ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ლიდერებმა 2005 წელს პოზიციები განიმტკიცეს
#6(78), 2006
ოფიციალური მონაცემები

ტრადიციულად, 2006 წლის გაზაფხულზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა თავის საინფორმაციო-ანალიტიკურ ბიულეტენში (“დაზღვევა News”, # 103, 28.04.2006 წ.) გამოაქვეყნა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გასული 2005 წლის ოფიციალური მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები ქვეყნდება ყოველწლიურად, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს მიმოვიხილოთ სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები. ისევე როგორც წინა წლებში, შარშანდელი წელიც საქართველოში სადაზღვევო საქმიანობისათვის აღმავლობის წელი იყო. ასეთი შეფასების საფუძველს გამოქვეყნებული მონაცემები იძლევა, კერძოდ:

თუ 2004 წელს საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია 45459,2 ათასი ლარი იყო, ამ მაჩვენებელმა 2005 წელს უკვე 61577,5 ათასი ლარი ანუ 35,5%-ით მეტი შეადგინა. შედარებისათვის, 2004 წელს სადაზღვევო ბაზრის მოცულობის ზრდა წინა 2003 წელთან შედარებით 18,4%-ს შეადგენდა.

2005 წელს სადაზღვევო კომპანიებმა რისკების გადაზღვევაზე მიმართეს 27991,0 ათასი ლარი, რაც მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 45,4%-ია, მაშინ, როცა 2004 წელს მათ მიერ გადაზღვევაზე მიმართული თანხა 19581,0 ათას ლარს შეადგენდა, რაც თავის მხრივ მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 43,1% იყო.

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის მესამე უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს _ ზარალიანობას ანუ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული პირებისათვის ანაზღაურებულ ზარალს, 2005 წელს მან 15951,9 ლარი შეადგინა, რაც 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (12125,8 ათასი ლარი) 31,6%-ით აჭარბებს. ანაზღაურებული ზარალიდან 10682,0 ათასი ლარი ანუ 67% დაფარული იქნა თავად ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ, ხოლო დანარჩენი _ გადამზღვევლების მიერ. 2004 წელს ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი 8587,8 ათასი ლარი იყო, რაც პროცენტულად მთლიან ანაზღაურებულ ზარალში 70,8%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2005 წელს ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებული გადაზღვევის პოლიტიკა წინა წელთან შედარებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

წინა წლებისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ საქართველოში სადაზღვევო ბაზრის საერთო მოცულობაში განუხრელად კლებულობდა სავალდებულო დაზღვევის სახეობების წილი და მატულობდა ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობების წილი. ეს ტენდენცია 2005 წელს კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა, რადგან ჯერ კიდევ 2004 წლის სექტემბრიდან არსებითად შეიზღუდა იმ ავტოტრანსპორტის ოდენობა, რომელიც სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება, 2005 წლის ივნისიდან კი სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა საერთოდ გაუქმდა. ამ მიზეზის გამო, 2005 წელს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო და ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევათა ჯამურმა წილმა სადაზღვევო ბაზრის საერთო მოცულობაში შეადგინა მხოლოდ 5% (4,5% და 0,5% შესაბამისად), მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი 2004 წელში 11,7% ს (8,1% და 3,6% შესაბამისად) შეადგენდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2006 წლიდან სავალდებულო დაზღვევის წილი სრულიად უმნიშვნელო იქნება.

სადაზღვევო შემოსავლების განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით მიუთითებს, რომ ისევე როგორც წინა წლებში, 2005 წელშიც სადაზღვევო ბაზრის ძირითადი წილი ეკავა ქონების დაზღვევას, სამედიცინო დაზღვევას და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას. ამ სამი სახეობის ხვედრითი წილი შეადგენს 59,1%-ს, რაც საგრძნობლად აღემატება დაზღვევის დანარჩენ 14 სახეობაში მოზიდული შემოსავლების ხვედრით წილს. როგორც წინა წლებში, კვლავინდებურად ძალიან მცირეა ისეთი მნიშვნელოვანი სადაზღვევო სახეობების ხვედრითი წილი ბაზარზე, როგორიცაა პროფესიული პასუხისმგებლობისა და სიცოცხლის დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს მოხდა საპენსიო დაზღვევის ხვედრითი წილის საგრძნობი ზრდა. დაზღვევის ამ სახეობაზე ამჟამად მოდის სადაზღვევო ბაზრის 4,8%, მაშინ, როცა 2004 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 2,2% იყო.

ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით
     


ცხრილი 2. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე

     

კვლავინდებურად ძალიან მაღალია ბაზრის კონცენტრაციის დონე 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიხედვით. 2005 წლის მანძილზე საქართველოში სადაზღვევო საქმიანობას ეწეოდა 17 კომპანია. მათგან “სელბი” “ალდაგს”, ხოლო “ევროპეისი” “ბი-სი-აი”-ს (“ბრიტანეთი-კავკასიას”) შეუერთდა, რის გამოც მიგვაჩნია, რომ მათი მაჩვენებლები ერთიანად უნდა განვიხილოთ. ამ დაშვებით, ხუთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული შემოსავალი 2005 წლის საერთო სადაზღვევო შემოსავლებში შეადგენდა 84,3%-ს. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი 2004 წელს, რომელიც 81,9% ს უდრიდა.

2005 წელს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მომხდარი სხვა მოვლენებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ საქართველოში მუშაობა დაიწყო ცნობილმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიამ “AIG”. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლის ბოლოს მოულოდნელად მუშაობა პრაქტიკულად შეწყვიტა საქართველოს ერთ-ერთმა “სტაჟიანმა” დაზღვევის კომპანიამ “სადაზღვევო ჯგუფმა ტემზამ” (ძველი სახელწოდება _ “ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანია”).

“ააფი”-ს რეიტინგი

ჟურნალის რედაქციამ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, გადაწყვიტა  გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით დაესახელებინა გასული წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები. რეიტინგის შედგენისას, გარდა ოფიციალური მონაცემებისა, გათვალისწინებულია აგრეთვე სტატიის ავტორის ხელთ არსებული ზოგიერთი სხვა არაფინანსური ინფორმაცია. მაგალითად, ჩვენს რეიტინგში ლიდერთა შორის პირველად მოხვდა “დაზღვევისკომპანია ქართუ”, რომელსაც ყოველთვის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ მისი შემოსავლების 92% ს შეადგენს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც თავის მხრივ ძირითადად საქართველოს საჩხერის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. ამ თავისებურების გამო, ძნელია “ქართუ” კლასიკურ სადაზღვევო კომპანიად მივიჩნიოთ, ამიტომ ქვემოთმოყვანილ რეიტინგში მასზე წინ “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო” დავაყენეთ.

ქართული სადაზღვევო ბაზრის უცვლელ ლიდერად კვლავ რჩება სს “ალდაგი” მოზიდული სადაზღვევო პრემიით 16585,7 ათასი ლარის ოდენობით (“სელბის” მონაცემებთან ერთად), ამასთან, მისი სალიდერო პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა. “ევროპეისის” შერწყმის შემდეგ მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობით მეორეა “ბრიტანეთი-კავკასია”. “ალდაგისა” და “ბანკ რესპუბლიკას” შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, ასევე “ბრიტანეთი-კავკასიასა” და “საქართველოს ბანკს” შორის არსებული წარმატებული ურთიერთკავშირი, ჩვენი აზრით, იმის საწინდარია, რომ ეს ორი სადაზღვევო კომპანია ახლო მომავალში სალიდერო პოზიციებს შეინარჩუნებენ.

ცხრილი 3. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები გადაზღვევაში
     

ცხრილი 4. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები ზარალის ანაზღაურებაში

     

საბოლოოდ, სხვადასხვა მოსაზრებების შეჯერების შედეგად მივიჩნიეთ, რომ 2005 წელს საქართველოში სადაზღვევო ბიზნესში გამოკვეთილ ლიდერთა ჯგუფს წარმოადგენდა ექვსი სადაზღვევო კომპანია, რომლებიც “ააფი”-ს რეიტინგში შემდეგნაირად განლაგდნენ:

1. “ალდაგი”;

2. “ბრიტანეთი-კავკასია”;

3. “იმედი L”;

4. “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი”;

5. “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო”;

6. “დაზღვევის კომპანია ქართუ”.

რეიტინგში ჩვენს მიერ დასახელებული ექვსი კომპანიის წილად მოდის 2005 წლის მანძილზე დაზღვევის სახეობებში მოზიდული ჯამური პრემიის 90,9% და მთლიანი ანაზღაურებული ზარალის 96,5%.

“ააფი”-ს რედაქცია კვლავინდებურად გააგრძელებს (ყოველწლიურად) მსგავსი რეიტინგების გამოქვეყნებას.

გიორგი გვაზავა

შენიშვნა: ჟურნალის რედაქცია ეთანხმება სტატიაში მოყვანილ ავტორისეულ მოსაზრებებს.