ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ახალი და ძველი მთავრობის სადაზღვევო პროგრამები
#9(153), 2012
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ხალხისთვის სასურველი სოციალური გარემოს შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯიბრად გადაიქცა. "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავდა სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო დაზღვევის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას. ჯერ კიდევ ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობამ შეიმუშავა ახალი სადაზღვევო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების, ასევე ყველა სტუდენტის და პენსიონერის სამედიცინო დაზღვევას. ახალი ინიციატივის შესახებ ცნობილი მაისში გახდა. თუმცა, ამ დროს უკვე საკმაოდ მასშტაბურად იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ხელისუფლების და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მეტოქე - კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" და სოციალური დაპირებები გაცილებით მეტი სწორედ "ოცნების" მხრიდან კეთდებოდა.

ცალკე თემაა სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს მიერ ფულის ჩადება. „ქართული ოცნების~ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მილიარდიან ფონდს შექმნიდა, საიდანაც რესურსი სოფლის მეურნეობის აღორძინებას მოხმარდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ~, სავარაუდოდ, ივანიშვილის ინიციატივის პასუხად 4 წლიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ლარის ინვესტირებას მოახდენდა. სოფლის მეურნეობა ცალკე განსახილველი თემაა, ამიტომ, ამჟამად მხოლოდ დაზღვევის და სხვა სოციალურ პოლიტიკის საკითხებს შევეხოთ.

სადაზღვევო პროგრამას წინა ხელისუფლებამ ასევე დაუმატა ყველა ოჯახისთვის 4 წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგების ინიციატივა. ამ ვაუჩერის გამოყენება ხალხს სხვადასხვა მიზნით შეეძლებოდათ, მათ შორის, მედიკამენტების შესაძენად. „ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა აგრეთვე ის იყო, რომ 2013 წელს მინიმალური პენსია 100 დოლარს მიაღწევდა.

ხელისუფლების მიერ 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგების და პენსიების 100 დოლარამდე გაზრდისდაპირების შესრულებას „ნაციონალურმა მოძრაობა~ ვეღარ შეძლებს. მიზეზი მარტივია _ დამპირებელმა არჩევნებში უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ოპოზიციურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ~. შესაბამისად, საკუთარი დაპირებების შესრულება ახლა „ქართულ ოცნებას~ _ ხელისუფლებაში მოსულ ძალას მოუწევს.

რომელი ინიციატივის ამოქმედება მოასწრო წინა ხელისუფლებამ

პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა დაზღვევის სახელისუფლებო პროგრამა. სწორედ ამ მომენტისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაზღვეულთა რაოდენობა 900 000 ადამიანით მოიმატებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაზღვეულთა რაოდენობის ასეთი მასშტაბური ზრდის გამო საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდასაც პროგნოზირებდნენ.

„ბოლო პერიოდში მე შევხვდი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, დაზღვეულებს თუ პენსიონერებს და ზოგადი წარმოდგენა მაქვს, რა პრობლემები არის სადაზღვეო სექტორში. ამიტომ ახლა ყველა საგანგებო რეჟიმში უნდა გადავიდეთ და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დავაზღვიოთ, რადგან დაზღვევის ახალი სისტემა ჩვენი მონაპოვარია. ხალხს ჯანდაცვის სფეროს მიმართ რწმენა უნდა დავუბრუნოთ~, _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს სადაზღვევო პროგრამაში, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსის ჩართვის უფლება მისცა.

„ცხელმა ხაზმა განსაკუთრებით კარგად უნდა იმუშაოს. თუ არ გეყოფათ რესურსი, გამოიყენეთ ადგილობრივი მმართველობის კადრები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პასუხისმგებელნი ვართ ხალხის წინაშე. მართალია, რთულია 20 წლის წინანდელი შეცდომების ასე სწრაფად გამოსწორება, მაგრამ კოორდინირებული მუშაობით ეს ყველაფერი მალემიიღწევა~, - იმედოვნებდა ვანო მერაბიშვილი.

ასე რომ, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, 5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს – ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს.

უფრო კონკრეტულად, თუ რას ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა, სხვადასხვა უწყებების თუ ექსპერტების ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოექცა. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფების მიმართ გარკვეული ჯანდაცვითი ვალდებულებები მთავრობას აქამდეც გააჩნდა, თუმცა 1 სექტემბრიდან ამოქმედებული პროგრამა გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე პენსიონერებს.

როგორც „ნეტგაზეთთან~ საუბრისას ხეჩინაშვილმა განაცხადა, ახალი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

„იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი სერვისი მთლიანად იქნება დაფინანსებული, იქნება თანაგადახდის სისტემა, როგორც კორპორატიული დაზღვევების შემთხვევაში.  მაგალითად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები იქნება 20%-იანი თანაგადახდით. პენსიონერებისთვის, ძირითადად, კარდიო და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო წამლები იქნება გათვალისწინებული. ანტიბიოტიკები კი, აუცილებლად უნდა მოხვდეს ბავშვთა პაკეტის მედიკამენტების ნუსხაში, რომელიც ძალიან ღირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის~, - განმარტა ხეჩინაშვილმა.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერის სადაზღვევო პაკეტისგან განასხვავებს, 200 ლარის ლიმიტის მედიკამენტი იქნება, რომელიც 4-ჯერ აღემატება უმწეოთა სადაზღვევო პაკეტში შემავალ ლიმიტს.

„საყურადღებოა ისიც, რომ ბრენდების ნაცვლად გენერიკების ფართოდ გამოყენება მოხდება, რომელიც რიგ შემთხვევებში 5-6-ჯერ უფრო იაფია. არადა, ჩვენთან დღეს სწორედ 95% ბრენდი ინიშნება. ეს ცვლილება კიდევ უფრო გაზრდის 200 ლარად მეტი წამლის ყიდვის შესაძლებლობას, ვინაიდან დაანგარიშებულია, რომ გენერიკის ერთი აბი 7-8 თეთრი ღირს, ამ ფასად დაახლოებით 3000 ტაბლეტის ყიდვა შეიძლება წელიწადში. დღეში 8-9 ტაბლეტი კი, არ არის ცოტა~, - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე.

თუმცა, სადაზღვევო სფეროს ექსპერტის აზრით, ერთადერთი რისკი, რომ აღნიშნული პროგრამით სადაზღვევო კომპანიები იზარალებენ, სწორედ წამლის კომპონენტია, რომლის ანალიზს ექსპერტები ჯერ ვერ აკეთებენ.

„ეს არის ერთადერთი შეუფასებელი ფაქტორი. მოსალოდნელია, რომ წამლის მოხმარება იყოს ძალიან მაღალი და მეტი ფული მოითხოვოს. გარდა ამისა, ახალმა ინფრასტრუქტურამ, რომელმაც უკვე გაზარდა მისი მოხმარება, შეიძლება მათზე მოთხოვნა კიდევ გაზარდოს~, - განმარტავს ხეჩინაშვილი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი, მედიცინის ექსპერტთა მოსაზრებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა მხოლოდ მომგებიანი იქნება.

„არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ ნეგატიურად იმუშაოს ამ პროგრამამ. მთავარია, ზარალი არ ჰქონდეს სადაზღვევოს და დიდ ფინანსურ მოგებას ისინი არ უნდა ელოდნენ სახელმწიფო პროგრამებში. ის კომპანიები კი, რომლებიც გამოუცდელობის გამო აგრესიულად შემოვიდნენ ბაზარზე და იზარალეს, ფრთხილად ჩაერთვებიან ამ პროგრამებში~, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

შეფერხდა თუ არა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

არჩევნების ჩატარების შემდეგ, ხელისუფლების არათუ სამომავლო გეგმები, არამედ უკვე ძალაში შესული პროგრამებიც ეჭვის ქვეშ დადგა. როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების~ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთლიან მთავრობას მხოლოდ საკუთარი კადრებით დააკომპლექტებდნენ და „ნაციონალური მოძრაობის~ არც ერთი მინისტრი შეინარჩუნებდა ადგილს, ხალხმა მალევე გაიგო. თუმცა, ის კი ნამდვილად გაუგებარი ამბავი იყო, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსებული პროგრამის შესრულებაზე შეფერხებები შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა კლინიკამ დაზღვეულთა მომსახურებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით საფასურის გადახდის შემთხვევაში ახდენდნენ ამა თუ იმ მომსახურებას. გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული იყო „არქიმედეს გლობალ ჯორჯიის~ მიერ დაზღვეულისთვის მომსახურების არ გაწევა ერთ-ერთ კლინიკაში. ამ ინფორმაციის გავრცელებას ერთი ამბავი მოჰყვა და ლამის ყველა სადაზღვევო კომპანიამ კატეგორიულად უარყო – მსგავსი რამის საფუძველი არ არსებობს და არც იარსებებსო.

„ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება და საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში შეფერხება არ არსებობს~, – განაცხადა სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” პრეზიდენტმა, ნიკოლოზ რამიშვილმა.

„იყო ნახსენები სახელები, გვარები, რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში არ გაუწიეს მომსახურება. ახლა ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებებს და გავარკვიოთ, რეალურად დაფიქსირდა ეს ფაქტი თუ კიდევ ჭორია. და თუ რეალურადდაფიქსირდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ყველა ფაქტის მოძიებას და, შესაბამისად, რეაგირებას მოვახდენთ ადეკვატურად ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც იყო ჩადენილი სადაზღვევო კომპანიის მიმართ~.

ნიკოლოზ რამიშვილი, შესაბამისად, ირწმუნება, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ ფინანსური პრობლემები არ აქვს და იგი აღებული ვალდებულებების ფარგლებში განაგრძობს პარტნიორულ თანამშრომლობას როგორც უშუალო პროვაიდერებთან, ასევე არაპროვაიდერ, არაკონტრაქტორ კლინიკებთან. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან დაზღვეულებისთვის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდევინების და, ზოგადად, სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციის ფაქტებს, ნიკოლოზ რამიშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ შემთხვევებს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცალკეული საქმეები სასამართლოსაც გადაეცეს.

დაზღვევის პროგრამაში შეფერხება უარყვეს სხვა სადაზღვევო კომპანიებშიც.
პოლიტიკური ცვლილებების გავლენას დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობაზე, თავის მხრივ,  პრაქტიკულად გამორიცხავს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი:

„ჩვენ რაც შეგვეხება, არანაირი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მომსახურებას. ჩვენ რაიონულ საავადმყოფოებშიც და თბილისშიც გვყავს დაზღვეულები სახელმწიფო პროგრამით. თუმცა როგორც ადრე, ისე ახლაც შეიძლება, რომ იყოს გარკვეული რაოდენობა ხალხის, ვინც უკმაყოფილოა. ცოტაა ასეთი ადამიანი, მაგრამ ყოველთვის არსებობს~.

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის ორი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს – ერთია უმწეოებისა და პედაგოგების, რომელიც, ძველი მთავრობის დადგენილებით, 2013 წლის ბოლოს მთავრდება, მეორე კი ამ ერთი თვის წინათ დაწყებული პროგრამა, რომელიც ასაკით პენსიონერებს, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და სტუდენტებს მოიცავს. საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი გიგოლაშვილის აზრით, სადაზღვევო ბაზრის სირთულიდან გამომდინარე, მოქმედი პროგრამების ფუნქციონირება სასურველია ვადის ამოწურვამდე არ შეწყდეს:

„მინიმუმ ბოლო პოლისის მოქმედება სანამ არ დამთავრდება უკვე აღებულ ვალდებულებებზე, რაც 2013 წლის სექტემბერში თუ დეკემბერში მთავრდება, ზუსტად არ მახსოვს, იქამდე, უბრალოდ, ვერ შეწყდება ეს სადაზღვევო პროცესი. და, ალბათ, არც უნდა გააუქმოს. და ახლა სიახლის ძებნა რაც იქნება, მომავალ ბიუჯეტებში უნდა ჩაჯდეს, მომავალში არსებული პროგრამის დასრულებიდან ან მინიმუმ ერთი წლის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ საკითხის რეორგანიზაცია. ეს ჩემი აზრია მხოლოდ~.

რას აპირებს `ქართული ოცნება~

მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ~ საკუთარი გეგმების შესახებ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი, გამოჩნდა, რომ დაზღვევის სფეროში საკმაო ცვლილებების გატარებას აპირებს. ერთ ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ინიციატივაა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა.
„ქართული ოცნების~ ეკონომიკური პროგრამის ერთ ერთი ავტორის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია არამომგებიანი ორგანიზაციის სტატუსით იმოქმედებს და მხოლოდ სახელმწიფო დაზღვეულებს მოემსახურება. მისი თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელმწიფო დაზღვევის საბაზისო პაკეტი გინეკოლოგიას და ონკოლოგიასაც ითვალისწინებს, ის მაინც ვერ იქნება ბოლომდე სრულყოფილი და კერძო სადაზღვევო კომპანიებს საქმე დარჩებათ.

ხადურის თქმით, კერძო სექტორს მოსახლეობის ის ნაწილი მიმართავს, ვისთვისაც სახელმწიფო დაზღვევა არასაკმარისია და უფრო მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია.

„ქართული ოცნების~ ამ იდეას არ ეთანხმებიან სადაზღვევო კომპანიებში. კერძოდ, „ალდაგი ბისიაიში” განაცხადეს, რომ ეს ინიციატივა ბაზარზე კონკურენციას დაამახინჯებს. მართალია, ჯერ ზუსტად არ არის განსაზღვრული რა და როგორ იქნება, მაგრამ „ალდაგი ბისიაიში~ მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორში სახელმწიფო კომპანიის გამოჩენა არათანაბარი კონკურენციის განცდას ტოვებს. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულებს ემსახურებიან, საკმაოდ დიდ რაოდენობა დაზღვეულებს და შესაბამისად, შემოსავალსაც დაკარგავენ.

ახალ მინისტრთა კაბინეტში ჯანმრთელობის, შრომის სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ამირან გამყრელიძე დაიკავებს. მის გამინისტრებას წესით, არავითარი დაბრკოლება არ შეექმნება. გამყრელიძე კოალიციის ლიდერმა დაასახელა და საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას~ აქვს. ამირან გამყრელიძე შევარდნაძის მთავრობაში ჯერ მინისტრის მოადგილის პოსტს, 2001 წელს კი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სწორედ, ამ გამოცდილების გამო ივანიშვილი მას ენდობა.

თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს სამინისტრო, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პირველი განცხადებები უკვე გააკეთა.

„ჯანდაცვა გახდება ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტულობა თავისთავად უნდა აისახოს ბიუჯეტში. სამინისტროში მისვლის შედეგ გაიწერება პირველი 100 დღის გეგმა, ამ გეგმაში პრიორიტეტული იქნება ბიუჯეტზე მუშაობა, ძველი მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სექტორში ითვალისწინებს დაახლოებით 500 მილიონამდე ლარს და ის ვერ გაწვდება  ჩვენს პროგრამას, ამიტომ უნდა მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა~, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტი კი საყოველთაო დაზღვევა და პენსიების ზრდა იქნება.
 
„უპირველესი ჩვენი გამოწვევა არის საყოველთაო დაზღვევა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. საყოველთაო დაზღვევა გულისხმობს იმას, რომ საბაზისო სამედიცინო მომსახურება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. სახელმწიფო განსაზღვრავს, თუ რა შევა ამ საბაზისო მომსახურებაში და ეს იქნება საკმაოდ  ფართო სამედიცინო მომსახურების სპექტრი. ამას დაემატება უმწეო მოსახლეობისთვის დამატებითი პაკეტი~, - განაცხადა გამყრელიძემ.

მინისტრი პენსიების ზრდის საკითხსაც შეეხო.  მისი თქმით, პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, თუმცა იქამდე მოხდება საარსებო მინიმუმის გადახედვა და ახალი მაჩვენებლის შემუშავება.

„იგეგმება პენსიების ზრდა და ის აუცილებლად მიუახლოვდება და გაუტოლდება საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმზე ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ყოველ შემთხვევაში ეს არ იქნება ის მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს~, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება დაზღვევას, გამყრელიძის თქმით უნდა განვითარდეს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო – სავალდებულო, ასევე, კერძო – ნებაყოფლობითი.
„შევეცდებით უფრო მეტი იყოს სახელმწიფოს მარეგულირებელი მექანიზმები დაზღვევის განვითარებაში. მთელ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი დაზღვევა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც `ქართული ოცნება~ მოვიდა~.

მისი თქმით, ამჟამად სამინისტროში სტაბილური მდგომარეობაა და არანაირი შეფერხება არ არის. რაც შეეხება დღეს მოქმედ პროგრამას, მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ პროგრამა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ასეც გაგრძელდება წლის ბოლომდე.

სანამ სახელმწიფოს სავალდებულო დაზღვევა და მსგავსი პროგრამები შემოუღიათ, ამირან გამყრელიძე სხვა პრიორიტეტებსაც ასახელებს. მათ შორის, პრივატიზაციის პროცესის შეჩერებაა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების საკითხი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღეს მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხდება პრივატიზების დაჩქარება. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ აპირებს პრივატიზებას, თუმცა, როგორც ვიცი, კონტრაქტი ხელმოწერილია, მაგრამ თანხა გადახდილი ჯერ არ არის. მე მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, შეაჩერონ ეს პროცესი.

ასევე, მივმართავ საზოგადოებას და საავადმყოფოს თანამშრომლებს, რადგან საქმე ეხება ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხდება სტუდენტებისა და ექიმების ცოდნის გაღრმავება~.

ასე რომ, როგორც ვანო მერაბიშვილის მთავრობაში იყო გასაკრიტიკებელი ინიციატივები _ მაგალითად, 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგება იყო, ასევე ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდანაც საკამათო დაპირებები გაისმის: სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა; საყოველთაო დაზღვევა (მათ შორის, ახალგაზრდა და დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს რა თანხა დაუჯდება, რთული სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ ეს მცირე თანხა ნამდვილად არ იქნება); უმუშევართა კომპენსაცია, რაც მართალია დაკონკრეტებული არ არის, როდის და რა ოდენობით მოხდება, მაგრამ მაღალი კომპენსაციის შემთხვევაში ჯერ ბიუჯეტის უზარმაზარი ტვირთი იქნება, მეორეც, აუცილებლად წაახალისებს დასაქმებულთა არალეგალურ სეგმენტში გადასვლას.

ასევე სათუო იყო პენსიის ერთბაშად 230 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა – სწორედ ასეთ დაპირებას იძლეოდა „ქართული ოცნება~ არჩევნების წინ. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ამ დაპირების შესრულება ჯერჯებით არარეალურია. ამჟამად ლაპარაკია იმაზე, რომ პენსია 155-160 ლარი გახდება და ისიც მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება.

თემურ იობაშვილი