ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის პასუხისმგებლობა ქართულ საკორპორაციო სამართალში
#8(80), 2006
1. პერსონალური საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის თავისებურებები

საქართველოს საკორპორაციო სამართალი იცნობსროგორც კაპიტალურ, ასევე პერსონალურ საზოგადოებებს. პერსონალური საზოგადოებების სამართლებრივი სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი საზოგადოებისვალდებულებებზე პარტნიორების პირადი და შეუზღუდავი პასუხისმგებლობაა.

კრედიტორთა წინაშე პერსონალური საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხში საჭიროა განვასხვაოთ პასუხისმგებლობა საზოგადოებასა და პარტნიორებს შორის და პარტნიორებს შორის ერთმანეთის მიმართ. პირველი ფორმა სხვისი ვალისათვის პარტნიორის პასუხისმგებლობას გულისხმობს. პარტნიორები პასუხს აგებენ სხვისი (საზოგადოების) ვალისათვის. ამიტომ, ასეთი პასუხისმგებლობა დამოკიდებული (აქცესორული) ბუნებისაა.
პასუხისმგებლობის აქცესორულობა გულისხმობს, რომ პარტნიორთა პასუხისმგებლობის იურიდიული ბედი ძირითად ვალდებულებაზეა დამოკიდებული; პარტნიორები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისათვის, რისთვისაც პასუხს აგებს საზოგადოება (ძირითადი მოვალე). მაგალითად, თუკი საზოგადოების ძირითადი ვალი შესრულების შეუძლებლობის გამო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებად გარდაიქმნება, პარტნიორებიც მხოლოდ ზიანისათვის აგებენ პასუხს. პასუხისმგებლობის აქცესორული დამოკიდებულების კარგი მაგალითია თავდებობა (სამოქალაქო კოდექის 891-905 მუხლები).

განსხვავებულია პარტნიორთა პასუხისმგებლობა ერთმანეთისა და კრედიტორის მიმართ. იგი იმგვარივეა, როგორც სოლიდარული მოვალეების პასუხისმგებლობა. ერთი პარტნიორის მიერ შესრულების შეუძლებლობა ძირითად ვალდებულებას არ გარდაქმნის ზიანის ანაზღაურების მოვალეობად დანარჩენი პარტნიორებისათვის. ხსენებული გარემოება კარგად ჩანს სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლში, რომლითაც სოლიდარულ მოვალეს მხოლოდ იმ შესაგებლის წარდგენა შეუძლია კრედიტორისათვის, რომელიც მას პირადად ან ყველა მოვალეს ერთად აქვს, ან რომელიც გამომდინარეობს ვალდებულების არსიდან.

ზემოთქმულიდან განსხვავებით, თავდებს შეუძლია კრედიტორს წარუდგინოს ის შესაგებელიც, რომელიც აქვს ძირითად მოვალეს (სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი ნაწილი).

აქცესორული და სოლიდარული პასუხისმგებლობის გასამიჯნად სამაგალითოა ვალის პატიების სამართლებრივი შედეგებიც:

- სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლით კრედიტორს შეუძლია მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე სოლიდარულ მოვალეს აპატიოს ვალი, დანარჩენის მიმართ კი მოთხოვნა დაიტოვოს. თავდებობის დროს კი ძირითადი მოვალის პატიება თავისთავად იწვევს თავდების პასუხის-მგებლობისაგან განთავისუფლებას.

- სოლიდარული მოვალისათვის ვალის პატიება ამცირებს დანარჩენ მოვალეთა პასუხისმგებლობის საერთო მოცულობასაც (სამოქალაქო კოდექსის 499-ე მუხლის ბოლო წინადადება), ხოლო ვალისაგან თავდების განთავისუფლება ძირითად მოვალის პასუხისმგებლობას ხელუხლებელს ტოვებს (სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლი).

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ საზოგადოებასა და პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობის აქცესორული ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმამხოლოდ საზოგადოების იძულებითი აღსრულების მცდელობის შემდეგ უნდა მიმართოს პარტნიორს. აქცესორული პასუხიმგებლობა არ გამორიცხავს თავდების მიმართ უშუალოდ და უპირობოდ მოთხოვნის წარდგენასაც (სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი).

2. ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის პასუხისმგებლობა

ა) პრობლემა

სიტყვა გაგვიგრძელდა, თუმცა შესავალი იმისათვის დაგვჭირდა, რათა გაგვერკვია, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობას ვგულისხმობთ პარტნიორის მიერ საზოგადოების ვალებისათვის პასუხისმგებლობაზე მსჯელობისას.

სტატიაში პასუხგასაცემია მთავარი კითხვაა:

რა ფორმით აგებს პასუხს ყოფილი პარტნიორი პერონალური საზოგადოების ვალდებულებებზე მისი საზოგადოებიდან გასვლის ან პირადი პასუხისმგებლობის შეზღუდვის შემთხვევებში?

პრობლემა, ჩემი აზრით, საწარმოს ფუნქციონირების მრავალ ეტაპზე წამოიჭრება, ესენია: პარტნიორის გასვლა ან გარიცხვა; საწარმოს გაყიდვა; საწარმოთა რეორგანიზაცია; კომპლემენტარის კომანდიტად გახდომა.

თავდაპირველად შევეცადოთ დავადგინოთ, აგებს თუ არა პასუხს ყოფილი პარტნიორი საზოგადოებიდან გასვლის (პასუხისმგებლობის შეზღუდვის) მომენტში არსებული ვალდებულებებისათვის. სამწუხაროდ, ამ საკითხს უმრავლეს შემთხვევაში “მეწარმეთა შესახებ” კანონის ტექსტი ღიად ტოვებს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ დასმულ კითხვაზე მაინც დადებითად უნდა ვუპასუხოთ, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე საწარმოს გამყიდველის პასუხისმგებლობის შესახებ ნორმებში გადმოცემული კანონმდებლის პოზიციიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორებისათვის ვალდებულებიდან “გაქცევის” გზა ღია დარჩებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მომავალ კონტრაჰენტად საზოგადოების არჩევისას პირადად პასუხისმგებელი პარტნიორების ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი გარემოებაა. კრედიტორის ამ ნდობის “გაცრუების” ინსტიტუციონალიზაცია კი კანონმდებლის მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს.

შესაბამისად, პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს: ყოფილი პარტნიორი, რომელიც პერსონალურ საზოგადოებას ტოვებს, ან რომლის პირადი პასუხისმგებლობაც იზღუდება, საზოგადოების ამ მომენტამდე არსებული ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს.

ბ) “მეწარმეთა შესახებ” კანონის 8.3-8.5 და 15.1 მუხლები და მათი ანალოგიით გამოყენების შესაძლებლობა

როგორც აღვნიშნე, კანონი “მეწარმეთა შესახებ” ყველა შემთხვევისათვის არ ადგენს პერსონალური საზოგადოების ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობის წესს. მაგრამ, ჩემი აზრით, კანონის ცალკეულ დებულებებში გამოხატული პოზიციიდან შესაძლებელია გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ისტორიული კანონმდებელი და რა არის კანონის ობიექტური მიზანი ყოფილი პარტნიორის პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით.

განვიხილოთ კანონში მოცემული წესები, რომელიც საწარმოს გაყიდვისას ინდივიდუალური მეწარმის პასუხისმგებლობას ეხება:

8.3 მუხლი:

“ინდივიდუალური საწარმოს გამსხვისებელი პასუხს აგებს საწარმოს გადაცემის მომენტში არსებული ყველა ვალდებულებისათვის, ხოლო გრძელვადიანი ვალდებუ-ლებითი ურთიერთობისას – იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათ საფუძვლად არსებული გარიგების მოშლამდე ან გასხვისების შემდეგ მოშლის პირველ შესაძლო ვადამდე”.

8.5-ის მიხედვით იგივე წესი მოქმედებს სპს-ის და კს ის პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის მიმართ.

ჩემი აზრით, პერსონალური პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის 8.3-8.5 მუხლების აზრი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: თუ საზოგადოება ყიდის საწარმოს (როგორც ქონებას), მაშინ პასუხისმგებლობის სუბიექტი უცვლელი რჩება (საზოგადოება). მყიდველზე გადადის მხოლოდ საზოგადოების ქონება. საწარმოს გამყიდველი საზოგადოების პარტნიორები ჩევულებრივად პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის, რომელიც გასხვისებული საწარმოს ადრინდელ ვალებსაც მოიცავს. იმისათვის, რომ მყიდველზე აქტივთან ერთად ვალდებულებებიც გადავიდეს, საჭიროა კრედიტორის თანხმობა (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი), რის შემდეგაც ძველი მოვალის ადგილს ახალი იკავებს. საწარმოს გაყიდვას უთანაბრდება წილების იმ ოდენობით გაყიდვაც (სჰარე დეალ), რომელიც შემძენს საწარმოს კონტროლის საშუალებას აძლევს (როგორც წესი, ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ 75-დან 100%-მდე). ამ შემთხვევაში პარტნიორები, რომელთაც წილები გაყიდეს, საზოგადოების ძველ ვალებზე 8.3, 8.5 მუხლების მიხედვით აგებენ პასუხს.

როგორც დავინახეთ, საწარმოს გაყიდვის შემთხვევაში “მეწარმეთა შესახებ” კანონი ყოფილი პარტნიორის (მესაკუთრის) პასუხისმგებლობის შემდეგ ფორმას ირჩევს:

ჩვეულებრივი ვალდებულებისთვის პარტნიორი უცვლელად აგებს პასუხს; გრძელვადიანი ვადლებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კი ხელშეკრულების მოშლამდე ან ხელშეკრულების მოშლის პირველ შესაძლო ვადამდე (8.3 მუხლი).

მიმაჩნია, რომ კანონში აღწერილი შემთხვევების გარდა ყოფილი პარტნიორების პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშობა ასევე:

ა) საწარმოთა რეორგანიზაციის ეტაპზე:

- როდესაც პერსონალური საზოგადოება ფორმას იცვლის (კანონი “მეწარმეთა შესახებ” 14.4 მუხლი) და გარდაიქმნება შეზღუდული პასუხისმგებლობის ტიპის საზოგადოებად (სს, შპს, კოოპერატივი);

- საზოგადოებების შერწყმის დროს (კანონი “მეწარმეთა შესახებ” 14.5 მუხლი), როდესაც ორი საზოგადოება ერთდება ახალ საზოგადოებად, თუკი თავდაპირველი საზოგადოებები ან ერთ-ერთი მათგანი პერსონალური საზოგადოებაა, ხოლო ახალდაფუძნებული საწარმო კაპიტალურ საზოგადოებას წარმოადგენს;

- ერთი საზოგადოების მეორესადმი მიერთების დროს (კანონი “მეწარმეთა შესახებ” 14.5 მუხლი), როცა ყოფილი პერსონალური საზოგადოების პარტნიორები კაპიტალური საზოგადოების მეწილეები ხდებიან.

- ნატურით გაყოფისას (კანონი “მეწარმეთა შესახებ” 14.6 მუხლი), თუკი პერსონალური საზოგადოების გაყოფით ხდება ახალი კაპიტალური საზოგადოებების ან საზოგადოების დაფუძნება.

- ნატურით გაყოფისას მიერთების გზით (პერსონალური საზოგადოების სამეწარმეო ერთეული გადაეცემა უკვე არსებულ კაპიტალურ საზოგადოებას).

ბ) პერსონალური საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის ან გარიცხვისას.

გ) როდესაც პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის პოზიცია კომანდიტობით იცვლება.

აღწერილ შემთხვევებში ინტერესთა თანაფარდობა (ყოფილი პარტნიორი-კრედიტორი) დაახლოებით იგივეა, რაც საწარმოს გაყიდვის დროს. კერძოდ, პარტნიორი ტოვებს საზოგადოებას და მის მომავალ ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე პასუხს აღარ აგებს. თუკი საწარმოს გაყიდვის დროს კანონი გასული პარტნიორის პასუხისმგებლობის გარკვეულ წესს ადგენს, რთული იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ მისი დუმილი სხვა შემთხვევებში ე.წ. მეტყველ დუმილად ჩაითვლება. ძნელია არგუმენტების მოძებნა იმისათვისაც, რომ საწარმოს გაყიდვის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში, ყოფილ პარტნიორს შეუზღუდავი პასუხისმგებლობა დავაკისროთ. ვფიქრობთ, რომ ანალოგიის გამოყენების ორივე მეთოდური ელემენტი ხელთა გვაქვს _ პირველი, ინტერესთა თანაფარდობის მსგავსება კანონით მოწესრიგებულ და ღიად დატოვებულ შემადგენლობას შორის და მეორე, კანონის მიერ საკითხის მოუწესრიგებლობა, რაც კანონის თელეოლოგიას (არსს და მიზანს) ეწინააღმდეგება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პერსონალური საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის/გასვლის, საწარმოთა რეორგანიზაცის, კომპლემენტარის კომანდიტად გახდომის შემთხვევებში ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის 8.3 მუხლის წესით (8.3-8.5 მუხლების ანალოგიით) უნდა აგებდენ პასუხს.

2. ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორების პასუხისმგებლობა - “წარმოშობილი ვალდებულება” და “საფუძვლად არსებული გარიგება”

სტატიის პირველ ნაწილში დადებითი პასუხი გაეცა კითხვას, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ყოფილ პარტნიორს საზოგადოების ვალებისათვის. გარდა ამისა, შემოთავაზებულ იქნა 8.3 მუხლის წესების ანალოგიით გამოყენება პარტნიორის გასვლის/გარიცხვის, რეორგანიზაციისა და კომპლემენტარის კომანდიტად ქცევის შემთხვევაში. მოცემულ დასკვნებს, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და კანონის ხარვეზის დადგენის წესები დაედო საფუძვლად.

რადგანაც ყოფილი პარტნიორი ზოგადად პასუხს აგებსსაზოგადოების ძველ ვალებზე, ცხადი ხდება 8.3 მუხლის (8.5 მუხლთან ერთად) დანიშნულებაც. იგი კი არ ადგენს ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობას, არამედ მხოლოდ ზღუდავს მას გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის შემთხვევაში (8.3 მუხლის მე-2 წინადადება).

ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია 8.3 მუხლში მითითებული “არსებული ვალდებულების” და “ვალდებულების წარმოშობის” ცნებათა გამიჯვნა. როდის ჩაითვლება ვალდებულება არსებულად, წარმოშობილად? შეიძლება გაანალიზდეს შესაძლო ვარიანტები: ვალდებულების სამართლებრივი საფუძვლის (“საფუძვლად არსებული გარიგება”) წარმოშობა და თავად ვალდებულების წარმოშობა.

ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებით ჩნდება, მაგალითად: ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების დადებით წარმოიშობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა შემდგომი ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება თავად ვალდებულების წარმოშობას: მიმაჩნია, რომ ვალდებულება წარმოშობილად ჩაითვლება, როდესაც სახეზეა მოთხოვნის განხორციელების ნებელობითი (მხარეთა მოქმედებიდან გამომდინარე) წინაპირობები (მაგ., კონტრაჰენტის მიერ შესრულების განხორციელება ორმხრივი ხელშეკრულების დროს).

ვალდებულების საფუძვლისა და თავად ვალდებულების წარმოშობისაგან უნდა განვასხვაოთ ვალდებულებისაგან გამომდინარე მოთხოვნის ვადის დადგომა.
სამივე ცნების ნათელსაყოფად განვიხილოთ მაგალითი:

ქირავნობის ხელშეკრულებით ყოველი თვის ქირის გადახდა
გათვალისწინებულია მომავალი თვის 10-დან 15 რიცხვამდე. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყველა ვალდებულების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თავად ხელშეკრულება. ქირის გადახდის ცალკეული ვალდებულებები წარმოიშობა თვის დასრულებისთანავე. მოთხოვნის შესრულების ვადა კი ყოველი მომდევნო თვის 10-დან 15 რიცხვამდე დგება.

მოყვანილი არგუმენტებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 8.3 მუხლის მიხედვით ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორები, როგორც წესი, ყველა იმ ვალდებულებისათვის აგებენ პასუხს, რომელთა “საფუძვლად არსებული გარიგებაც” მანამდე დაიდო, სანამ ისინი საზოგადოებას დატოვებდნენ. გრძელვადიანი ურთიერთობისათვის ვალდებულებათა მოცულობა ზუსტდება “მათი წარმოშობით”.

მიგვაჩნია, რომ კანონმდებლის გადაწყვეტილება მყარდება შემდეგი არგუმენტით:

ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობის მიზანი გარკვეული დროის განმავლობაში საზოგადოების პასუხის-მგებლობის იმ სტატუსის შენარჩუნებაა, რომელიც მას კრედიტორთან ურთიერთობის დამყარების დროს ჰქონდა.
გრძელვადიანი ურთიერთობებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელშეკრულების მოშლამდე ან შესაძლო მოშლამდე ვალდებულების წარმოშობასაც ენიჭება (8.3 მუხლის მეორე წინადადება), რომელსაც კანონი ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის პასუხისმგებლობისმეორე აუცილებელ ნიშნულად ასახელებს.

8.3 მუხლის მე-2 წინადადებაში კანონმდებელმა, როგორც ჩანს, გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიერ შემუშავებული ე.წ. “მოშლის თეორია” (Kündigungstheorie) გაიზიარა. ამ ინსტიტუტის მთავარ სისუსტეს ის წარმოადგენს, რომ გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის განსაზღვრებას კანონმდებლობა არ იცნობს (თუმცა აღნიშნულ ტერმინს იყენებს ასევე სამოქალაქო კოდექსიც, მაგ. 399-ე მუხლი). პრაქტიკაში კი, ჩვეულებრივ და გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობას შორის გამიჯვნა შეიძლება რიგ შემთხვევებში გართულდეს. გარდა ამისა, არსებობს ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვეულებრივი წესით მოშლას არ ექვემდებარება, ან მოშლის შესაძლებლობა გამორიცხულია მხარეთა შეთანხმებით, მაგალითად, შრომითი ხელშეკრულება, რომლიც მოშლისთვისაც არავითარი ვადა არ არის გათვალისწინებული (შრომის კოდექსის 38-ე მუხლი). ხელშეკრულების შესაძლო მოშლის ვადად ნებისმიერი დღე შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც, შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისაგან, რომლებიც პარტნიორის საზოგადოებიდან გამოსვლის შემდეგ წარმოიშობა, იგი გამოსვლისთანავე თავისუფლდება. ჩემი აზრით, მსგავს შემთხვევებში მუხლის გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია. გერმანული სამართლებრივი პრაქტიკაც წააწყდა მსგავს პრობლემას და უზენაესმა სასამართლომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებისათვის პარტნიორის გასვლიდან 5 წლის ვადა განსაზღვრა, რის შემდეგაც ყოფილი პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის პასუხს აღარ აგებდნენ (პასუხისმგებლობის გამორიცხვის ვადა).

8.3 მუხლის პირველი წინადადებით ჩვეულებრივი ვალდებულებითი ურთიერთობისას კანონი ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობას არ ზღუდავს. მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტილება დიდ ტვირთს აკისრებს პარტნიორს, რომელმაც, შესაძლოა, უკვე დიდი ხნის წინ დატოვა საზოგადოება. ჩემი აზრით, ასეთი “ხანგრძლივი ტვირთი” სამართლებრივ-პოლიტიკური თვალთახედვიდან არა არის მიზანშეწონილი. იგი მნიშვნე-ლოვნად ამცირებს პერსონალური ტიპის საზოგადოებების მიმზიდველობას სამეურნეო ცხოვრების სუბიექტებისათვის.

3. ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის მიმართ მოთხოვნათა ხანდაზმულობა

8.3 მუხლით, როგორც აღვნიშნეთ, განისაზღვრება ვალდებულებათა მოცულობა, რომლისთვისაც ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორი საზოგადოების დატოვების შემდეგ აგებს პასუხს. მაგრამ, ასევე გასარკვევია, ხანდაზმულობის რა ვადა ვრცელდება ამ ვალდებულებებიდან წარმომდგარ მოთხოვნებზე.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი:

“ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს დებულება, რომელიც პარტნიორის გასვლას პრეტენზიის (მოთხოვნის) ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის ნიშნულად ასახელებს. სავარაუდოა, რომ ეს დებულება სწორედ ყოფილი პარტნიორების წინააღმდეგ კრედიტორთა მოთხოვნასაც ეხება და არამარტო ყოფილი პარტნიორის მოთხოვნას საზოგადოების მიმართ. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ხანდაზმულობის ათვლის წერტილად მხოლოდ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი ითვლება (იხ. ხანდაზმულობის ცნება _ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად მოთხოვნის წარმოშობა და არა პარტნიორის გასვლა უნდა მივიჩნიოთ. 15.1 მუხლის ფრაზა “პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი... პარტნიორის გასვლიდან”  შემდეგნაირად უნდა განიმარტოს:

- ხანდაზმულობის ვადა პარტნიორის გასვლის დროსაც, ისევე როგორც ყოველთვის, იწყება მოთხოვნის წარმოშობით. თუკი მოთხოვნა წარმოიშვა პარტნიორის გასვლამდე, პარტნიორი პასუხს აგებს მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში გასვლიდან, თუკი ზოგადი წესებით უფრო ნაკლები ვადა არ არის გათვალისწინებული. თუ მოთხოვნა გასვლის შემდეგ წარმოიშვა, 5-წლიანი (ან უფრო ნაკლები ზოგადი წესების შესაბამისად) ვადა შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან აითვლება (და არა პარტნიორის გასვლიდან).

მიგვაჩნია, რომ 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწესებას შეიძლება მხოლოდ შეღავათის და არა პასუხისმგებლობის დამძიმების ხასიათი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელი იქნებოდა, რატომ უნდა აგებდეს პასუხს საზოგადოების ვალდებულებე-ბისათვის ყოფილი პარტნიორი უფრო დიდხანს, ვიდრე არსებული პარტნიორები. შესაბამისად 15.1 მუხლის აზრი ხანდაზმულობის ზოგადი ვადების შეზღუდვაში მდგომარეობს. თუ ზოგადი ხანდაზმულობის ვადა 5 წელზე ნაკლებია, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ვადა.

4. ვალდებულებიდან ყოფილი პარტნიორის განთავისუფლება საზოგადოების ვალებისაგან

ყოფილი პარტნიორების პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვევას საჭიროებს ასევე 32.2 მუხლის მე-3 წინადადება, რომლის მიხედვითაც:
“პარტნიორები ვალდებულნი არიან საზოგადოებიდან გამსვლელი ან გარიცხული პარტნიორი გაანთავისუფლონ საზოგადოების ვალდებისაგან და გადაუხადოს ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა”.

ისმის კითხვა, რას ნიშნავს “გაანთავისუფლონ პარტნიორი საზოგადოების ვალებისაგან”. ჩემი აზრით, ეს წესი პარტნიორთა შორის შიდა ურთიერთობას ეხება და არა გასული პარტნიორის პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე. აღნიშნული დებულება არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს გასულ პარტნიორს უფლება აქვს უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის შესრულებაზე. ფორმულირებაც, რომელიც შიდა ურთიერთობას უსვამს ხაზს, ამაზე მიანიშნებს. თუკი კრედიტორს გასული პარტნიორი დააკმაყოფილებს, მას უფლება აქვს რეგრესული წესითმოითხოვოს ანაზღაურება საზოგადოების პარტნი-ორებისაგან. მას ასევე შეუძლია კრედიტორის მოთხოვნისთანავე თავისმხრივ დანარჩენ პარტნიორებს წაუყენოს მოთხოვნა კრედიტორის დაკმაყოფილების შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 426-ე მუხლი).

5. შუალედური დასკვნა

8.3 მუხლით ფიქსირდება ვალდებულობათა მოცულობა, რომელთათვისაც პასუხს აგებენ ყოფილი პარტიორები, ხოლო 15.1 მუხლი პასუხს სცემს კითხვაზე, როგორ აგებენ ისინი პასუხს. შემოთავაზებული ანალოგიის გამოყენებით ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის ძველი ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშობა (გასვლა, გარიცხვა, რეორგანიზაცია, საწარმოს გაყიდვა, კომპლემენტარის კომანდიტის პოზიციაში გადასვლა) შემდეგი პასუხისმგებლობის სქემა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

- ყოფილი პარტნიორი პასუხს აგებს ყველა უბრალო ვალდებულებისათვის, რომელთა სამართლებრივი საფუძველი მისი სტატუსის შეცვლამდე არსებობდა (ვალდებულებების მოცულობა). თუკი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შესრულების ვადა პარტნიორის გასვლამდე დადგა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული პარტნიორებისათვის შემოიფარგლება სტატუსის შეცვლის მომენტიდან 5-წლიანი ვადით (თუკი ზოგადი წესებით უფრო მოკლე ვადას არ არის დადგენილი). მოთხოვნებზე, რომელთა შესრულების ვადა პარტნიორის გასვლის შემდეგ დადგა, 5-წლიანი ვადა (თუ უფრო მოკლე ხანდაზმულობის ვადა არ არის გათვალისწინებული ზოგადი წესებით) კვლავ მოთხოვნის წარმოშობით იწყება და არა პარტნიორის გასვლით.

- გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ყოფილი პარტნიორი პასუხს აგებს იმ ვალდებულებისათვის, რომელიც წარმოიშვა გარიგების მოშლამდე (ან შესაძლო მოშლამდე). ამ შემთხვევაშიც ხანდაზმულობის 5 წელი მოთხოვნის შესრულების ვადის დადგმიდან აითვლება. აქაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს, თუკი ზოგადი წესებით უფრო მოკლე ვადაა გათვალისწინებული.

6. საკუთარი წინადადება ყოფილ პარტნიორთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორის აღწერილი რთული პასუხისმგებლობის კომპლექსის ნაცვლად სასურველია უფრო მარტივი და საიმედო პასუხისმგებლობის წესი მოიძებნოს. არსებული წესის სირთულე ერთის მხრივ მდგომარეობს იმაში, რომ გრძელვადიანი ურთიერთობის დეფინიციას კანონი არ გვთავაზობს. გარდა ამისა, შეიძლება მხარეთა შეთანხმებით ან კანონით გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობისათვისაც გამორიცხული იყოს ხელშეკრულების ჩვეულებრივი მოშლის უფლება. ამ შემთხვევაში კანონმდებლის მიზანი ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობის შეზღუდვის მხრივ საჭირო ეფექტისგარეშე რჩება.

კვლავაც აღსანიშნავია, რომ ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობის ფორმის დადგენა ნორმის ანალოგიით მიიღწევა, რაც ჩემი აზრით სასამართლო პრაქტიკის ერთობლიობის თვალსაზრისით საუკეთესო გამოსავალს არ წარმოადგენს. ძნელი სავარაუდოა, რომ კანონის ხარვეზის გამო აღნიშნულმა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა არ წარმოშვას.

ჩემი აზრით, ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორების პასუხისმგებლობა იდენტურად უნდა მოწესრიგდეს ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში. ამას ინტერესთა მსგავსება და თანაბარის თანაბრად მოპყრობის პრინციპი გვკარნახობს.

ცალკე უნდა განისაზღვროს, პერსონალური საზოგადოების რომელი ვალდებულებებისათვის აგებს პასუხს ყოფილი პარტნიორი. მიზანშეწონილია, პარტნიორმა პასუხი აგოს საზოგადოების ყველა არსებული ვალდებულებებისათვის, რომლიდანაც გამომდინარე მოთხოვნების ვადა გამოსვლიდან 3-5 წლის განმავლობაში დადგა, განურჩევლად იმისა, ვალდებულებების საფუძველს წარმოადგენს უბრალო თუ გრძელვადიანი ურთიერთობა.

მიზანშეწონილია ასევე განისაზღვროს ხანდაზმულობის საგანგებო ვადა, მაგალითად, 1-2 წელი მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ასეთი მიდგომა თავიდან აგვაცილებს კრედიტორებისათვის სარჩელის აღძვრის ზედმეტად შეზღუდულ შესაძლებლობას (მაგ., როცა ხელშეკრულების დარღვევა ან ზიანის მიყენება მოხდა 3-5 წლიანი ვადის გასვლის ბოლო დღეებში).

ამ საჭიროების ნათელსაყოფად მოვიყვანთ მაგალითს:

სპს “ანმა” რამოდენიმე წლით იქირავა შპს “ბანის” კუთვნილი საწყობი. ქირავნობიდან 1 წლის თავზე სპს “ანმა” დატოვა მისმა პარტნიორმა “განმა”. ქირავნობიდან მე-6 წლის 31 დეკემბერს საწყობი დაიწვა სპს “ანის” ბრალით. პასუხიმგებლობის ვადისა და ხანდაზმულობის ვადის გაუმიჯნაობის შემთხვევაში “ბანს” აღარ შეეძლებოდა “განი”-სათვის ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა, რადგანაც ხუთი წელი უკვე გასულია (სარჩელის შეტანისათვის 1 დღე ან 1 კვირა არარეალური ვადაა). ამ შემთხვევისთვის საჭიროა კრედიტორს ხანდაზმულობის ვადის ფორმით გასაჩივრების რეალისტური საშუალება მიეცეს.

ამავე დროს პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ კრედიტორებმა, რომელთა სამართლებრივი ურთიერთობა პერსონალურ საზოგადოებასთან პარტნიორის სტატუსის შეცვლამდე დაამყარეს, მაგრამ ამ ვალდებულებიდან გამომავალი მოთხოვნის შესრულების ვადა შემოთავაზებული 3-5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ დგება. გარკვეული დახმარება კრედიტორს შეიძლება გაუწიოს სარჩელმა ვალდებულების მომავალში შესრულების შესახებ (სსსკ 181-ე მუხლი), თუმცა ამ მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა სახეზე უნდა იყოს. ეს პირობებია:

ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;

ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიშიიმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.

7. ყოფილი პარტნიორების პასუხისმგებლობის შეზღუდვა ლიკვიდაციის დროს

ერთი შეხედვით, ყოფილი პარტნიორების პასუხისმგებლობის მხრივ ზემოაღწერილი შემთხვევების (პარტნიორის გასვლა, რეორგანიზაცია და ა.შ.) მსგავსია ასევე პერსონალური საზოგადოებების ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაშიც პარტნიორთა პერსონალური პასუხისმგებლობა მომავლისათვის (ლიკვიდაციის შემდგომი პერიოდისათვის) წყდება, მაგრამ რჩება წარსულ ვალდებულებებზე. მიზანშეწონილია თუ არა, ამ დროს შევზღუდოთ ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობა?

მიმაჩნია, რომ ლიკვიდაცია არსებითად განსხვავდება პარტნიორის სამართლებრივი სტატუსის შეცვლის სხვა შემთხვევებისაგან. განსხვავება კი ისაა, რომ ლიკვიდაციის შემდეგ საზოგადოება, როგორც ვალდებულების სუბიექტი ქრება, ხოლო პარტნიორის გასვლისას ან რეორგანიზაციისას იგი არსებობას განაგრძობს; შესაბამისად, ყოფილი პარტიორის პასუხისმგებლობის ვადის გასვლის შემთხვევაშიც კრედიტორს სამართლებრივი დაუცველობა არ ემუქრება. იგივეს ვერ ვიტყვით ლიკვიდაციის შესახებ, რადგანაც ლიკვიდაციის შემდეგ კრედიტორის მთავარი კონტრაჰენტი (საზოგადოება) არსებობას წყვეტს.

ნათქვამიდან გამომდინარე, ინტერესთა კონსტელაცია აღწერილ შემთხვევებში სულაც არ არის იდენტური. სწორედ ამიტომაც მიზანშეუწონელია კრედიტორის საზიანოდ ყოფილი პარტნიორების პასუხისმგებლობის შეზღუდვა ლიკვიდაციის დროს. მიგვაჩნია, რომ ლიკვიდაციის შემთხვევაში ყოფილი პარტნიორი, როგორც უბრალო, ასევე გრძელვადიანი ვალდებულებებისათვისაც, შეუზღუდავად უნდა აგებდეს პასუხს, მიუხედავად იმისა, როდის დადგება მოთხოვნების შესრულების ვადა.

დასკვნა

განხილულიდან გამომდინარე, შესაძლებელია 8.3 და 15.1 მუხლების ანალოგიით გამოყენება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც კრედიტორს პასუხისმგებლობის მთავარი სუბიექტი საზოგადოების სახით ხელიდან არ ეცლება, მაგრამ ყოფილი პირადად პასუხისმგებელ პარტნიორის პასუხისმგებლობა იზღუდება (კომანდიტის შემთხვევა) ან პარტნიორი ტოვებს საზოგადოებას. კრედიტორის დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია იგივე წესის გამოყენება ლიკვიდაციისას.

მომავალში სასურველია კანონში მსგავსად მოწესრიგდეს ყოფილი პირადად პასუხისმგებელი პარტნიორების პასუხისმგებლობის საკითხები. კრედიტორისათვის სარჩელის წარდგენის რეალისტური შანსის მიცემის მიზნით, უმჯობესი იქნება ცალ-ცალკე განისაზღვროს პასუხის-მგებლობის მოცულობა (რომელი მოთხოვნებისათვის აგებენ პასუხს პარტნიორები) და ხანდაზმულობის საგანგებო ვადა.

გიორგი ჯუღელი