ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
აგროდაზღვევა - მთავრობის ახალი რეცეპტი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
#8(176), 2014
ვის შეეძლება საპილოტე პროგრამით სარგებლობა

აგრარულ სფეროში სახელმწიფო საკუთარი გავლენის გაზრდას და სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების მცდელობებს აგრძელებს. ამჟამად მთავრობა აგროდაზღვევის მეშვეობით აპირებს ფერმერები და გლეხები მიწათმოქმედებაზე მუშაობაში წაახალისოს და ბიზნეს-ინტერესიც გაუღრმავოს. ლაპარაკია დასაწყისისთვის 1-წლიანი პროგრამის ამოქმედებაზე, რომელიც გაითვალისწინებს ფერმერებისთვის და გლეხებისთვის აგროდაზღვევის შეთავაზებას. მართალია ამ სახის დაზღვევა გლეხებს და ფერმერებს არც აქამდე ჰქონდათ აკრძალული, მაგრამ ამჟამად, მთავრობა აპირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფაროს სადაზღვევო პრემიის თანხის ძირითადი ნაწილი. ისევე როგორც პროგრამა „იაფი კრედიტის~ შემთხვევაში, ხელისუფლება თანადაფინანსების საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ფერმერებს და დაზღვევაზეც მსგავსი სქემა იმოქმედებს.

აგროდაზღვევის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და როგორც მთავრობაში აცხადებენ, 1 წლის განმავლობაში – 2015 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს გარკვეულ დაფინანსებას აგროდაზღვევის შემთხვევაში. მისი თქმით, აგროდაზღვევა გავრცელდება ყველა პროდუქტზე და სუბსიდირება განხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი – 95%-მდეც. თანადაფინანსებას სახელმწიფო განახორციელებს. ასე რომ, დაზღვევის ყიდვის მსურველებს პოლისის მთლიანი ღირებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის გადახდა მოუწევთ. 

2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია, პროგრამაში ის სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან, ვისაც ამის სურვილი ექნებათ. აქამდე აგრარული სექტორის დაზღვევა მთლიან სადაზღვევო პროდუქტებს შორის მხოლოდ მიზერულ ნაწილს იკავებდა. სტატისტიკური ინფორმაციით, სადაზღვევო პორტფელში აგრარული სფეროს დაზღვევა 1-2%-ს არ აღემატება. 

მიზეზი მარტივია: რისკი მაღალია, შესაბამისად დაზღვევის ფასი ძვირი. 
მაგალითად, როდესაც კახეთშიმოსული სეტყვა ვენახს თითქმის 100%-ით გაანადგურებს, სადაზღვევო კომპანიას ზარალის ასანაზღაურებლად სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. ამიტომ, ცხადია, ასეთი მაღალი რისკის დაზღვევას კომპანია ძვირად აფასებს. ძვირი პოლისის ყიდვა კი გლეხებს არ შეუძლიათ, ან არ ინტერესდებიან.

სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები იმედოვნებენ, რომ პროგრამაში სახელმწიფოს მონაწილეობა დაზღვევის ადეკვატურ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემთ და გლეხსაც არ მოუწევს საკუთარი ჯიბიდან ძვირი ფასის გადახდა.

რომელი კომპანიები მონაწილეობენ აგროდაზღვევის პროექტში

ახალ პროგრამაში სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა არ მონაწილეობს, თუმცა რამდენიმე ლიდერი კომპანია საპილოტე პროგრამაში ჩაერთო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ხუთ სადაზღვევო კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარინა მორგოშიამ და „ჯიპიაი ჰოლდინგის~, „ალდაგის~, „აისი ჯგუფის~, „ირაოსა~ და „ქართუს~ ხელმძღვანელმა პირებმა.

მარინა მორგოშიას განცხადებით, პროგრამაში ჩართულ ფერმერებს საშუალება ექნებათ, დააზღვიონ მოსავალი სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან. აგროდაზღვევაში დაზღვეულებს 80%-მდე სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო აუნაზღაურებს, დანარჩენი თანხა კი ფერმერმა უნდა დაფაროს. ამასთან, დაზღვევაზე გადახდილი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე – 50 ათას ლარს.

როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ფერმერის შესაძლო ზარალის ანაზღაურება ერთი თვის ფარგლებში მოხდება, მას შემდეგ, რაც ზარალის გარემოებები დადგინდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანი ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. ასევე, ამ სფეროში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

„ჯიპიაი ჰოლდინგში~ აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში კომპანია 300-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. „ჯიპიაის~ აგროდაზღვევის პორტფელი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ხორბლის, ქერის და სიმინდის მოსავლის დაზღვევა, ვაშლის და ატმის მოსავლის დაზღვევა, მანდარინის დაზღვევა, ვენახის დაზღვევა, თხილის ნარგავებისა და კარტოფილის დაზღვევა.

„ჯიპიაის~ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე „რეზონანსთან~ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია აქტიურად ერთვება აგროსექტორის დაზღვევაში:

„ეს უმნიშვნელოვანესი საპილოტე პროექტია აგროდაზღვევის განვითარებისთვის – ფერმერებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ მოსავალი. სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია აგრობიზნესში. ხშირად ხდება, რომ მოსავალი სრულიად ნადგურდება ამა თუ იმ ბუნებრივი რისკით და გლეხი რჩება შემოსავლის გარეშე. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ რისკი და უკეთესი პორტფელი შევქმნათ. ჩვენ აქტიურად ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას საქართველოს რეგიონებში; მნიშვნელოვნად გაიზრდება რეგიონში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა – ადგილობრივი კადრების პირველი ნაკადი ჩვენ უკვე მივიღეთ. ახლა მიმდინარეობს ტრენინგისა და გასაუბრების პროცესი~, – ამბობს პაატა ლომაძე.

დაზღვევის პირობაა, რომ მიწა აუცილებლად აღრიცხული უნდა იყოს. თუმცა, „ჯიპიაიში~ ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი, დაზღვევის მსურველს მიწა საჯარო რეესტრში ჰქონდეს გატარებული. შესაძლებელია, ფერმერმა სადაზღვევო კომპანიას მხოლოდ ნახაზი მიაწოდოს, თუ ეს ნახაზი რეესტრშია გატარებული და საკადასტრო ნომერი აქვს მინიჭებული. თუ გლეხს ეს ნახაზი და ნომერიც არ აქვს, მაშინ თავად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები აიღებენ კოორდინატებს „ჯიპიესით~. შესაბამისად, გლეხს, ვისაც საკუთარი ნაკვეთის დაზღვევა სურს, ნაკვეთის აღრიცხვიანობის გამო პრობლემა არ შეექმნება.

როგორც „ჯიპიაის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, დაზღვევის მსურველი განაცხადის შევსებისთანავე ან მეორე დღეს მიიღებს პოლისს. იგი იხდის თავის წილ თანხას, რაც ძალიან მცირეა. მაგალითად, 1 ტონა მანდარინის დასაზღვევად ფერმერს 2,5 ლარიდან 5 ლარამდე გადახდა მოუწევს.

რას მოიცავს აგროდაზღვევის პროგრამა?

პირველი პროდუქტი, რასაც სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიები დააზღვევენ, ციტრუსი იქნება. „ჯიპიაი ჰოლდინგის~ საზოგადოებასთან ურთიერთობისხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური ციტრუსების მოსავლის დაზღვევა იქნება.

„სადაზღვევო პოლისზე ხელშეკრულება ფორმდება კომპანიასა და ფერმერს შორის. ფერმერი იხდის თავის გადასახდელ წილს, რაც ციტრუსის შემთხვევაში 5 7% იქნება. ახლა ციტრუსის მოსავალია აქტუალური, რადგან ამ პროდუქტის დაზღვევა ხდება მოსავლის აღებამდე შემოდგომის ყინვებისგან. რამდენ ფერმერს დავაზღვევეთ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მაქსიმალურად მოვიცავთ აჭარას~.

კომპანია „ალდაგის~ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო პოლისებს კომპანიის აგენტები გაყიდიან და ხელშეკრულება კომპანიასა და ფერმერს შორის გაფორმდება:

„გვექნება საინფორმაციო კამპანია. გავაცნობთ ფერმერებს ინფორმაციას. ჩვენთვისაც პირველ ეტაპზე აქტუალური ციტრუსის დაზღვევა იქნება. გავაქტიურდებით აჭარის და გურიის რეგიონში. პროექტის თანახმად, სადაზღვევო პრემიის 70-95% სახელმწიფო დაფარავს, ნაწილს ფერმერი, ხოლო ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს~.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცახდებით, აგროდაზღვევის პროგრამას პროექტების მართვის სააგენტო უხელმძღვანელებს. პროგრამის მიზანია ფერმერების აგრორისკების დაზღვევა, რაც მათ ფინანსურ ზარალს გაანეიტრალებს:

„სახელმწიფო აგროდაზღვევა გავრცელდება სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტზე. სადაზღვევო პრემიაში თანადაფინანსება 70%-დან 90%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი 95%-მდე იქნება. სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან ის სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც ამის სურვილი ექნებათ. სადაზღვევო პოლისსაც ფერმერები ნებაყოფლობით შეიძენენ~, – აცხადებს ოთარ დანელია.

მთავრობის #1462 განკარგულების მიხედვით, აგროდაზღვევის პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით მზღვეველს, დამზღვევს და სააგენტოს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს.

„პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა მოხდება – დაზღვევა შეეხება ისეთ სტიქიებს, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. შესაბამისი განკარგულების მიხედვით დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემიის ნაწილი გადაიხადოს პოლისის გაცემისთანავე. პროგრამის ფარგლებში დააზღვევენ მხოლოდ ისეთ ნაკვეთებს, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები~, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში.

ის, რომ სახელმწიფო აქტიურად ერთვება სადაზღვევოპროგრამაში, გამართლებულად მიაჩნია საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტს – გიორგი გიგოლაშვილს.

„სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არცერთ ძლიერ ქვეყანში აგრორისკების დაზღვევის დარგი არ განვითარებულა. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებთან ერთდ ინაწილებს აგრორისკებს~, – ამბობს გიორგი გიგოლაშვილი. მისი პროგნოზით, ერთწლიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში საქართველოში ფერმერების დასაზღვევად 5 მილონი ლარის მოცულობის ბიუჯეტი საკმარისია, რადგან სადაზღვევო პროდუქტის ცნობადობა და სადაზღვევო კომპანიების აქტივობა დაბალია ადგილობრივ ბაზარზე.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, აგროდაზღვევის სეგმენტში სადაზღვევო კომპანიების აქტივობა დაბალია, რადგან კომპანიები მოგებაზე ვერ გადიან:

„2013 წელს 100-მდე სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდა აჭარაში ციტრუსის მწარმოებლებთან. ყინვამ მოსავალი გაანადგურა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს~, – ამბობს ხეჩინაშვილი.

მთლიანობაში, გასულ წელს ფერმერების საკმაოდ მცირე ნაწილი იყო დაზღვეული. გიორგი გიგოლაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებმა 2013 წლის მონაცემებით სულ 2.000 ფერმერი თუ გლეხი დააზღვიეს, როცა მათი რაოდენობა დაახლოებით 600.000-ია.

„ნეტგაზეთი~ ავრცელებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2014 წლის პირველ კვარტალში ქონების დაზღვევის სეგმენტში სადაზღვევო კომპანიებმა 17.513.211 ლარი მოიზიდეს, სადაც აგროდაზღვევაზე მხოლოდ 1% – 17.513 ლარი მოდის. ასე რომ, დაზღვევის ეს სეგმენტი მართლაც ნაკლებად აქტუალურია და წესით, ახალი პროგრამის ამოქმედებამ აგროდაზღვევის ხვედრითი წილი უნდა გაზარდოს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ 1 წლის მანძილზე დააკვირდებიან პროგრამის მიმდინარეობას და სამომავლოდ გადაწყვეტენ – რა ფორმით გაგრძელდება აგროდაზღვევა.

„ეს არის პროექტი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და ითვალისწინებს ფერმერთა ძალიან დიდი ნაწილის სატკივარს, რომ მათ როგორღაც დააზღვიონ თავისი მოსავალიც და ქონება. ჩვენი გლეხები და ფერმერები ყოველწლიურად ზარალდებიან სტიქიური მოვლენების გამო, აგროდაზღვევა კი დაფარავს მათ ზარალს, თუმცა, შესაძლოა ყველა სახის ზარალი ვერ დაფაროს. ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური პირისათვის გამოყოფილ იქნება 30 ათასი ლარი, ხოლო კოოპერატივისათვის – 50 ათასი ლარი. სადაზღვევო პრემიის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფოს მიერ, სუბსიდირების პროცენტი საკმაოდ მაღალია – საშუალოდ 80-დან 90-მდე, შეიძლება მეტიც იყოს, იმის მიხედვით, თუ რომელი სახეობის პროდუქტის დაზღვევა ხდება. საპილოტე პროექტი სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ დავაკვირდებით, მივიღებთ გამოცდილებას, ვნახავთ მასში რაიმე ხარვეზები ხომ არ არის, ან რისი გაუმჯობესება შეიძლება და პარალელურად დავიწყებთ კანონპროექტის განხილვასაც, ინიცირებას კი პარლამენტში მოვახდენთ. რადგან სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსაც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი რეგულაციების კანონით დარეგულირება გაცილებით სტაბილურ ვითარებას შექმნის ამ სფეროში~, – აცხადებს აგულაშვილი.

ახალი პროგრამის ფარგლებში პირველ ზარალს კახეთში აანაზღაურებენ

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებმა ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. კახეთის რეგიონში 4 სექტემბერს ძლიერი სეტყვა მოვიდა, რამაც ფერმერები კიდევ ერთხელ დააზარალა. ცომმერსანტ.გე-ს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ მდგომარეობის შესწავლა და ზარალის დათვლა სტიქიიდან მეორე დღესვე დაიწყეს. როგორც სადაზღვევო კომპანიაში განაცხადეს, ყვარლის და თელავის რაიონში სეტყვით დაზარალებული ვენახების ექსპერტიზა მიმდინარეობს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი~ უკვე შეუდგა კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალის ექსპერტიზას. ჩვენი წარმომადგენლები და ექსპერტები უკვე ადგილზე არიან. დილიდან მიმდინარეობს დასეტყვილი ნაკვეთების ექსპერტიზა, რომ დროულად დადგინდეს ზარალის მოცულობა და ოპერატიულად მოხდეს ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემა. მოგეხსენებათ, რთველი უკვე მიმდინარეობს და ამ დროს ფერმერისთვის ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება~, – განაცხადა „ჯიპიაი ჰოლდინგის~ ანაზღაურების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ ქარუმიძემ.

მისი ინფორმაციით, ყვარლის რაიონში „ჯიპიაის~ მიერ დაზღვეული 20-ზე მეტი ნაკვეთია დასეტყვილი. ზარალის მოცულობა დგინდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანია „ალდაგს~, მათ საიტზე მითითებულია, რომ აგროდაზღვევის ფარგლებში გარდა მცენარეებისა, შესაძლებელია შინაური ცხოველების დაზღვევაც.

„ალდაგი ბისიაი~ პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ახორციელებს აგროდაზღვევას მთელ საქართველოში. თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ: სიმინდი, ხორბალი, ვაზი და სხვა კულტურები. ასევე, შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაზღვევა სხვადასხვა რისკისგან~, – წერია კომპანიის საიტზე, თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მთლიან სადაზღვევო პროდუქტებში აგროდაზღვევა აქამდე მხოლოდ მიზერულ წილს იკავებდა. 

სოფლის მეურნეობაზე ბოლოდროინდელი ზრუნვის მცირე ისტორია

„ქართული ოცნების~ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აგრარული სფერო პრიორიტეტულად ხელისუფლებაში მოსვლამდე გამოაცხადა. ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილი სოფლის მეურნეობის აღორძინების მისეულ ხედვებზე მიანიშნებდა. ერთ-ერთი საკითხი ივანიშვილის მიერ გლეხებისთვის კარტოფილის თესლის უფასოდ დარიგებას შეეხებოდა:

„ჩვენი მიზანია: საქართველოში პირველად, კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება. წილკნის ინ-ვიტრო ლაბორატორიაში და სათბურებში იწარმოება კარტოფილის მინიტუბერები. ახალქალაქის ნაკვეთებზე ხდება ტუბერების გამრავლება (სამწლიანი ციკლი) ელიტურ თესლამდე. თესლის გამრავლება დაწყებულია 2010 წლიდან, შესაბამისად, 2012 წლის შემოდგომიდან შევძლებთ ფერმერებს მივაწოდოთ კარტოფილის ელიტური თესლი უფასოდ~.

2012 წლის შემოდგომამაც ჩაიარა და 2014 წლის შემოდგომაც მალე მიიწურება. კარტოფილის არც ელიტური და არც არაელიტური თესლი ივანიშვილს ფერმერებისთვის არ უჩუქებია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობამ სოფლის მეურნეობის გაძლიერება გლეხებისთვის და ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უფასო ხვნა-თესვის პროგრამით სცადა. 

2013 წელს ამ პროგრამისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2014 წლის პროგრამაში კი 90 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. 2013 წლის უფასო ხვნა-თესვას რომ სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდა არ მოჰყოლია, მითუმეტეს დახარჯული 200 მილიონი ლარის კვალობაზე, არაერთხელ ითქვა. წლევანდელი უფასო ხვნა-თესვის ვაუჩერები გლეხების საკმაოდ დიდმა ნაწილმა აღარც გამოიყენა – მხოლოდ მოხვნა არ შველის პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას. სოფლის მეურნეობის განვითარების მორიგი მცდელობა ამჟამად აგროდაზღვევაა და ბიუჯეტის ხარჯზე მთავრობა ახალ გზას ეძებს. აგროდაზღვევის პროგრამაში ბიუჯეტიდან დახარჯული 5 მილიონი ლარი ამჯერად შედეგს მოიტანს თუ ეგეც ხვნა-თესვის პროგრამის მსგავსად ნაკლებეფექტიანი ფულის ხარჯვა იქნება, მომავალი წელი გვიჩვენებს.

თემურ იობაშვილი