ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ქართული სადაზღვევო კომპანიების 2011 წლის შედეგების მიმოხილვა
#6(150), 2012
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ – "ალდაგი ბისიაის" მიერ "იმედი ელის" შეძენის და "ჯიპიაი ჰოლდინგის" და სადაზღვევო კომპანია "ირაოს" გაერთიანების შესახებ "ააფ"-ის ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით. თუმცა, 2011 წლის სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ თვეში გამოაქვეყნა, ამ კომპანიების სტატისტიკური მაჩვენებლები დამოუკიდებლად არის ნაჩვენები. ცხადია, 2012 წლის მაჩვენებლებში ეს შეერთებები მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს, თუმცა ჯერ ის მდგომარეობა შევაფასოთ, რაც 2011 წელს ასახავს.
 
2010 წლის მსგავსად, 2011 წლის სადაზღვევო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს ბაზარზე ლიდერი სადაზღვევო კომპანია კვლავ შეცვლილია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით გასული წლის ლიდერი გახდა „ჯიპიაი ჰოლდინგი~ წლის მანძილზე მოზიდული 58,052,654 ლარით. მეორე ადგილზე გასული „ალდაგი ბისიაი~ ლიდერს მცირედით ჩამორჩა. მისმა მოზიდულმა პრემიამ 57,456,763 ლარი შეადგინა, ხოლო ლიდერთა სამეულში მესამე პოზიცია დაიკავა 2010 წლის ლიდერმა –  „იმედი ელ~-მა. ამ კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 2010 წლის მანძილზე 51,987,003 ლარია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მთლიანად მოზიდული ჯამური პრემია 321,147,047 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 40,310,113 ლარით ნაკლებია. ამის მთავარი მიზეზი, ექსპერტთა თქმით, სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამინებისთვის სადაზღვევო პრემიის შემცირება გახდა. შესაბამისად, მართალია დაზღვეულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ სადაზღვევო პაკეტის ღირებულების შემცირება სადაზღვევო კომპანიებისთვის ნაკლები პრემიის მოზიდვის მიზეზი გახდა. 2010 წელს კომპანიებმა ჯამში 361,457,160 ლარის მოზიდვა შეძლეს.

აქამდე ჯამური პრემიის მოზიდვა წლიდან წლამდე მატულობდა. 2010 წელს მოზიდული პრემიის ზრდა 2009 წელთან შედარებით შემცირებული იყო, თუმცა ზრდა მაინც დაფიქსირდა და მატებამ 1,008,036 ლარი შეადგინა. მანამდე კი ზრდა საკმაოდ მასშტაბური იყო და კომპანიების მიერ მოზიდული პრემიაც და მოგებაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მიუხედავად სადაზღვევო ბაზარზე ბოლო წლებში გამოცოცხლების თვალსაჩინოებისა, კვლავ მცირეა სადაზღვევო პროდუქტებზე კერძო სექტორის დაინტერესება და დაზღვევის საქმიანობის ლოკომოტივს დღესაც სახელმწიფო პროგრამები წარმოადგენს. სახელმწიფოპროგრამები იყო მთლიანად სფეროს გააქტიურების მთავარი მიზეზი და სწორედ სახელმწიფოს მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისების რაოდენობა განაპირობებდა სექტორის სწრაფ ზრდას.

რაც შეეხება ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებლებს, ამ მხრივ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა და 221,908,033 ლარს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2010 წელს 188,764,463 ლარი იყო. საყურადღებოა, რომ 2010 წელს ბოლო წლების მანძილზე პირველად იყო ზარალის ანაზღაურების ტენდენცია წინა წელთან შედარებით შემცირებული. თუ ერთი შეხედვით შევაფასებთ მოვლენას, როცა ჯამური პრემია მატულობს, ხოლო ანაზღაურებული ზარალის მოცულობა მცირდება _ ეს სადაზღვევო კომპანიისთვის მოგების ზრდას ნიშნავს. 2011 წელს კი, წინა წელთან შედარებით მოზიდული ჯამური პრემია 40,310,113 ლარით ნაკლებია, იმავე 2010 წელთან შედარებით ანაზღაურებული ზარალი კი 33,143,570 ლარით გაზრდილია და 221,908,033 ლარს შეადგენს. ეს კი ასევე თვალის ერთი შევლებით სადაზღვევო კომპანიებისთვის მოგების შემცირებას ნიშნავს. სამაგიეროდ, ამ მაჩვენებლის მიხედვით დაზღვეული მომხმარებლის სარგებელია გაზრდილი.

სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც 2011 წელს აქტიურობდნენ, 14-ია. წინა წელს ასეთი კომპანიების რაოდენობა 16 იყო. თუმცა მათგან ერთი _ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის~ სადაზღვევო პორტფელი `ალდაგი ბისიაიმ~ შეიძინა და შესაბამისად, „პარტნიორმა~ ცალკე ბრენდად მოქმედება შეწყვიტა. ორი სადაზღვევო კომპანია კი, რომლებიც 2010 წელს ბაზარზე 16 მოქმედ კომპანიას შორის იყვნენ _ ამჟამად გაკოტრების რეჟიმში იმყოფებიან: შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსი~ და შპს სადაზღვევო კომპანია `ვესტი~.
გარდა კლებისა, საქართველოს სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშეც დაემატა.

2011 წლიდან საქართველოს დაზღვევის ბაზარზე კომპანია „უნისონი~ გამოჩნდა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა მითითებული:

„სადაზღვევო კომპანია `უნისონი~ _ მძლავრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და გადამზღვეველების პარტნიორია და მის მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო დაფარვები გადაზღვეული იქნება მსოფლიოს რეიტინგულ გადამზღვევ კომპანიებში (Hაannover Re, Polish Re, Allianz, SCOR, Transatlantic Re, Lloyd’s of London, Ace European Group), რაც უზრუნველყოფს საიმედოობას და იძლევა მასშტაბური მოცულობის რისკების სრულიად დაფარვის შესაძლებლობებს.

სადაზღვევო კომპანია `უნისონი~ მომხმარებელს სთავაზობს სრულ სადაზღვევო პაკეტს როგორც კორპორატიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის: სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ფინანსური რისკის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა... კომპანია გაითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე გაჩნდება და მასზე დაყრდნობით შესთავაზებს მომხმარებელს ახალ სადაზღვევო პროდუქტებს.  სადაზღვევო კომპანია `უნისონის~ საქმიანობა მომხმარებელის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე იქნება მორგებული და მას ოპტიმალურ ვარიანტს შესთავაზებს~.
 
ცხრილი 1. 2011 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით
     
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ 2011 წელს ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია 58,052,654 ლარი „ჯიპიაი ჰოლდინგმა” მოიზიდა, რამაც ბაზრის 18,08% და ამ მაჩვენებლის მიხედვით კომპანიებს შორის პირველი ადგილი დააკავებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპანიის მიერ ერთობლივად მოზიდული ჯამური პრემია 2011 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია, `ჯიპიაიმ~ შეძლო და 2010 წლის მაჩვენებელი გააუმჯობესა. 2010 წელს ამ კომპანიამ 54,243,456 ლარი მოიზიდა. ეს 7%-იანი ზრდაა, რაც ლარებში 3,809,198-ს შეადგენს. მოზიდული პრემიის 60% სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. წინა წელს იგივე მაჩვენებელი 65%-ს შეადგენდა. სხვა ძველი კომპანიების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, `ჯიპიაის~ წარმატება 2011 წელს აშკარაა. ამ პერიოდისთვის სადაზღვევო კომპანიების უმეტესობას კლება ჰქონდა. თავის მხრივ, `ჯიპიაის~ ჩავარდნა ჰქონდა 2010 წელს, როდესაც, 2009 წელთანშედარებით მოზიდული თანხა 63,124,231 ლარიდან 54,243,456 ლარამდე შეუმცირდა. ეს კი 14,07%-იანი შემცირება იყო.

ზარალის ანაზღაურების მხრივ `ჯიპიაი ჰოლდინგმა~ 38,100,960 ლარი აანაზღაურა. 2010 წელს კომპანიას ეს მაჩვენებელი 31,786,556 ლარი ჰქონდა. ეს კი 20% იანი ზრდაა. ასე რომ, როგორც მოზიდული პრემია, ისევე ზარალის ანაზღაურება გაიზარდა. თანაც, 2010 წელს `ჯიპიაის~ ამ კუთხითაც კლება ქონდა და 2009 წელთან შედარებით 2,27%-ით ნაკლები ჰქონდა ზარალის ანაზღაურება.

რაც შეეხება სხვა ლიდერ კომპანიებს – „ალდაგი ბისიაისაც~ და „იმედი ელსაც~ – ორივეს  კლება აქვს 2010 წელს მოზიდულ პრემიასთან შედარებით. `ალდაგი ბისიაიმ~ 2011 წელს 57,456,763 ლარი მოიზიდა და ბაზრის 17,89% დაიკავა. მოზიდული პრემიის უმეტესი წილი, 39% სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. წინა წელს ეს მაჩვენებელი 51%-ს აჭარბებდა. 2010 წელს კომპანიის მოზიდულმა თანხამ 67,083,307 შეადგინა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2011 წელს „ალდაგი ბისიაიმ~ 36,231,888 ლარი აანაზღაურა, ეს კი 2010 წლის მაჩვენებელს – 33,654,724 ლარს 2,577,164 ლარით აღემატება.

2010 წლის ლიდერი – „იმედი ელი~ 2011 წლის მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზეა. კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 51,987,003 ლარია, რაც ბაზრის 16,19% ს შეესაბამება. სხვა სადაზღვევო კომპანიების მსგავსად, `იმედი ელშიც~ მოზიდული პრემიის ძირითადი წილი სამედიცინო დაზღვევას უჭირავს. ეს მაჩვენებელი კი ამ კომპანიისთვის 69%-ს შეადგენს.
წინა წელს `იმედი ელის~ მოზიდული ჯამური პრემია 79,693,890 ლარი იყო. აქედან, სამედიცინოდაზღვევის წილად 83% მოდიოდა. როგორც ვხედავთ, 2011-ში კომპანიამ 27,706,887 ლარით ნაკლების მოზიდვა შეძლო. ეს კი თითქმის 35%-იანი კლებაა. ზარალის ანაზღაურებაში 2011 წელს `იმედი ელმა~ 31,441,423 ლარი დახარჯა. 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 37,253,214 ლარი იყო. ასე რომ, `იმედი ელმა~ ზარალის ანაზღაურებაზე გასულ წელს 2010 წელთან შედარებით 5,811,791 ლარით ნაკლები მიმართა.

მზარდი ტენდენცია აქვს შენარჩუნებული სადაზღვევო კომპანია `ალფას~, რომელიც ყოველწლიურად იუმჯობესებს ადგილს რეიტინგში. 2011 წელს „ალფა~ მეოთხე ადგილს იკავებს მოზიდული 41,541,694 ლარით. ბაზარზე შემოსვლისთანავე ცხადი იყო, რომ კომპანიისთვის მთავარი სეგმენტი სამედიცინო დაზღვევა იქნებოდა. 2011 წელს ამ კუთხით მოზიდულმა პრემიამ მთლიანად მოზიდულ პრემიასთან შედარებით 94% შეადგინა. 2011 წლის მაჩვენებლებში კომპანიის წილი უკვე 13%-ს უახლოვდება. ფარმაცევტული კომპანია `ავერსის~ მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია `ალფა~ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა და მაშინ ბაზრის სულ 0,45% დაიკავა. თუმცა მომდევნო წლებში `ალფა~ ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახდა და 2010 წელს მოზიდული 30,918,005 ლარის წყალობით `ალფას~ ზრდამ 1796,26% შეადგინა. 2010 წლის რეიტინგში კი `ალფას~ წილი ბაზარზე 8,55% იყო.

2011 წელს ზარალის ანაზღაურებაში „ალფას~ 38,778,427 ლარი აქვს დახარჯული. წინა წელს ეს მაჩვენებელი 10,522,339 ლარი იყო. შესაბამისად, 2011 წლისთვის `ალფას~ მიერ ზარალის ანაზღაურება გაზრდილია თითქმის 269%-ით.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია `აისი ჯგუფი~. კომპანიამ მოზიდული 32,364,738 ლარით ბაზრის 10,08% დაიკავა. ამ კომპანიისთვისაც უდიდესი წილი სამედიცინო დაზღვევას უჭირავს და მთლიანი მოზიდული პრემიის 68%-ს შეადგენს. `აისი ჯგუფს~ რეიტინგში წინა წელსაც მეხუთე პოზიცია ჰქონდა, თუმცა მაშინ 33,684,426 ლარის მოზიდვა და 9,32% იანი წილის დაკავება შეძლო. საყურადღებოა, რომ `აისი ჯგუფმა~ 2009 წელს 51,892,032 ლარის მოზიდვა შეძლო და მას შემდეგ კლების ტენდენცია აქვს. ზარალის ანაზღაურებაში კომპანიამ 2011 წელს 33,501,604 ლარი მიმართა. ეს თანხა კი მოზიდულ პრემიას აღემატება, თუმცა ანაზღაურებული ზარალიდან გადაზღვევის გარეშე დაფარული თანხა 17,010,930 ლარია. დანარჩენი თანხა კი გადაზღვევის წილად არის დაფარული. ზოგადად, `აისი ჯგუფს~ ზარალის ანაზღაურებაში 2010 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი მატება აქვს. წინა წელს 24,370,046 ლარი აანაზღაურა. შესაბამისად, ზარალის დაფარვაში ზრდა 37%-ს შეადგენს.

მეექვსე ადგილზეა დაზღვევის კომპანია „ირაო” მოზიდული 22,494,715 ლარით და ბაზარზე 7%-იანი წილით. სამედიცინო დაზღვევა ამ კომპანიისთვისაც ძირითადია მთლიანად მოზიდულ პრემიაში და 79%-ს აჭარბებს. წინა წელს ამ კომპანიისთვის სამედიცინო დაზღვევა მთლიანად მოზიდული პრემიის 51% იყო. კომპანია 2010 წელს რეიტინგში ერთი საფეხურით მაღალ პოზიციასაც იკავებდა, რისი საშუალებაც მას მოზიდულმა45,234,194 ლარმა და ბაზარზე დაკავებულმა 12,51% იანმა წილმა მისცა. ასე რომ, `ირაოს~ მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებელი შემცირდა 22,739,479 ლარით. ეს კი 101%-იანი შემცირებაა. მნიშვნელოვანია, რომ „ირაოს~ საუკეთესო მაჩვენებელი 2009 წელს ჰქონდა, როდესაც კომპანიამ 56,018,831 ლარი მოიზიდა. მას შემდეგ კი კლება აქვს. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2011 წელს „ირაომ~ 18,976,301 ლარი დაფარა. წინა წელს ამ კომპანიის ანაზღაურებული ზარალი 25,063,936 ლარი იყო. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაშიც კომპანიას კლება აქვს.

რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა ბაზრის დებიუტანტი კომპანია `უნისონი~. კომპანიის მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 17,666,299 ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 5,5% წილის ტოლია. საყურადღებოა, რომ სხვა მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით `უნისონი~ სამედიცინო დაზღვევაზე არ არის ორიენტირებული და დაზღვევის ამ სახეობაზე მოზიდული პრემიის 1%-იც არ მოდის. უნისონის მიერ ყველაზე დიდი სადაზღვევო პრემია ქონების დაზღვევაზე მოდის და 15,387,507 ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალი 91,064 ლარია. რადგანაც `უნისონის~ სტატისტიკური მაჩვენებლები თვალსაჩინო 2011 წელს პირველად გახდა, კომპანიის განვითარებაზე ინფორმაცია 2012 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გაირკვევა.

მერვე ადგილს იკავებს `არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ მოზიდული 10,202,206 ლარით და ბაზარზე 3,18%-იანი წილით. სამედიცინო დაზღვევა ამ კომპანიისთვისაც უმთავრესია და მთლიანად მოზიდულ პრემიაში 91%-ს აჭარბებს. 2010 წელს ამ კომპანიის მოზიდული პრემია 8,325,525 ლარი იყო და რეიტინგშიც ერთი საფეხურით დაბლა – მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა. ასე რომ, კომპანიამ 1,876,681 ლარით მეტის მოზიდვა შეძლო, რაც 22,5% იანი მატებაა. ზარალის ანაზღაურებაში 2011 წელს კომპანიამ 5,762,927 ლარი გადაიხადა. 2010 წელს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ~ ზარალის ანაზღაურებაზე 5,244,705 ლარი მიმართა. როგორც ჩანს, ზარალის თვალსაზრისითაც, 2011 წელს კომპანიამ ოდნავ მეტი დაფარა. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ 2009 წელთან შედარებით კომპანიას 2010 წელს მოზიდული ჯამური პრემია 33%-ზე ნაკლები ჰქონდა, შესაბამისად, 2011 წლის მაჩვენებლებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

რეიტინგში მეცხრე ადგილზეა დაზღვევის კომპანია `ქართუ~ მოზიდული 9,759,913 ლარით და ბაზარზე 3,04%-იანი წილით. ეს კომპანია წინა წელს რეიტინგში ერთი საფეხურით მაღალ პოზიციას იკავებდა მოზიდული 11,014,228 ლარით და საბაზრო წილიც ოდნავ მეტი _ 3,05% ეკავა. `ქართუ~ კომერციული ინტერესით რომ ნაკლებად გამოირჩევა, ამის შესახებ წინა წლების წლიური მაჩვენებლების შედეგების მომიხილვისასაც ვწერდით. კომპანიის საქმიანობის მთავარი სფერო საჩხერის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაა. შესაბამისად, დაზღვევის სხვა სახეობების წილი მოზიდულ ჯამურ პრემიაში უმნიშვნელოა. 2011 წელს მოზიდულ ჯამურ პრემიაში სამედიცინო დაზღვევის წილად 96% მოდის. 2011 წელს ზარალის ანაზღაურებაში `ქართუმ~ 7,934,925 ლარი მიმართა, 2010 წელს კი 9,185,622 ლარი აანაზღაურა.

ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები
     
   

მეათე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია `ტაო~ მოზიდული 7,628,950 ლარით და ბაზრის 2,38%-იანი წილით. სამედიცინო დაზღვევა ამ კომპანიის მთლიანად მოზიდულ პრემიაში 44%-ია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 51% იყო. 2011 წელს ზარალის ანაზღაურებაზე 4,183,979 ლარია დახარჯული. წინა წელს „ტაომ~ 3,438,764 ლარის მოზიდვა შეძლო, ზარალის ანაზღაურებაზე კი 2,953,266 ლარი მიმართა. ასე რომ, წინა წელთან შედარებით ამ კომპანიამ მოზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებელი თითქმის 122%-ით გააუმჯობესა. შესაბამისად, 2010 წელს თუ `ტაოს~ ბაზრის 0,95% ეკავა, 2011 წელს მისმა წილმა 2,38% შეადგინა. თუმცა, `ტაოს~ უკეთესი პერიოდიც ჰქონდა: 2009 წელს კომპანიამ გაცილებით მეტი _ 12,676,439 ლარი მოიზიდა და ბაზარზეც 3,52% წილი ეკავა.

რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზეა `პსპ სამედიცინო დაზღვევა~ მოზიდული 5,780,291 ლარით და ბაზარზე 1,8%-იანი წილით. სახელშივე ამ კომპანიას `სამედიცინო დაზღვევა~ აქვს მითითებული, თუმცა სამედიცინო დაზღვევაზე 81% მოდის, ანუ 19% _ დაზღვევის სხვა სახეობებს უკავიათ. კომპანიას მთლიან პრემიაში მოზიდული აქვს სიცოცხლის, სამოგზაურო, უბედური შემთხვევის, სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევაც. 2011 წელს ზარალის ანაზღაურებაზე 3,779,120 ლარია მიმართული. აქედან გადაზღვევის წილად არაფერია _ მთლიანად კომპანიის დაფარულია ეს თანხა. 2010 წელს ამ კომპანიამ 584,194 ლარი მოიზიდა. ამ მაჩვენებლით კომპანიას ბაზარზე მხოლოდ 0,16% დაიკავა. `პსპ სამედიცინო დაზღვევამ~ საქმიანობის ლიცენზია 2009 წელს აიღო, მაგრამ საქმიანობაში ძალები 2010 წელს მოსინჯა. ასე რომ, 2011 წელი ზრდის თვალსაზრისით შეიძლება წარმატებული ჩაითვალოს. ჯამური პრემიის ზრდა 546% საჭარბებს.

რეიტინგის მეთორმეტე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია `არდი~ მოზიდული 3,444,383 ლარით და ბაზარზე 1,07%-იანი წილით. სამედიცინო დაზღვევა ამ კომპანიისთვის ნაკლებად აქტუალურია. ამ კუთხით მოზიდული პრემია მთლიან პრემიასთან შედარებით მხოლოდ 2,41%-ს შეადგენს. ამ კომპანიისთვის ყველაზე მასშტაბური ჯამური პრემია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაზე მოდის და 2,223,767 ლარს შეადგენს. ეს კი მთლიანად მოზიდულ პრემიაში 64,56% ის ტოლია. 2011 წელს `არდის~ მიერ ანაზღაურებული ზარალი 1,220,410 ლარია. ამ კომპანიამ ეს თანხა გადაზღვევის გარეშე დაფარა. წინა წელი ამ კომპანიისთვის სადებიუტო იყო. 2010 ში მის მიერ მოზიდული ჯამური პრემია 911,100 ლარი, ხოლო ანაზღაურებული ზარალი კი 16,913 ლარი იყო. ასე რომ, ჯამური პრემიის ზრდა 278%-ს შეადგენს. შესაბამისად, 2011 წელი `არდისთვის~ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.

მეცამეტე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია `ჩარტის ევროპა ს.ა.~ საქართველოს ფილიალი მოზიდული 1,947,990 ლარით და ბაზარზე დაკავებული 0,61% იანი წილით. ამ კომპანიას დაზღვევის რამდენიმე სახეობაზე აქვს ჯამური პრემია მოზიდული. ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც სამედიცინო დაზღვევაზე საერთოდ არა აქვს პრემია მოზიდული და ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია. ყველაზე მეტი ჯამური პრემია ქონების დაზღვევაზეა მოზიდული და მთლიანი მაჩვენებლის 45%-ს შეადგენს. 2011 წელს ამ კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალი 193,369 ლარია, რაც კომპანიამ გადამზღვეველის გარეშე, თვითონ დაფარა. 2010 წელთან შედარებით ამ კომპანიამ მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. მაშინ მოზიდული პრემია 1,007,409 ლარი, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 21,268 ლარი იყო.
რეიტინგში ბოლო საფეხურს `სტანდარტ დაზღვევა საქართველო~ იკავებს მოზიდული 819,447 ლარით და ბაზრის 0,26%-იანი წილით. ამ კომპანიის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია ძირითადად სახმელეთო სატრან-სპორტო საშუალებათა დაზღვევაზე მოდის, რომლის წილიც მთლიანად მოზიდულ ჯამურ პრემიაში 44,57%-ს შეადგენს.

როგორი იყო გადაზღვევა 2011 წელს

გადაზღვევის მაჩვენებლის მიხედვით ჩანს, მოზიდული ჯამური პრემიის რისკს სადაზღვევო კომპანია თვითონ კისრულობს, თუ ამ რისკს და შესაბამისად, მოგების მარჟაში წილსაც სხვა კომპანიას გადააბარებს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, გადაზღვევის შემთხვევაში კლიენტის რისკი თითქმის ნულს უტოლდება – გადამზღვეველი უმსხვილესი კომპანიები ბევრად `უპრეტენზიოდ~ და ბიუროკრატიის მინიმალური დონით ახდენენ ზარალის ანაზღაურებას. ხოლო, როცა ქართული სადაზღვევო კომპანია გადაზღვევის გარეშე დადგება ზარალის ანაზღაურების წინაშე, კლიენტისთვის გაცილებით მეტი ბარიერია გადასალახი და მოთხოვნები დასაკმაყოფილებელი. ყველაზე დაბალი გადაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაში ხდება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ სამედიცინო მომსახურებას თავად სადაზღვევო კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ახორციელებს საკუთარ თუ პარტნიორ კლინიკებში და ამდენად, არ უღირთ მოგებაში გადამზღვეველი `ჩაიზიარონ~. თან, ჯანმრთელობის დაზღვევაში ზარალის ისეთი მაღალი რისკი და მსხვილი თანხების ანაზღაურების საფრთხე ნამდვილად არ დგას, როგორც მაგალითად ეს შეიძლება ქონებას თუ ძვირადღირებულ სატრანსპორტო საშუალებებს ან სულაც ძვირადღირებულ ტვირთებს შეიძლება შეეხოთ. წინა წლებში სხვადასხვა კომპანიის პოლიტიკაში განსხვავებული მაჩვენებლები იყო. 2011 წლის სტატისტიკური მონაცემები ასახულია მე-2 ცხრილში.

გადაზღვევის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ბაზრის დებიუტანტ კომპანია „უნისონს~ აქვს. სულ მოზიდული 17,666,299 ლარიდან 15,832,540 გადააზღვია. ეს კი 89,62%-ია. ასეთი მაღალი გადაზღვევა სხვა არცერთ კომპანიას არა აქვს. შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში, იმ კლიენტების ქონება, ვინც დაზღვევა `უნისონისგან~ იყიდა უცხოელი გადამზღვეველის მიერ ანაზღაურდება. მაღალი გადაზღვევის მაჩვენებლით რეიტინგის ზედა პოზიციებზე მყოფი კომპანიები არ გამოირჩევიან.

გადაზღვევის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ასევე სადაზღვევო კომპანია „ჩარტის ევროპა~-ს. მან მოზიდული 1,947,990 ლარიდან 1,042,141 გადააზღვია, ეს კი 53,5%-ია. გადაზღვევის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს რეიტინგში ბოლო ადგილას მყოფ „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს~. მან მოზიდული 819,447 ლარიდან 332,603 გადააზღვია, ეს კი 40,59%-ს შეადგენს. ქონების დაზღვევაზე მოზიდული პრემია 15,387,507 ლარიდან, რაც `უნისონის~ მიერ მთლიანად მოზიდული ჯამური პრემიის 87%-ს აღემატება, გადაზღვეულია 14,931,454 ლარი. ეს კი ქონების დაზღვევაზე მოზიდული პრემიის 97%-ია.

რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფი კომპანია `აისი ჯგუფი~ ბოლო წლებში გადაზღვევის წილს სულ უფრო ზრდის. 2009 წელს კომპანიამ მოზიდული პრემიის 14,95% გადააზღვია, 2010 წელს 18,71% გადააზღვია. 2011 წელს მოზიდული 32,364,738 ლარიდან 8,082,930 გადააზღვია, რაც 24,97%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბაზრის ლიდერებს, აქ მდგომარეობა 2010 წელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. „ჯიპიაი ჰოლდინგს~ 2010 წელს 12,63% ჰქონდა გადაზღვეული, 2011 ში კი 13,02% გადააზღვია. სადაზღვევო კომპანია `ალდაგი ბისიაიმ~ 2010 წელს 18,9% გადააზღვია, 2011-ში კი 19,39% მიმართა გადაზღვევაზე. 2010 წელს, როდესაც ბაზრის ლიდერი იყო, `იმედი ელმა~ 3,31% გადააზღვია, 2011-ში კი 3,12%.

გადაზღვევისთვის საერთოდ არ მიუმართავს 3 კომპანიას: `არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~, სადაზღვევო კომპანია `ტაოს~ და `პსპ სამედიცინო დაზღვევას~.
გადაზღვევას სადაზღვევო კომპანიები ძირითადად ქონების და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე მიმართავენ ხოლმე. ნაკლებად – სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში. ის სადაზღვევო კომპანიები, რომელთა საქმიანობის ძირითადი საქმიანობაც სამედიცინო დაზღვევაა, ყველაზე ნაკლებად გამოირჩევიან გადაზღვევით.

მოზიდული პრემიის მიხედვით ლიდერმა `ჯიპიაი ჰოლდინგმა~ სამედიცინო დაზღვევაზე მოზიდული 35,250,729 ლარიდან 5,302 ლარი გადააზღვია. სამაგიეროდ, ქონების დაზღვევაზე მოზიდული 5,95 მილიონი ლარიდან 4,6 მილიონი ლარი გადააზღვია. ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაზე მოზიდული 1,74 მილიონი ლარიდან გადაზღვეულის 1,07 მილიონი.
მოზიდული პრემიის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ `ალდაგი ბისიაის~ გადაზღვევის მაღალი მაჩვენებელი აქვს შემდეგ სახეობებზე: საჰაერო ტრანსპორტის დაზღვევაზე მოზიდული 1,847,086 ლარიდან 1,760,088 ლარი გადააზღვია; ქონების დაზღვევაზე მოზიდული 9,331,379 ლარიდან 4,490,645 ლარი გადააზღვია; სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მოზიდული 2,685,634 ლარიდან კი _ 2,122,650 ლარი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა კომპანიები გადაზღვევის მხრივ, ან საერთოდ არა, ან ნაკლებად აქტიურობდნენ.

დაზღვევის პოპულარული სახეობები 2011 წელს

ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული დაზღვევა საქართველოში კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება. ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება ასე ვთქვათ, „პირველადი მოხმარების დაზღვევაა~ და ბევრად ხელმისაწვდომია ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის, ვიდრე დაზღვევის სხვა სახეობები. თან, სახელმწიფო, რომელიც დაზღვევის ბაზრის მთავარი „გენერატორის~ ფუნქციებს აქტიურად ითავსებს, სწორედ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს გასცემს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის. ასევე სახელმწიფოს მხრიდან თუ ვინმე რაიმე დახმარებას სისტემატურად ღებულობს, დახმარებებს შორის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისიც შედის ხოლმე.

ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2011 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)
     
 

ბოლო პერიოდში ხშირად ისმის, რომ სახელმწიფო დააზღვევს მოსახლეობის თითქმის ნახევარს და ეს დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის კიდევ უფრო მეტ პოპულარობას ნიშნავს. ამ მხრივ, მოზიდული პრემიითაც, რაც 200,590,584 ლარია და ბაზრის 62,46%-ს უტოლდება, ასევე ანაზღაურებული ზარალით, რაც 175,412,471 ლარია, ჯანმრთელობის დაზღვევა აბსოლუტური დომინანტია.

სამედიცინო დაზღვევა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი კომპანიებისთვის: `უნისონის~ მიერ ამ კუთხით მოზიდული ჯამური პრემია სულ 152,895 ლარია – კომპანიის მიერ მთლიანად მოზიდულ პრემიაში სამედიცინო დაზღვევის წილი მხოლოდ 0,86% ია.

`სტანდარტ დაზღვევა საქართველოს~ პირველ ადგილას სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის კუთხით აქვს ყველაზე დიდი პრემია მოზიდული, რაც 365,258 ლარის ტოლია. სამედიცინო დაზღვევაზე მოზიდული პრემიის მოცულობა მეორე ადგილზეა 243,821 ლარით.

სადაზღვევო კომპანია `ჩარტის ევროპა ს.ა.~ საქართველოს ფილიალი როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაზღვევის კუთხით ყველაზე პასიურიკომპანიაა. დაზღვევის ამ სახეობაზე მოზიდული პრემია ნულის ტოლია.

პოპულარული დაზღვევის სახეობებს შორის მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა მოზიდული 39,894,180 ლარით და ბაზარზე 12,42%-იანი წილით. თუმცა ზარალის ანაზღაურება ამ მხრივ გაცილებით დაბალ მაჩვენებელზეა. როგორც ჩანს, ქონების დაზიანება არ არის მაღალრისკიანი და სადაზღვევო კომპანიებსაც მთელი ზარალების ანაზღაურებაში ამ კუთხით მხოლოდ 1% აქვთ გადახდილი.

მესამე ადგილზე კვლავ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) დაზღვევაა, რაც ავტოტრანსპორტის დაზღვევას ნიშნავს. შესაძლოა, ვინმემ სახმელეთო ტრანსპორტის სხვა სახეობაც დააზღვიოს, თუმცა ცხადია, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის ფონზე ის უეჭველად უმნიშვნელო იქნება.

მეოთხე ადგილზეა სიცოცხლის დაზღვევა 16,367,003 ლარით და 5,10%-იანი წილით. წინა წელს მეოთხე პოზიციას ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა იკავებდა, თუმცა 2011-ში დაზღვევის ამ სახეობებმა ადგილები გაცვალეს. ვალდებულებათა დაზღვევის კუთხით 7,027,574 ლარია მოზიდული.
დანარჩენი სახეობები პოპულარობის მხრივ ძირითადად უცვლელია გასულ წლებთან შედარებით და არც დიდწილს იკავებს ბაზარზე. თუმცა წლევანდელ სტატისტიკურ მაჩვენებლებში `საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა)~ ზარალის ანაზღაურების მხრივ წინა წლისგან განსხვავებით სადაზღვევო კომპანიებისთვის ზარალიანი ყოფილა. 2011 წლის მანძილზე მოზიდული პრემია 5,155,660 ლარს შეადგენს, როცა იმავე წლის განმავლობაში ანაზღაურებული ზარალი 15,814,365 ლარია.

როგორც ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული წლიური სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, `აისი ჯგუფში~ დაზღვეული თვითმფრინავის ზარალის ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე. უფრო კონკრეტულად კი, დაზღვევის სახეობაზე _ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე ზარალის ანაზღაურებამ 15,814,365 ლარი შეადგინა. ეს კი მთლიანად გადამზღვეველის მიერ არის გადახდილი.

კიდევ, რაც შეიძლება დაზღვევის პოპულარულ სახეობებზე ითქვას 2010 წელთან შედარებით, ის გახლავთ, რომ მიუხედავად მთლიანი სადაზღვევო პრემიის შემცირებისა, გაზრდილია ქონების დაზღვევაზე მოზიდული პრემიის მოცულობა 35,148,135 ლარიდან 39,894,180 ლარამდე. ასევე გაზრდილია სიცოცხლის დაზღვევის კუთხით მოზიდული პრემია 10,008,394 ლარიდან 39,894,180 ლარამდე. გაზრდილია სამოგზაურო დაზღვევაზე მოზიდული პრემია. ოდნავ არის გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევაზე მოზიდული პრემიაც. მომატებულია საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მოზიდული ჯამური პრემია, ისევე როგორც საფინანსო დანაკარგებიდან დაზღვევაზე.
2010 წელთან შედარებით გაზრდილია ასევე საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევაზე მოზიდული პრემია 18,012 ლარიდან 908,727 ლარამდე. დანარჩენი სახეობები წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა 2011 წელს. 

დასასრულ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ ერთობლივად ჯამური პრემიის მოზიდვაშიკლება ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო პროგრამებმა გარკვეულწილად მიაღწიეს იმ დონეს, როცა მატება მასშტაბური აღარ არის. მაგრამ, იმავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს თუ ვენდობით, წელსვე სახელმწიფო ახალი ძალით გააქტიურებას გეგმავს და შესაძლოა მომავალი წლის მონაცემებში მოზიდული ჯამური პრემიის თვალსაზრისით ზრდა კვლავაც იყოს.

რაც უკვე ცნობილი გახდა, ის არის, რომ ზარალიანი 2011 წლის შემდეგ სადაზღვევო ინდუსტრია მოგებას უბრუნდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორის მოგებამ 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

2011 წელი სადაზღვევო სექტორმა 23 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალის მთავარ მიზეზად სპეციალისტების ნაწილმა სადაზღვევო კომპანიების მიერ ჰოსპიტალური სექტორის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სიმძიმე დაასახელა. ეს ვალდებულებები ერთ-ერთი მსხვილი სადაზღვევო კომპანიის `იმედი ელის~ `ალდაგი ბისიაისთან~ შერწყმის მიზეზი გახდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 131 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში კომპანიებმა 51,728 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურეს, 2011 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაცემული თანხების მოცულობა 7%-ით არის გაზრდილი.

როგორ გაგრძელდება საქმიანობა და წელიწადის მანძილზე სადაზღვევო კომპანიები კვლავ შეინარჩუნებენ მოგების ტენდენციას თუ რაიმე შეიცვლება _ ეს უკვე მომავალი წლის მაჩვენებლებში იქნება ასახული. შესაბამისად, ამ ტენდენციებზე ლაპარაკიც მომავალ წელს მოგვიწევს.

თემურ იობაშვილი