ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
პენსიების გაცემის არსებული მექანიზმის შუქ-ჩრდილების შესახებ
#1(73), 2006
ფოსტის მომსახურების ჩანაცვლება საბანკო მომსახურებით

2004 წელს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ღია, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით გათვალისწინებული პენსიებისა და დახმარებების გაცემის საბანკო მომსახურების შესასყიდად, ანუ იმ საბანკო დაწესებულების გამოსავლენად, რომელიც დაარიგებდა სახელმწიფო პენსიებსა და დახმარებებს. პირველ, ანუ საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე განაცხადი გააკეთა მხოლოდ ორმა ბანკმა. ესენი გახლდათ “ინტელექტბანკი”, რომელიც მანამდე მთავარი კონტრაქტორი იყო და “საქართველოს სახალხო ბანკი”. როდესაც სატენდერო წინადადებების დრო მოვიდა, “ინტელექტბანკმა” სატენდერო წინადადება აღარ წარმოადგინა, წარმოადგინა მარტო “სახალხო ბანკმა”. ამდენად, “სახალხო ბანკი” უალტერნატივოდ დარჩა და შესაბამისად ამ სატენდერო პროცედურებში კიდევაც გაიმარჯვა.

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ ტენდერში “სახალხო ბანკის” გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგანაც დღეისათვის ეს ის ბანკია, რომელსაც გააჩნია ყველაზე უფრო მეტი ფილიალი და ყველაზე უფრო განვითარებული სტრუქტურა ამ მხრივ. ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტენდერში გაემარჯვებინა ბანკს, რომელსაც ყველა რაიონში გააჩნდა ფილიალი. სწორედ ამიტომ გაფორმდა ხელშეკრულება “სახალხო ბანკთან”. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2004 წლის 15 სექტემბერს და მოქმედებს 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 

“სახალხო ბანკი” ამ ტენდერში გამარჯვებამდეც აწარმოებდა პენსიებისა და დახმარებების გაცემას. წინა ტენდერში, რომელიც ფონდმა 2001 წელს გამოაცხადა, “ინტელექტბანკმა” გაიმარჯვა. სოფრომაძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ “ინტელექტბანკს” არ გააჩნდა ფილიალიზაციის საკმარისი ქსელი, საკითხის დასარეგულირებლად მან ქვეკონტრაქტორები აიყვანა. ესენი გახლდნენ: “სახალხო ბანკი”, “ბანკი რესპუბლიკა” და შპს “საქართველოს ფოსტა”. შპს “საქართველოს ფოსტა” საჭირო იყო იმიტომ, რომ მასაც საკმაოდ ძლიერი ფილიალიზაციის ქსელი აქვს და გარდა ამისა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავის კლიენტებსემსახურება ბინაზე. თუმცა, იმდროინდელი საქმიანობა ასეთი კონსორციუმის თუ შენაერთისა ვერ გამოდგა მაინცდამაინც წარმატებული, რადგან თვითონ პენსიების გაცემის პროცესში უამრავი დარღვევა აღინიშნებოდა და ფონდმა ასეულ ათასობით ლარის საჯარიმო სანქცია გაატარა სწორედ ამ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გარკვეულ სამუშაოებთან, ნერვიულობასთან და ასევე დაკავშირებული იყო ხარჯებთან სასამართლო პროცესების წარმოების დროს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფონდმა სერიოზული თანხები ამოიღო და ასევე სერიოზულ თანხაზე დღესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

რაც შეეხება პენსიების ადგილზე მიტანას, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლები ბინაზე მიტანას მართლაც ახორციელებდნენ, მაგრამ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ძალიან ხშირად ეს ხდებოდა არაოფიციალური ანაზღაურების ხარჯზე. ბინაზე მიტანილი პენსიიდან 50 თეთრი თუ 1 ლარი და შეიძლება უფრო მეტიც (გააჩნია, რა მოცულობის პენსია ჰქონდა დანიშნული ამა თუ იმ პენსიონერს) აღურიცხავად მიდიოდა ფოსტის თანამშრომლის ჯიბეში. უმეტეს შემთხვევაში, ფოსტალიონი ამას ისე აკეთებდა, რომ პენსიონერს არც არაფერს ეკითხებოდა.

სწორედ ამ მანკიერი ტრადიციების თავიდან ასაცილებლად ფონდმა “საქართველოს სახალხო ბანკთან” ერთად მთელი რიგი ღონისძიებები შეიმუშავა და დასახა. უპირველესად, ესაა პენსიის აღების და საერთოდ, ფულადი ნიშნების მიღების ციკლური მეთოდების, ახალი ტრადიციების დამკვიდრება (იგულისხმება შესაბამისი პლასტიკური ბარათების დამზადება, დანერგვა და ა.შ.).

რამდენად იყვნენ მზად ასეთი მომსახურებისთვის პენსიონერები და საბანკო სისტემა?

“სახალხო ბანკი” პენსიების დარიგებას აწარმოებს 2002 წლიდან. ეს ხდებოდა ტრადიციული გზით: პენსიონერებს ეხსნებოდათ ანგარიში და პირადი ბარათი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ წარდგენილი სიების საფუძველზე. ყოველი პენსიონერი მიმაგრებული იყო კონკრეტული რაიონის სერვის-ცენტრზე.

2003 წლის ივლისში “სახალხო ბანკმა” საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, რომ დაენერგა პრინციპულად ახალი ტიპი მომსახურებისა და ექსპერიმენტის სახით, ქუთაისის პენსიონერთათვის რამდენიმე ასეული პლასტიკური ბარათი _ “სახალხო ბარათი” დაამზადა. ამით მოიხსნა კონკრეტულ სერვის-ცენტრზე მიმაგრების აუცილებლობა, გაიზარდა მომსახურების სისწრაფე, შემცირდა რიგები და ბანკის თანამშრომლებისთვის საქმე შემსუბუქდა.

2003 წლის ბოლოსთვის ბანკმა 6000 “სახალხო ბარათი” დაამზადა. ამჟამად კი ასეთი ბარათებით დაახ-ლოებით 200 ათასი პენსიონერი არის უზრუნველყოფილი, ხოლო ვინც არაა უზრუნველყოფილი, მას შეუძლია მიმართოს “სახალხო ბანკს” და მიიღოს ბარათი.

“სახალხო ბარათით” თანხის განაღდება შესაძლებელია “სახალხო ბანკის” ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ანუ პენსიონერი აღარ არის დამოკიდებული რეგისტრაციის მისამართზე მიმაგრებულ სერვის-ცენტრზე.

2004 წლის ივლისში “სახალხო ბანკმა” კვლავ დანერგა სიახლე კლიენტთა უკეთ მომსახურების მიზნით და დაიწყო ე.წ. “დამატებითი ბარათების” დამზადება. ეს ბარათი მზადდება გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პენსიონერისთვის. პენსიონერის განაცხადის საფუძველზე, მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის სახელზე მზადდება “დამატებითი ბარათი”. ამ პირს აქვს ანგარიშის განკარგვის უფლება. ანგარიშის განკარგვის უფლების ვადას და ხარისხს ადგენს თავად პენსიონერი. “დამატებითი ბარათის” მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია გაიტანოს თანხა პენსიონერის პირადი წარდგენის გარეშე. ეს პროცედურა მნიშვნელოვანი შეღავათია იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო შეზღუდული აქვთ გადაადგილების საშუალება. აღარ არის საჭირო ბანკში ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობების სისტემატურად წარდგენა, რაც სოციალურად დაუცველი ფენებისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიასთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ფონდსა და “სახალხო ბანკს” შორის 2004 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ “პენსიის და დახმარებების მიმღების სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო თანხების საცხოვრებელ ადგილზე მიტანა პირად ანგარიშზე შესაბამისი თანხათა ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში აღნიშნული უზრუნველყოს არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა”. თუმცა, ფონდის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ასეთი სერვისი გათვალისწინებულია იმ პენსიონერთათვის, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება.

აი, ეს სამი სახის სერვისი არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. სოფრომაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სერვისები ძალიან მალე კიდევ უფრო წარმატებული იქნება. იგი იმასაც დასძენს, რომ ბანკმა თავისი ფილიალიზაციის ქსელის გაძლიერების მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო გასწია და არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას. დღეს “სახალხო ბანკს” 130 ფილიალი და სერვის ცენტრი აქვს, რაც საქართველოს პირობებში საკმაოდ დიდი რიცხვია.

“სახალხო ბანკის” სოციალური პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ როინიშვილი აღნიშნავს, რომ პლასტიკურ ბარათებში არც პენსიონერები იხდიან არაფერს და არც სახელმწიფო; რომ ეს არის კეთილი ნება “სახალხო ბანკისა”. როდესაც ბარათს აძლევს, პენსიონერი მისი კლიენტი ხდება და პენსიის მიღებასთან ერთად, შეუძლია იქვე გადაიხადოს ყველანაირი კომუნალური გადასახადი, რის საშუალებაც მას ფოსტაში არ გააჩნდა. საერთოდ, ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კლიენტი მოიზიდოს და მათთვის ისეთი პირობები შექმნას, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ კლიენტებმა. ლოზუნგი “სახალხო ბანკი ხალხის სამსახურში” არ არის მხოლოდ ლოზუნგი, _ აცხადებენ ბანკში.

ის, რომ პენსიების გასაცემად საბანკო მომსახურება არის ცივილური და თანამედროვე მეთოდი, ამას ვერავინ უარყოფს. ისიც უდავოა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედაც რომ ცივილური გზით უნდა მიდიოდეს. რამდენად აღმოჩნდა მზად ასეთი მომსახურებისთვის ჩვენი საბანკო სისტემა, კონკრეტულად, “სახალხო ბანკი” და რამდენად აღმოჩნდნენ მზად თავად პენსიონერები? იყვნენ თუ არა ისინი ინფორმირებულნი იმ სამი სახის სერვისის თაობაზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელი სტრუქტურის თუ სტრუქტურების ფუნქცია იყო მათი ინფორმირება?

ფონდის გენერალური დირექტორის მტკიცებით, საერთოდ, პენსიონერები საზოგადოების იმ ნაწილს შეადგენენ, რომელიც ყველაფერში ყველაზე უკეთ არის ინფორმირებული. ჩვენ დაახლოებით 900 ათასამდე პენსიონერი გვყავს და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ვერავინ შეატყობინებს იმის თაობაზე, თუ პენსიის მიღების რა ფორმა უნდა აირჩიოს მან. ამისთვის არსებობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ფონდმა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით არაერთგზის განაცხადა, რომ გადადიოდა საბანკო მომსახურებაზე. თავის მხრივ, იგივეს აკეთებდა “სახალხო ბანკიც”. არსებობს ფონდის “ცხელი ხაზი”, რომელიც მუშაობს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. ასე რომ, ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ყველასთვის იყო ცნობილი. ბუნებრივია, პენსიონერთა ამხელა მასაში შეიძლება გამონაკლისებიც იყონ. პირველად გლდანის რაიონიდან დაიწყო თბილისში საბანკო სექტორით ფოსტის ჩანაცვლება. მერე ეს გაგრძელდა კრწანისის რაიონში და ასე შემდეგ. პირველი თვის განმავლობაში ყოველთვის იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ, როგორც წესი, ეს პრობლემები ქრებოდა და იგივე იქნება სხვა რაიონებშიც. 
ძირითადი მიზანი ამ ახალი ხელშეკრულებისა ის გახლავთ, რომ საპენსიო თანხისმოძრაობა არ ყოფილიყო ხელიდან ხელში და ამ ფულად მასას ცივილური გზით, საბანკო სექტორის მეშვეობით ემოძრავა. ეს მიზანი მიღწეულია. ხოლო სერვისის სხვა სახეები (ადგილზე მიტანა, “დამატებითი ბარათების” გამოყენება) _ ეს არის დამატებითი მეთოდები, რომლებიც შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. არ შეიძლება, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი პენსიონერი წამოწოლილი იყოს სახლში და ელოდებოდეს, როდის მიუტანენ პენსიას. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო მზად თვითონ საბანკო სექტორი, პროცესი თუ არ დაიწყე, ვერასდროს ვერ იქნები მზად. პირველი ნაბიჯი დროულად გადაიდგა. სულ ბოლოს ბანკი ფოსტას თბილისშიც ჩაენაცვლა. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ბოლო პერიოდამდე ფოსტის მეშვეობით ხდებოდა პენსიების დარიგება, რადგანაც არსებობდა საშიშროება, რომ ფილიალების რაოდენობის შედარებითი სიმცირის გამო “სახალხო ბანკი” ვერ აუვიდოდა პენსიონერების მომსახურებას. 
დღეს ბანკმა ჩათვალა, რომ ის მზადაა ასეთი ტვირთის ასაწევად და უკვე თავის თავზე აიღო ამ პროცედურის განხორციელება. თავიდან ბევრი შიშობდა, რომ “სახალხო ბანკი” ვერ შეძლებდა ნაკისრი ფუნქციის ნორმალურად შესრულებას. მაგრამ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენი პენსიონერების ინტერესები მოითხოვდაო, _ ირწმუნება ზაზა სოფრომაძე.

სახალხო ბანკის სოციალური პროგრამების კოორდინაციის დეპარატამენტის უფროსი მიხეილ როინიშვილი აცხადებს, რომ პენსიონერთა მომსახურებისათვის ქართული საბანკო სექტორი და კონკრეტულად “სახალხო ბანკი” მზადაა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის თავზე არ აიღებდა ასეთ ვალდებულებას. შპს “საქართველოს ფოსტას” ერთი თვით ადრე ეცნობა, რომ პენსიონერებს ფოსტა აღარ მოემსახურებოდა და ამიტომ ფოსტას უნდა გამოეკრა ინფორმაცია, თუ კონკრეტული რაიონის პენსიონერებს “სახალხო ბანკის” რომელი სერვის-ცენტრისთვის უნდა მიემართათ ბარათების ასაღებად. 
ბანკის “ცხელი ხაზის” ნომერი გამოკრულია ბანკის ყველა ფილიალში, ფოსტებში, ცხადდება პირველი რადიოთი და ტელევიზიით, რომ ვისაც გაუჩნდება კითხვები პენსიებთან დაკავშირებით, ამ ნომრებზე დარეკოს. ტელეფონი არ ჩერდება. აქამდე თუ 6 ოპერატორი მუშაობდა, ახლახან მათ კიდევ 3 დაემატა. თუმცა, “სახალხო ბანკში” იმასაც არ უარყოფენ, რომ პენსიონერთა ინფორმირებისთვის უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო. ამბობენ, რომ ამ თვალსაზრისით თავადაც უფრო გააქტიურდებიან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც მიმართავენ დახმარების თხოვნით.

ვერ გეტყვით, არის თუ არა რაიმე ინფორმაცია (ან რა არის) გამოკრული საფოსტო განყოფილებებში. კიდევაც რომ იყოს, ფოსტას პენსიონერთა ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი აკითხავდა ხოლმე. დანარჩენები იქ არ მიდიოდნენ და შესაბამისად ვერც იმ ინფორმაციას წაიკითხავდნენ.

დეკემბერ-იანვრის სუსხიან დღეებში ბევრ პენსიონერს ორ-სამჯერ მოუწია გრძელ რიგში დგომა, რათა სერვის-ცენტრში შეღწია და “სახალხო ბარათი” აეღო. ჩვენს გარშემო ახლობელთა თუ ნაცნობ-მეგობართა შორის ვერავის მივაკვლიეთ ისეთს, ვისაც სმენია “დამატებითი ბარათის” არსებობის თაობაზე; მით უმეტეს, არავინ შეგვხვედრია ისეთი, ამ ბარათს რომ ფლობდეს. 
სამაგიეროდ ვიცით შემთხვევა, რომ ოჯახში ცხოვრობს ასაკოვანი ცოლ-ქმარი, ორივე პენსიონერი, ქმარი პირველი ჯგუფის ინვალიდია და მას მეუღლე უვლის. რაკი მამაკაცს გადაადგილება არ შეუძლია, ცოლმა ნოტარიუსი სახლში მიიყვანა, რომ ამ უკანასკნელს დაემოწმებინა ქმრის მიერ დაწერილი მინდობილობა: ჩემს ცოლს ვანდობ ჩემი პენსიის აღებასო. ნოტარიუსი ბინაზე მხოლოდ მას შემდეგ წაყვა ქალბატონს, რაც პირობა მიიღო, რომ თავისი გასამრჯელოს მიღების გარდა, ტაქსით წაიყვანდნენ, სანამ ბინაზე იმუშავებდა _ ტაქსი დაელოდებოდა და მერე ისევ უკან წაიყვანდნენ სამსახურში. სერვის-ცენტრმა ცოლის სახელზეც “სახალხო ბარათი” გასცა და ქმრის სახელზეც. მათთვის არც “დამატებითი ბარათი” შეუთავაზებია ვინმეს და არც პენსიის ბინაზე მიტანა, თავად კი ამ შესაძლებ-ლობის თაობაზე არაფერი იცოდნენ. 
სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები გამონაკლისები არ ყოფილა.

მალე პენსიების მიღება ბანკომატების საშუალებითაც გახდება შესაძლებელი

ჯერჯერობით, არც ფონდს და არც “სახალხო ბანკს” ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ორივე ირწმუნება, რომ თვითონაც და მეორე მხარეც პირნათლად ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და პენსიონერებიც კმაყოფილი ჰყავთ. მათ ერთად მოახერხეს საპენსიო დავალიანებათა ნორმალურად გაცემის პროცესის ორგანიზება. მოაწესრიგეს ის, რომ პენსიების გაცემა უკვე თვე-თვეში წარმოებს და ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც ფინანსური რესურსი არსებობდა და უბრალოდ, მომსახურე სტრუქტურის განუვითარებლობის გამო მაინც ხდებოდა დაგვიანებები. დღეს უკვე არც საპენსიო რესურსის პრობლემა არსებობს და არც გაცემისა და მომსახურების პრობლემა. დღესდღეობით თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს “სახალხო ბანკის” 130 ფილიალი, მაშინ როდესაც ორი წლის წინათ მათი რიცხვი 62-ს არ აღემატებოდა. საფილიალო ქსელი წელსაც გაიზრდება. ბანკმა დამატებით უკვე შეიძინა 100 ბანკომატი, რომელიც დამონტაჟდება დედაქალაქშიც და ქვეყნის ყველა რაიონშიც. გარდა ამისა, დასაბეჭდად ჩაშვებულია და პირველად საქართველოში იქნება “სოციალური ბარათი”. ამ ბარათის მასობრივად გაცემა უახლოეს 3-4 თვეში დაიწყება და პენსიონერებიც შეძლებენ “სოციალური ბარათებით” ბანკომატებიდან გაანაღდონ კუთვნილი თანხა, რასაც დღეს მოკლებულნი არიან. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები. მათგარკვეული პერიოდის განმავლობაში “სახალხო ბარათები” ჰქონდათ, თუმცა მერე შეუცვალეს ვიზა-ბარათებით, რომლებიც ბანკომატებში გამოყენებადია. ასე რომ, აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდეგ პენსიონერებს რიგებში დგომა აღარ მოუწევთ.

ისე, დღეს არსებული რიგების შესახებ ფონდშიც და ბანკშიც აცხადებენ, რომ რიგები არის მხოლოდ პირველ დღეებში და გამოწვეულია პენსიონერთა იმ ძველი გამოცდილებით, რომელიც პენსიის ფოსტაში მიღებას უკავშირდებოდა. მაშინ, როდესაც პენსიები ფოსტაში გაიცემოდა, პენსიონერს მისვლა უწევდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც იგი რიგში უნდა ჩამდგარიყო და თუ განსაზღვრულ ვადებში ვერ მიიღებდა კუთვნილ თანხას, არსებობდა უფულოდ დარჩენის დიდი საშიშროება, ვინაიდან ეს თანხა გაიცემოდა მხოლოდ მომდევნო თვის პენსიის გაცემისას. დღეს ეს საშიშროება აღარ არსებობს, აუცილებელი არაა პენსიონერი პირველ დღესვე მივიდეს თავისი პენსიის ასაღებად, თუკი არ სჭირდება. როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვისთვის ბანკში პენსიების ჩარიცხვა დამთავრებულია და უკვე ბანკიც იწყებს 20 რიცხვიდან პენსიების გაცემას. ხაზინის სპეციფიკიდან გამომდინარე, იანვარში გაცემა რამდენიმე დღით გვიან დაიწყო. ვიმეორებთ, ახლა პენსიონერს კუთვნილი თანხის მიღება შეუძლია ნებისმიერ დროს და “სახალხო ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ამასთან შეუძლია საპენსიო თანხა გამოიტანოს სრულად ან ნაწილობრივ, ანდა სულაც დააგროვოს თავის ანგარიშზე. ოღონდ მან უნდა გაითვალისწინოს “სახელმწიფო პენსიების შესახებ” კანონის მოთხოვნა. კერძოდ, თუ 6 თვის განმავლობაში პენსიონერის ანგარიშზე თანხის არანაირი მოძრაობა არ დაფიქსირდება, მას დროებით შეუჩერდება თანხის გაცემა და მხოლოდ მას შემდეგ განუახლდება, როდესაც მისი რეალური არსებობა გადამოწმდება ფონდის მიერ. ასე რომ, პენსიის დაგროვების მოსურნე პენსიონერებს ვურჩევდით, რომ 6 თვის განმავლობაში თავისი ანგარიშიდან სიმბოლური თანხა (თუნდაც 1 ლარი) მაინც გაიტანოს. 

მოგეხსენებათ, “სახელმწიფო პენსიების შესახებ” კანონი საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან, ახალი წლის წინა დღეებში მიიღო რიგგარეშე სხდომაზე. მასში განსაზღვრული ეს 6 თვე ჩაიდო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოთხოვნით. ასეთი მექანიზმი ფონდმა იმიტომ შეიმუშავა, რომ თავიდან იყოს აცილებული საპენსიო სახსრების არარაციონალური ხარჯვა და ე.წ. “მკვდარი სულების” არსებობა. 
რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს პენსიების გაცემის საბანკო მომსახურება? 
ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, 2005 წელს “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ მიზნით გამოყოფილიყო ასიგნებები 7.285 ათასი ლარის ოდენობით. წლევანდელ წელს რაც შეეხება, ალბათ, 8 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. რადგანაც პენსიების მოცულობა არის გაზრდილი, ბუნებრივია, მომსახურების მოცულობაც შესაბამისად გაზრდილი იქნება.

“სახალხო ბანკი” პენსიონერთა სრულად უზრუნველყოფას პლასტიკური ბარათებით 2006 წლის ბოლომდე აპირებს და რაკი ხელშეკრულების ვადაც სწორედ ამ წლის ბოლოს (31 დეკემბერს) იწურება, შემდეგ ტენდერში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ ფონდი მომავალი ტენდერისთვის მზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს, 2007 წლისთვის სატენდერო პროცედურები უკვე დამთავრებული და ტენდერში გამარჯვებული სტრუქტურაც შერჩეული იქნება.

დასასრულ, დაინტერესებულ პირებს ვაცნობებთ, რომ პენსიების გაცემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის “ცხელი ხაზი”: 69-65-93 და 69-65-94; 

“სახალხო ბანკის” “ცხელი ხაზი”: 55-55-00.

დალი ჩიკვაიძე