ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
რა მომავალი აქვს საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს?
#9(69), 2005
დამოუკიდებელ საქართველოში სავალდებულო დაზღვევის სახეობის არსებობის ისტორია იწყება 1997 წლიდან, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო სამოქალაქო კოდექსი, კანონი “დაზღვევის შესახებ”, კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ”, რაც, თავის მხრივ, გახდა საფუძველი იმისა, რომ 1998 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი და დამტკიცებულიყო ამ ახალი სამსახურის დებულება. ფონდის საქმიანობის ძირითად საგნად განისაზღვრა დაუდგენელი, დაუზღვეველი ან გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პირობებისშესაბამისად, აგრეთვე სადაზღვევო შემთხვევათა შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.

1999 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი “სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” და ფონდის უკვე არსებულ მიზნებს დაემატა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება ამ სფეროშიც სადაზღვევო შემთხვევათა შემცირების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 ნოემბრის #566 ბრძანებულებით საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ. გარდა იმ ფუნქციებისა, რომლებსაც ფონდი ასრულებდა, დებულებაში ჩაიწერა, რომ ბიურო ახორციელებს ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა “მწვანე ბარათის” სისტემაში და ამ საქმიანობაში კოორდინატორისფუნქციას ასრულებს.

ფონდი არსებობდა და ბიურო არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ლიცენზიების მქონე სადაზღვევო კომპანიებიდან შემონატანებით. ესაა არასაბიუჯეტო, არამომგებიანი, არასამეწარმეო ორგანიზაცია.

სავალდებულო დაზღვევის ისედაც ვიწრო სფერო კიდევ უფრო შეიზღუდა

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონში ექვსჯერ შევიდა ცვლილებები და დამატებები. უკანასკნელი ცვლილება შევიდა 2004 წლის 26 ოქტომბერს და მას შემდეგ, 2007 წლის 1 იანვრამდე, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც განკუთვნილია სამგზავრო გადაყვანისათვის.

რაც შეეხება “ხანძარსაწინააღმდეგო სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონს, პარლამენტმა ის ახლახან, 2005 წლის 24 ივნისს გააუქმა.

ბუნებრივია, აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზული კორექტივები შეიტანა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაშიც და ფინანსურ შესაძლებლობებშიც.

2001 წლის თებერვლიდან მოყოლებული სავალდებულო დაზღვევის ფონდს დავით წერეთელი ხელმძღვანელობდა, ფონდის ბიუროდ ჩამოყალიბებასთან ერთად იგი საქართველოს პრეზიდენტმა ბიუროს თავმჯდომარედ დანიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს. წერეთლის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ამჟამად ბიუროში მხოლოდ 10% შემოდის იმ შემოსავლებისა, რაც მანამდე შემოდიოდა და ეს სამსახური ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ბიუროს თავმჯდომარე სავალდებულო ხანძარ-საწინააღმდეგო დაზღვევის გაუქმებასაც დადებითად აფასებს და “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მოქმედების არეალის შეზღუდვასაც, ვინაიდან მიაჩნია, რომ ორივე სფეროში ადგილი ჰქონდა სერიოზული კანონდარღვევის ფაქტებს.

წერეთელი შეგვახსენებს, რომ კანონი პოლიციის ორგანოებს ავალდებულებს არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არ აქვს შესაბამისი დაზღვევა; ხოლო კანონის მოქმედების არეალის შეზღუდვამდე ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სფეროში ერთ-ორ სადაზღვევო კომპანიას ჰქონდა მონოპოლია. ტექნიკურ დათვალიერებაში გამეფებულმა კორუფციამ სავალდებულო დაზღვევისეს სახეობაც ჩაითრია და აქ რიგ შემთხვევებში ძალიან სერიოზული მოცულობის თანხები იმალებოდა, აღრიცხვის მიღმა რჩებოდა. გარდა ამისა, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონი “ბიზნესის” წყაროდ გაიხადა ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ადვოკატმა, რომელიც სხვადასხვა საშუალებით მოიპოვებდა ინფორმაციას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, უკავშირდებოდა დაზარალებულ მოქალაქეებს და შესაბამისი გასამრჯელოს მიღების მიზნით აფორმებდა რწმუნებულებებს, რაც, საერთოდ, გამონაკლისების გარდა, საფუძველსაა მოკლებული.

წერეთელი აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით ბიუროს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა ურთიერთობები სახელმწიფო ორგანოებთან და სტრუქტურებთან. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, საგამოძიებო დეპარტამენტის და პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურები განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდებიან ბიუროს თითოეულ მიმართვას, თხოვნას და საჩივარს, რამაც ბიუროს საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა სხვადასხვა მაქინაციებით მოპოვებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე თანხების გაცემა. ამ თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ მიმდინარე ეტაპზე ბიუროში პრაქტიკულად აღარ შედის და მინიმუმამდე დავიდა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან საეჭვო, სადავო და ყალბი დოკუმენტაციების გაცემა.

“სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის შესახებ წერეთელი აცხადებს, რომ თავის დროზე ეს კანონი პროტექციონისტულად იყო მიღებული; რომ მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სახით სავალდებულო დაზღვევის კანონის მიღება არამართებული იყო; რომ გასულ წლებში უყურადღებოდ დარჩა დაზღვევის ექსპერტთა და სპეციალისტთა მოსაზრებები და წინადადებები იმის თაობაზე, რომ დაზღვევის ეს სახეობა გაფართოებულიყო, შეეცვალა შინაარსი და რეალურად შეესრულებინა ქვეყანაში, სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობის სოციალური დაცვის სავალდებულო გარანტიები.

“სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში ეწერა: “ნებაყოფლობითი და ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა შეიძლება გაფორმდეს ერთიან სადაზღვევო პოლისში, რომლის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ სავალდებულო და ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციას”. კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობით ხშირად სარგებლობდნენ სადაზღვევო კომპანიები და ხანძარსაწინააღმდეგო სავალდებულო დაზღვევის სახეობის მოზიდული პრემიები ქონების ხანძარსაწინააღმდეგო ნებაყოფლობით დაზღვევაში გადაედინებოდა. ამის გამო ხელოვნურად მცირდებოდა სავალდებულო დაზღვევის ხვედრითი წილი და მისი თანმხლები შენატანები და გადასახადები. ამმიზეზების გამო, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს თავმჯდომარე სავსებით მართებულად მიიჩნევს “სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის გაუქმებას.

რას წარმოადგენს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა - “მწვანე ბარათის” სისტემა

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ” კანონის უკანასკნელი რედაქციის თანახმად, ბიურო ახორციელებს საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – “მწვანე ბარათის” ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს და ასრულებს კოორდინატორის ფუნქციას ამ სახეობაში. რას წარმოადგენს ეს სისტემა, რომელიც ზემოთ ერთხელ უკვე ვახსენეთ?

“მწვანე ბარათი” წამოადგენს ავტომოტოტრან-სპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისს, რომლის გარეშეც სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ შეუძლია გადაკვეთოს ამ სისტემაში მოაწილე წევრი ქვეყნების საზღვრები.

თავად “მწვანე ბარათის” სისტემა 1949 წელს დაარსდა, 10 წლის შემდეგ, 1959 წელს კი მიიღეს ევროპის საბჭოს კონვენცია “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ”. კონვენციის მთავარი მიზანია – ყველა ქვეყანამ ეფექტურად იზრუნოს თავის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და ყოველი სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ან ქონებრივი ზარალის მიმართ, ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით სატრანსპორტო საშუალების მართვა ხასიათდება როგორც განსაკუთრებული რისკის ფაქტორი. 
დაზღვევის ამ სახეობის სავალდებულოობა ყველა ქვეყანაში სოციალური დაცვის ერთ-ერთ გარანტად არის მიჩნეული.

საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა – “მწვანე ბარათის” სისტემაში ევროპის 45 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია. ანალოგიური სისტემები მოქმედებს აფრიკის კონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთში, მათ ჰქვიათ “ვარდისფერი” და “ყავისფერი ბარათის” სისტემები.

სისტემის მმართველი ორგანოა საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა “მწვანე ბარათის” ბიუროთა საბჭო, რომელიც ლონდონში მდებარეობს. საბჭოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან ეროვნული ბიუროები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე წარმოადგენენ ამ ქვეყნებისკანონმდებლობით განსაზღვრულ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციებს. ეს ბიუროები ვალდებულნი არიან შეასრულონ საერთაშორისო ბიუროს წესდება და რეკომენდაციები.

რას ნიშნავს საქართველოს გაწევრიანება “მწვანე ბარათის” სისტემაში

“მწვანე ბარათის” სისტემაში გაწევრიანებას საქართველოც ესწრაფვის და ბოლო ოთხი წელია, შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს. სპეციალური მუხლები შევიდა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში, რის შემდეგაც ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო ბიუროთა საბჭოს “მწვანე ბარათის” სისტემაში გაწევრიანების სურვილის შესახებ. საქართველოს ამ სურვილს მიესალმა საერთაშორისო ბიუროთა საბჭოს გენერალური მდივანი, რომელმაც გაწევრიანებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოაგზავნა გასული წლის გაზაფხულზე. ბიუროთა საბჭო დაინტერესდა ავტომოტოდაზღვევის სახეობაში საქართველოში მოქმედი ბაზრით, მზღვეველი ორგანიზაციების ფინანსური შესაძლებლობებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით, სადაზღვევო კომპანიების მიერ  მოზიდული პრემიებით, გაცემული ზარალებით და სხვა საკითხებით. ჩვენი ქვეყნის მიერ საჭირო პროცედურების შესრულების შემდეგ, 2004 წლის 26 მაისს საერთაშორისო სისტემის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაკეთდა შესაბამისი განაცხადი და საერთაშორისო ბიუროთა საბჭოსთან არსებულ მთავარ სამუშაო ჯგუფს დაევალა მონიტორინგის დაწესება საქართველოს “მწვანე ბარათის” სისტემაში გარდამავალ წევრად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცედურებზე. ამ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასკვნა სისტემის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს გენერალურ ასამბლეას.

სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდან გადაგზავნილი მასალები და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. ჯგუფი მიიჩნევს, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონს სჭირდება სრულყოფა ევროპულ კანონმდებლობასთან მიმართებაში და უახლოეს ხანებში გადასაწყვეტია გადაზღვევის საკითხები, რომლის კოორდინაციაც ევალება საქართველოს ბიუროს.

გარდამავალი წევრობის პერიოდი არანაკლებ ოთხწლიანია და ამ დროის განმავლობაში ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულება. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების, კონსულტაციებისა და შეთანხმებებისშემდგომ ბიურო ხელშეკრულებას აფორმებს საერთაშორისო ბიუროთა საბჭოს მიერ რეკომენდირებულ გადამზღვევ ორგანიზაციებთან, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ფინანსური ვალდებულებებისა და რისკების გადანაწილება. ბიურო ამ საქმიანობაში ახორციელებს კოორდინატორის ფუნქციას გადამზღვევ ორგანიზაციებსა და საქართველოს მზღვეველ ორგანიზაციებს შორის.

საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანების შემდეგ მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება სხვა ქვეყნების მზღვეველების მიერ გაცემული “მწვანე ბარათის” საფუძველზე შემოსული განცხადებებისა და პრეტენზიების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დარეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიურო საქართველოში რეგისტრირებული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელისათვის მზღვეველი ორგანიზაციის მიერ გაცემული “მწვანე ბარათის” წარდგენის საფუძველზე აანაზღაურებს სისტემის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სადაზღვევო შემთხვევის დროს მიყენებულ ზიანს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მზღვეველი ორგანიზაცია ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ამ თანხის გადახდას.

ბიურო განახორციელებს კოორდინაციას არარეზიდენტი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში და რეზიდენტი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში დაზარალებულებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის საქმეში.

საქართველოს მზღვეველი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ლიცენზია, ხელშეკრულების საფუძველზე ნებაყოფლობით წევრიანდებიან ბიუროში საერთაშორისო ავტომოტოდაზღვევა “მწვანე ბარათის” სისტემაში მონაწილეობის მიზნით.

საქართველოს ბიურომ უნდა შექმნას ფინანსური გარანტიები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მზღვეველმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მზღვეველების შემონატანების საფუძველზე მოხდება სადეპოზიტო თანხის აკუმულირება ევროპის ერთ-ერთ პირველი კატეგორიის ბანკში. სადეპოზიტო თანხის სიდიდე და გამოყენების წესი განისაზღვრება საერთაშორისო ბიუროთა საბჭოს დირექტივებით.

“მწვანე ბარათის” სისტემაში გაწევრიანების შემდეგ ქვეყანაში უნდა შეიქმნას “მწვანე ბარათების” აღრიცხვიანობის კონტროლის ერთიანი სისტემა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს საქართველოს ბიურო. შეიქმნება “მწვანე ბარათის” სარეზერვო-საგარანტიო ფონდი, რომელიც შეივსება ბიუროშიხელშეკრულების საფუძველზე გაწევრიანებული მზღვეველი ორგანიზაციების მიერ რეალიზებული პოლისების შედეგად მოზიდული პრემიების მიხედვით. თავად “მწვანე ბარათის” პოლისის ფორმატი, ფერი და ძირითადი შინაარსი დამტკიცებულია ბიუროთა საბჭოს წესდების შესაბამისად. 
მის გამოშვებაზე, გამოყენების წესსა და მონიტორინგზე პასუხისმგებელია საქართველოს ბიურო. პოლისები მკაცრი აღრიცხვით გადაეცემათ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ რეალიზაციას და შემდგომი საქმიანობის წარმართვას.

ამავე დროს, განისაზღვრება სადაზღვევო ტარიფები; მათი განსაზღვრა მოხდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ტარიფების განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების თანხასთან. 

ამჟამად საქართველოში ზიანის ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი ერთ დაზარალებულზე შეადგენს 3750 ლარს, ბელორუსიაში – 5000 ევროს, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ლიმიტირებული არ არის. აქედან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში დაზარალებულ პირს ზიანი აუნაზღაურდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

დღეს საქართველოს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელები და საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, სატრანზიტოც) იძულებულნი არიან შეიძინონ “მწვანე ბარათი” სხვა ქვეყნებში ან საქართველოში არსებული ბროკერებისა და აგენტების მეშვეობით. ამიტომ საქართველოს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ გადახდილი თანხები ძირითადად უცხოურ კომპანიებში მიემართება.

ამ სისტემაში საქართველოს გაწევრიანება შეამცირებს თანხების გადინებას უცხოურ საფინანსო ორგანი-ზაციებში და შესაბამისად, მათი დაბანდება მოხდება საქართველოს საბანკო და სადაზღვევო სისტემაში.

ბიუროთა საბჭოს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოვიდეს სამუშაო ვიზიტით მდგომარეობის ადგილზე გაცნობის, სახელისუფლებო კერძო სადაზღვევო სტრუქტურებთან შეხვედრების, კონსულტაციების გამართვის და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

დავით წერეთლის ინფორმაციით, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე აქტიურად მუშაობს სავალდებულო დაზღვევის ბიურო. ბიუროსთან ერთად კანონის სრულყოფის პროცესში მონაწილეობენ სადაზღვევო კომპანიები, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიუროს შემოსავლები ძალიან შემცირდა მას შემდეგ, რაც ავტომოტო-ტრანსპორტის მფლობელთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის დარჩა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო სავალდებულო დაზღვევა საერთოდ გაუქმდა. ამან თავად სავალდებულო დაზღვევის ბიუროს თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირებაც გამოიწვია. ბიურო თბილისში ფუნქციონირებს და დღეს მას საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობების გახსნის საშუალება არ გააჩნია. 

ისიც ფაქტია, რომ ადრე ბიუროს 26 საშტატო ერთეული ჰქონდა, მაგრამ ის სრულად არასდროს დაკომპლექტებულა და თანამშრომელთა ფაქტობრივი რაოდენობა 18-22 იყო. 2004 წლის ბოლოდან აქ მხოლოდ 10 კაცი მუშაობს და საშუალო ხელფასი 210 ლარია, ანუ იგივე დარჩა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებამდე იყო. დავით წერეთელი აცხადებს, რომ ეს შემცირება დროებითია. ზოგიერთმა უკვე სადაზღვევო კომპანიებში დაიწყო მუშაობა, ვინაიდან მათზე როგორც პროფესიონალებზე მოთხოვნა არსებობს. წერეთლის მტკიცებით თანამშრომელთა დარჩენილი რიცხოვნობა სავსებით საკმარისია იმ ფუნქციების შესასრულებლად, რაც სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ამ ეტაპზე ევალება.

დალი ჩიკვაიძე