ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საყოველთაო დაზღვევა მომავალი წლის თებერვლიდან ამოქმედდება
#11(155), 2012
ხელისუფლების იმედები და ექსპერტთა ეჭვები

მომავალი წლის თებერვლიდან საქართველოში დაუზღვეველი ადამიანი აღარ დარჩება, – ასეთია ახალი ხელისუფლების განცხადებული სურვილი. ზოგადად, სურვილი შესაძლებლობას ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა განხორციელდება და ეს სავსებით რეალისტური დაპირებაა. მათი თქმით, შეიქმნება სახელმწიფო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც „საყოველთაო დაზღვევის" პროგრამით დაზღვეულებს მოემსახურება. წლების წინ მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ფონდები თავისთავად უკვე აჩენს კითხვებს კორუფციის და არაეფექტიანობის შესახებ. თუმცა, „ქართული ოცნება" ამ შემთხვევაშიც იმედიანად არის და აცხადებს, რომადრე თუ არ გაამართლა – ახლა სხვა დროა და კარგი მენეჯმენტის მეშვეობით არც კორუფცია შეაფერხებს დაზღვევას და არც პროგრამა იქნება უეფექტოო.

მოსახლეობის 100%-ანი უფასო სამედიცინო დაზღვევა „ქართული ოცნების~ წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გასატარებელ ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარ მაგალითად კი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საჩხერის საავადმყოფოს მაგალითს მიიჩნევს.

ძველის განმეორება?!

მას შემდეგ, რაც „ოცნება~ საყოველთაო დაზღვევის შემოღებაზე ალაპარაკდა, ბევრს გაახსენდა „ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი 5-ლარიანი დაზღვევა. მით უფრო, რომ თებერვალში ასამოქმედებელი დაზღვევის ჯამური პრემიაც ასევე თვეში 5 ლარით არის განსაზღვრული.
 
2010 წელს მიხეილ სააკაშვილი აქტიურად უწევდა პროპაგანდას, რომ მოსახლეობას 5-ლარიანი დაზღვევა მოსწონებოდა და ყველანი დაზღვეულიყვნენ. მითუმეტეს, ამ 5 ლარიდან დაზღვევის მიღების მსურველებს მხოლოდ 1,65 ლარის გადახდა უწევდათ, დანარჩენ თანხას კი სახელმწიფო ფარავდა. ანუ, პრინციპი ის გახლდათ, რომ მცირე თანხის გადახდით ყველა ხდებოდა დაზღვეული და ზოგადად, საქართველოში დაზღვევის კულტურა უნდა გაზრდილიყო.

ცხადია, თვეში 5 ლარად მნიშვნელოვან დაფარვებს ვერავინ მიიღებდა, თუმცა გარკვეული სამედიცინო ხარჯების დაფარვა ამ დაზღვევაში გათვალისწინებული იყო. კერძოდ, დაფარვა შეეხებოდა იმ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, „რომლის გადავადების შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება~. ამავე დროს მითითებული იყო, რომ „სადაზღვევო კომპანია 100% ით დაფარავს დაზღვეულის იმ სამედიცინო მომსახურებას, თუ პაციენტი არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებას 24 საათზე მეტი ხნით~.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებდა წელიწადში 300 ლარის ფარგლებში.

5-ლარიანი დაზღვევის ყიდვა შეეძლო 3-დან 60 წლის ასაკის ადამიანებს. საქართველოს მთავრობის #33 დადგენილებით დაკონკრეტებული იყო, ასაკობრივი შეზღუდვის გარდა, კიდევ  ვინ ვერ შეიძენდა 5-ლარიან დაზღვევას. ესენი იყვნენ: სახელმწიფო და ავტონომიური ბიუჯეტის სახსრებით უკვე დაზღვეული მოქალაქეები, კერძოდ: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, რომლებიც სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით; განათლების სამინისტროს მიერ უკვე დაზღვეული პედაგოგები თუ პროფესორ-მასწავლებლები; შსს-ის მიერ დაზღვეული თანამშრომლები; თავდაცვის სამინისტროს დაზღვეული კონტინგენტი; თბილისის მერიის და სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაზღვეული კონტინგენტი. ასევე მითითებული იყო, რომ ამ პროგრამით ვერ ისარგებლებდა ის ფიზიკური პირი, რომელსაც უკვე ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა 180 ლარზე მეტი წლიური სადაზღვევო პრემიით.

„ქართული ოცნების~ სადაზღვევო ინიციატივა მომავალი წლის თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ჯერ ყველაფერი დაზუსტებული არც არის, თუმცა გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ნოემბრის ბოლოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ამ დროისათვის დაზღვევით არ სარგებლობენ. ასეთი კი, დაახლოებით 2,2 მლნ ადამიანია.

სერგეენკოს თქმით, შენარჩუნდება 15 ლარიანისადაზღვევო პაკეტები, რომლითაც ამჟამად 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები, 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოკვეთილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ. მათ მომსახურებას კი ჩვეულებრივ, კერძო სადაზღვევო კომპანიები განაგრძობენ.
 
რას დაფარავს ახალი საყოველთაო დაზღვევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საყოველთაო დაზღვევა 2 ეტაპისგან შედგება. დაზღვევის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს ამოქმედდება და „მინიმალურ პაკეტს~ 2 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. მეორე ეტაპის დაწყება ივლისიდან არის ნავარაუდები და იგი დაზღვევის საბაზისო პაკეტის ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე, სადაზღვევო პაკეტი ოჯახის ექიმის ულიმიტო მომსახურებას, ასევე გადაუდებელი შემთხვევების ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას აანაზღაურებს. 1 ივლისიდან მინიმალური პაკეტი საბაზისო სადაზღვევო პაკეტად გადაკეთდება.

11 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე დავით სერგეენკომ განმარტა: „პროგრამა შედგება 2 ნაწილისგან. პირველი, ეს არის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტების შესაძლებლობა. ეს არის როგორც ოჯახის ექიმი, ასევე ვიწრო სპეციალისტი. ამავე ლოტში შედის საბაზო სამედიცინო გამოკვლევები: როგორიც არის ელექტროკარდიოგრამა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი – ეს არის გადაუდებელი მდგომარეობების მართვა. როგორც ამბულატორიული, ე.წ. „ემერჯენსი~ მიმღები განყოფილების დონეზე, ასევე სტაციონალურად.
ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი დააზღვევს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დღეის მდგომარეობით არანაირი სადაზღვევო პაკეტი არა აქვს. მეორე ნაწილი, რომელსაც აქვს უკვე სადაზღვევო პაკეტები, მათ დაზღვევებს გააგრძელებენ კერძო სადაზღვევო კომპანიები~.

როგორც სერგეენკო აცხადებს, „საყოველთაო დაზღვევა~ კი ისეთ კატეგორიას შეეხება, ვისაც არანაირი დაზღვევა არ აქვს.

„დღეს საქართველოში გარკვეულ ნაწილს აქვს სადაზღვევო პაკეტი, ესენი არიან: 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, საპენსიო ასაკის მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, სტუდენტები, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობა მოქალაქეების, დაახლოებით 2 200 000 ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნია. ესენი არიან ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები, სწორედ ისინი უნდა უზრუნველვყოთ საბაზისო პაკეტით~, - ამბობს მინისტრი.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია, არის ის, რომ სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც მოქალაქეები თებერვლიდან ისარგებლებენ, დაახლოებით ისეთი ფორმის იქნება, როგორც უმწეოთა დაზღვევა, რომლის მიხედვით, ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებიც შედის. არ არის ცნობილი მედიკამენტების ჩამონათვალი და მათი ლიმიტი, რომელიც სადაზღვევო პაკეტში შევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის დანახარჯებს შორის საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ბევრს სწორედ წამლებზე ხარჯავენ, ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა ექნება მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ოდენობას, მათ ჩამონათვალს და თანაგადახდის პრინციპს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ უნივერსალური დაზღვევა არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს სრულიად უფასო ჯანდაცვა ექნებათ: „უნივერსალური დაზღვევის მოდელი უფასო მედიცინას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 100%-ს ექნება დაზღვევა, თუმცა ზოგ მათგანს ექნება საბაზისო, ზოგს _ უფრო მეტი. ორიენტირებული იქნება სოციალურ და ასაკობრივ კატეგორიებზე. ეს იქნება ძირითადი და აუცილებელი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა~. მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის ეს მოდელი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაზღვევის ოპტიმალურ მოდელად არის აღიარებული.

ჟურნალ „ლიბერალისთვის~ მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი აგრეთვე აცხადებს რომ 5-ლარიანი დაზღვევის ადრინდელი წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა და ამჟამად იგივეს პროგნოზირება გაუმართლებელია.

„დავიწყოთ იმით, რომ ის 5-ლარიანი დაზღვევა, რომელმაც ვერ გაამართლა, ნებაყოფლობითი იყო და თანადაფინანსებას გულისხმობდა. გაინტერესებთ ალბათ, რატომ მაინცადამაინც 5 ლარი? არსებობს საჭიროებებზე დაფუძნებული გათვლა და რესურსებზე დაფუძნებული გათვლა. ჩვენ უპირატესობა პირველს მივანიჭეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავადგინეთ, რა სახის სერვისი გვჭირდებოდა და ამის მიხედვით დავადგინეთ ფასი და არა პირიქით, როცა გაქვს განსაზღვრული თანხა და სერვისიც ამ თანხას უნდა მიუსადაგო. 5-ლარიანი მინიმალური პაკეტი მოიცავს 2 მთავარ ბლოკს: ოჯახის ექიმთან ვიზიტს შეუზღუდავად, თანაგადახდის გარეშე და გადაუდებელი შემთხვევების მართვას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ამას ემატება ის დიაგნოსტიკური კვლევები, რომელიც საჭიროა ამბულატორიული პირველადი შეფასებისთვის. რაც შეეხება სტაციონარულ-ურგენტულ მომსახურებას, კვლევა აქაც იგულისხმება იმ შემთხვევების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დაავადების მიმდინარეობისას. პირველი ივლისიდანარსებულ პაკეტს დაემატება გეგმიური სერვისი, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალიც და დაფინანსდება ორსულობაც და მშობიარობაც. 5-ლარიანმა დაზღვევამ ადრე იმიტომ არ იმუშავა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია არ იყო კარგად განვითარებული და შესაბამისად, მოსახლეობის ნდობაც ნაკლები აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ 5-ლარიან პაკეტში იმთავითვე მოქცეული იყო გეგმური სერვისებიც, რისი განხორციელებაც იმ პერიოდისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო~.

იმედები და საფრთხეები

მთავრობის ინიციატივებს რომ ოპოზიცია ხშირად არ იწონებს, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. თუმცა, როდესაც ინიციატივები სხვადასხვა ექსპერტებს და სფეროს პროფესიონალებს არ მოსწონთ, ინიციატივის არაეფექტიანობის ალბათობა კიდევ უფრო მატულობა.

ერთ-ერთი საფრთხე, რასაც მთავრობის ახალ ინიციატივას უკავშირებენ, ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნაა.

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ ხელმძღვანელი ნიკა რამიშვილი აცხადებს, რომ კორუფციის საფრთხე რეალურია:

„როდესაც ერთიანი ფონდია, ძალიან რთულია გააკონტროლო კორუფციის საკითხი. ძალიან ძნელია დათვალო დღევანდელი გადმოსახედიდან სამედიცინო მომსახურების უტილიზაციის საკითხი. მას მერე, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თავისთავად ცხადია, გაიზრდება მოთხოვნა. დღევანდელი გადმოსახედიდან არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, რომ დათვალო, რა იქნება მოთხოვნა და რა დაუჯდება ეს მოდელი ბიუჯეტს~.

2004-2007 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მეგრელიშვილი დღეს აცხადებს, რომ ერთიანი სახელმწიფო ფონდი კორუფციის ხელშემწყობი იყო: „კორუფციული გარიგებები ხდებოდა _ ვისაც ჰქონდა სახელმწიფო ფინანსები და საავადმყოფოების მთავარ ექიმებს შორის. ფაქტობრივად, მუდმივად გარიგებების საგანი იყო, რა დაფინანსებას მოიპოვებდა ესა თუ ის კლინიკა~.  

მეგრელიშვილი აგრეთვე იმ სიტუაციაზეც მიანიშნებს, რასაც სახელმწიფო ფონდის ამოქმედება მოიტანს. მისი თქმით, როდესაც ადამიანებმა იციან, რომ სამედიცინო მომსახურებაში მათ ფული არ უნდა გადაიხადონ და ისედაც უფინანსებენ, შეეცდებიან, რომ განსაზღვრული ლიმიტები მაქსიმალურად აითვისონ.
 
„ამ ფონდის ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს – შეაჩეროს პაციენტების ნაკადი სამედიცინო დაწესებულებებამდე. შესაბამისად, ძალიან ბევრი აქვთ საფიქრალი, რა მექანიზმებს გამოიყენებენ, რომ არც უკმაყოფილება გამოიწვიონ მოსახლეობაში _ არგვემსახურებიანო, მაგრამ არც ფული გადახარჯონ~.

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ ხელმძღვანელი ნიკა რამიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს კეთილმა იდეამ საბოლოო ჯამში შეიძლება არც თუ სახარბიელო შედეგიც მოიტანოს.

„2 მილიონზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება უფასოდ იმკურნალოს, რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ეს გამოიწვევს რიგებს, ჩაწერებს და ასე შემდეგ. თუ სახელმწიფომ შესთავაზა დაზღვეულებს უფასოდ ძალიან მაღალი ხარისხის დაზღვევა, თავისთავად ცხადია, საქართველოს მოსახლეობა აღარ იყიდის დამატებით მომსახურებას. ეს დამთავრდება იმით, რომ სადაზღვევო კომპანიები გამოეთიშებიან ჯანდაცვის სექტორში კონკურენციას. იქნება მხოლოდ ერთი მიმწოდებელი - სახელმწიფო~, - აცხადებს ნიკა რამიშვილი `რუსთავი 2~-თან ინტერვიუში.

კერძო სექტორის შევიწროვებას და ბიზნესის ჩაკვლას რაც მოჰყვება, იოლი საპროგნოზოა. კონკურენციის გარეშე დარჩენილი სფერო ფასების ზრდის და ხარისხის დაცემის წინაპირობაა. აგრეთვე, თუ კერძო სექტორს ჯანდაცვის დაზღვევაში აღარაფერი ესაქმება, სადაზღვევო კომპანიებს თანამშრომლების შემცირებაც მოუწევთ. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი მსგავს უარყოფით მოვლენებს გამორიცხავს.
 
„ერთიანი სადაზღვევო ფონდი, რომელიც განახორციელებს ამ ახალდაზღვეული ადამიანების შემთხვევების მართვას, მისი სტრუქტურა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. მასში არიან წარმოდგენილები როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, პროფკავშირები... ანუ, ეს არის მაქსიმალური გამჭვირვალობის ორგანო~,  - ამტკიცებს დავით სერგეენკო.

მეორე საკითხი, რაც საყოველთაო დაზღვევის მიმართ სკეპტიციზმს იწვევს, სადაზღვევო პრემიის მოცულობაა. 2 წლის წინანდელი 5-ლარიანი დაზღვევის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სადაზღვევო პრემიის სიმცირე და შესაბამისად ძალიან დაბალიდაფარვა იყო.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ასე დაბალ ფასად ეფექტის მიღება შეუძლებელია: „პრემიის თანხა, უნდა იყოს აბსოლუტურად მიმზიდველი, იმიტომ, რომ 5-ლარიანი დაზღვევით ვერ მოვემსახურებით მოსახლეობას. 5 ლარი არ არის ის პრემიის დონე, რომელიც კომპანიას მისცემს საშუალებას სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიაწოდოს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს დიფერენცირებული, ასაკების მიხედვით რისკები გადანაწილებული~.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე დაბალი თანხის გამო პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას არ ელოდება. მისი თქმით, 2 წლის წინანდელი პროგრამა სადაზღვევო კომპანიებისთვის არ იყო მიმზიდველი და არც ამჟამად შეიძლება იყოს.

„5 ლარი არის იმდენად მცირე თანხა, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ ვერ ხერხდება მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება და მათთვის ეს ბიზნესი, როგორც ბიზნესი, ხდება წამგებიანი. ამ დაზღვევას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ, ჩვენ უარვყავით. შეუძლებელია, ამან თუ არ იმუშავა რამდენიმე წლის წინ, იმუშაოს ახლა. ინფლაცია იყო ამ წლების განმავლობაში, ფასები გაზრდილია და არა შემცირებული~.

საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დახმარების სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ დაფინანსებას ღებულობდა, მომავალ წელს კიდევ უფრო გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტში, მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება 2012 წელს 380 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2013 წელს კი 650 მილიონ ლარამდე იზრდება. ეყოფა თუ არა ეს თანხა საყოველთაო დაზღვევას და რამდენად ადეკვატური იქნება მიღებული მომსახურება დაზღვეულებისთვის, დაზღვევის ამოქმედების შემდეგ დავინახავთ. მანამდე კი ტრადიციული სიტუაციაა: ხელისუფლება ირწმუნება, ყველაფერი რიგზე იქნებაო, ხელისუფლების ოპონენტები კი ინიციატივას ეჭვით უყურებენ.

თემურ იობაშვილი