ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
რატომ არ არის აგრარული სფეროს დაზღვევა პოპულარული საქართველოში
#8(116), 2009

სადაზღვევო საქმიანობა დღეს - ამ რუბრიკის მეშვეობით ჟურნალში განხილულია როგორც საქართველოში მოღვაწე სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა, ასევე ზოგადად ბიზნესის ამ მნიშვნელოვან სფეროში არსებული პრობლემატიკა. რუბრიკის რედაქტორია “ააფის” სარედაქციო კოლეგიის წევრი თემურ იობაშვილი.

სახელმწიფო დაზღვევაში თანამონაწილეობასისტორიულად, საქართველო აგრარული ქვეყანაა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სოფლის მეურნეობას საამაყო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწები საკმაოდ დიდ ფართობს იკავებს. ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოს აქვს, მემცენარეობა-მეცხოველეობის განვითარების მშვენიერ შანსს იძლევა, თუმცა ამ შანსს ქვეყანა მხოლოდ სწორი მიდგომით თუ გამოიყენებს. გასული საუკუნეეებისგან განსხვავებით, თანამედროვე ქვეყნების ხელისუფლება სოფლის მეურნეობას დიდ ყურადღებას აქცევს და მთელ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს უშუალო ჩარევით აგრარული სფერო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსებას დიდი ყურადღება აქვს დათმობილი. იგივე სიტუაციაა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი როგორც სურსათის ხარისხის კონტროლი, ასევე ამ სფეროს მიზანმიმართული დახმარება. სახელმწიფოს მხრიდან დიდი დოზით დახმარების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობა განვითარებულ ქვეყნებში მაინც ბიზნესს წარმოადგენს. შესაბამისად, როგორც ბიზნესის ნებისმიერი სხვა სფეროს თანმდევი პროცესია დაზღვევა, იგივე სიტუაციაა სოფლის მეურნეობაშიც: ფერმერები აზღვევენ როგორც ერთწლიან თუ მრავალწლიან კულტურებს, ასევე ხდება დაზღვევა მეცხოველეობაში. მემცენარეობის შემთხვევაში თუ ძირითადად საუბარია სტიქიურ რისკებზე, მეცხოველეობაში, როგორც წესი, ხდება დაავადებებისაგან დაზღვევა.

ჩვენი ჟურნალი შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა საქართველოში აგრარული სფეროს დაზღვევის მხრივ და თუ არის მიმზიდველი ამ სახის დაზღვევა როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე უშუალოდ გლეხისთვის და ფერმერისთვის. სოფლის მეურნეობაში დაზღვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამოც ენიჭება, რომ არც თუ იშვიათია სტიქიური უბედურებებით მოსავლის ნაწილობრივი თუ სრული განადგურება. კახეთში ვენახის დასეტყვა თითქმის ჩვეულ მოვლენად არის ქცეული. ასევე გვალვა მარცვლეულს ანადგურებს ხოლმე. ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ზარალი გამოიწვია დაავადებებმა, რამაც მეცხოველეობა დააზარალა: ფრინველის გრიპმა თუ სხვა დაავადებებმა ბლომად ქათამი და ღორი შეიწირა... მოკლედ, აშკარაა რომ სოფლის მეურნეობა საკმაოდ რისკიანი სფეროა და სადაც რისკი მაღალია, როგორც წესი, დაზღვევა პოპულარული უნდა იყოს. თუმცა, დღევანდელ საქართველოში ასე ნამდვილად არ არის.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანას” ექსპერტი ბიორგი ბარისაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს გლეხსა და ფერმერს. ბარისაშვილი ამბობს, რომ თეორიულად კი შეიძლება ყველაფერი დაეზღვეს, მაგრამ თუ ვენახის დაზღვევა მოხდება, მაშინ ალბათ სტიქიური უამინდობები იქნება გათვალისწინებული და არა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჭრაქი და თუ ვაზის სხვა უამრავი დაავადება. ეს დაავადებები კი შეიძლება ითქვას არანაკლებ აზარალებს მევენახეს, ვიდრე სეტყვა.

გიორგი ბარისაშვილი ამბობს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით რამდენიმე წელიწადი გერმანიაში მუშაობდა. თუმცა, აცხადებს, რომ გერმანიაში ვენახების დაზღვევის შემთხვევა არ შეხვედრია. ბარისაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სეტყვის პრობლემა გერმანიაში რეალურად არც დგას და ამიტომ მსგავსი რისკის დაზღვევა არც არის მოთხოვნადი. “გერმანიაში სტიქიური უბედურობები თითქმის არც არის, რაც ვენახს ისე გააფუჭებს, როგორც საქართველოში. ალბათ, ეს კერძო სადაზღვევო კომპანიების დონეზე კი არა, უფრო სახელმწიფო პოლიტიკის საქმეა მოაგვაროს ვენახების საქმე. გარკვეული სუბსიდიები და მიზანმიმართული პროგრამები, რაც მევენახეს შეეშველება”, - ამბობს გიორგი ბარისაშვილი. წელს სეტყვამ საკმაოდ დააზარალა კახეთის ზოგიერთი მხარე. “ელკანაში” ამბობენ, რომ, მათი ასოციაციის წევრები, 4-5 ფერმერი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. “დახმარებას ითხოვენ, რომ ზარალი დაზუსტდეს და რადგან ისინი ბიოპროდუქციას აწარმოებენ, იქნებ სახელმწიფო დაეხმაროს. სეტყვამ რუისპირი, ბაკურციხე, წინანდალი, თელავის მხარე დააზარალა”, - ამბობენ “ელკანაში”.

გიორგი ბარისაშვილი ამბობს, რომ მთლიანობაში, საქართველოში ვენახები იმხელა რისკის ქვეშ არის, რომ სადაზღვევო კომპანიებს მართლაც არ უღირთ ამ სახის პროდუქტის გაყიდვა.

“თუ რისკის შესაფერ სადაზღვევო ჯამურ პრემიას მოითხოვენ, ამხელა ფასის გადამხდელი გლეხი ვერ იქნება - ისედაც ძალიან ძვირი უჯდებათ წარმოება. რაც შეეხება ერთწლიან მარცვლეულ კულტურებს, აქ კი პირიქით, იმდენად დაბალია რისკ-ფაქტორები, რომ არ ღირს დაზღვევა. თანაც, ნებისმიერი დაზღვევა ისევ დამატებით ხარჯს ნიშნავს ფერმერისთვის. მოხერხებული ფერმერი ერთწლიან კულტურას ბევრად უდანაკარგოდ აიღებს, ვიდრე მევენახე. მარცვლეულის აღება ივნის-ივლისშია ხოლმე. ყურძენი კი რამდენიმე თვის შემდეგ იკრიფება. ხშირად სწორედ ამ პერიოდში მოდის სეტყვა და აფუჭებს ვენახს”, - ამბობს გიორგი ბარისაშვილი. ასე რომ, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული რისკი მნიშვნელოვნად განსხვავებულია ვენახსა და ერთწლიან კულტურებს შორის. თუ ძლიერი სეტყვა მოვიდა, ვენახმა შეიძლება მომდევნო წელსაც აღარ მისცეს მოსავალი ფერმერს, მარცვლეულის დასეტყვის შემთხვევაში კი მომავალ წელს ჩვეულებრივი მოსავალია მოსალოდნელი. ამიტომ, ვენახი და ერთწლიანი კულტურები სულ სხვადასხვა კატეგორიაა დაზღვევის კუთხით. რაც შეეხება უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებს, მათ სადაზღვევო პროდუქტებში აგრარული სექტორის დაზღვევის წილი უმნიშვნელოა. სადაზღვევო ბაზრის ლიდერ “ალდაგი ბისიაში” ამბობენ, რომ მათი კომპანია არ ყიდის ყურძნის მოსავლის დაზღვევას. ასევე, ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მათი კომპანია არ ახდენს სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას.

“ეს იმდენად მაღალი რისკის შემცველია, რომ ჩვენი კომპანია არ ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაზღვევას”, - გვითხრა “ალდაგი ბისიაის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ივჩენკომ. სამაგიეროდ, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მეორე ლიდერ კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგში” ამბობენ, რომ მათი კომპანია ახდენს ყველანაირი რისკის დაზღვევას. ეს შეეხება როგორც ვენახებს და ბაღებს, ასევე ერთწლიან კულტურებსაც. შესაძლებელია დაზღვევა როგორც მეცხოველეობაში, ასევე მეფრინველეობაშიც. “მსგავსი შემთხვევები ჩვენ გვაქვს და არის ფერმებიც დაზღვეული. მთლიან სადაზღვევო პროდუქტებში ამ სახის დაზღვევა ძალიან დაბალია. შესაძლებელია, ეს ინფორმაციის ნაკლებობითაც ხდება და ასევე ჯამური პრემიაც საკმაოდ მაღალია ხოლმე. მაგალითად, მარცვლეულის შემთხვევაში 6-9%-მდეა დაზღვევის ფასი მთელი მოსავლიდან”, - ამბობს “ჯიპიაი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი.

“ჯიპიაი”-ში ამბობენ, რომ ვენახებს აზღვევენ ცნობილი ღვინის კომპანიები. ბევრ კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს გაშენებული და მოსავლის დაზღვევასაც სწორედ ისინი ყიდულობენ. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, “ჯიპიაი”-ში ამბობენ, რომ მათ კომპანიას მსგავსი შემთხვევებიც ჰქონდა, როდესაც მოხდა ზარალის ანაზღაურება. სტიქიურ მოვლენებს მოსავლის გარდა გზები, ხიდები თუ სხვა ნაგებობებიც ეწირება ხოლმე. როგორც სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, ასეთი ობიექტების დაზღვევა ჩვეულებრივ ხდება, იგივე პრინციპით, როგორც ქონება. “ჯიპიაი”-ში ამბობენ, რომ მათ კომპანიას დაზღვეული აქვს მშენებარე ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სოფლის მეურნეობაში დაზღვევის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე. მისი თქმით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსგავს პროდუქტს. რეალურად კი თითქმის არავინ ყიდულობს – დაზღვევა შეეხება სხვადასხვა რისკებს: სეტყვაზე დაზღვევა, ჭარბნალექიანობა, გვალვა და ა.შ. “ყველანაირ პროდუქტს სთავაზობენ, თუმცა ძალიან ცოტა ეზღვევა. ვენახზეც და მარცვლეულზეც. ეს გარანტირებულად წამგებიანი პროდუქტია სადაზღვევო კომპანიებისთვის და ცდილობენ სხვა დაზღვევებით გადაფარონ ამ სეგმენტის წამგებიანობა. შეიძლება ითქვას, ბევრი პროდუქტი კომპანიებს “კბილებით უკავიათ”, რათა საერთოდ არ გააუქმონ ესა თუ ის პროდუქტი”, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დაზღვევის ასამუშავებლად აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. “შეიძლება უცნაურად ჩანს, მაგრამ, სავალდებულო ფორმა უნდა მიეცეს ასეთ დაზღვევას. იგივე ხდება სხვადასხვა ქვეყნებში – მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ბევრი რამე ჩვენ უცნაურად მოგვეჩვენება, მაგრამ, სავალდებულო დაზღვევის გამო, თვითონ სადაზღვევო საქმიანობა მომგებიან სფეროს წარმოადგენს. სახელმწიფო ან სადაზღვევო პრემიას კისრულობს, ან დაზღვევის რისკს და ასე ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაზღვევის პოპულარიზაცია. ჩვენთან კიდევ იმიტომ არ არის ამ ტიპის დაზღვევა განვითარებული, რომ სოფლის მეურნეობა ბიზნესს არ წარმოადგენს. რეალურად ეს არის ადამიანის თავის გადარჩენის მცდელობა და არა მოგებაზე ორიენტირებული ფერმერული საქმიანობა. როდესაც გახდება ბიზნესი, მაშინ ამუშავდება ეს დაზღვევა”, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

ჩვენ ასევე მივმართეთ ფერმერებთან უშუალოდ მომუშავე აგრო-განვითარების ჯგუფს, რომელიც თავის მხივ რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფერმერთა სახლი”. “ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული რისკების სიმრავლიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი საკითხია, მეორე მხრივ, დასაძლევია მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებული უნდობლობა. ამისთვის შედარებით მომზადებულად მაინც მევენახეობის და მეხილეობის დარგი მიმაჩნია, თუმცა აქაც ერთობლივ პროექტზე შეიძლება საუბარი - კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოს თანამონაწილეობაზე”, - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა აგრო-განვითარების ჯგუფიდან.

რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, აგრო-განვითარების ჯგუფში ვარაუდობენ, რომ მსგავსი ინიციატივა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას ნაკლებად შეესაბამება.

“სავალდებულო დაზღვევა საწყისი ეტაპია და არა მგონია გამოგვადგეს. დღეს ყველამ ერთად უნდა ვიაროთ ეკონომიკური უკეთესობისკენ. რაც ევროპამ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა, ჩვენს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, უკონტროლო დაავადებების (მაგალითად ქათმის გრიპი, რომლის ეფექტური ვაქცინა არ არსებობს) დაზღვევაზე არცერთი სადაზღვევო კომპანია არ წამოვა. რაც შეეხება კონტროლირებად დაავადებებს, მაგალითად, მეცხოველეობაში, აქ სადაზღვევო კომპანიებმა და სახელმწიფომ შეიძლება ერთად იმუშაონ თუნდაც ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა “თურქული” და ციმბირული წყლული. დანარჩენ დაავადებებზეც შესაძლებელია რაიმე ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობა. ფაქტია, რომ უნდა არსებობდეს გარანტი ორგანიზაცია, რომელიც დაავადებების პრევენციას განახორციელებს და ათანამშრომლებს ფერმერს სადაზღვევო კომპანიასთან”. ჩვენ ასევე მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა ფერმერების მიერ რისკების დაზღვევაზე. როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ საკითხებზე პარლამენტის აგრარული კომიტეტი მუშაობს და სამინისტროც მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს დაელოდება. პარლამენტის აგრარულ კომიტეტში კი გვითხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს კომიტეტის ხედვების წარდგენა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან. “ახლა არის სტრატეგიის შემუშავების სტადია, რაც მეცხოველეობა-მემცენარეობის დაზღვევას შეეხება”.

თუმცა, ზუსტად რა ფორმას მიიღებს დაზღვევა აგრარულ სექტორში, რა დოზით იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგრარული სფეროს დაზღვევაში, ან სავარაუდოდ როდიდან შეიძლება უშუალოდ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევით ამ სფეროს დაზღვევის პოპულარიზაცია, კომიტეტში ვერ აკონკრეტებენ.

წინასწარი ინფორმაციით კი ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფომ შეიძლება ჯანდაცვის სფეროს “იაფი დაზღვევის” მსგავსი სქემა გამოიყენოს, როდესაც დაზღვევის ძირითად ნაწილს სახელმწიფო ფარავს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს წინასწარი ვარაუდი, “იაფი დაზღვევის” მეშვეობით საქართველოში დაზღვევის მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მომხდარიყო – არ გამართლდა. შესაბამისად, სახელმწიფოს მესვეურებს ამ ჩავარდნის გათვალისწინებაც მოუწევთ აგრარული სექტორის დაზღვევის პოპულარიზაციის სქემის შემუშავებისას.

თემურ იობაშვილი