 წელს „იაფი დაზღვევის~ პროექტიც აამუშავა. როგორც 5-ლარიანი დაზღვევის პროექტში იყო მითითებული, „ჯანმრთელობის „იაფი დაზღვევის~ პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს 3-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, გარდა სახელმწიფო სახსრებით უკვე დაზღვეული პირებისა და ასევე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც კორპორაციული ან ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობენ. მინიმალური „ბაზისური~ პაკეტის ღირებულება წელიწადში 60 ლარია. აქედან სახელმწიფო თვეში 3,35 ლარს იხდის. მოქალაქემ კი დაზღვევისთანავე, 12 თვის პრემია 19,80 ლარი ერთიანად უნდა გადაიხადოს~.
 
მაშინდელი ინიციატივა გათვლილი იყო მოსახლეობის იმ კონტინგენტზე, ვისაც არ ჰქონდა სახელმწიფო დაზღვევის რომელიმე პროგრამა და შესაბამისად, „იაფი დაზღვევა~ დაზღვეულთა რიცხვის მატებისთვის იყომიმართული. საბოლოო ჯამში „იაფი დაზღვევა~ არც ისე ეფექტიანი აღმოჩნდა, როგორც მისი ინიციატორები თავიდან მიიჩნევდნენ, თუმცა მთლიანობაში დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო.

ბოლო წლებში დაზღვეულთა რაოდენობა მასშტაბურად იზრდება. დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას სახელმწიფო პროგრამები განაპირობებს. ბევრად ნელა, მაგრამ კერძო სექტორის აქტიურობაც სადაზღვევო ბაზარზე მაინც იზრდება.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე დაზღვეულთა ასაკს, იმავე „იაფი დაზღვევის~ დროს 3 დან 60 წლამდე იყო. თებერვალში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სურვილია დაზღვევა საპენსიო ასაკის ადამიანებსაც შეეხოს და სადაზღვევო პრემია სახელმწიფომ დაფაროს.

ამ ინიციატივის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის მიწურულსაც განაცხადა. როგორც მაშინ პრეზიდენტმა თქვა, „დაპირებისამებრ ქვეყანაში პენსიების ზრდის პოლიტიკა გრძელდება და მომავალი წლიდან პენსიები 140 ლარამდე გაიზრდება, რაშიც ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტიც შევა~.

პრეზიდენტის თქმით, „ახალი სადაზღვევო პაკეტი გათვალიწინებული იქნება ყველა პენსიონერზე. ახალ მომსახურებაში შედის გადაუდებელი ოპერაციები, 20% იანი თანადაფინანსებით. გარდა ამისა იქნება ლიმიტირებული ოპერაციები 1500 ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაგეგმილი ოპერაცია სადაზღვევო კომპანიის მიერ 20%-იანი თანადაფინანსებით დაიფარება. ამავე პაკეტში შედის პენსიონერებისათვის წამლის ხარჯის დაფარვა 50%-იანი თანადაფინანსებით, რომლის ლიმიტიც 200 ლარით განისაზღვრა. ასევე მთლიანად დაიფარება სისხლისა და შარდის ანალიზები. ეს არის დაზღვევის საბაზისო პაკეტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა არსებული ფინანსური რესურსების შესაბამისად. სადაზღვევო პაკეტი მომატებულ პენსიებთან ერთად 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაურიგდება ყველა პენსიონერს. შესაბამისად, მომავალი წლის სექტემბრიდან პენსიები 67 წლის ასაკის ზემოთ 140 ლარს მიაღწევს, ანუ პენსიის 125 ლარს დაემატება 15-ლარიანისადაზღვევო პაკეტი.

სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ახალი სადაზღვევო პაკეტი მზადდება 0-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც თითქმის ყველა მომსახურებას ითვალისწინებს, გარდა წამლების დაფინანსებისა~.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტთან შეხვედრისას და სოციალური საკითხების შესახებ მსჯელობისას განაცხადა, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის დაზღვევა მთელ მსოფლიოში რთული საკითხია:

„არა მარტო საქართველოში, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს. აი, ამ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან რთულია საერთოდ დაზღვევის პოვნა. ამიტომაც საზოგადოებას ვთავაზობთ შემოვიტანოთ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც გათვლილი იქნება ყველა პენსიონერზე~.

მისივე განმარტებით, პენსიების ზრდისა და სადაზღვევო პაკეტისთვის უკვე მოძიებულია თანხები 2012 წლის ბიუჯეტში. ამ ინიციატივის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. პენსიონერთათვის განკუთვნილი დაზღვევის დეტალებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განმარტავს:

„ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციები, 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით, ნებისმიერი გეგმიური ოპერაცია 15 000 ლარის ფარგლებში, ასევე 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით, და ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით – ეს ოპერაციები და პროცედურები საზოგადოებას საკმაოდ დიდი თანხა უჯდება; ასევე გათვალისწინებულია უფასო კონსულტაცია ექიმთან და წამლების თანადაფინანსება. დღესდღეობით, ჩვენი პენსიონერების ხარჯის ყველაზე დიდი ნაწილი წამლებზე მოდის. ამიტომ, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. დაბოლოს, ამ სადაზღვევო პაკეტში ასევე შევა შარდისა და სისხლის უფასო ანალიზები. ეს არის ძირითადი, საბაზისო პაკეტი, რომელიც პენსიონერებს 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაურიგდება~.

ახალი საავადმყოფოები – სამედიცინო დაზღვევის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი

მოსახლეობის დაზღვევის პარალელურად სახელმწიფომ ჰოსპიტალური რეფორმის აქტიური ფაზა წამოიწყო და ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 50 ახალი საავადმყოფოს გახსნა მოხერხდა. საავადმყოფოებს სადაზღვევო კომპანიები აშენებენ და ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში 150 ახალი საავადმყოფოს გახსნაა დაგეგმილი. თავად ჰოსპიტალური რეფორმის თავდაპირველი ვარიანტი ჩავარდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და რომელსაც „100 ახალი საავადმყოფო~ერქვა. მაშინ „ბლოკ ჯორჯიამ~ პირობები ვერ შეასრულა და ათეულობით საავადმყოფოს აშენება ვერ შეძლო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ომის და რთული საინვესტიციო პირობების გამო ვერ მოახერხა.
 
„ბლოკ ჯორჯიას~ გამო ჯანდაცვის სისტემას მაშინ კრიტიკა არ დაჰკლებია. არ აკლია შენიშვნები არც სადაზღვევო კომპანიების მუშაობაში არსებულ ხარვეზებს. 2010 წელს სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიები ერთმანეთთან გარიგებაშიც დაადანაშაულა და ის ტენდერი გამოაცხადა ჩაშლილად, რომელსაც უნდა გამოერკვია თუ რომელი სადაზღვევო კომპანია საქართველოს რომელ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურებოდა, ვისაც სახელმწიფომ მისცა ვაუჩერი; გასულ წელს კი კონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიები სერიოზულად `შეანჯღრია~ და სახელმწიფოს ფინანსების მითვისებაში დაადანაშაულა. თუმცა, ამ ამბებმა ჩაიარა და სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ საკუთარი ბიზნესი განავითარონ.

მას შემდეგ, რაც საავადმყოფოების აშენება უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებმა იკისრეს, ახალი კლინიკების მშენებლობის მხრივ შედეგი აშკარაა. მითუმეტეს, ლამის ყოველი ახალი საავადმყოფოს გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება და ტელევიზიებიც აქტიურად აშუქებენ.

ერთ-ერთი ასეთი საავადმყოფო სააკაშვილმა დმანისში გახსნა. მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო პერსონალისათვის ხელფასების დროულად გაცემასთან დაკავშირებით:

„ღმერთმა არ ქნას, რომ ექიმებს და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალს ხელფასები დაუგვიანდეს! ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ახალ შენობებში, სადაც ექიმი და სამედიცინო პერსონალი მთავარია, დარჩეს უხელფასოდ თუნდაც ერთი ან ორი კვირით და ჰქონდეს დაბალი ხელფასი და ისევ პაციენტის ხელის შემყურე იყოს!~, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სადაზღვევო კომპანია IC Group-ს, რომელმაც დმანისის კლინიკა ააშენა. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული დმანისის მრავალპროფილური საავადმყოფო დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს 80 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება.
 
კლინიკის ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია IC Group-მა 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

სადაზღვევო პოლისი ყოველთვის არ ნიშნავს სათანადო მომსახურებას
 
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე კომერსანტ.გე-სთან ინტერვიუშიაცხადებს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულმა ადამიანმა სათანადო მომსახურება ვერ მიიღოს.
 
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ სადაზღვევო სექტორს „თამაშის ახალი წესების~ მიღება მოუწევს. ამ საკითხს გოდაბრელიძე შემდეგნაირად განმარტავს:

„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი დაზღვეული იყოს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლოს. რეალურად, დაზღვევა არ ნიშნავს მხოლოდ ფურცელს, დაზღვევა არის ის მომსახურება, რომელიც ადამიანმა საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს. თამაშის ახალი წესები ნიშნავს მედიაციის სამსახურის გაძლიერებას, ჰოსპიტალებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ხაზგასმული იყო, რომ ვერ დავუშვებთ ხელფასების რამდენიმედღიან და კვირიან დაგვიანებას, რადგან სამედიცინო პერსონალი პაციენტის ჯიბეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული~.

გიორგი გოდაბრელიძის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება კონკრეტული ფაქტებით არის გამოწვეული. ესენია: ხელფასის დაგვიანების შემთხვევები ახლადგახსნილ საავადმყოფოებში, კადრების კომპეტენციის საკითხი...
„ჯანდაცვა ჩვეულებრივი მომსახურების სფეროს არ მიეკუთვნება, რადგან პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან, ამიტომ მასზე უფრო მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, ვიდრე სხვა სფეროებზე~.

გოდაბრელიძის თქმით, წელს 130 ახალი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება, რომელიც უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვას.

„პრეზიდენტის გამოსვლაში აღნიშნული იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რაც საქართველოში აქამდე არ კეთდებოდა. ძალიან საინტერესოა ჰეპატიტთან ბრძოლისა და ცეროზის მკურნალობის საპრეზიდენტო პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ლეიკოზის მიმართულებით.

პრეზიდენტმა ისაუბრა ექიმების კვალიფიკაციის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. მიმდინარე წელს უკვე 2,5 მლნ. ადამიანი იქნება დაზღვეული. მათ შორის, დამატებით, 650 000 პენსიონერი 60 წლის ასაკს ზემოთ და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. საუბარი იყო იმაზეც, რომ დაიფაროს არა მხოლოდ გეგმიური ოპერაციები. თუ ადრე თანხები შეზღუდული იყო, ახლა ლიმიტი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ასევე, სადაზღვევო პაკეტში, მედიკამენტებზე ლიმიტი, 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარითაა განსაზღვრული. 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მე-3 ახალშობილზე, ერთჯერადი დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებს, ხოლო მე-4 და ყოველ შემდგომ ახალშობილზე - 2000 ლარს. 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებში იზრდებიან, დაზღვეული იქნებიან~.
 
როგორც გოდაბრელიძე აცხადებს, ამ ინიციატივების ნაწილის განხორციელება დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ნაწილის კი, პენსიონერების დაზღვევა და სხვა – სექტემბრიდან. მიმდინარე წელს ყველა პროგრამა ამუშავდება.

სადაზღვევო კომპანიების კომენტარები

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის~ გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო თვეების მანძილზე სადაზღვევო სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა და ათეულობით ახალი კლინიკა გაიხსნა. ხალხს გაუჩნდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ზოგს კი, ვინც დაზღვეულია, ფინანსური ხელმისაწვდომობა მაღალი დონის სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ არის პრობლემები, რადგან ჯანდაცვის სისტემის რეფორმები ახლა მიმდინარეობს.

„თავისთავად, ეს მტკივნეული პროცესია და პრობლემატიკას შეიცავს. მათ აღმოფხვრაზე ჩვენ და სახელმწიფომ ერთად უნდა ვიზრუნოთ. სადაზღვევო სექტორი ამისათვის ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია. ეს არის მიმდინარე პროცესი, რის მოწესრიგებასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება~.

გამყრელიძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში, ზოგადად, სადაზღვევო კომპანია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მოტივირებულია დაზოგოს ზარალი და შეიძლება ამა თუ იმ კონტრაქტის რაღაც დონეზე ინტერპრეტაცია მოახდინოს. თუმცა, პროდუქტების სტანდარტიზება და გარკვეული ჩარჩოები ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და კომუნიკაციას უფრო წარმატებულს გახდის.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სადაზღვევო კომპანიებისთვის „თამაშის ახალი წესების~ შესახებ, `ალდაგი ბისიაის~ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამაზე, ჯერჯერობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგი როდესაც იქნება, კონკრეტულ კომენტარს მაშინ გააკეთებს. კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მედიაციის სამსახურს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა როგორც სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა, ასევე, სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების ინტერესების დაცვის კუთხით. არსებობენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც კლინიკების დიდი დავალიანება აქვთ.

გამყრელიძე იმ პრობლემებზეც მიანიშნებს, რომლებსაც სადაზღვევო კომპანია კლინიკების მართვაში აღების შემდეგ ხვდება.

„მოგვიხდა რეტესტირების ჩატარება, ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები, ზოგიერთი თანამშრომელი გავათავისუფლეთ. ჩვენ ვცდილობთ, თანამედროვე ტიპის ჰოსპიტალური მართვა ავაწყოთ ქსელის მასშტაბით. ეს მტკივნეული, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაუვალიპროცესია~.

რაც შეეხება დაზღვეულთა მომსახურებას, გამყრელიძის თქმით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც დაზღვეული, ისე დაუზღვეველი ადამიანები აქ უპრობლემოდ იღებენ საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას. დაზღვეულები ამ მომსახურებას იღებენ შეღავათით ან თანადაფინანსებით, ხოლო დაუზღვევლები _ გარკვეული საფასურის გადახდით. `ჩვენი კომპანია იწყებს ძალიან აგრესიულ კამპანიას იმ ადამიანების ჩასართავად ამ სექტორში, ვინც დღეს მკურნალობის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდის~, - ამბობს გამყრელიძე.

ატყუებს თუ არა საქართველოს სადაზღვევო სექტორი დაზღვეულებს? მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხშირად მანიპულაციების შედეგად, დაზღვეულმა არ იცის, რას დაფარავს დაზღვევა.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ განცხადებით, მოტყუებულ მომხმარებლებში სახელმწიფო პროგრამითდაზღვეულთა ის ნაწილი იგულისხმება, შეძენილი პაკეტის სერვისებში რომ ვერ ერკვევიან და გაუთვალისწინებელი შემთხვევების ანაზღაურებას ითხოვენ. ამ თემაზე კომენტარები გააკეთეს „ჯიპიაი ჰოლდინგში~, სადაც აცხადებდნენ, რომ კონსულტაციები ახალი წესების და ერთგვარი სტანდარტის შემოღებაზე მიმდინარეობს.

ასე რომ, სადაზღვევო სექტორში ახალი რეალობა იქმნება. სახელმწიფო გაცილებით მკაცრად ერევა ამ სფეროში, თუმცა, ესეც გასაგებია. როდესაც სახელმწიფო სახსრებით ხდება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაზღვევა, ხოლო შემდეგ დაზღვეული ადამიანები ზოგჯერ სათანადო სერვისს ვერ ღებულობენ, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს რაზე ხარჯავენ ფულს სადაზღვევო კომპანიები.

თემურ იობაშვილი