ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ქართული სადაზღვევო კომპანიების 2012 წლის შედეგების მიმოხილვა
#6(162), 2013
დაზღვევის სფეროს ზედამხედველობის ახალი სამსახური გააკონტროლებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე თამაშის წესები იცვლება. ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება" არ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" დროს დამკვიდრებულ ზოგიერთ პრინციპულ საკითხს და დაზღვევის სფეროს რეგულირების სხვაგვარად მოწყობას შეუდგა. ჩვენი ჟურნალი დაზღვევის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს განიხილავს ხოლმე და წინა ნომერშიც შევეხეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ახალ რეალობებს და იმას, თუ რა შედეგები მოიტანა მოცემული მომენტისთვის ახალი წესების დამკვიდრებამ. საუბარი გვქონდა, რომ სახელმწიფოს როლის ზრდამ დაზღვევის პროგრამებში მართალია დაზღვეულთა ზრდა გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად კერძო სადაზღვევო კომპანიების წილი ბაზარზე მცირდება, ზოგიერთი კომპანია ბაზარსაც ტოვებს და სახელმწიფო სულ უფრო დიდ ტვირთს იღებს საკუთარ მხრებზე. სახელმწიფო ამ ტვირთის ზიდვას შეძლებს თუ იძულებული იქნება `გვერდზე მიაგდოს~ – მომავალში გამოჩნდება.
მანამდე კი სფეროს რეგულირებაში მიღებულ საკმაოდ პრინციპულ ცვლილებას შევეხოთ და ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიების წინა წლის შედეგები მიმოვიხილოთ.

რატომ შეცვალეს დაზღვევის რეგულირება

ახალი თამაშის წესების შემოღების პარალელურად, საქართველოს ახალმა მთავრობამ სფეროს ზედამხედველობის პოლიტიკაც შეცვალა. „დაზღვევის შესახებ~ კანონში 2013 წლის 20 მარტს შეტანილი ცვლილებით დაზღვევაზე ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკიდან ცალკე სამსახურად გამოიტანეს. რატომ მოხდა ეს ცვლილება და შედეგს მიიღებს ხელისუფლება – ამის შესახებ ჯერ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გვქონდეს. თუმცა, უკვე მრავალჯერ გამოთქმული ვარაუდი: დაზღვევის სფეროში ხარვეზები შეიძლება მთლიანად დარგის პრობლემად გადაიქცეს, ნელ-ნელა რეალობას უახლოვდება. ამის თქმის საფუძველს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იძლევა, რომლებიც დაზღვევის ბიზნესის მიმართ მიმზიდველობის შემცირებაზე მიანიშნებენ ხოლმე.

„დაზღვევის შესახებ~ კანონში შეტანილ ცვლილებებს შორის უმთავრესია მუხლი 19-ში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს გამოეყო, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა და სამსახურის ხელმძღვანელს უკვე არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა, ანუ, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

"მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.

4. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

5. სამსახურის უფროსის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა გამოცემამ გააშუქა და კომენტარებიც გავრცელდა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიდნენ, ზედამხედველობის გამოტანა იმის გამო მოხდა, რომ დაზღვევის სფეროს რეგულირება უკეთესად განხორციელდეს და ახალმა მოდელმა დაზღვევის სფეროში პრობლემები შეამციროს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა და პრობლემები არის დღესაც, როცა ახალი სახელმწიფო პროგრამები ამოქმედდა. თუმცა, ის ახალი მიდგომა, რაც ხელისუფლებამ აირჩია, მთლიანად ცვლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ მოდელს.

„ხელისუფლებამ მკვეთრად მემარცხენე ე.წ. სოციალისტური მოდელი აირჩია ჯანდაცვის სისტემაში, მთლიანად გამორიცხა სადაზღვევო კომპონენტი, ანუ რისკის ადეკვატურობის ელემენტი და ამით ვუბრუნდებით შევარდნაძის მმართველობის დროინდელ სისტემას, როცა სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებდა სადაზღვევო კომპანიებს. მათ უგულებელყვეს დაზღვევის ელემენტი, ანუ შუალედური რგოლი, რომელმაც უნდა აკონტროლოს ხარჯების ეფექტურობა და სამედიცინო-ჰოსპიტალური სექტორის კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ამით კი გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის წინაშე დააყენეს სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის~, – აცხადებს ლევან კალანდაძე.

ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური 1997 წელს შეიქმნა, 2006 წლამდე კარგად იმუშავა და ჩამოაყალიბა საკანონმდებლო რეგულაციის ნორმატიული ბაზა, რაც დაზღვევის სფეროს ეხებოდა. 2006 წლიდან კი დაზღვევის ზედამხედველობის ფუნქციას, ასევე, მაღალ დონეზე ასრულებდა ეროვნული ბანკი და პრაქტიკულად, დაზღვევის ზედამხედველობა წარმატებით ართმევდა თავს პრობლემებს და სფეროც სტაბილურ რეჟიმში იყო.

ლევან კალანდაძის აზრით, დღესდღეობით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებლად იარსებებს თუ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დაზღვევის რეგულაცია სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე იყოს სრულყოფილი. ასევე, მეტ-ნაკლებად ევროპული ორიენტაცია უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ბაზას, რითაც დაზღვევის სფერო უნდა რეგულირდებოდეს.

ლევან კალანდაძის პოზიციას არ იზიარებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი. სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოყოფოდა და ცალკე ჩამოყალიბებულიყო. იგი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის წიაღში შექმნილმა დაზღვევის ზედამხედველობის ფუნქციამ ვერ გაამართლა, რადგან სადაზღვევო ბაზარზეუამრავი პრობლემა წარმოიქმნა და რეგულირება სათანადო დონეზე არ ხდებოდა. ხშირად კონკურენტების მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედებები მჟღავნდებოდა, ზოგი გააკოტრეს, ზოგიც ძალით შეიერთეს. „ქართული ოცნების~ პროგრამაში ეწერა, რომ მარეგულირებელი რეალურად დამოუკიდებელი და ქმედითი ორგანო უნდა ყოფილიყო, სწორედ ამიტომ კვლავაც შეიქმნა დამოუკიდებელი ზედამხედველობის სამსახური, რომლის ზედა რგოლიც გახლავთ სამეთვალყურეო საბჭო და ეს სამსახური ანაზღაურებადი არ არის. უბრალოდ, აქ მონაწილეობა მოვალეობაა.

„ფაქტობრივად, სადაზღვევო სფერო ყოველგვარი ზედამხედველობის მიღმა იყო დარჩენილი, სრული ქაოსი იყო შექმნილი, განუკითხაობა სუფევდა და თავის ჭკუაზე მუშაობდნენ. 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ბიუჯეტმა გამოყო 350 მილიონი ლარი, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით უნდა აეთვისებინათ და ხალხს უნდა მოხმარებოდა.
სინამდვილეში, მხოლოდ ამ თანხის ნახევარი იქნა ათვისებული, ხალხმა ეს გამოიყენა, პაციენტამდე მივიდა სერვისი და ექიმთან მომსახურებაზე თანხა დაიხარჯა, დანარჩენი კი მათ მოგებაზე დაუჯდათ. წარმოიდგინეთ, საბიუჯეტო ფულზეა საუბარი. ასეთი შემთხვევების დროს სიჩუმე იყო და ადამიანი არ მინახავს, ვინც კმაყოფილი ყოფილიყო სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობით, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით~, – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

ონოფრიშვილი ელოდება, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაარეგულირებს დაზღვევის სფეროს, ინვესტორები შემოვლენ, ნორმალური პირობები შეიქმნება და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში ზედმეტად არავინ ჩაერევა; არასწორ ქმედებას რეაგირება მოჰყვება და უახლოეს ხანში უკეთესისკენ ცვლილებები აშკარა იქნება.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ადეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმ თანხებსა და დაზღვევაზე სახელმწიფო თვალყური იქნება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

„ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს არ უნდათ ხოლმე გაგება, რომ მათთვის სულერთი უნდა იყოს, მომხმარებელი თავად იხდის თანხას საკუთარი ჯიბიდან თუ სახელმწიფო უხდის. ორივე შემთხვევაში, პაციენტმა ერთი და იგივე სერვისი უნდა მიიღოს ნებისმიერ დაწესებულებაში. ბევრი საავადმყოფო აშენდა, მაგრამ მაინც დარჩა ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება პაციენტი იწვეს,  გაკეთებულია მხოლოდ რამდენიმე ოთახი, ფოიე ან რეანიმაციული განყოფილება, პალატებში კი ანტისანიტარიაა~, – აცხადებს მიხეილ ადეიშვილი.

მისი თქმით, პრობლემები მოდიოდა ან ექიმებისგან, ან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისგან, რადგან მოქალაქეები კარგად არ იყვნენ ინფორმირებულნი, ამა თუ იმ სადაზღვევო პაკეტით რა სახის მომსახურება ეკუთვნოდათ. მართალია, სადაზღვევო პოლისში ეწერა, თუ რომელ მომსახურებას სთავაზობდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ძალიან რთულია სამედიცინო ტერმინოლოგიის გარკვევა. ამ დროს კი პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში არასწორად ეუბნებოდნენ, რომ სადაზღვევო კომპანია არ გინაზღაურებთო. ამიტომ, მიხეილ ადეიშვილის თქმით, ექიმმა ან სამედიცინო დაწესებულების რომელიმე წარმომადგენელმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ცალკეულ მომსახურებას აუნაზღაურებს თუ არა სადაზღვევო კომპანია.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემდეგ დაზღვევის სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, რომელიც მთავრობას ექვემდებარება და ეს პირდაპირ პოლიტიკურ გუნდთან დაქვემდებარებას ნიშნავს.

ალაფიშვილის თქმით, ახალ სამსახურს არც რეგულაციებით, არც ფინანსურად დამოუკიდებლობის გარანტია არ აქვს.

„ხელისუფლებამ გვითხრა, რომ დაზღვევა პოლიტიკა¬  ზეა დამოკიდებული~, – აცხადებს ალაფიშვილი.

ცალკე გამოყოფილ სამსახურს ლაშა ნიკოლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი გახლდათ. ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შესწავლას იწყებს; ეროვნული ბანკისგან გამოყოფილმა უწყებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად მიზნობრივად ხარჯავდნენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები მოზიდულ თანხებს. ექსპერტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობა ბაზრის რეგულირებაა და სადაზღვევო კომპანიების მიერ დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება აუდიტის სამსახურის და სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი გიგოლაშვილი კი აცხადებს, რომ ეს ფუნქცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობაში შედის. ასე რომ, ამ სამსახურის შექმნამაც საკმაო კითხვები გააჩინა და შედეგს მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი სადაზღვევო კომპანიების მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკური მაჩვენებლები ვნახოთ.

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2012 წელს

რაც შეეხება საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე კომპანიების მდგომარეობას, ამას ჯერ კიდევ ეროვნული ბანკში მყოფი ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებიდან ვიგებთ. ბაზარზე წინა წლებთან შედარებით ცვლილებებია. იცვლება როგორც სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა, ასევე ცვლილებაა მთლიანად ბაზარზე მოზიდული სადაზღვევო პრემიის მხრივ. 2010 წლის ლიდერმა კომპანია „იმედი ელმა~ გასულ წელს დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა და „ალდაგი ბისიაის~ საკუთრება გახდა. ამის გამო „იმედი ელის~ მონაცემები მხოლოდ 9-თვიან პერიოდს მოიცავს. აგრეთვე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მთლიანად მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ  515,471,427 ლარი შეადგინა.
2011 წელს ეს მაჩვენებელი 321,147,047 ლარი იყო. ასე რომ ზრდამ 60% (!) შეადგინა. მსგავსი ზრდა ბოლო წლებში სადაზღვევო ბაზარზე არ ყოფილა და როგორც ჩანს, წინა წელს კვლავ სახელმწიფო პროგრამები გახდა სადაზღვევო  ბაზრის ზრდის მთავარი მიზეზი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ ერთობლივად მოზიდული პრემიის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი~ შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც 2012 წელს 103,148,331 ლარი სადაზღვევო პრემიის მოზიდვა შეძლო. წინა წელს ალდაგის მიერ მოზიდული პრემია 57,456,763 ლარი იყო. ასე რომ, ზრდა თვალსაჩინოა და თითქმის 80%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 1).

ამ მაჩვენებლით „ალდაგი ბისიაი~ ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და 2009 წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ დაიბრუნა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერის პოზიცია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 2010 წელს ლიდერი „იმედი ელი~ გახლდათ, 2011 წელს კი ლიდერობა „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ დაიკავა. შარშან ცნობილი გახდა, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ სადაზღვევო კომპანია „ირაო~ შეისყიდა, თუმცა წლიურ მონაცემებში ეს კომპანიები ცალ-ცალკე ბრენდებად არიან წარმოდგენილი და მათი მონაცემებიც ძველებურად დამოუკიდებლად არის გამოქვეყნებული. სამომავლოდ, ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას გეგმავენ თუ კვლავ ცალ-ცალკე იქნებიან წარმოდგენილი ბაზარზე, ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის.

ზოგადად, სადაზღვევო კომპანიების მიერ 2012 წლის მანძილზე მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა ასეთია: ლიდერი გახლავთ „ალდაგი ბისიაი~ მოზიდული 103,148,331 ლარით და ბაზარზე დაკავებული 20.01% წილით. 2011 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა აქვს. წინა წელს ამ კომპანიას 57,456,763 ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის 17.89% ეკავა. ასე რომ, ზრდამ თითქმის 80% შეადგინა. რაც შეეხება ზარალს, კომპანიამ 2012 წელს 49,305,480 ლარი აანაზღაურა. 2011 წელს კი 36,231,888 ლარი აქვს ანაზღაურებული. ასე რომ ამ მხრივაც ზრდაა და 36%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგია~, რომელმაც 78,908,034 ლარი სადაზღვევო პრემიის მოზიდვა შეძლო. 2011 წელს ჯიპაის მოზიდული 58,052,654 ლარი ჰქონდა და ბაზრის 18.08%-ს იკავებდა. ზრდამ დაახლოებით 38% შეადგინა, თუმცა მთლიანი ბაზრის უფრო მეტად გაზრდამ `ჯიპაის~ წილი ბაზარზე

15,31%-მდე შეამცირა. ანაზღაურებული ზარალი 49,020,125 ლარია, რაც 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ით მეტია. 2011 წელს კომპანიამ 38,100,960 ლარი აანაზღაურა.

ცხრილი 1. 2012 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით
     

მესამე ადგილს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ იკავებს 67,047,911 ლარით და ბაზრის 13.01% წილით. 2011 წელს კომპანიამ 10,202,206 ლარის მოზიდვა და ბაზრის 3.18%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ 2012 წელს ყველაზე მასშტაბური ზრდა ამ კომპანიას აქვს და ზრდა 557%-ს შეადგენს. ზარალი 19,801,737 ლარი აანაზღაურა, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 5,762,927 ლარი იყო. ასე რომ, ზარალების ანაზღაურებაშიც დიდი ზრდაა და 243%-ია.

რეიტინგში მეოთხე ადგილზეა „იმედი ელი~, თუმცა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა ამ კომპანიის 2012 წლის 9 თვის ანგარიშგების შესაბამისად გამოაქვეყნა და მას შემდეგ კომპანიამ არსებობაც შეწყვიტა. 9 თვის მონაცემების მიხედვით „იმედი ელს~ 52,850,280 ლარი აქვს მოზიდული, რაც ბაზრის 10,25%-ის ტოლია. წინა წელს კომპანიამ 51,987,003 ლარის მოზიდვა და ბაზრის 16.19%-ის დაკავება შეძლო. 2012 წელს კომპანიას 30,014,273 ლარი აქვს ანაზღაურებული, 2011-ში კი 31,441,423 ლარი.

მეხუთე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ირაო~, რომელმაც 48,846,408 ლარი მოიზიდა და ბაზრის 9.48% დაიკავა. 2011-ში `ირაომ~ 22,494,715 ლარის მოზიდვა და ბაზრის 7%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, მოზიდულ პრემიაში ზრდა 117%-ია. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 27,232,278 ლარი მიმართა, 2011 წელს კი 18,976,301 ლარი აანაზღაურა.

მეექვსე ადგილს „აისი ჯგუფი~ იკავებს მოზიდული 47,124,906 ლარით და ბაზარზე 9.14%-იანი წილით. 2011 წელს კომპანიამ 32,364,738 ლარი მოიზიდა და 10.08% დაიკავა. ასე რომ მოზიდულ პრემიაში ზრდა დაახლოებით 46%-ია. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 25,273,809 ლარი მიმართა, წინა წელს33,501,604 ლარი. როგორც ვხედავთ, ამ მხრივ კომპანიას ნაკლები ზარალი აქვს ანაზღაურებული და შემცირება დაახლოებით 33%-ია.

მეშვიდე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ალფა~ (შპს `ავერსი-ფარმას~ შვილობილი საწარმო) მოზიდული 40,163,988 ლარით და ბაზარზე 7.79%-იანი წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიას ნაკლები სადაზღვევო პრემია აქვს მოზიდული, 2011 წელს 41,541,694 ლარი მოიზიდა და და ბაზრის 12.94% დაიკავა. არადა, წინა წლებში `ალფა~ ყველაზე სწრაფად მზარდი სადაზღვევო კომპანია იყო. თუმცა, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა დატოვა, მისი მოზიდული პრემიაც და ბაზრის წილიც კიდევ უფრო შემცირდება. ზარალის ანაზღაურების მხრივ, 2012 წელს კომპანიამ 35,394,595 ლარი დაფარა, 2011-ში კი 38,778,427 ლარი.

მერვე ადგილზეა „პეესპე სამედიცინო დაზღვევა~ მოზიდული 26,370,401 ლარით და ბაზრის 5.12% წილით. წინა წელს კომპანიამ 5,780,291 ლარის მოზიდვა და ბაზრის 1.80%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, `პეესპემაც~ საკმაოდ დიდი მოცულობით გაზარდა მოზიდული პრემიები, ზრდამ 356% შეადგინა. ზარალების ანაზღაურებაში კომპანიამ 11,105,375 ლარი გადაიხადა, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებალი 3,779,120  ლარი იყო. როგორც ვხედავთ, ზარალების დაფარვაშიც მატება საკმაოა და 194%-ს უტოლდება.

მეცხრე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „უნისონი~ მოზიდული 20,891,612 ლარით და ბაზარის 4.05% წილით. 2011 წელს კომპანიამ 17,666,299 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც ბაზრის 5.50%-ის ტოლფასი გახდა. მოზიდულ პრემიასთან შედარებით ზარალის დაფარვაზე საკმაოდ მცირე თანხა, 729,801 ლარი გადაიხადა, თუმცა 2011-ში ზარალის ანაზღაურებაზე კიდევ უფრო ნაკლები, სულ 91,064 ლარი აქვს გადახდილი.

მეათე პოზიციაზეა `დაზღვევის კომპანია ქართუ~ მოზიდული 9,244,225 ლარით და ბაზარზე 1.79%-იანი წილით. 2011-ში ქართუმ ოდნავ მეტი, 9,759,913 ლარი მოიზიდა და ბაზრის 3.04% დაიკავა. ზარალების ანაზღაურებაში 2012-ში მეტი დაფარვა აქვს, ვიდრე წინა წელს. 2012-ში აანაზღაურა 9,341,272 ლარი, ხოლო 2011 წელს 7,934,925 ლარი. თუმცა, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, „ქართუ~ სპეციფიკური შემთხვევაა  და ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად. ამიტომაც, არც იყო მოსალოდნელი რაიმე მკვეთრად განსხვავებული მონაცემები ჰქონოდა, რაც წინა წლებში იყო.

მეთერთმეტე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია „ტაო~ მოზიდული 9,002,656 ლარით და ბაზრის 1.75% წილით. წინა წელს კომპანიამ 7,628,950 ლარის მოზიდვა შეძლო, თუმცა ბაზრის მეტი წილი ეკავა, რაც 2.38%-ს შეადგენდა. ზარალის ანაზღაურებაზე 2012 წელს კომპანიამ 4,450,748 ლარი გადაიხადა, ხოლო 2011-ში ოდნავ ნაკლები, 4,183,979 ლარი დაფარა.

რეიტინგში მეთორმეტე პოზიციაზეა „არდი ჯგუფი~ მოზიდული 8,472,084 ლარით და ბაზრის 1.64%-იანი წილით. 2011 წელს კომპანიამ 3,444,383 ლარის მოზიდვა და ბაზრის 1.07%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, ზრდა საკმაოა და 146%-ს აღწევს. ზარალის ანაზღაურებაში „არდი ჯგუფმა~ 2,417,569 ლარი დაფარა, 2011-ში კი ამ მიზნით 1,220,410 ლარია გადახდილი.

მეცამეტე პოზიციაზეა „სტანდარტ დაზღვევა საქართველო~ მოზიდული 2,571,405 ლარით და ბაზრის 0.50% წილით. წინა წელს კომპანიამ 819,447 ლარის მოზიდვა და ბაზრის მხოლოდ 0,26%-ის დაკავება შეძლო. როგორც ვხედავთ, 2012 წელს კომპანიის ზრდამ 214%-მდე შეადგინა. ზარალის ანაზღაურებაზე „სტანდარტ დაზღვევამ~ 2012 წელს 482,028 ლარი მიმართა, წინა წელს კი 1,711,635 ლარი აქვს ანაზღაურებული.

რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის დებიუტანტი ს.ს. სადაზღვევო კომპანია ჩარტისის საქართველოს ფილიალი. ეს კომპანია საქართველოს ბაზარზე 2012 წლის ივნისიდან არა სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობას ეწევა როგორც „ეგთო~-ს წევრ ქვეყანაში (თურქეთში) ლიცენზირებული კომპანიის ფილიალი. მის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია 581,351 ლარს შეადგენს. ბაზრის წილიც მცირეა, 0.11%. ანაზღაურებული ზარალი ამ კომპანიას 168,427 ლარი აქვს.

ბოლო, მეთხუთმეტე ადგილზეა შპს სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი. შპს ეი-აი-ჯი ევროპა ლიმიტედის საქართველოს ფილიალი (მანამდე, შპს სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი) საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2005 წლის მაისს შემოვიდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში 2013 წლის 6 თებერვალს დარეგისტრირდა მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. ასე რომ ეს კომპანია წყვეტს საქართველოს ბაზარზე არსებობას.

თუმცა, გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებში შესულია. კომპანიამ შეძლო და მოიზიდა 247,836 ლარი, რაც ბაზრის მხოლოდ 0.05%-ის ტოლია. 2011 წელს ამ კომპანიამ 1,947,990 ლარის მოზიდვა და ბაზრის 0.61%-ის დაკავება შეძლო. 2012 წელს ზარალებზე 2,757 ლარი აქვს გადახდილი, წინა წელს კი ამ კუთხით კომპანიამ 193,369 ლარი დაფარა.

გადაზღვევა 2012 წელს

გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ერთის გარდა, უკლებლივ ყველა კომპანიამ შეამცირა. ვინც გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი გაზარდა ეს არის „არდი ჯგუფი~. როგორც ჩანს, ეს კომპანია რისკების მაქსიმალურ დაზღვევას ცდილობს და შესაბამისად, საკუთარი რისკები სხვას გადააბარა. თავისთავად, ასეთი პოლიტიკა მოგების მარჟას ამცირებს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ასეთი პოლიტიკა აქვს არჩეული (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები
     

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, გადაზღვევის მაჩვენებლით კომპანია „უნისონი~ ლიდერობს 86,42%-ით. გასულ წელსაც ამ კომპანიას გადაზღვევის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. ასევე მაღალი გადაზღვევის მაჩვენებელი აქვთ რეიტინგში ბოლო 3 ადგილზე მყოფ კომპანიებს. როგორც ჩანს, მცირე კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ რისკების შემცირებას და 2012 წელს სწორედ ამ ტაქტიკით მუშაობდნენ.

დაზღვევის პოპულარული სახეობები

დაზღვევის სტრუქტურა თითქმის წინა წლის ანალოგიურია, მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა. ყველაზე პოპულარულ სახეობა კვლავაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაა და მოზიდული ჯამური პრემიაც ყველაზე მეტი დაზღვევის ამ სახეობაზე მოდის. წინა წელთან შედარებით სადაზღვევო პრემიაც გაზრდილია 200,590,584 ლარიდან 380,333,584 ლარამდე და ბაზრის წილიც 62.46%-დან 73.78%-მდე. ზრდაა ასევე ზარალის ანაზღაურებაშიც. 2011 წელს თუ 175,412,471 ლარი აანაზღაურეს სადაზღვევო კომპანიებმა, რაც სხვა ზარალებთან შედარებით 79.05%-ს შეადგენდა, 2012 წელსანაზღაურებული ზარალი 235,294,925 ლარია, ხოლო სამედიცინო დაზღვევის ზარალის დაფარვის წილი სხვა სახეობებთან შედარებით უკვე 88.88%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დაზღვევის მთავარი მამოძრავებელი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა იყო და ასევე დაფარვების ზრდა გამოწვეულია ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდით (იხ. ცხრილი 3).
 
როგორც სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი აცხადებს, 2010 წელს საავადმყოფოები ფუნქციონირებდა მარტო დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ნაწილობრივ ბათუმში. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ინდუსტრიამ 200 მილიონის ინვესტირება განახორციელა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზარდა.
55 საავადმყოფო აშენდა რეგიონებში. მოსახლეობას გაუჩნდა საშუალება, რომ იქვე, რეგიონში მივიდეს და მომსახურება მიიღოს რეგიონშივე, რამაც გაზარდა უტილიზაცია. ასე რომ, სამედიცინო დაზღვევაში ზარალიც ამის გამოა გაზრდილი.

ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2012 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)
     

პოპულარულ სადაზღვევო პროდუქტებს შორის მეორე ადგილს წინა წლის მსგავსად ქონების დაზღვევა იკავებს, რომელზეც წინა წელთან შედარებით მოზიდული პრემია 39,894,180 ლარიდან 41,020,206 ლარამდეა გაზრდილი. თუმცა, გაზრდილია სხვაობა ჯანრთელობის დაზღვევასთან მიმართებაში და 2011 წელს თუ ბაზრის 12,42%-ს იკავებდა, 2012 წელს ქონების დაზღვევა სხვა პროდუქტებთან მიმართებაში ბაზრის მხოლოდ 7.96%-ს იკავებს.

წინა წელთან შედარებით შემცირებულია ვალდებულების შესრულებათა დაზღვევა 7,027,574 ლარიდან 4,839,680 ლარამდე.

შემცირებულია უბედური შემთხვევის დაზღვევა 2,952,506 ლარიდან 2,902,265 ლარამდე. ასევე საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა 908,727 ლარიდან 490,656 ლარამდე შემცირდა.

დანარჩენი სახეობების დაზღვევაზე მოზიდული პრემია გაზრდილია.

დასასრულ, როგორც ვხედავთ, სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და სიტუაციაც იცვლება. რამდენად შედეგიანი იქნება ახალი ხელისუფლების მიერ შეცვლილი წესები როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე დაზღვეულებისთვის, ეს უკვე 2013 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გაირკვევა. ამ მაჩვენებლებს კი უკვე არა ეროვნული ბანკი, არამედ ბანკის გარეთ შექმნილი ახალი საზედამხედველო სამსახური გამოაქვეყნებს.

თემურ იობაშვილი