ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების გასაჭირი და სახელმწიფო პოლიტიკა
#9(165), 2013
რა შეიძლება იყოს გამოსავალი

წელიწადზე მეტია, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და სახელმწიფოს პრიორიტეტებსაც თავად საზღვრავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ამომრჩეველს სიახლეებს და სიტუაციის გაუმჯობესებას ჰპირდებოდა – ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკის ცვლილება იყო, რასაც თითოეული მოქალაქისთვის მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კიდევაც მისეული ხედვის განხორციელება და 2 ეტაპად ძალაში შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამა. თებერვლის ბოლოდან ყველა ის ადამიანი, რომელსაც არანაირი სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა, სახელმწიფოს დაფინანსებული მინიმალური სადაზღვევო პაკეტის მფლობელი გახდა. „საყოველთაო დაზღვევის“ მეორე ეტაპი უკვე 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და უკვე საკმაოდ გაზრდილი დაფარვები შევიდა სადაზღვევო პაკეტში. სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია. თუმცა, სამინისტროც და დაზღვევის ზედამხედველობაც კარგად ხედავს – სადაზღვევო ბაზარზე სიტუაცია საკმაოდ გართულებულია. საქმე ეხება სახელმწიფო დაზღვევაში ჩართულ კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებსაც მომსახურე კლინიკების მიმართაც საკმაოდ დიდი ვალები დაედოთ და საკუთარი კლინიკების შენახვაზეც პრობლემები შეექმნათ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო `საყოველთაო დაზღვევის~ პროგრამის მიმდინარეობით და სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით კმაყოფილია. მისი შეფასებით, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ტექნიკური პრობლემებიდან მხოლოდ ერთეულები დარჩა.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მომსახურებას, პროექტმა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის 100% მოიცვა, მოგვცა ბერკეტები, გვეკონტროლებინა მომსახურების ხარისხი და დაგვეფუძნებინა სამედიცინო მოვლის ხარისხის სისტემა. ამ მიმართულებით ქვეყანა ნაბიჯებს დღესაც დგამს და კმაყოფილი ვარ, რომ ეს მიმართულება განვითარდება მომავალშიც“, – განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს. მინისტრის შეფასებით, ოქტომბერში პროექტს შეაფასებენ და გადაწყვეტენ, ის იმავე მასშტაბებით გაგრძელდება, როგორითაც ახლა მიმდინარეობს, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება.

„პროექტის პირველი ეტაპი 28 თებერვალს დაიწყო და ზუსტად შესრულდა, ასევე მაღალი სიზუსტით შესრულდა მეორე ეტაპიც. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ის იქნება გადაფასებითი ხასიათის. შევაფასებთ, რამდენად ეფექტური იყო პროექტი ფინანსურად, ადმინისტრირების და სამედიცინო ხარისხის მხრივ. სწორედ ამის შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე გადავწყვეტთ, იგივე მოცულობით გავაგრძელებთ მას თუ წავალთ შემდგომი გაფართოების გზით“, - აღნიშნა მინისტრმა.

თუმცა, მთლად წარმატებულად არ მიაჩნიათ არსებული მდგომარეობა სადაზღვევო კომპანიებში. სადაზღვევო კომპანია „ალფა“ რომ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სექტორს ჩამოშორდა, „ააფი“ #5(161)-ში ამის შესახებ წერდა კიდეც. ასევე ვწერდით, რომ ახალი ხელისუფლება დაზღვევის სფეროში თამაშის ახალ წესებს ამკვიდრებდა. ეს სიახლეები პირობითად ერთი მთავარი პრინციპით შეიძლება გავაერთიანოთ – ახალმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სახელმწიფოს როლი მაქსიმალურად წინ წამოსწია და ზოგიერთ შემთხვევაში კერძო კომპანიების კონკურენტადაც მოგვევლინა.
„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამამ სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე სიტუაცია საკმაოდ შეცვალა. თამაშის ახალმა წესებმა კერძო სადაზღვევო კომპანიებს ისედაც არსებული პრობლემები გაურთულა და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების მომსახურებიდან გასული სადაზღვევო კომპანია „ალფაც“ გამოჩნდა. უკვე მაშინ პრობლემებს აღიარებდნენ სხვა სადაზღვევო კომპანიებიც და სახელმწიფოსგან საკითხისადმი დამოკიდებულების შეცვლას ითხოვდნენ. კერძოდ, საუბარი იყო სადაზღვევო პრემიის გაზრდაზე, რადგან წინა წლებში განსაზღვრული ჯამური სადაზღვევო პრემია ვეღარ ანაზღაურებდა დღეს გაწეული მომსახურების ფასს და კერძო კომპანიები ზარალზე მიდიოდნენ.

კერძო სადაზღვევო კომპანიების რთულ ვითარებაში აღმოჩენაზე პროგნოზები კარგა ხნით ადრე კეთდებოდა. კლინიკების აშენებისა თუ წინა ხელისუფლების მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებების გამო, ასევე ახალი ხელისუფლების მიერ სადაზღვევო ბაზარზე გატარებული პოლიტიკის დამსახურებით, სადაზღვევო სექტორი მძიმე დღეშია, რამდენიმე კომპანია სულაც გაკოტრების პირასაა.

ოფიციალური ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების ჯამური დავალიანება 34 მილიონ ლარს აღწევს. სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის“ წარმომადგენლები სატელევიზიო კომენტარებში აღიარებენ ვალის არსებობას, თუმცა აცხადებენ, კლინიკების მიმართ დავალიანება ჩვეულებრივი პროცესია და კომპანია ამ ვალდებულებას გაისტუმრებს. ფინანსური ვალდებულებები აქვს „ალდაგი ბისიაის“ და „ჯიპიაი ჰოლდინგსაც“. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები არსებობს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „ალფაში“ და კლინიკების ქსელის მფლობელ კომპანია „ადითში“. გავრცელებული ინფორმაციით, „არქიმედეს“ 12 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს, სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიაში იძულებითი ადმინისტრატორია შესული.

როგორც სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, რომ ექვსი თვის შედეგები შესწავლისას ზედამხედველობის სამსახურმა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური პარამეტრების მრავალ კომპონენტში დარღვევა აღმოაჩინა.

„საუბარია იმ კომპონენტებზე, რაც მათ სავალდებულო წესით უნდა ჰქონოდათ შესრულებული. ჩვენ წერილობით მივმართეთ „არქიმედეს“ მენეჯმენტს და ვთხოვეთ, რომ რეაბილიტაციის გეგმა წერილობითი ფორმით შემოეთავაზებინათ 5 სამუშაო დღის ვადაში“.

როგორც ნიკოლაძე განმარტავს, აუცილებელი იყო სასწრაფო გეგმა, რადგან პარალელურად, შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ის ვალდებულებები, რაც მას აღებული ჰქონდა _ კომპანიის ბიზნესის 95%-ს სახელმწიფო პროექტი, ანუ სოციალური დაზღვევა წარმოადგენს. სიტუაციის შესახებ პარალელურად ეცნობა უწყებათაშორის კომისიასაც, რომელიც სოციალური ტიპის დაზღვევების მონიტორინგს აწარმოებს.

„5 სამუშაო დღის შემდეგ მართლაც მივიღეთ წერილი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიადან“. წერილის ლაიტმოტივი იყო, რომ ახლა ზოგადი სტატისტიკა უკვე კარგი გვაქვს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურები გავხდებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად არამყარი წერილი, ჩვენ მოველოდით, რომ დასახელებული იქნებოდა თარიღი და კონკრეტული წყარო, რის საფუძველზეც მათი ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნებოდა. ასეთი წყარო შეიძლება იყოს ინვესტორის, ან საბანკო სექტორიდან გაცემული მყარი გარანტია, ამასთან მითითებული უნდა ყოფილიყო ზუსტი თარიღი – ეს აუცილებელია, როდესაც სახელმწიფო პროექტის შესრულებაზეა ლაპარაკი და არა ზოგადად, ნებაყოფლობითი დაზღვევის ფრაგმენტებზე. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ იძულებითი ადმინისტრაციის განხორციელება. ეს გულისხმობს იძულებითი ადმინსტრატორის შესვლას, როცა მენეჯმენტი ფუნქციონირებას წყვეტს და ყველა ფინანსურ ოპერაციას იძულებითი ადმინისტრატორი ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ დროებით მმართველს 2-თვიანი ვადა აქვს, მეორე დღესვე, როცა სიტუაცია გამოსწორდება, კომპანიიდან გამოვალთ“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

რა ბედი ელის სადაზღვევო კომპანიას, ჯერ უცნობია, ზოგადად, სადაზღვევო კომპანიების დავალიანებები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ინტერნეტ-გამოცემა Fორ.გე-ს ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკის მიმართ „არქიმედეს“ დავალიანება 1 696 879 ლარს შეადგენს, მას თითქმის ერთი მილიონი ლარით ჩამორჩება 626 775 ლარით „აისი ჯგუფი“; „ალდაგს“ ღუდუშაურის კლინიკისთვის 105 113 ლარი აქვს გადასახდელი, „ჯეო ჰოსპიტალს“ _ 491 659 ლარი,  „ჯიპიაი ჰოლდინგს“ _ 16 654 ლარი, „ირაოს“ _ 2 429 ლარი, „ჩემი ოჯახის კლინიკას“ _ 92 158, „ალფას“ კი ღუდუშაურის კლინიკის მიმართ 97 855 ლარი აქვს დასაფარი.

ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას პრობლემები შეექმნა საკუთარი კლინიკების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაშიც. ასე რომ, პრობლემები მართლაც საკმაოზე მეტია. ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორში ბუნდოვანი და გაურკვეველი სიტუაციაა, რაც შესაძლოა ინვესტორებისთვის დამატებითი პრობლემა აღმოჩნდეს. 

„ის პოლიტიკა, ის გაურკვეველი მდგომარეობა, რაც ჩამოყალიბდა სადაზღვევო ბაზართან და სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, მხედველობაში მაქვს სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პოლიტიკაში არსებული არასიცხადე და ბუნდოვანება, ეს მართლაც დააფრთხობს ინვესტორებს“, – ამბობს კალანდაძე.
გამოსავლის გზებს ეძებენ დაზღვევის ასოციაციაში. ასოციაციის ხელმძღვანელის – დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო კომპანიებს ფინანსური პრობლემები ახალი ხელისუფლების უყურადღებობის გამო შეექმნა.
ბოლო თვეების მანძილზე, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ხელისუფლებას იმ პრობლემებზე მიუთითებდნენ, რომელთა გამოსწორებაც მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ სიტუაცია პირიქით – რთულდება. ბოლოს, წერილობით პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებსაც მიმართეს. როგორც იქნა, გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ამ კომისიისა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები შევლენ. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს იმ პრობლემების გადაჭრის მეთოდს, რაც სადაზღვევო სექტორს გამოაცოცხლებს და კომპანიებს საშუალებას მისცემს, კლინიკების მიმართ დაგროვილი დავალიანება დაფარონ. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი დევი ხეჩინაშვილი ამბობს რომ „,ალფასაც“ და „არქიმედესაც“ საერთო პრობლემა ჰქონდა: არც ერთს არ ჰყოფნიდა პრემია თბილისში, რასაც მთავრობა უხდიდა. პრემიაში იგულისხმება ჯანდაცვის სერვისების თვითღირებულება.

„ჩემი აზრით, „ალფამ“ სახელმწიფო პროგრამა იმიტომ დატოვა, რომ მისი დამფუძნებელი „ავერსისთვის“, დაზღვევა ძირითადი ბიზნესი არ იყო. დანარჩენი კომპანიები კი მზღვეველები არიან. „ავერსმა“ თქვა, რომ წამგებიან პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. თვეების განმავლობაში, „ალფაც“ და „არქიმედეც“ ატყობინებდა მთავრობას, რომ საკმარისი არ იყო თანხა, რასაც თბილისში, ჯანდაცვის სერვისების დასაფარად უხდიდნენ“.

ხეჩინაშვილი ამბობს, რომ 10 თვეა მთავრობას დაზღვევის სექტორში სერიოზული პრობლემების შესახებ ეუბნებიან, მაგრამ მთავრობა არ უსმენთ.
„განსაკუთრებით რთული ვითარებაა თბილისში, რადგან დედაქალაქში ჯანდაცვის სერვისების მოხმარება და ფასებიც საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიებს თბილისში არ აქვთ ჰოსპიტლები, რომლითაც ფასების კონტროლს შეძლებდნენ. სადაზღვევო მფლობელობაში არსებული ჰოსპიტალი ძირითადი ღუზაა, რომელიც ფასს ზემოთ არ უშვებს, თორემ თბილისში სამჯერ მაღალი ფასებია, ვიდრე რაიონებში. მეორე თემაა ის, რომ მთავრობამ ტენდერის შემდეგ, ყველა პირობა დაარღვია, 20%-ით შეამცირა დაზღვეულების რაოდენობა, 1 000 050 ადამიანის დაზღვევა გაიტანა ტენდერზე, სინამდვილეში კი, მხოლოდ 800 000 მოქალაქეა დაზღვეული.
გარდა ამისა, უამრავი პირობა დაამატა, კერძოდ, სოფლის ექიმებისა და სასწრაფოების დაფინანსება, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმე არაა.
რამდენი ხანია ხელისუფლებას ვეუბნებით, მოგვაშორეთ სოფლის ექიმებისა და სასწრაფოების დაფინანსება. ყველა სადაზღვევო კომპანიას გაუჭირდა, რომელიც თბილისს შეეხო. „არქიმედესთან“ მიმართებაში, პირდაპირ გეტყვით – თუ სახელმწიფო პრემიიდან, პირობითად, 100 ლარი შემოდის. კომპანიას ჯანდაცვის მომსახურებაში 120 ლარი აქვს გასავალი ხარჯის სახით. რა მოგებაზეა საუბარი? მთავრობა ამბობს, რომ პირველ რიგში, სადაზღვევო კომპანიებმა კლინიკების მიმართ არსებული დავალიანება უნდა გაისტუმრონ.
დავალიანება უპირობოდ გასასტუმრებელია, მაგრამ თუ სხვა საკითხები არ მოგვარდება, ვალის გადახდა გაგვიჭირდება“, - ამბობს ხეჩინაშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გამოსავალი ან სახელმწიფო პრემიის გაზრდა იქნება, ან სამედიცინო სერვისების შემცირება; სადაზღვევო კომპანიების მფლობელებმა იციან, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალი კლინიკების მშენებლობის ვალდებულებაც აქვთ, მაგრამ როდესაც ახალი მთავრობა მოსვლის დღიდან აცხადებს, სადაზღვევო კომპანიები არ „მევასებაო“, რთული ვითარება იქმნება; მეტიც, ამ ფონზე, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც უფლება აქვს, სამი თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია პროგრამიდან გაუშვას.
მაშინ, ამ კომპანიებს გრძელვადიანი ვალდებულებები რატომ აქვთ? სწორედ ამ არასტაბილურმა გარემომ დააზარალა სადაზღვევო კომპანიები.

ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ბაზრის სიტუაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„სურათი ისე დაუხატეს, თითქოს სადაზღვევო კომპანიები თვითნებურად წყვეტენ სერვისების მიწოდებას. პრემიერმა ისიც თქვა, სახელმწიფო სთხოვს სადაზღვევო კომპანიებს, ის კლინიკები გადმოგვცენ, რომლებშიც დაზღვეულებს ვერ ემსახურებიან, მაგრამ არ თმობენო. ეს აბსურდია.
პირდაპირ გეტყვით, ამ 9 თვის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ. ვამბობთ, რომ კლინიკურ ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც განსაკუთრებით, მცირემოსახლეობიან რაიონებში არსებულ კლინიკებს ეხება... ყველანაირი წინადადება შევთავაზეთ მთავრობას მათი დისკონტით გამოსყიდვასთან დაკავშირებით – ბევრად ნაკლებ ფასად დავუთმობთ სახელმწიფოს კლინიკებს, ვიდრე მათი მშენებლობა დაჯდა.
მეორადი შეთავაზებაც გვქონდა – გამოსყიდვის შემდეგ ამ ფულით დავალიანებას გავისტუმრებთ. დიდი ხანია მინდა ივანიშვილს შევხვდე.
სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. არადა, მის გამოსვლაში გამოჩნდა, რომ ინფორმირებული არ არის და მისი ძირითადი წყარო, აშკარად მინისტრია“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

როგორც ჩანს, სახელმწიფოც გარკვეულ დათმობებზე წასვლას აპირებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჰოსპიტალურ სექტორში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საჯარიმო სანქციები შესაძლოა არ დაეკისროთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიებს რეგიონებში ჰოსპიტალების გახსნა 2013 წლის პირველი სექტემბერს უნდა დაესრულებინათ. თუმცა, დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანიების დიდ ნაწილს ვალდებულებები ამ დრომდე არ აქვთ შესრულებული.

„ჩვენ განვიხილავდით შესაძლებლობას, რომ ამ შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ ვალდებულებებზე წავსულიყავით მორატორიუმზე, ერთგვარ გადავადებაზე იმისათვის, რომ არ შეგვექმნა მათთვის ბარიერი და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული პროექტი განგვეხორციელებინა“, - განაცხადა სერგეენკომ. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ სანქციებზე მორატორიუმის გამოცხადების მექანიზმი მუშავდება და იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევოები კლინიკების წინაშე არსებულ ყველა დავალიანებას დაფარავენ, მთავრობა მზად არის კომპანიებს საჯარიმო სანქციები მოუხსნას.

ლაშა ნიკოლაძის თქმით, დღეის მონაცემებით, სანქციები 5 სადაზღვევო კომპანიას ეკისრება, რომელთა კლინიკების წინაშე ჯამური დავალიანებები 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

„სადაზღვევო კომპანიების თხოვნა, საჯარიმო სანქციებზე მორატორიუმის გამოცხადებისა გულისხმობდა იმას, რომ ისინი უარს არ აცხადებენ ვალდებულების შესრულებაზე. უბრალოდ, ახალ ხედვას და ახალ ვადებს საჭიროებენ ამის განხორციელებისთვის. უწყებათაშორისმა კომისიამ ამ მორატორიუმის გამოცხადებისათვის უცილობელ პირობად დაუყენა სოფლის ექიმის, სასწრაფოსა და კლინიკების წინაშე დავალიანების დაფარვა“, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ თუ სადაზღვევო კომპანიებს იძულებით დაკისრებულ დამატებით ხარჯებს მოაშორებენ, ისინი ვალის ნელ-ნელა გასტუმრებას შეძლებენ.

რეცეპტი სადაზღვევო ბაზრის გამოცოცხლებისთვის

სადაზღვევო სექტორი რომ რთულ დღეშია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაზღვევის მიმართ ნაკლები დაინტერესებაა. წინა წლებში სადაზღვევო კომპანიების ზრდას სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაზღვევის პოპულარიზაცია და ხალხის კერძო სადაზღვევო კლინიკებში დაზღვევა წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სტრატეგია შეცვალა და თავად იკისრა დაზღვევაც და მომსახურებაც, კერძო სადაზღვევო კომპანიებს და სადაზღვევო ბაზარს რთული პერიოდი დაუდგა. წინა წლებში არავის უხსენებია სავალდებულო დაზღვევა, თუმცა ახლა უკვე მსგავსი დაზღვევის კონტურებიც გამოიკვეთა.

სახელმწიფო ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ჯერ არ აპირებს, რადგან სახელმწიფომ ისედაც თავად აამოქმედა „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, მაგრამ სადაზღვევო ბაზრის გააქტიურებას სხვა გზით ცდილობს. დაზღვევის ზედამხედველობის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ ავტომობილის მფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას შეეხება.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ავტომფლობელებს ახალი სავალდებულო ხარჯი დაემატოთ. კერძოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რომლის განხილვასაც პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს, ავტომფლობელები ვალდებული გახდებიან დაზღვევა შეიძინონ. კანონპროექტზე სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. ასეთი დაზღვევა ავტომფლობელს მესამე პირისთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალს დაუფარავს.

„ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და გაცილებით უფრო წარმატებული ქვეყნებისთვისაც, აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე სავალდებულო დაზღვევა, რომელიც განაპირობებს კონკრეტულ დაზღვევაში და ბიზნეს საქმიანობაში მონაწილე ადამიანების ფინანსურ სტაბილურობას“, – ამბობს ნიკოლაძე.

სადაზღვევო ბაზრის გამოცოცხლების იმედი აქვს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელ გიორგი გიგოლაშვილს. მისი თქმით, პროცესი გამოიწვევს სექტორში მეტი ფულის შემოსვლას და დასაქმების ზრდას. ისევე, როგორც სავალდებულო დაზღვევის შემოღების სხვა მომხრეები, გიორგი გიგოლაშვილიც ასახელებს, რომ სავალდებულო დაზღვევა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მოდელია.

„რეალურად, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეემატება სადაზღვევო ბაზარს. დაზღვევაში, ისევე როგორც სხვა ბიზნესებში, ფული არის „სისხლი“ ამ კომპანიებისთვის მუშაობისთვის. თუ არ ბრუნავს ფული, არ არსებობს სადაზღვევო სისტემა“.

ინიციატივას დადებითად აფასებენ სადაზღვევო კომპანიებში და ამბობენ, რომ თუ სავალდებულო საავტომობილო დაზღვევა დამტკიცდება, მათთვის მომსახურება პრობლემა არ იქნება, რადგან ახლა ნებაყოფლობით დაზღვევას ისედაც ახორციელებენ. რაც შეეხება ასეთი დაზღვევის ღირებულებას, კონკრეტულად არაფერია ცნობილი. თუმცა, დაზღვევის ასოციაციაში ამბობენ, რომ წლიურად 100 დოლარის ექვივალენტური თანხის დაწესება  ოპტიმალური იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ პრემია უნდა იყოს წლიური დაახლოებით 100 დოლარის ექვივალენტი. რაც დაახლოებით 4 კანისტრა ბენზინის ფასია. ანუ, მძღოლმა კვარტალში ერთი კანისტრა ბენზინის საფასური უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ თუ ავტოსატრასპორტო შემთხვევის შედეგად სხვას ზიანი მიაყენა, ის იყოს ავტომატურად და იოლად ანაზღაურებული“, – განუცხადა „ბიზნესკურიერს“ დევი ხეჩინაშვილმა .

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 700 000-მდე ავტომანქანაა რეგისტრირებული. აქედან მცირე ნაწილი, დაახლოებით, 4-5% თუ სარგებლობს ავტოდაზღვევით. ძნელი სათქმელია, ზუსტად რას გადაწყვეტს პარლამენტი, ან თუ სავალდებულო ავტოტაზღვევა დაამტკიცა, რამდენად წაადგება სადაზღვევო ბაზარზე გართულებულ სიტუაციას ეგ ინიციატივა. რაც უკვე ცნობილია, ის გახლავთ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში საკუთარ როლს სულ უფრო ზრდის. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო, შესაძლოა, სახელმწიფომ კანადელი ინვესტორებისგან გამოისყიდოს. ასევე ცნობილი გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური სახელმწიფოს მართვაში გადადის. მინისტრის თქმით, ეს აუცილებელია, რადგან  სისტემა ერთიან კოორდინაციას საჭიროებს...

თემურ იობაშვილი