ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ასაკით პენსიონერებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ძველებური წესით დაუფარავს
#1(169), 2014
რა ხარჯები უნაზღაურდებათ 165-ე დადგენილების მოსარგებლეებს, მათ შორის ასაკით პენსიონერებს

მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი ირწმუნებიან, რომ მათ ერთ-ერთ პრიორიტეტს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა წარმოადგენს. "ღირსეულ სიბერეში" კი, ალბათ, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ასაკით პენსიონერს საკუთარი პენსიით შეეძლოს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ხარჯების დაფარვა და სამადლო ლუკმასა თუ ასევე სამადლო ელემენტარული სამედიცინო მომსახურების ამარა არ დარჩეს.

მოგეხსენებათ, "ნაციონალების" 9-წლიანი მმართველობა ისე დასრულდა, რომ 100 დოლარის ეკვივალენტი პენსიის დაპირება დაპირებად დარჩა. ხელისუფლებაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" ასევე "დაივიწყა" საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება 220 ლარიანი პენსიის შესახებ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამაყად აცხადებს: ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდებოდა და ეს დაპირება 9 თვეში შევასრულეთო. არადა, საარსებო მინიმუმი დღესაც სწორედ იმ მეთოდიკით იანგარიშება, რომელსაც ხადური ოპოზიციაში ყოფნისას აკრიტიკებდა. აღარაფერს ვამბობთ ლარის კურსის დაცემასა და პროდუქტებზე ფასების მატებაზე! სამაგიეროდ, ხელისუფალთ საკუთარ კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე ზრუნვა არ ავიწყდებათ, რის დასტურადაც მათი ხელფასები, პრემიები და ძვირადღირებული სამსახურებრივი მანქანების შეძენაც იკმარებდა.

თუმცა, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის და ასაკით პენსიონერებზე სახელმწიფომ გარკვეულწილად მზრუნველობა გამოხატა. მაინც, კონკრეტულად რაში გამოიხატა ძველი თუ ახალი ხელისუფლების ზრუნვა ასაკით პენსიონერებზე? მოგეხსენებათ, ხანდაზმულთა უმრავლესობას ყველაზე უფრო მეტად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რაც დიდწილად ამ ადამიანების ფინანსური გაჭირვებითაც არის განპირობებული.

2007 წლის სექტემბრიდან თუ ქვეყანაში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის (სოციალურად დაუცველი ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, საჯარო სკოლების თანამშრომლები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები) დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებდა, 2012 წლის 1 სექტემბრიდან მთავრობამ დაიწყო ახალი სადაზღვევო პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს ყველა ასაკით პენსიონერს, სკოლამდელი (ანუ 0-დან 5 წლის ჩათვლით) ასაკის ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ამ პროგრამის ამოქმედებას წინ უძღოდა მთავრობის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის 2012 წლის გაზაფხულზე კონკურსის ჩატარება იმ სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს მოემსახურებოდა. თბილისში, კახეთისა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში ტენდერში სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. გარდა ამისა, პაციენტის და დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 1 ივნისს დაფუძნდა სამედიცინო მედიაციის სამსახური, რომელთან დაკავშირებაც სამინისტროს „ცხელი ხაზის" (15-05) მეშვეობით არის შესაძლებელი.

პროგრამის ამოქმედების წინ თითოეულ ბენეფიციარს გადაეცა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელზეც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დაზღვევა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილების შესაბამისად. ხსენებული ნორმატიული აქტის სრული დასახელება ასეთი გახლავთ: `ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილება. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მიზანი კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, არის, ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, თავი დაცულად იგრძნონ და თანაგადახდით ან საფასურის გადახდის გარეშე, შეუზღუდავად მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

ეს პროგრამა ბენეფიაციარისთვის შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს:

_ სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:

• სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში - სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

• კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანომობილით);

_ ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

• ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა (ანუ უკურნებელი სენით დაავადებულისთვის ემოციური, სულიერი, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა), ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);

• ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით;

• ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) _ კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, საპენსიო ასაკის პირებისათვის თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;

• ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა;

• ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური, ანუ განუკურნავი პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა) (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა #IV-100/ა, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

• გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა).

_ სტაციონარული მომსახურება:

• გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, საპენსიო ასაკის პირებისათვის თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

• თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის;

• გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები _ სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, საპენსიო ასაკის პირებისათვის თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;

• თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;

• ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა, კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები _ სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, საპენსიო ასაკის პირებისათვის თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;

• 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები;

• მშობიარობა (საკეისრო კვეთის ჩათვლით) _ სადაზღვევო ლიმიტი 500 ლარი. ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

_ ამბულატორიული სამკურნალო საშუალებები:

• 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან;

• საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის, მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან~.

პოლისების დარიგებასთან ერთად, პენსიონერები გააფრთხილეს, რომ ოჯახის ექიმთან ჩასაწერად უნდა დაერეკათ ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ცხელ ხაზზე: 245-11-11. ოპერატორი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად მისცემდა კლინიკის ნომერს და აღნიშნულ ნომერზე დარეკვის შემდეგ შეეძლებოდათ ოჯახის ექიმთან ჩაწერა. პოლისზე აღნიშნული იყო, რომ
სახელმწიფო დაზღვევის კონტრაქტის პირობების თანახმად სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ პროვაიდერ კლინიკაში, ხოლო მომსახურების სხვაგან მიღების შემთხვევაში კომპანიის მხრიდან გადახდილი თანხის ანაზღაურება არ მოხდებოდა.

2012 წლის 1 სექტემბერი შაბათი იყო. იმ დღეს საჯარო გამოსვლისას მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბენეფიციარებს მოუწოდა, რომ `აქტიურად, წელიწადში ერთხელ მაინც (სასურველია 2-ჯერ) ისარგებლონ ამგვარი მომსახურებით იმიტომ, რომ ამ პოლისის მე-2 გვერდზე ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის აღწერილი ის მომსახურება, რასაც ფარავს პოლისი. ეს ძალიან კარგი დაზღვევა არის... ველოდებით, რომ შეიძლება რიგებიც წარმოიქმნას, რადგან ეს ადამიანები წლების განმავლობაში ექიმთან არ ყოფილან და დღესაც შემხვდნენ ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით, პენსიონერები, რომლებმაც დღესვე მიაკითხეს ოჯახის ექიმებს არა კონკრეტული ჩივილით, არამედ ზოგადად იმიტომ, რომ მათ სურთ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და გაიკეთონ ბაზისური ანალიზები და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია... მედპერსონალი მზად არის, რომ მოემსახუროს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სისტემა სრულად გაუძლებს ამხელა დატვირთვას. იმ შემთხვევისთვის, თუ ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, ჩვენს სისტემაში მოქმედებს ჯანდაცვის ომბუდსმენი, რომლის მთავარი მოვალეობაა თითოეული დაზღვეულის, თითოეული პაციენტის უფლებების დაცვა... უხეში დარღვევის შემთხვევაში... გარდაუვალი იქნება სანქციები როგორც სამედიცინო დაწესებულების, ისე სადაზღვევო კომპანიის მიმართ~.

მართლაც, უამრავი პენსიონერი, რომელსაც უსახსრობის გამო, წლების განმავლობაში არ გააჩნდა ექიმთან მისვლის საშუალება, შესაბამის კლინიკებს მიაწყდა და ოჯახის ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა. მიღებაზე კი იმდენი ეწერებოდა, რომ პირველ თვეებში ადამიანს რიგი ჩაწერიდან 10-12 დღეში უწევდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პროვაიდერ პოლიკლინიკაში ასე ხდებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ საკუთარი ხელმძღვანელობისგან საყვედური არ მიეღო, ხშირად ოჯახის ექიმი უარით ისტუმრებდა _ ეს შენ არ გჭირდებაო, `უმტკიცებდა~ პაციენტს, რომელიც მას რომელიმე ექიმ-სპეციალისტთან თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევაზე მიმართვას სთხოვდა.

რაც შეეხება სტაციონალურ მომსახურებას, კერძოდ კი ქირურგიულ ოპერაციებს, რა თქმა უნდა, პენსიონერისთვის ძალიან დიდი შეღავათია, რომ იგი ღირებულების მხოლოდ 10%-ს იხდის. თუმცა, მაგალითად, მრავალპროფილურ ონკოლოგიურ შპს `ქირონში~ პაციენტ ქალბატონ ნ.ბ.-ს, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში მკერდი მოჰკვეთეს, ოპერაციის ღირებულების (1050 ლარის) 10%-ის (105 ლარის) გარდა ექიმის ჰონორარიც (250 ლარი) გადაახდევინეს. არადა, მას ოპერატორი არა თუ არსაიდან მიუწვევია, არც აურჩევია. ამის შემდეგ მას საჭირო მკურნალობა აღარ გაუგრძელებია, რადგან უფულობის გამო ვერც ოპერაციის შემდგომი იმ ანალიზის გაკეთება შეძლო, რომელშიც 180 ლარი უნდა გადაეხადა და რომლითაც უნდა გარკვეულიყო, რა პროცედურებს თუ მედიკამენტებს დაუნიშნავდნენ და ვერც იმ დანიშნულ წამლებს შეიძენდა.

ვერ გეტყვით, ეს მხოლოდ `არქიმედეს~ გადაწყვეტილებით მოხდა, თუ სამინისტროსა და `არქიმედეს~ შეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკებზე მიმაგრებული პენსიონერების ნაწილი 2013 წლის ზაფხულში სხვა პოლიკლინიკებზე ისე გადაამისამართეს, მათთვის ეს არც არავის უცნობებია და ცხადია, არც უკითხავთ, რამდენად აწყობდათ. მაგალითად, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო ცენტრ `ჯანმრთელობაში~ მისულ პენსიონერებს რეგისტრატურაში უთხრეს, ჩვენ პენსიონერების სადაზღვევო პაკეტით აღარ გემსახურებით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე მე-19 პოლიკლინიკაში მიბრძანდით; ჩვენთან თუ გნებავთ, ნებისმიერ მომსახურებაში ფული უნდა გადაიხადოთო. არადა, იგივე კალოუბნის ქუჩიდან თუ მე-3 მასივის ზემო პლატოდან მოსკოვის პროსპექტზე მოსახვედრად ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოთ. მე-19 პოლიკლინიკა `ჯანმრთელობასთან~ შედარებით ბევრად პატარაა და პაციენტთა ახალი კონტინგენტის დამატებით ისე საშინლად გადაიტვირთა, წინასაახალწლო დღეებშიც კი იქ რეგისტრატურასთან და ექიმთა კაბინეტების წინ დიდი რიგები იდგა. იქ გადამისამართებულ პენსიონერებს ახალი ისტორიები გაუხსნეს, თითქოს ჩვილი ბავშვები იყვნენ, ანდა ავად არასდროს გამხდარან.

პენსიონერები მათთვის მთავრობის #165 დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა სერვისს უწინდებურად მიიღებენ

უკვე 2012 წლის ოქტომბრიდან ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანია `არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ ფინანსური პრობლემები შეექმნა და რიგი პროვაიდერი კლინიკების მიმართ დავალიანებები წარმოექმნა. თავიდან ამ ხმებს კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ნათქვამია, ჭირმა თავი არ დამალაო და თანდათან პროვაიდერთა ნაწილმა `არქიმედესთან~ ხელშეკრულებები შეწყვიტა და მას მედიაციის სამსახურში უჩივლა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის 19 აგვისტოდან ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~‘ შემოწმება დაიწყო და იქ მოკლე დროშივე აღმოაჩინა ფინანსური პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად კომპანიას დროებითი მმართველი დაუნიშნა. თუკი ეს პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, მაშინ ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ გაკოტრება-ლიკვიდაციის პროცესი დაიწყებოდა.

კომპანიას ფინანსური პრობლემების გამოსასწორებლად ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა. ამა წლის 3 იანვარს სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია `არქიმედეს~ გაკოტრების შესახებ, თუმცა ჯერ არ იყო ცნობილი მთავრობის პოზიცია, თუ რა ბედი ეწეოდათ ამ კომპანიის ყოფილ ბენეფიციარებს. 8 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ამის შემდეგ იგივე თემაზე სერგეენკომ ტელევიზიებისა თუ ბეჭდვითი ორგანოების მეშვეობით საზოგადოებას ბევრჯერ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მისი განმარტებით, ყველა იმ ბენეფიციარზე, ვინც სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხით `არქიმედესგან~ ღებულობდა სერვისებს, პასუხისმგებლობა უკვე აიღო სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტროს სახით. ამ პროექტის მართვას, ადმინისტრირებას, პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ნებისმიერი მათგანისთვის სამინისტრო ყოველგვარი შეფერხების გარეშე გასწევს იმ სერვისებს, რაც მათ ჰქონდათ. დაახლოებით 360 000 დაზღვეულზე სახელმწიფო `არქიმედეს~ თვეში 5,2 მლნ ლარს უხდიდა. 
1 იანვრიდან ამ თანხას სახელმწიფო კომპანიას აღარ გადაუხდის და კონტინგენტს თავად მართავს. კონკრეტულად პენსიონერებიც მათთვის მთავრობის #165 დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა სერვისს უწინდებულად მიიღებენ. ამასთან, თუკი აქამდე `არქიმედეს~ ბენეფიციარები თბილისში 8-9 პოლიკლინიკაზე იყვნენ მიმაგრებული, მათი საცხოვრებელი ადგილი ხშირად გათვალისწინებული არ იყო, პენსიონერს არ შეეძლო მომსახურე პოლიკლინიკის არჩევა, ამიერიდან მას უფლება აქვს, თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება (პოლიკლინიკა). ამასთანავე, მოსარგებლეს არჩეული სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, ამისათვის კი მოსარგებლის მიერ შერჩეულ კონკრეტულ პოლიკლინიკაში უნდა შეივსოს სპეციალური `თანხმობის ფორმა~, რომელზეც მოსარგებლე თავის თანხმობას ხელმოწერით ადასტურებს. `თანხმობის ფორმა~ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის შემუშავებული.

შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ პოლიკლინიკებმა იგივე თავიანთ ყოფილ პენსიონერ პაციენტებზე `ნადირობა~ დაიწყეს, მათ უკავშირდებიან და უკანვე დაბრუნებას სთავაზობენ, ზოგსაც უკითხავად აყენებენ აღრიცხვაზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ პაციენტს აღრიცხვასთან ან სამედიცინო სერვისის მიღებასთან დაკავშირებით რამე პრობლემა წარმოექმნება და ადგილზე ვერ აგვარებს, უნდა დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე (15-05), ოპერატორი მას დააკავშირებს მედიაციის სამსახურთან, რომელიც ნამდვილად გულისყურით მოუსმენს და პრობლემის გადაჭრაშიც დაეხმარება.

დალი ჩიკვაიძე