ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ქართული სადაზღვევო კომპანიების 2013 წლის შედეგების მიმოხილვა
#4(172), 2014
ახალი რეალობა - შემცირებული სადაზღვევო პრემია და გაზრდილი ზარალის დაფარვა

2013 წლის სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემები წელს პირველად გამოაქვეყნა შარშან შექმნილმა ზედამხედველობის ახალმა სამსახურმა. სტატისტიკურ მაჩვენებლებში, რაც იოლად შესამჩნევია, ეს არის 2012 წელთან შედარებით სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის 44 მილიონიანი შემცირება. 2012 წელს თუ სადაზღვევო კომპანიებმა ჯამურად 515,471,427 ლარის მოზიდვა შეძლეს, 2013 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 471,150,341 ლარია. 2013 წელს სადაზღვევო კომპანიებმა 387,610,085 ლარი აანაზღაურეს, 2012-ში კი ეს მაჩვენებელი 264,740,274 ლარი იყო. ასე რომ, პრემიის მოზიდვაში თუ 8%-იანი კლებაა, ზარალების ანაზღაურებაში ზრდა 31%-ს აჭარბებს.

რაც შეეხება მოზიდული პრემიის მიხედვით ლიდერ კომპანიებს, პირველი სამეული უცვლელია და კვლავ „ალდაგი-ბისიაი~, „ჯიპიაი ჰოლდინგი~ და „არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ გამოირჩნენ. 2013 წელს ლიდერმა კომპანიებმა უფრო გაიმყარეს პოზიციები და ყველა მათგანმა ბაზარზე საკუთარი წილის ზრდა მოახერხა.

სადაზღვევო ბაზრის ზრდის შეფერხება

მას შემდეგ, რაც დაზღვევის ბაზრის სტატისტიკა ოფიციალურად ქვეყნდება, სადაზღვევო კომპანიები წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტი პრემიის მოზიდვას ახერხებდნენ. ზოგიერთ წლებში ზრდა იმდენად მასშტაბური იყო, რომ აშკარად ჩანდა _ საქართველოშისადაზღვევო საქმიანობა მიმზიდველი ბიზნესი ხდებოდა. მაგალითად, 2006 წლიდან მოყოლებული, 2011 წლამდე სადაზღვევო ბაზარი მუდამ იზრდებოდა. 2011 წელს ჩავარდნის შემდეგ კი, სადაზღვევო ბაზარზე კვლავ მასშტაბური ზრდა დაფიქსირდა, კომპანიების მოზიდული ჯამური პრემია 321,147,047 ლარიდან 515,471,427 ლარამდე გაიზარდა, რაც ბაზრის 60%-ზე მეტით ზრდა გამოვიდა. თუმცა, ამის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიებისთვის სიტუაციის გაუარესების პერიოდი დაიწყო.

ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის მიერ ჯამური პრემიის მიზიდვა წლების მიხედვით

     

მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ~ ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს როლის ზრდა დაიწყო, სადაზღვევო ბაზარზე გარკვეული გავლენა შარშანვე იგრძნობოდა. სახელმწიფო პროგრამების შემცირებამ სადაზღვევო კომპანიებს პრობლემები შეუქმნა და რამდენიმე მათგანს გაკოტრების საშიშროებაც დაემუქრა. ქართული სადაზღვევო ბაზარი რომ მთლად თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებით არ ვითარდებოდა, ეს „ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არაერთხელ აღგვინიშნავს. იგივე ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაში ჩართვა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობის სადაზღვევო კომპანიებისთვის დაკისრებაც ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო. მოგვიანებით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრობლემები განსაკუთრებით მას შემდეგ გაურთულდათ, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა სახელმწიფომ იმ მოცულობით არ გაითვალისწინა, რაც სადაზღვევო კომპანიებს როგორც პაციენტების მომსახურების, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებული ხარჯების დაფარვის საშუალებას მისცემდა და ზარალს აარიდებდა.

ბოლო წლებში სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ზარალი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სადაზღვევო კომპანიებმა 2011 წელი 22 მლნ, ხოლო 2012 წელი 7,2 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს. სადაზღვევო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 98% შეადგინა. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები ყველაზე ზარალიანი „ალფასა~ (119%) და „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთვის~ (106%) აღმოჩნდა.

ექსპერტთა შეფასებით, კომპანიების ზარალის მიზეზი პრემიის დაბალი თანხა გახდა: ფარმაცევტული კომპანია „ავერსის~ შვილობილი კომპანია „ალფა~ სადაზღვევო ბაზარზე 2010 წელს დემპინგური ფასით შევიდა და სახელმწიფოს თითო დაზღვეულის მომსახურებისთვის 6-ლარიანი პაკეტი შესთავაზა. 
სადაზღვევო კომპანიების დიდი ძალისხმევით ამ ფასმა მოგვიანებით 9 ლარამდე აიწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის გამართული ფუნქციონირებისთვის საკმარისი არც ეს თანხა იყო.

მას შემდეგ რაც სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთათვის სულ უფრო მცირდება სადაზღვევო პრემია _ კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო პროგრამებიდან შემოსავალი გარანტირებულად შეუმცირდებათ. მხოლოდ არასახელმწიფო დაზღვევა თუ ეყოფა არსებული ინდუსტრიის განვითარებას _ მომავალში გამოჩნდება. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების~ მოსვლის დროს ისიც იყო ნათქვამი, რომ შესაძლებელი იყო ხელისუფლებას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი აღდგინა. ეს ინიციატივაც ისევე გადაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ~, როგორც სხვა მრავალი დაპირება თუ გეგმა _ უცნობია. თუმცა, ცხადია ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნა კიდევ უფრო გააუარესებს როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიების მდგომარეობას, ასევე ბაზარსაც კარგს არაფერს მოუტანს თუ კონკურენციის ადგილს სახელმწიფო დაიკავებს.

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2013 წელს

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოს ბაზარზე 14 კომპანიაა, თუმცა თურქულ-ქართული სადაზღვევო კომპანია „კამარა~ გასულ, 2013 წელს შემოვიდა და შარშან მხოლოდ ბაზრის „დაზვერვით~ შემოიფარგლა.

„კამარას~ ერთ-ერთმა მფლობელმა ფაზილ ალიევმა განაცხადა, რომ კომპანია არასასიცოცხლო დაზღვევის სფეროში განახორციელებს საქმიანობას და ორიენტირებული იქნება ტვირთების დაზღვევაზე. ალიევის განმარტებით, უპირატესობა სწორედ ტვირთებისდაზღვევა იქნება, რომელიც ქართული კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

კომპანია თურქული ინვესტიციითაა შექმნილი. საწესდებო კაპიტალის 50% ფაზილ ალიევს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატია. სადაზღვევო კომპანიის დარჩენილ 50%-ს თურქეთის მოქალაქეები ფლობენ. „კამარას~ საწესდებო კაპიტალი ერთი მილიონი ლარია.

2012 წლის სტატისტიკურ მონაცემებში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 15 კომპანია ფიგურირებდა. თუმცა, აქედან დაზღვევისსაერთაშორისო კომპანია „იმედი ელი~ ბაზრის ლიდერმა _ „ალდაგი ბისიაიმ~ შეიერთა, ხოლო შპს სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აღარ არის.

მთლიანობაში, სადაზღვევო კომპანიებმა 2013 წელს 471,150,341 ლარი სადაზღვევო პრემიის მოზიდვა შეძლეს, რაც წინა წელთან შედარებით 44,321,086 ლარით ნაკლებია. ასე რომ ამ მხრივ თითქმის 9%-იანი შემცირებაა. ლიდერმა კომპანიებმა წინა წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება შეძლეს, თუმცა უმეტესობა კომპანიის მიერ უფრო ნაკლები პრემიის მოზიდვამ მთლიანი ინდუსტრია 9%-ით შეამცირა.

ცხრილი 2. 2013 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით


     

„ალდაგი ბისიაი~ მოზიდული 143,297,063 ლარით და ბაზრის 30,41%-ის ფლობით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, კომპანიამ 28%-ით მეტი პრემია მოიზიდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ალდაგი ბისიაის~ შემადგენლობაში აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი~, რომელიც წინა წლებში ლიდერთა შორის იყო ხოლმე და 2010 წელს ბაზარზე ყველაზე მეტი პრემიის მოზიდვაც კი შეძლო. თუმცა, მას შემდეგ რაც „იმედი ელმა~ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, „ალდაგი ბისიაის~ შემადგენლობაში აღმოჩნდა. ცხადია, მისი კლიენტების ნაწილმა „ალდაგში~ გადაინაცვლა და ამიტომ „ალდაგის~ მიერ ბაზარზე წილის ზრდის ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 2013 წელს 104,022,193 ლარი მიმართა, რაც 2012 წელს ანაზღაურებულთან შედარებით თითქმის 53%-ით მეტია.

მეორე ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგია~ მოზიდული 84,460,192 ლარით და ბაზარზე 17,93% წილით. წინა წელთან შედარებით მოზიდული პრემიის ზრდა თითქმის 7%-ს შეადგენს. 2012-ში კომპანიამ ბაზრის 15.31%-ის დაკავება შეძლო. საინტერესოა, რომ 2011 წელს ყველაზე მეტი ჯამური პრემიის 58,052,654 ლარის მოზიდვა სწორედ „ჯიპიაიმ~ შეძლო. 2013 წელს კომპანიამ 58,462,879 ლარი აანაზღაურა, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.

მესამე ადგილს კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ იკავებს მოზიდული 69,202,937 ლარით და ბაზრის 14.69% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 3%-ით მეტი მოიზიდა. ზარალის ანაზღაურებაზე 2013 წელს 58,925,349 ლარი მიმართა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 66%-ით მეტი თანხაა. ასეთი მდგომარეობა ცხადია, კომპანიის გაზრდილ ხარჯს და ნაკლებ მოგებას ნიშნავს.

მეოთხე ადილზეა სადაზღვევო კომპანია „ირაო~ მოზიდული 46,685,765 ლარით და ბაზრის 9.91% იანი წილით. წინა წელთან შედარებით მოზიდული პრემია 4%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2013 წელს კომპანიამ 41,645,745 ლარი აანაზღაურა. 2012 წელთან შედარებით ზარალის ანაზღაურება გაზრდილია თითქმის 35%-ით.

მეხუთე ადგილზეა სადაზღვევო კომპაია „აისი ჯგუფი~. მის მიერ მოზიდული ჯამური პრემია 43,696,131 ლარია, რაც ბაზარზე 9,27%-ის შესაბამისია. წინა წელთან შედარებით კომპანიის მოზიდული პრემია 7%-ზე მეტად არის შემცირებული. ზარალის დაფარვაში 49,822,941 ლარია მიმართული, რაც 2012 წელთან შედარებით 49%-ით მეტია. ასეთ დისბალანსს სადამდე გაუძლებს ეს კომპანია, რთული სათქმელია.

მეექვსე პოზიცია დაიკავა სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფმა~ მოზიდული 22,064,022 ლარით დაბაზრის 4,68%-იანი წილით. წინა წელთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური ზრდა სწორედ ამ კომპანიას აქვს. ზრდა თითქმის 62%-ს აღწევს. იმ ფონზე, როდესაც სადაზღვევო ბაზარი 9%-ით შემცირდა, ლიდერმა კომპანიებმა კი ბევრად ნაკლები ზრდა მოახერხეს, „არდის~ წარმატება აშკარაა. თუმცა, ზარალის ანაზღაურებაც მასშტაბურად არის გაზრდილი _ კომპანიამ 2013-ში 8,858,101 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტია.

მეშვიდე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ალფა~ მოზიდული 18,132,696 ლარით და ბაზარზე 3.85% წილით. „ალფამ~, რომელსაც წინა წლებში ყველაზე მასშტაბური ზრდა ჰქონდა და სამედიცინო დაზღვევის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ჩამოყალიბდა, შარშან სახელმწიფო პროგრამებიდან გასვლა დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მათთვის წამგებიანი იყო მთელ რიგ სახელმწიფო პროგრამებში ყოფნა. შესაბამისად, კომპანიას 2012 წელს თუ 40,163,988 ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის 7.79%-ს იკავებდა, მოზიდულ პრემიაში 55%-მდე კლება აქვს. ზარალის ანაზღაურებაზე 2013 წელს „ალფამ~ 31,527,072 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

მერვე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „უნისონი~ მოზიდული 11,580,916 ლარით და ბაზარზე 2.46% წილით. წინა წელთან შედარებით ამ კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია მნიშვნელოვნად თითქმის 45%-ით არის შემცირებული. 2012-ში კომპანიას ბაზრის 4.05% წილის ეკავა. ზარალის ანაზღაურებაზე 2013 წელს „უნისონმა~ 1,240,780 ლარი მიმართა, რაც წინა წლის ზარალს 41%-ით აჭარბებს.

მეცხრე ადგილზეა „პსპ დაზღვევა~ მოზიდული 10,749,223 ლარით და ბაზრის 2.28% წილით. 2012-ში კომპანიამ 26,370,401 ლარი მოიზიდა და ბაზარზე 5.12% დაიკავა. ზარალის დაფარვაზე 10,749,223 ლარი დახარჯა, რაც 2012 წელთან შედარებით 3%ით ნაკლებია. თუმცა, მოზიდულ პრემიაში ბევრად მეტი კლება _ დაახლოებით 59% აქვს კომპანიას.

მეათე პოზიციაზეა დაზღვევის კომპანია „ქართუ~ მოზიდული 10,565,010 ლარით და ბაზარზე 2.24% წილით. საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც მოგებაზე ორიენტირებას წინა წლებში არასოდეს ავლენდა ხოლმე, 2012 წელთან შედარებით თითქმის 13%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ბაზარზე წილიც 1.79% დან 2.24%-მდე გაეზარდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2013 წელს `ქართუმ~ 12,586,402 ლარი აანაზღაურა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება.

მეთერთმეტე ადგილზეა კომპანია „ტაო~ მოზიდული 6,185,109 ლარით და ბაზრის 1.31% წილით. წინა წელთან შედარებით სადაზღვევო პრემია 31%-ითნაკლებია, შემცირებულია წილი ბაზარზე _ 2012-ში 1.75% ეკავა. სამაგიეროდ, 15%-ით არის გაზრდილი ზარალის ანაზღაურებაში დახარჯული თანხა და 5,216,639 ლარს შეადგენს.

მეთორმეტე ადგილზე „სტანდარტ დაზღვევა საქართველოა~ მოზიდული 4,435,051 ლარით და ბაზარზე 0,94%-იანი წილით. 2012 წელთან შედარებით კომპანიამ 42%-ით მეტი პრემია მოიზიდა. ზარალი ანაზღაურებაზე 756,601 ლარია მიმართული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 36%-ით აღემატება.

მეცამეტე ადგილზეა „სს სადაზღვევო კომპანია ჩარტისის საქართველოს ფილიალი~ მოზიდული 96,226ლარით და ბაზრის 0,02% წილით. წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტი, 83%-ით კლება ამ კომპანიას აქვს. ზარალის ანაზღაურებაზე 460,666 ლარია გადახდილი, რაც 2012-ში ანაზღაურებულ ზარალს 63%-ით აჭარბებს. ასე რომ, გასული წელი ურთულესი გამოდგა ამ კომპანიისთვის.

ბოლო ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „კამარა~, რომელმაც ლიცენზია კი აიღო 2013 წელს, მაგრამ უშუალო საქმიანობა 2014 წლიდან აქვს დაგეგმილი. შესაბამისად, 2013 წელს არც ჯამური პრემია მოუზიდავს და არც ზარალი აუნაზღაურებია.

ცხრილი 3. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები

     

როგორი იყო გადაზღვევა 2013 წელს

გადაზღვევის წილი ლიდერმა კომპანიებმა _ „ალდაგი ბისიაიმ~ და „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ გაზარდეს. სამეულში დაწინაურებულ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~ გადაზღვევისთვის არ მიუმართავს, ისევე როგორც წინა წელს. 
დანარჩენი კომპანიებიდან მხოლოდ ორმა _ „არდი ჯგუფმა~ და „სს სადაზღვევო კომპანია ჩარტისის საქართველოს ფილიალმა~ წინა წელთან შედარებით პროცენტულად მეტი პრემია გადააზღვია, სხვა კომპანიებმა რისკები უფრო მეტად იკისრეს თავად და ნაკლებ გადაზღვევას მიმართეს.

ცხრილი 4. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2013 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)
     

დაზღვევის პოპულარული სახეობები

ბოლო წლებში დამკვიდრებული პრინციპი თითქმის უცვლელია. დაზღვევის ყველაზე პოპულარული სახეობები, სადაც მოზიდული პრემიის 93,77% მოდის, 2012 წლის ანალოგიურია. დანარჩენ სახეობებშიც მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია.

ახალი გამოწვევა სადაზღვევო კომპანიებისთვის

რაც იოლი შესამჩნევია, 2013 წლის მონაცემებიდან, ეს არის მთლიანი ჯამური პრემიის შემცირება. რიგი კომპანიების შემთხვევაში ჯამური პრემიის შემცირებასთან ერთად ზარალის ანაზღაურებააგაზრდილი. ეს კი სადაზღვევო კომპანიებისთვის მოგების შემცირებას, უარეს შემთხვევაში კი ზარალზე მუშაობას ნიშნავს. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო სულ უფრო ზრდის საკუთარ როლს ჯანდაცვის სისტემაში და კერძო სადაზღვევო კომპანიებს ამ სეგმენტის მიღმა ტოვებს, კომპანიებისთვის კიდევ უფრო რთული სიტუაციაა მოსალოდნელი. ერთადერთი გადარჩენის შანსი, სახელმწიფო პროგრამების მიღმა არსებული დაზღვევის ზრდა რჩება.

სახელმწიფო პროგრამების გარეშე მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. „ალდაგი ბისიაი~    91,509,443    36%
2. „ჯიპიაი ჰოლდინგი    58,469,356    23%
3. „არდი~        22,064,022    9%
4. „ირაო~        20,305,792    8%
5. „აისი ჯგუფი~        12,591,686    5%
 
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტის შემდეგ კონკურენცია ყველა სახეობაში გაიზრდება და ამის წინაპირობად მოჰყავს ის ფაქტი, რომ მილიონამდე ავტომობილიდან მხოლოდ 52000-მდეა დაზღვეული. 

„შესაძლებელია გააქტიურდეს ამ დაზღვევის სახეობის სეგმენტი. ასევე შენობა-ნაგებობების დაზღვევა. მოქალაქეთათვის განკუთვნილი დაზღვევაც აუთვისებელია _ კერძო ბინების, სახლების აგარაკების~, _ აცხადებს გიგოლაშვილი.

ამასთან, გიგოლაშვილი ამბობს, რომ „ალდაგის~ წარმატებას საფუძველი ჰქონდა მისი მრავალწლიანი გამოცდილებისა და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობის სახით, იგივე უპირატესობით სარგებლობს „ჯიპიაი ჰოლდინგი~, რომელიც საერთაშორისო ჯგუფის წევრიცაა. ამ ფონზე კი, გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, ბაზარზე შედარებით ახლადშემოსული მოთამაშის „არდის~ წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მენეჯმენტის პროფესიონალიზმს.

რაც შეეხება ახალ რეალობაში ბაზრიდან კომპანიების გასვლის შესაძლებლობას, გიგოლაშვილი ვერ ხედავს გარემოს _ ეკონომიკურ სიტუაციას ან სადაზღვევო სექტორში სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც კომპანიების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევდა. ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, მისი შეფასებით, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტის სისუსტისა და არაკონკურენტუნარიანობის შედეგი იქნება.

როგორც ცნობილია, 2014 წლიდან სახელმწიფო სოციალური პროგრამები სრულად ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მგრძნობიარეიქნება იმ კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავლის დიდი წილი სახელმწიფო ბაზრის პროგრამებზე მოდიოდა. სადაზღვევო კომპანიების მიერ გასული წლის მანძილზე მოზიდულმა პრემიამ სახელმწიფო სოციალური პროგრამების ჩათვლით 417,150,341 ლარი შეადგინა, სახელმწიფო სოციალური პროგრამების გარეშე 252,697,325 ლარი.

საინტერესო მინიშნებაა ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების ინიციატივა. მართალია, ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა თუმცა, გარკვეული მინიშნებები უკვე გაკეთდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის შემოღების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების დროს გათვალისწინებული იქნება დაახლოებით 17-18 ათასი ლარის გადახდა, მკურნალობაზე კი 15 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.

დაზღვევის აღნიშნული სახეობა შემდეგი პრინციპით მოქმედებს: თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი/ავტოტრანსპორტის მფლობელია და დადგა მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ, მძღოლი/მფლობელი ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს ზარალი მიყენებული სხეულზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა თუ ქონებაზე. დაზღვეული მძღოლის ნაცვლად ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამებიდან და სავალდებულო დაზღვევებიდან საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ფასის (პრემიის, ტარიფის) გამოანგარიშება პროფესიონალურად, სადაზღვევო პრინციპების მიხედვით, სადაზღვევო მათემატიკის მეთოდების გამოყენებით.

როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს უმწეოთა დაზღვევის პროგრამა შეუჩერა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფოსგან გამოყოფილი პრემია 40%-ით შეუმცირდა და ბაზარზე 300 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. საპასუხოდ კომპანიებმა ბაზარზე ახალი სადაზღვევო პროდუქტები გამოიტანეს. გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, კომპანიებმა აქცენტი უნდა გააკეთონ და გაამახვილონ ყურადღება ახალ პროდუქტებზე. ესენია: ავტომობილების დაზღვევა და შენობა-ნაგებობების დაზღვევა, ასევე უნდა გააქტიურდეს პასუხისმგებლობის დაზღვევა.

გიგოლაშვილის აზრით, კიდევ ერთი საყურადღებო სეგმენტია აგროდაზღვევა, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში სერიოზული პროექტების განხორციელება შეიძლება.

თემურ იობაშვილი