ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საბანკო-სადაზღვევო ჰოლდინგები საქართველოში
#11(71),2005
საქართველოში კომერციული ბანკისა და კერძო სადაზღვევო კომპანიის ერთიან საფინანსო ჯგუფად გაერთიანების სულ რამდენიმე პრეცედენტი არსებობს, მაშინ, როცა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიების ანალოგიური თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ზოგან ბანკები აფუძნებდნენ ან ყიდულობდნენ სადაზღვევო კომპანიებს, იმისათვის, რომ ფინანსური მომსახურების ჯგუფი შეექმნათ, ზოგან _ პირიქით. ეს არის მცდელობა, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მომხმარებლის ინტერესები საფინანსო მომსახურების თვალსაზრისით, მოხდეს გაყიდვების ოპტიმიზაცია, კლიენტებთან ურთიერთობის ოპტიმიზაცია, გაიზარდოს პროდუქტების ნაირსახეობა და ასე შემდეგ. ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ერთ ჯგუფად გაერთიანება, როგორც წესი, ორივე მხარისთვის სასარგებლოა. მაგალითად, ბანკის მიერ იპოთეკური კრედიტების გაცემა დაგირავებული უძრავი ქონების დაზღვევის აუცილებლობას წარმოშობს; ბანკს ესაჭიროება თავისი ქონებისა და ფინანსური რისკების დაზღვევა, თანამშრომლების სამედიცინო და საპენსიო დაზღვევა (ხშირ შემთხვევაში) და ა.შ.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი შენიშნავს, რომ ფინანსური მომსახურების ჯგუფების შექმნა მსოფლიოში ცნობილი პროცესია, რომელიც ყველგან მიმდინარეობს და რომელიც ჩვენთანაც დაიწყო. ამასთან, ჩვენთან დაიწყო ადგილობრივად, ანუ ადგილობრივი ბანკებისა და ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში, რაც კარგია; თუმცა საქართველოში სამეწარმეო გარემო უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, მაშინ ეს ინვესტიციები სადაზღვევო ინდუსტრიაში შეიძლება გაეკეთებინათ უცხოელებს, როგორც ეს მოხდა უნგრეთში და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში, როდესაც ჯერ დაფუძნდნენ ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები, განვითარდნენ და მერე ისინი მსხვილმა უცხოურმა სადაზღვევო კომპანიებმა შეისყიდეს.

ხეჩინაშვილის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესი მომხმარებლისათვის სასარგებლოა ყველა ვარიანტში, ვინაიდან ჩვენ ახლა სადაზღვევო საქმის განვითარების ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც მთელისაფინანსო სექტორი მომხმარებელზე უფრო და უფრო მეტად ორიენტირდება. ყველამ გაიარა ის პერიოდი, როდესაც კლიენტი მირბოდა საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ უკანასკნელთ ნაკლებად სჭირდებოდათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოეზიდათ და შეენარჩუნებინათ კლიენტი, როგორ გაეზარდათ თავიანთი ბიზნესი სწორედ მომსახურების დივერსიფიკაციის მეშვეობით. მიმდინარე პროცესი კი ასახავს საფინანსო მომსახურების მოწესრიგებას, დალაგებას და კლიენტზე ორიენტირებას. ახლა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება კომფორტული გარემო შეუქმნან კლიენტებს, რათა ისინი მოიზიდონ, მერე შეინარჩუნონ და თანაც თავიანთი ბიზნესი გაზარდონ იმით, რომ ახალი და ახალი მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს.

“დაზღვევის კომპანია ქართუს” მთავარი სპეციალისტი ზურაბ ჩაჩხიანი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სადაზღვევო კომპანიებისა და ბანკების შერწყმას გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. სადაზღვევო კომპანიებისა და ბანკების თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა იმით, რომ სადაზღვევო კომპანიებმა თავიანთი სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაცია დაიწყეს ბანკების მეშვეობით. საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიისათვის შედარებით უფრო მომგებიანია თანამშრომლობა ბანკთან, ვიდრე თანამშრომლობა სააგენტო ქსელთან, იმიტომ რომ სააგენტო ქსელს სჭირდება ოფისები, საკომისიო ანაზღაურება და სხვა ხარჯები. მოგეხსენებათ, ყველა აგენტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საკომისიო ანაზღაურება მიიღოს. საკომისიო ანაზღაურებას ბანკიც მიიღებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს სადაზღვევო კომპანიას აგენტის შემთხვევაში დაუჯდებოდა. მეორე მომენტი ისაა, რომ სააგენტოები, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობენ ზარალების დარეგულირებაში, რაც აძვირებს აგენტის მომსახურებას; ხოლო ბანკი მონაწილეობს მხოლოდ რეალიზაციის პროცესში და რისკის მართვა დამოკიდებულია მხოლოდ სადაზღვევო კომპანიაზე. ამდენად, ბანკთან თანამშრომლობით სადაზღვევო კომპანია ზრდის თავის შემოსავალს. თავის მხრივ, ეს თანამშრომლობა ბანკისთვისაც მომგებიანია, ვინაიდან რაკი ბანკი სადაზღვევო კომპანიას დაბალ საკომისიოს ართმევს და კლიენტურას უზრდის, სანაცვლოდ უყენებს მოთხოვნას, რომ სადაზღვევო კომპანიამ მიღებული პრემია სწორედ ამ ბანკში განათავსოს. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის რეზერვების ნაწილი ინვესტირდება პარტნიორ ბანკში დეპოზიტებისა და საბანკო ანგარიშის სახით. ჩაჩხიანის აზრით, თანდათანობით ბანკებმა ინიციატივა გადაიტანეს თავის მხარეს, რამაც გამოიწვია ერთობლივი საწარმოების შექმნა. ფაქტობრივად ბანკები გახდნენ სადაზღვევო კომპანიების დამფუძნებლები _ მთლიანი მფლობელები ან მეწილეები და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პროდუქტს შეიმუშავებს ბანკის ინტერესების გათვალისწინებით. 

სპეციალისტთა მტკიცებით, ბანკის მიერ სადაზღვევო კომპანიის აქციათა ნაწილის ან თუნდაც 100%-ის შესყიდვა არ გამოიწვევს ინტერესთა არანაირ კონფლიქტს, ვინაიდან ბანკი და სადაზღვევო კომპანია არის ორი დამოუკიდებელი კომპანია. თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი საფინანსო აღრიცხვა აქვს, თითოეული დამოუკიდებელ ზედამხედველობას ექვემდებარება და საქმის წარმოების პროცესი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ასეთი დაწყვილების ოთხი პრეცედენტია: “თიბისი ბანკი”+”საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი” (“ჯიპიაი”), ბანკი “რესპუბლიკა”+სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”, “საქართველოს ბანკი”+სადაზღვევო კომპანია “ბრიტანეთი-კავკასია” (“ბისიაი”), ბანკი “ქართუ” +”დაზღვევის კომპანია ქართუ”. ბოლო ჰოლდინგის გარკვეული სპეციფიკის გამო, მხოლოდ პირველ სამს მიმოვიხილავთ.

რა ფაქტორებმა განაპირობეს ფინანსური ჯგუფების შექმნის აუცილებლობა?

ბანკი “რესპუბლიკა” + სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”

ეს არის საქართველოში ყველაზე ახალი ფინანსური ჯგუფი, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაიმართა. ბანკ “რესპუბლიკას” და “ალდაგს” შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, “რესპუბლიკამ” “ალდაგში” განახორციელა ინვესტიცია და გახდა აქციათა 50%-ის მფლობელი, ხოლო სადაზღვევო კომპანია “სელბი”, რომელიც ბანკი “რესპუბლიკას” შვილობილი კომპანია იყო, შეისყიდა “ალდაგმა” აქციონერებისაგან წილის 100%-ის გამოსყიდვის გზით, რაც თანმდები გარიგება გახლდათ ბანკთან ახალ ურთიერთობასთან დაკავშირებით.

როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა “ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ, “ალდაგს” ჰქონდა სურვილი, რომ სტრატეგიულ პარტნიორად ჰყოლოდა ბანკი და მან ბანკი “რესპუბლიკა” აირჩია. საერთოდ, “ალდაგის” აქციების შეძენის სურვილსგამოთქვამდა თითქმის ყველა წამყვანი ბანკი საქართველოში. “ალდაგი” მოლაპარაკებას ყველა მათგანთან აწარმოებდა და არჩევანი შეაჩერა “რესპუბლიკაზე”, რადგან ის ხედვა და პრინციპები, რაც “ალდაგს” ჰქონდა, ყველაზე ახლოს და ყველაზე მისაღები გამოდგა “რესპუბლიკასათვის”, ხოლო “რესპუბლიკა” ბანკის ხედვა და პრინციპები _ “ალდაგისათვის”. აქციები გაასხვისეს “ალდაგის” ფიზიკურმა პირმა-აქციონერებმა (სხვათა შორის, მათ რიცხვში არ შედის პარლამენტის წევრი დავით გამყრელიძე).

მოგეხსენებათ, “ალდაგს” უცხოელი დამფუძნებლები არ ჰყავს, ის 100%-ით ქართული კომპანიაა. სააქციო საზოგადოება “ალდაგი” 1990 წელს ჩამოყალიბდა და არის პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია საქართველოში. მან პირველმა დაიწყო ჩვენში დაზღვევის პროდუქტების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. კომპანია წლების განმავლობაში უცვლელად პირველ ადგილზეა საქართველოში სადაზღვევო პრემიის მიხედვით. 2004 წლის განმავლობაში მოზიდული პრემიების მოცულობამ 10.412.720 ლარი შეადგინა. საერთოდ, ეს მაჩვენებელი მუდამ ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა და წელსაც ასეა. კომპანიამ შარშან თუ 10,4 მილიონი ლარი “აკრიფა”, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ 9 თვეში მოზიდულ იქნა 10,5 მილიონი ლარი სადაზღვევო პრემია. “ალდაგის” წილი სადაზღვევო ბაზარზე 2004 წელს თუ 23.24%-ს შეადგენდა, 2005 წლის პირველი 9 თვის შედეგებით 23.85% იყო. ბუნებრივია, “სელბის” შემოერთება ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის. “სელბის” წილად, ამა წლის 9 თვის შედეგებით, სადაზღვევო ბაზრის 4.73% მოდიოდა.

ბანკი “რესპუბლიკას” მიერ “ალდაგში” განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გაიზრდება როგორც ბანკის, ისე კომპანიის კლიენტურის ბაზა, შეიქმნება ერთობლივი საფინანსო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისათვის იქნება უფრო მისაღები, უფრო მოქნილი და უფრო იაფი. უფრო იაფი იმიტომ იქნება, რომ ორი რაღაცის ცალ-ცალკე შეძენა ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე ერთად, როდესაც ის კომბინირებულია.
საყურადღებო ფაქტია, რომ გასულ წელს საერთა-შორისო საფინანსო კორპორაცია IFჩ-მ და კანადის საერთაშორისო სააგენტომ ბანკი “რესპუბლიკაც” და სადაზღვევო კომპანია “ალდაგიც” შეარჩიეს პილოტურ კომპანიებად კორპორაციული მართვის პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმატებით დასრულდა.

რაც შეეხება ბანკ “რესპუბლიკას”, ის 1991 წელს დაარსდა და მისმა აქტივებმა 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი “რესპუბლიკა” აქტივებისა და კაპიტალის მიხედვით შედის 5 უმსხვილესი ბანკის რიცხვში. 2005 წელი “რესპუბლიკა” ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

“საქართველოს ბანკი” + სადაზღვევო კომპანია “ბრიტანეთი-კავკასია”

სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკი” დაარსდა ყოფილი სახელმწიფო ბანკის “ბინსოცბანკის” ბაზაზე 1994 წლის 21 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკმა” ჩვენი ქვეყნის წამყვანი კომერციული ბანკების ათეულში, ჟურნალ “ააფი”-ს ტრადიციული რეიტინგით მეორე ადგილი დაიკავა როგორც 2004 წელს, ისე 2003 წელს. მართალია, გასული წელი “საქართველოს ბანკმა” ზარალით დაამთავრა, მაგრამ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის შეცვლას დადებითი შედეგები მოჰყვა. მიმდინარე წლის 6 თვეში ბანკის წმინდა მოგებამ 5301 ათასი ლარი შეადგინა. მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა “საქართველოს ბანკის” “უპროცენტო განვადების” პროექტზე და იპოთეკურ სესხებზე “იპო+”.

2004 წლის დეკემბრის დასაწყისში “საქართველოს ბანკმა” სადაზღვევო კომპანია “ბრიტანეთი-კავკასიას” (“ბისიაი”) აქციათა 100% შეიძინა. დღეს საფინანსო ჯგუფი “საქართველოს ბანკი” არის ჰოლდინგის ტიპის გაერთიანება. სადაზღვევო კომპანიას ჰყავს თავისი სამეთვალყურეო საბჭო, ბანკს კიდევ _ თავისი, თუმცა, სადაზღვევო კომპანია არის “საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანია. სადაზღვევო ბაზარზე “ბისიაი” ს წელი 2004 წელს 13.6% იყო, ხოლო 2005 წლის 6 თვის მონაცემებით 14%-ს შეადგენს. იმავე პერიოდში კომპანიის წილმა ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით შეადგინა: ფინანსური რისკების დაზღვევაში _ 46.3%, სიცოცხლის დაზღვევაში _ 28.5%, გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში _ 26.7%, ტვირთების დაზღვევაში _ 25.4%, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაში _ 19.6%, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაში _ 18.7% და ასე შემდეგ.

“ბისიაი” 1998 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. ქართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის “ბისიაი”-ს მესამე ადგილი უკავია (“ალდაგისა” და “იმედი L”-ის შემდეგ) 2004 წლის შედეგებითაც და 2005 წლის 6 თვის შედეგებითაც.

ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “საქართველოს ბანკმა” კიდევ ერთი წარმატებული სადაზღვევო კომპანია “ევროპეისი” შეისყიდა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არც ბანკში ადასტურებენ და არც “ბისიაი”-ში.

“თიბისი ბანკი” + “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი” (“ჯიპიაი ჰოლდინგი”)

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი” 1992 წლის ბოლოს დაარსდა. წამყვანი ქართული კომერციული ბანკების ათეულში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრის მიხედვით ის სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს და ბუნებრივია, “ააფი”-ს რეიტინგითაც პირველი ადგილი უკავია. “თიბისი ბანკის” წმინდა მოგება 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 6702 ათასი ლარი იყო. ისიც მოგეხსენებათ, რომ ქართული კომერციული ბანკებიდან “თიბისი ბანკი” პირველია, რომლის რეიტინგიც განსაზღვრა ტრანსნაციონალურმა სარეიტინგო კომპანია “Fitch Ratingsს”-მა. ამასთან 2000-2001 წლებში ეს რეიტინგი “CCC”-ით განისაზღვრებოდა, ხოლო 2002 წლიდან უკვე “CCC+”-მდე ამაღლდა. უკანასკნელი მინიჭება მოხდა 2004 წლის 13 სექტემბერს. სამართლიანობისათვის, აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივე კომპანიამ შარშან მეორე ქართულ კომერციულ ბანკს “პროკრედიტბანკსაც” მიანიჭა რეიტინგი “CCC+”.

1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, რაც საქართველოში ახალი საპენსიო სისტემის შემოღებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. 2000 წელს რამდენიმე ცნობილი ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის “თიბისი ბანკი” და მისი სტრატეგიული უცხოელი პარტნიორი “TBIH Financial Services Group” (რომელიც ფლობს და მართავს საპენსიო და სადაზღვევო კომპანიებს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში) ატარებენ საქართველოში საპენსიო სისტემის ფართომასშტაბიან გამოკვლევას და იღებენ გადაწყვეტილებას პირველი არასახელმწიფო საპენსიო ფონდის დაარსების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შედეგად 2001 წლის 8 მაისს “ჯიპიაი ჰოლდინგი” (“საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი”) დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ზემოთ აღნიშნული ჰოლანდიური კომპანია “TBIH Financial Services Group” (რომელიც თავის მხრივ დაარსდა 1994 წელს. 

მისი ჯამური აქტივების მოცულობა აჭარბებს 370 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური სადაზღვევო პრემიის შემოსავალი აჭარბებს 127 მილიონ აშშ დოლარს), სს “თიბისი ბანკი” (მისი ჯამური აქტივები დღეს აჭარბებს 261 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 52 მილიონ ლარს აღემატება), შპს “სამგორი 94” (მსხვილი სამრეწველო-სავაჭრო კომპანიების ჯგუფი) და ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “ჯინი”.

“ჯიპიაი ჰოლდინგი” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შემოვიდა 2002 წლის დასაწყისიდან და პირველივე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში. გასულ წელს მას ათვისებული ჰქონდა სადაზღვევო ბაზრის 13.8%, მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით კი მისი წილი ბაზარზე 12.1% იყო.

ქართული საბანკო კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს

ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებებს დადებითად აფასებს საქართველოს ბანკების ასოციაციაც. მისი პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, ასოციაცია აპირებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს თხოვნით, რომ მოხდეს საბანკო ჰოლდინგების განსაზღვრა უკვე კანონმდებლობით, ვინაიდან ასეთი ფინანსური ჰოლდინგები დღეს საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის და ეს იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში ფინანსური ჰოლდინგები არის ყველაზე მსხვილი საფინანსო გაერთიანება, რომელშიც შედის როგორც ბანკი, ისე სადაზღვევო კომპანია, საბროკერო კომპანია, სალიზინგო კომპანია და ა.შ.

გვასალია შეგვახსენებს, რომ დღეს არის მოსაზრება, კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება და მოიხსნას ის შეზღუდვაც, რომლის მიხედვითაც საბანკო სექტორში ერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ შეიძლება ჰქონდეს 25%-იან წილზე უფრო მეტი. ზურაბ გვასალიას აზრით, ასეთი შეზღუდვა თავის დროზე გამართლებული იყო, ვინაიდან მაშინ 220 ბანკი არსებობდა და რაღაც ბერკეტით უნდა გაკონტროლებულიყო, საბანკო სექტორში რა ფული ხვდებოდა და რა ტიპის ხალხი შემოდიოდა საბანკო სექტორის მფლობელად. ახლა უკვე მხოლოდ 19 ბანკი ფუნქციონირებს, აქ გაკონტროლებაც ადვილია და ეს ზღვარიც უნდა მოიხსნას.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საბანკო კანონმდებლობაში ცვლილება 2006 წლისთვის აუცილებლად გაჩნდება. იმიტომ, რომ საბანკო ჰოლდინგები ფაქტობრივად არსებობენ, რაც უდავოდმისასალმებელია. საკანონმდებლო ბაზა ასეთი ჰოლდინგების შექმნისათვის სტიმულირება უნდა იყოს. იმის გამო, რომ დღეს საკანონმდებლო უზრუნველყოფა არ არის, საბანკო ჰოლდინგებს მუშაობა უწევთ სხვადასხვა კანონებში გაფანტული სქემებით.

გვასალიას ინფორმაციით, სულ მალე “საქართველოს ბანკის” აქცია მოხვდება საერთაშორისო ლისტინგში - ლონდონის ბირჟაზე გავა კოტირებაზე. საბანკო ჰოლდინგის კანონმდებლობით ჩამოყალიბების საშუალება რომ ყოფილიყო, მაშინ იქ მთლიანად ჰოლდინგის აქციები გავიდოდა და აქციებით ბევრად უფრო კოტირებადი იქნებოდა. არადა, ამჟამად გადის მხოლოდ “საქართველოს ბანკის” აქციები. ასეთი სერიოზული საფინანსო გაერთიანებები თავად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას წაადგება და თან შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოში დღეს არსებული მსხვილი ბანკებიდან მხოლოდ “პროკრედიტბანკსა” და “გაერთიანებულ ქართულ ბანკს” არ ჰყავთ “მეწყვილე” სადაზღვევო კომპანიები. სავარაუდოა, რომ შეიძლება ასეთი საბანკო-სადაზღვევო ჰოლდინგის ჩამოყალიბების სურვილი რომელიმე მათგანს ან ორივეს გაუჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რა გზას აირჩევენ ისინი - ახალ სადაზღვევო კომპანიებს დააფუძნებენ თუ რომელიმე არსებული სადაზღვევო კომპანიის შესყიდვას ამჯობინებენ.

დალი ჩიკვაიძე