ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
დაზღვევის ბაზარზე კომპანიების გაერთიანება გახშირდა
#4(148), 2012
"ალდაგი ბისიაიმ" "იმედი ელი" იყიდა

აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალდაგი ბისიაი" აპირებდა ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის, "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია იმედი ელ ინტერნეშენელის" ყიდვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2010 წლის წლიური მაჩვენებლებით "იმედი ელმა" საქართველოს დაზღვევის ბაზარზე ყველაზე მეტი ჯამური პრემიისმოზიდვა შეძლო და ბაზრის ერთპიროვნულ ლიდერობას მიაღწია, კომპანიის აქციების გაყიდვა, მეტადრე კი უშუალო კონკურენტისთვის გადაცემა ცოტა უჩვეულოდ ჩანდა. თუმცა, უკვე მაისის დასაწყისში ეს ინფორმაცია დადასტურდა _ `იმედი ელის~ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს `მეტას~ 100% წილი შეიძინა „საქართველოს ბანკის~ შვილობილმა სს `სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ~. შესაბამისად, `ალდაგი ბისიაი~ კვლავ ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე გახდა.

„საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური შენაძენით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი შენაძენია და „ალდაგი ბისიაის~ საშუალებას მისცემს ბაზარზე საკუთარი წილი მყისიერად გაზარდოს. მისივე თქმით, „ალდაგს~ აქვს კარგი გამოცდილება სადაზღვევო და სამედიცინო კომპანიების შერწყმის კუთხით. „იმედი ელის~ შერწყმა კი, ირაკლი გილაურის განცხადებით, სტრატეგიული გეგმების განხორციელების საქმეში კარგ მდგომარეობაში ჩააყენებთ და საშუალებას მისცემთ უახლოეს წლებში ამ სეგმენტიდან ბანკის შემოსავალი 10%-ით გაზარდონ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ „ალდაგი ბისიაიმ~ „იმედი ელის~ 85%-იანი წილი 8 მილიონ ლარად შეიძინა.

„ალდაგი ბისიაის~ ისტორია

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი პირველი კომპანია „ალდაგი~ იყო, რომელიც 1990 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ კომპანიას ბაზარზე ლიდერის პოზიცია წლების მანძილზე უცვლელად ეჭირა. საკმაო ხანს ბაზარზე კონკურენცია რეალურად არც არსებობდა: არც დაზღვევა იყო დღევანდელის მსგავსად პოპულარული და არც კომპანიები ხარჯავდნენ იმდენს, რომ სადაზღვევო ბაზარი გამოეცოცხლებინათ.

ამ პერიოდში „ალდაგი~ უპირობო ლიდერი იყო და დაზღვეულთა უდიდესი წილი სწორად „ალდაგის~ კლიენტი იყო. თუმცა, რაც დაზღვევის ბიზნესი სულ უფრო მომზიდველი საქმიანობა გახდა, ბაზარზე სადაზღვევო კომპანიებიც მომრავლდა. იმავდროულად, ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდა და სადაზღვევო კომპანიების გამსხვილება-შერწყმის პროცესებიც დაიწყო.

2005 წელს „ალდაგი~ სადაზღვევო კომპანია „სელბის~ მფლობელი გახდა. „საქართველოს ბანკის~ შვილობილმა სადაზღვევო კომპანია „ბისიაიმ~ კი „ევროპეისის~ 100% აქციები შეიძინა.

იმ პერიოდში „ბისიაიმ~ საკმაოდ მასშტაბური საქმიანობა დაიწყო და შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარზე მისი წილიც იზრდებოდა. „ბისიაის~ აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი იყო პროგრამა „ჩემები~ – ოჯახზე გათვლილი სადაზღვევო პროდუქტები. 2005 წლის მდგომარეობით, „ბისიაის” წილმა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 14,6% შეადგინა (2005 წელს ქართული სადაზღვევო ბაზრის გადანაწილება ასეთი იყო: `ალდაგი~ – 27,3%, `იმედი ელი~ – 15,9%, `ბისიაი~ – 14,6%, `ჯიპიაი~ – 14,0%, `ირაო~ – 6,6%, `ევროპეისი~ – 5,5%, სხვები – 16,1%).

დაზღვევის ბაზარზე „ბისიაის~ წილის კიდევ უფრო გასაზრდელად „საქართველოს ბანკმა~ სადაზღვევო ბაზრის ლიდერის – „ალდაგის~ ყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამ გარიგების შედეგად, ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია – „ალდაგი ბისიაი~ გამოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის 2007 წლის წლიურიმონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებმა იმ წელს მთლიანად 118.836.623 ლარი ჯამური პრემია მოიზიდეს, აქედან „ალდაგი ბისიაის~ მიერ 40.991.604 ლარი იყო მოზიდული, რაც ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული მთლიანი ჯამური პრემიის 34,49% ს შეადგენდა. მეორე ადგილოსანი `ჯიპიაი ჰოლდინგი~ 2007 წელს ბაზრის 22%-ს ფლობდა.
2010 წლამდე პირველ ორ ადგილს სწორედ ეს ორი კომპანია ინარჩუნებდა, 2010 წლის წლიური მონაცემებით კი, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერი „იმედი ელი~ გახდა.    

ბაზარზე „იმედი ელის~ წილმა 22,05% შეადგინა. კომპანია ბაზრის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, 2010 წელს უფრო მეტი მოზიდული ჯამური პრემიით გამოირჩა. 2009 წელს კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია თუ 61.718.681 ლარი იყო, 2010 წელს მიღებულმა შემოსავალმა 79.693.890 ლარი შეადგინა. ეს კი მოზიდული პრემიის 29,12%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებლებს, 2010 წელს `იმედი ელმა~ 37.253.214 ლარი აანაზღაურა. 2009 წელს კი იგივე მაჩვენებელი „იმედი ელს~ 30.165.122 ლარი ჰქონდა. ამდენად, ზარალის ანაზღაურების მხრივაც „იმედი ელს~ 23,50%-იანი ზრდა ჰქონდა.

2010 წელს „ალდაგი ბისიაიმ~ ბაზრის 18,56% დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი~ გავიდა ბაზრის 15,01%-იანი წილით.

კომპანიების გაერთიანება – დღევანდელი ტენდენციაა

სანამ „იმედი ელის~ აქციებს იყიდდა, „ალდაგი ბისიაიმ~ უკვე შეიერთა სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი~ და ჰოსპიტალური სექტორის პროექტის უმსხვილესი მოთამაშე „ბლოკ ჯორჯიას~ წილი. „იმედი ელის~ აქციები კი „ალდაგი ბისიაიმ~ შპს „მეტასგან~ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან გამოისყიდა, რომელიც „იმედი ელის~ აქციებს ფლობდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის 3 კვარტლის მონაცემებში სადაზღვევო ბაზრის ლიდერი კვლავ შეცვლილია და იგი „ჯიპიაი ჰოლდინგია~. „ჯიპიაიმ~ ოდნავ მეტი ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო, ვიდრე „ალდაგი ბისიაიმ~ და ბაზრის ლიდერი გახდა. „ჯიპიაის~ წილად 45.125.279 ლარია მოზიდული, რაც ბაზრის 17,14%-ია, ხოლო „ალდაგი ბისიაი~ 45.040.103 ლარის მოზიდვით ბაზრის 17,11%-იან წილს ფლობს.

ამავე პერიოდში წინა წლის ლიდერმა „იმედი ელმა~ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კომპანიამ 42.765.263  ლარის მოზიდვა და ბაზრის 16,25%-ის დაკავება შეძლო. „იმედი ელის~ აქციების ყიდვის შედეგად „ალდაგის ბისიაიმ~ ბაზარზე არამარტო პირველი ადგილი დაიბრუნა, არამედ უახლოეს კონკურენტთან შედარებით ბაზრის წილების ფლობაში მნიშვნელოვან სხვაობასაც მიაღწია. კომპანიის წილი ბაზარზე 34%-ს აღწევს.

როგორც გარიგების მოცულობით ირკვევა, ეს იყო საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მსხვილი ფინანსური ოპერაცია, რაც აქამდე მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანების შედეგად კომპანიის საცალო მომხმარებელთა რაოდენობა 420 000-ს გადააჭარბებს. ასევე მნიშვნელოვნად გამსხვილდება „ალდაგი ბისიაის~ მფლობელობაში მყოფი ჯანდაცვის ბიზნესი, სადაც ჰოსპიტალების რაოდენობა 26-ს მიაღწევს 1200-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლით.

„საქართველოს ბანკმა~ სადაზღვევო  კომპანია „ალდაგი ბისიაის~ კაპიტალი შეავსო დამატებით 32,5 მილიონი ლარით, რის შედეგადაც „ალდაგი ბისიაის~ საკუთარი კაპიტალის ოდენობამ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა. გაერთიანების შედეგად „ალდაგი ბისიაი~ სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე კომპანია გახდება, რაც მისი წარმომადგენლების თქმით, კლიენტების კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.

ინტერნეტ-პორტალ კომერსანტ.გე-ზე გავრცელებული კომენტარის მიხედვით, „ალდაგი ბისიაის~ ხელმძღვანელი გარიგებით კმაყოფილია.

„მოხარული ვარ, რომ ეს გარიგება წარმატებით დასრულდა და მინდა მივულოცო როგორც აქციონერებს, ასევე კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. სადაზღვევო და ჯანდაცვის ბაზრებზე ჩვენი გამსხვილება ჩვენ მიერ გაცხადებული სტრატეგიის შედეგია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სტაბილური და ხარისხიანი სერვისის მიწოდებას~, - განაცხადა „ალდაგი ბისიაის~ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ.

ნიკა გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისათვის კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინოტარულ აქციონერებთან, რათა „ალდაგი ბისიაიმ~ „იმედი ელის~ აქციათა სრული პაკეტი – 100% შეიძინოს. გამყრელიძის განმარტებით, კომპანიათა შერწყმის პროცესი უკვე მიმდინარეობს და პირველ ეტაპზე, დაახლოებით, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, ორივე კომპანია საკუთარ საქმიანობას კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებს.

რა გახდა „იმედი ელის~ გაყიდვის მიზეზი

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც komersant.ge ავრცელებს, „იმედი ელის~ აქციების გაყიდვის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. საქმე ეხება ჰოსპიტალური რეფორმის კუთხით ნაკისრ ვალდებულებას. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების მიერ კლინიკების მშენებლობის ვალდებულებას. ოფიციალურად ეს ვერსია უარყო „ალდაგი ბისიაიმაც~ და თავად „იმედი ელმაც~. თუმცა, პრობლემების ირიბად დადასტურება „იმედი ელში~ მაინც მოხდა.
 
„იმედი ელის~ ერთ-ერთი ხელმძღვანელის – ნიკა ჩიხლაძის თქმით, უშუალოდ კომპანიას პრობლემები არ ჰქონია, თუმცა იყო გარკვეული შეფერხებები ჰოსპიტალურ სექტორში აღებულ ვალდებულებებთანდაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება მათ შესრულებაში დაეხმარებათ.

არაოფიციალური  ინფორმაციით, `იმედი ელს~ ფინანსური პრობლემები გასული წლის ზაფხულიდან დაეწყო.

გასულ წელს ფინანსური პრობლემები შეექმნა სადაზღვევო კომპანია „პარტნიორს~ და ისიც „ალდაგმა~ შეიერთა. ხოლო იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილი `ვესტის~ დაზღვეულებს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ ემსახურება.

როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, სადაზღვევო კომპანიების გაერთიანება ლოგიკურია, რადგან საქართველოს პირობებში ამდენი კომპანია ბაზარს არ სჭირდება.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა „იმედი ელი~ მართლაც იყო ჰოსპიტალური სექტორის გამო პრობლემებში. თუმცა, სფეროში პრობლემების მიზეზი მხოლოდ კერძო კომპანია არ შეიძლება იყოს.

„აქ ერთი დამნაშავის ძებნა სწორი არ იქნება. ამ თემაზე საუბარში სახელმწიფო, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესი ერთად უნდა იყოს ჩართული. დღევანდელი სიტუაცია თუ გაგრძელდა, „განტევების ვაცი~ ყოველთვის სადაზღვევო კომპანია ან მისი ჰოსპიტალი იქნება, მაგრამ რეალურად პრობლემა სისტემაშია. არ არის განსაზღვრული, ვის რა პასუხისმგებლობა აქვს.

ახალ მინისტრს ჯერ ვერ მოვთხოვთ დაზღვევის ან ჯანდაცვის პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შექმნას, მაგრამ აქამდე არ მინახავს დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო პოლიტიკა დაზღვევის სფეროში. ბაზარი მუდმივად რყევებშია. ბუნებრივია, სადაზღვევო ბიზნესი დაზარალდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კომპანიები არ არიან მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესის მომსახურე კომპანიები. მათ პორტფელში სხვა სახის დაზღვევებიცაა.

დაზღვევის სფეროს ჩავარდნა საზოგადოებისთვის  კარგის მომტანი არ იქნება. ამას ისიც უნდა დავამატოთ, რომ 2 სადაზღვევო კომპანიის მიმართ უკვე დაწყებულია გაკოტრების პროცესი, ამ ინფორმაციას სახელმწიფოც საჯაროდ ავრცელებს. სახელმწიფოს, ალბათ, მოუწია ამ პროცესებში ჩარევა, რადგან გასული წლის ზაფხულის მონაცემებით, 1,5 მლნ-ზე მეტი ბენეფიციარისგან 30-40% „იმედი ელის~ მომსახურებაში შედიოდა. შესაბამისად, ეს ადამიანები მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ, სახელმწიფო რომ არ ჩარეულიყო. სახელმწიფოს ყოველთვის მოუწევს მეხანძრის როლის შესრულება, თუ პრობლემები სისტემურად არ იქნება გააზრებული~.

სადაზღვევო ბაზარზე მომხდარი ცვლილების კომენტირებისას „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო სფეროს მოთამაშეების გაერთიანება მოსალოდნელი იყო და დროთა განმავლობაში ბაზარზემხოლოდ 4-5 კომპანია დარჩება, რომელიც საავადმყოფოების მართვას და ბაზარზე დარჩენას შეძლებს.

ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი, რომ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგი~ მენეჯმენტში ცვლილებებს ატარებდა. „ჯიპიაი-ჰოლდინგს~ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. გიორგი კვირიკაძე „ირაოს~ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა პაატა ლომაძემ შეცვალა. ჯერ კიდევ გასულ წელს „ჯიპიაი~ და „ირაო~ ოფიციალურად გაერთიანდნენ ერთი ფინანსური ქოლგის ქვეშ. ორივე მათგანის მთავარი აქციონერი ვენის სადაზღვევო ჯგუფია. გიორგი კვირიკაძეს „ჯიპიაი ჰოლდინგის~ ჰოსპიტალური მიმართულება ჩააბარეს, ხოლო „ირაოს~ პირველი პირი ვახტანგ დეკანოსიძე გახდა, რომელიც გასულ წელს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის~ პირველი პირი იყო.

მიბაძავს თუ არა „ალდაგი ბისიაი~ – „ჯიპიაის~ და „ირაოს~, რომლებიც ბაზარზე ორი ბრენდით აპირებენ დარჩენას, ჯერ უცნობია.

რადიო `კომერსანტის~ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საბროკერო კომპანია „გრას სავუას~ ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშის ჩამოყალიბების ტენდენციაა, რამაც შესაძლოა კონკურენტული გარემოს შემცირებაზე იმოქმედოს. „გრას სავუას~ მმართველი პარტნიორი „კომერსანტის~ პირდაპირ ეთერში განმარტავს, რომ დღეს ბაზარზე 13 კომპანია მოღვაწეობს, რაც ბევრია და კარგი იქნება თუ რაოდენობა შემცირდება.

თუმცა, მისივე თქმით, „ირაოს~ და „ჯიპიაის~ შემდეგ, „იმედი ელის~ და „ალდაგის~ გაერთიანებით ორი ძირითადი მოთამაშე ჩნდება და პატარა კომპანიებმა მათ გამონსტრებას ხელი უნდა შეუშალონ. „გრას სავუაში~ ამბობენ, რომ მონოპოლია ბაზარზე შესამჩნევი არ არის და ამ ფაქტს არც მარეგულირებელი დაუშვებს, თუმცა, პატარა, იმიჯიანი კომპანიები უნდა გააქტიურდნენ.

სადაზღვევო ასოციაციის კომენტარი

რადიო `კომერსანტთან~ ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაერთიანებით შექმნილი დიდი კომპანია აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოემზადება. თუმცა, მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარში ნიკა გამყრელიძე ჯერჯერობით საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას არ გეგმავს.

დევი ხეჩინაშვილის თქმით, დროთა განმავლობაში კომპანიების სრული გაერთიანება მოხდება, რაც სერიოზული განაცხადი იქნება საერთაშორისო ბაზრიდან ინვესტიციების მოსაზიდად. დევი ხეჩინაშვილის თქმით, გაერთიანებით ზედმეტად გაზრდილ წილზე საუბარი არ შეიძლება იყოს, რადგან `ალდაგი ბისიაი~ სავარაუდოდ ბაზრის მხოლოდ 25%-ს გააკონტროლებს. ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი ჰოსპიტალური სექტორისფარგლებში აღებული ვალდებულებების გამო სხვა კომპანიების `იმედი ელის~ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას გამორიცხავს. მისი შეფასებით, სხვებმა საკუთარი ვალდებულებები თითქმის შეასრულეს, `იმედი ელს~ კი დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხა.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად `იმედი ელის~ მიერ წლების განმავლობაში მოზიდული პრემიის მასშტაბურობისა, კომპანიის პრობლემები და ის ფაქტი, რომ 2010 წელს მათი სუფთა მოგება 2 მილიონი ლარი იყო, გარიგების თანხისადმი ეჭვების გამოთქმის საფუძველს ნაკლებად ტოვებს. ამასთან, გარიგების პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოფნა სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რვა მილიონი რეალური თანხაა. `იბიარდი~ კი `იმედი ელის~ ერთ ერთი აქციონერი იყო.

ნიკა გამყრელიძე: ეს არის შანსი წარმატებისთვის

`ალდაგი ბისიაის~ დირექტორი აცხადებს, რომ ეს გარიგება ორივე მხარის აქციონერებისათვის მიმზიდველი იყო და ამიტომ შედგა, არა იმიტომ, რომ „იმედი ელს~ რაიმე პრობლემა ჰქონდა. გამყრელიძის თქმით, როგორც „ალდაგისთვის~, ისე „იმედი ელისთვის~ ეს არის უნიკალური შანსი, რომ კონსოლიდაციის შედეგად კომპანია უფრო მომგებიანი გახდეს.

გამყრელიძე უარყოფს, რომ შექმნილი მდგომარეობით „ალდაგი ბისიაი~ ბაზრის მონოპოლისტი ხდება. მისი თქმით, სადაზღვევო ბაზარზე 33%-იანი წილი მონოპოლიას არ ნიშნავს.

„ჯანდაცვის ბაზარზე მართალია, უმსხვილესი კომპანია ვიქნებით, მაგრამ დაახლოებით, 15%-იანი წილი გვექნება. მონოპოლიისგან ნამდვილად შორს ვართ, მაგრამ უმსხვილესი მოთამაშეები ნამდვილად ვიქნებით და კონკურენციისთვის მზად ვართ~.

გამყრელიძე ჯერჯერობით კომპანიის კიდევ უფრო გამსხვილებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკვე მომხდარი შერწყმის შესაბამის საქმიანობას ატარებენ. მორიგ გამსხვილებაზე კი ჯერ კომპანიაში არ ფიქრობენ.

„ალდაგი ბისიაიში~ აცხადებენ, რომ რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კუთხით ნაკისრ ვალდებულებებს, კომპანიას პრობლემა არ შეჰქმნია.

„ეს არის ჩვეულებრივი ოპერირების პროცესი, როდესაც ვალდებულებებს იღებ რაიმე  კაპიტალდაბანდებაზე, საჭიროა სწორი დაგეგმვა და მართვა. ჩვენ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება ვადაში ან ვადაზე ადრე შესრულდა. კომპანიას არავითარი ფინანსური შეფერხება ამ კუთხით არ ჰქონია. ჩვენ ძალიან დაბალპროცენტიანი რესურსი მოვიზიდეთ ამის განსახორციელებლად. ასევე შესრულდება „იმედი ელის~ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება~.

რაც შეეხება გარიგების ღირებულებას – 8 მილიონ ლარს, ნიკა გამყრელიძე ამბობს, რომ ეს არის „იმედი ელის~ წმინდა აქტივების ღირებულება.

„ჩვენ შევთავაზეთ აქციონერებს ეს თანხა და ისინი დაგვთანხმდნენ. გარდა ამისა, ავიღეთ ვალდებულება და „ალდაგი ბისიაის~ საწესდებო კაპიტალი 32 მლნ ლარით შეივსო. ეს თანხა, ძირითადად, საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება, რომელიც „იმედი ელთან~ ერთად გვაქვს~.

`ალდაგი ბისიაიში~ აცხადებენ, რომ „იმედი ელში~ დაზღვეულები შეფერხების გარეშე განაგრძობენ სერვისების მიღებას. „იმედი ელი~ აგრძელებს მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და კონტრაქტის იგივე პირობები დარჩება და დაზღვეულებს იგივენაირად მოემსახურებიან.
გამყრელიძე აცხადებს, რომ კომპანიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ერთი ბრენდით დარჩებიან ბაზარზე თუ ორით.

„ამ საკითხზე ჩვენ ვფიქრობთ. ორივე ძლიერი ბრენდია, ამიტომ გვენანება რომელიმეს დაკარგვა. შეიძლება მულტიბრენდულად გამოვიდეთ ბაზარზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია~.

"ფინანსური პრობლემების მიზეზი სახელმწიფო პროგრამებზე დაბალი ფასი და ზარალიანობის ზრდაა"

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე კონკურენციის და შესაბამისად, მომსახურების ხარისხის ზრდაა მოსალოდნელი. გიგოლაშვილი „ალდაგის~ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფნას გამორიცხავს. მისი თქმით, საქართველოში დაზღვევის ბაზარი დინამიკურად ვითარდება და ამ პროცესს თან ლოგიკური პროცესებიც ახლავს:
`ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბაზრიდან წავიდა 2 კომპანია, 1 სადაზღვევო კომპანია 100%-ით გაიყიდა, ბოლოს მოხდა ბაზრის ლიდერების გაერთიანება.
ეს პირიქით ხელს შეუწყობს ისედაც მძაფრი კონკურენციის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ძირითადად ხარისხის ზრდის საშუალებით – ახალი მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი ეცდება თავისი პოზიციების შენარჩუნებას, სხვებს კი ექნებათ მასთან მეტოქეობის დიდი სურვილი. ასევე არ მიმაჩნია სწორად `იმედი ელთან~ დაკავშირებით სიტყვა `გაკოტრების~ ხსენება. ამ კომპანიას უარი არ უთქვამს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე, სწორედ ამის საფრთხემ (და არა ფაქტმა) და კიდევ სხვა ბიზნეს-ინტერესებმა გამოიწვია მისი მხრიდან აქციათა 85%-ის გაყიდვა~.
 
გიგოლაშვილი შექმნილ მდგომარეობაში ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო პროგრამების დაბალ ფასს ასახელებს.
`იმედი ელის~ ფინანსური პრობლემების მიზეზი სახელმწიფო პროგრამებზე დაბალი ფასი და ზარალიანობის ზრდაა, ესეც საავადმყოფოების შენების ანუ მაღალი ინვესტიციების ფონზე უნდა განვიხილოთ. თანაც ეს არაა მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა, ფასის გადახედვის საჭიროებას ინდუსტრიის ყველა მოთამაშე ეთანხმება~.

ასე რომ, დაზღვევის ბაზარზე საქმიანობა სულ უფრო დინამიკური ხდება. კომპანიების შერწყმაც ბიზნესის თანამდევი პროცესია. რამდენად სწორი იყო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით `ალდაგი ბისიაის~ მიერ `იმედი ელის~ აქციების გამოსყიდვა, კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდება, როდესაც ეროვნული ბანკი სადაზღვევო კომპანიების გასული წლის შემაჯამებელ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

თემურ იობაშვილი