ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
რამდენად საჭიროა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?
#7(67), 2005
რას გულისხმობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

დღესდღეისობით ჩვენს ქვეყანაში დაზღვევის 16 სახეობა არსებობს და ფაქტობრივად, საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია თექვსმეტივე სახის დაზღვევაში არის ლიცენზირებული. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი ეწევა ყველა იმ ლიცენზიის შესაბამის საქმიანობას, რომელ ლიცენზიასაც ფლობს. გარდა ამისა, დაზღვევისზოგიერთ სახეობას ერთობ მოკრძალებული სეგმენტი უკავია როგორც თითოეული სადაზღვევო კომპანიის საქმიანობაში, ისე საერთოდ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე. სწორედ ამგვარი გახლავთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომლის ხვედრითმა წილმა ბაზარზე 2004 წელს მხოლოდ 0.9% შეადგინა. უფრო მეტიც, ასეთი სახის დაზღვევის თაობაზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი სმენია რამე.

რას წარმოადგენს პროფესიული პასუხისმგემლობისდაზღვევა და რატომ არ არის ის ჩვენში ფართოდ გავრცელებული? რომელი პროფესიების პასუხის-მგებლობებს აზღვევენ ქართული კომპანიები და არსებობს თუ არა პროფესია, რომლის დაზღვევაზეც ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ? ამ და კიდევ სხვა კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით ვეწვიეთ შვიდ სადაზღვევო კომპანიას: “ალდაგს”, “იმედი-L”, “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგს”, “ბრიტანეთი-კავკასიას”, “ევროპეისს”, “სელბის” და “ირაოს”.

როგორც თავად ტერმინი მიუთითებს, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის მიერ იმ რისკის დაზღვევას, რომ მეორე პირმა (კომპანიამ თუ ამ კომპანიაში მომუშავე ფიზიკურმა პირმა, ან დამოუკიდებელმა სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა) თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება ზარალი მიაყენოს მესამე პირს. ანუ, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის მფლობელი გარანტირებულია, რომ თუკი მისი საქმიანობის შედეგად ვინმე მატერიალურად ან ფინანსურად იზარალებს, ამ ზარალს აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. 
განვითარებულ ქვეყნებში ეს სადაზღვევო პროდუქტი ძალიან ფართოდ არის გავრცელებული და დიდი ხანია არსებობს, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე კი ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა და ფეხის მყარად მოკიდება უჭირს.

პოსტსაბჭოურ სივრცეში დაზღვევის კულტურა ძნელად ინერგება

“იმედი-L”-ის მარკეტინგის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ტუღუში შენიშნავს, რომ საერთოდ, დაზღვევის კულტურა პოსტსაბჭოურ სივრცეში ძნელად ინერგება, ვინაიდან საბჭოურ ცხოვრებაში ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობდა, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველაფრის მესაკუთრე სახელმწიფო იყო და ყველა პასუხისმგებლობას (მათ შორის, სოციალური ტიპისა) ის იღებდა თავის თავზე. ამ სიტუაციას ახლაც ყოველდღე ვაწყდებით. ტუღუშის აზრით, მაგალითად, როდესაც ადამიანს ბინაში ხანძარი გაუჩნდება და მერიაში გარბის: არიქა, დამეხმარეთო, - ეს ნონსენსია, იმიტომ, რომ ადამიანი არის მესაკუთრე თავისი ქონების და თვითონ უნდა იზრუნოს მის დაცვაზე, ანუ დააზღვიოს თავისი ქონება! როცა კერძო მესაკუთრეობაა, ადამიანი თვითონ უნდა ზრუნავდეს თავის ფინანსურ სტაბილურობაზე და ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის რისკების დაზღვევა.

დაზღვევა ერთბაშად არსად არ განვითარებულა. მაგრამ იქ, სადაც განვითარდა, სახელმწიფომ შეუწყო ხელი, რომ მომხდარიყო დაზღვევის პოპულარიზაცია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი იყო ის, რომ სახელმწიფოს შემოჰქონდა რაიმე ტიპის სავალდებულო დაზღვევა. ტუღუშის თქმით, იმ სავალდებულო ტიპის დაზღვევებმა ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიისგანვითარების ლოკომოტივის როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოში (სადაც შემოღებული იქნა ორი ტიპის სავალდებულო დაზღვევა: 
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და ხანძარსაწინააღმდეგო დაზღევა) ამან ვერ გაამართლა. კი, უფრო და უფრო მეტი ხალხი ეზღვევა, უფრო მეტი გებულობს დაზღვევის შინაარსს, მაგრამ სავალდებულო ტიპის დაზღვევის შემოღებამ საქართველოში ის როლი ვერ შეასრულა, რაც უნდა გაეკეთებინა. ეს იმიტომ, რომ ამ კანონების შემოტანა მოხდა დამახინჯებული ფორმით და ისინი კონკრეტული კომპანიებისათვის იყო “გათვლილი” (წინამდებარე წერილი უკვე მზად იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა გააუქმა 1999 წლის 3 თებერვლის კანონი “სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” _ რედ. შენიშვნა)
ამ საკითხს უფრო აკონკრეტებს “ირაოს” ანდერაიტინგის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი. იგი აცხადებს, რომ თავის დროზე, მაგალითად, თვითონ ის პროცესი იყო არასწორი, რაც ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით ხდებოდა. რეალურად, ხალხმა არც იცოდა, რას აზღვევდა. კლიენტებს ეგონათ, რომ აზღვევდნენ თავიანთ მანქანებს. სინამდვილეში კი საუბარი იყო მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. დაზღვევის ეს სახეობა დღეს რაღაც განსაზღვრული კატეგორიების მანქანებისათვის მუშაობს. ვახტანგიშვილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი აღდგეს, ოღონდ პოლისების რეალიზაცია მოხდეს უფრო ცივილური გზებით, ანუ კონკრეტულად კლიენტებთან ურთიერთობით და არა ისე, როგორც კეთდებოდა 3-4 წლის წინათ, როცა ერთ-ორ კომპანიას ბაზარი ძალადობით ჰქონდა ხელში ჩაგდებული და ამ სახის დაზღვევით ხალხი ძალიან უკმაყოფილო იყო.

ვინ და სად აზღვევს თავის პროფესიულ პასუხისმგებლობას

ისევ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თემას დავუბრუნდეთ. ქართული სადაზღვევო კომპანიების პორტფელი დაზღვევის ამ სახეობაში არის ძალიან პატარა. სადაზღვევო კომპანია “სელბის” გადაზღვევის დირექტორი ეკატერინე პაიჭაძე მიზეზად იმას ასახელებს, რომ ჩვენში ბევრმა საერთოდ არც იცის ამ სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობა და ბევრმაც, ვინც იცის, ალბათ საკმარისი ბიუჯეტი არ გააჩნია ამ სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის განსახორ-ციელებლად. მისივე აზრით, იგივე სადაზღვევო კომპანიებმაც უფრო აქტიურად უნდა განახორციელონ “ფიარი” ამ სახის დაზღვევაზე.

განვითარებულ ქვეყანაში (მაგალითად, შეერთებულ შტატებში) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა არის ერთ-ერთი ძალიან ფართოდ გავრცელებული დაზღვევა. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა პროფესიის ადამიანების წინაშე, საკმაოდ მაღალია და საბოლოო ჯამში, ფინანსურად დიდ რიცხვებში გამოიხატება. 
უფრო მეტიც, იგივე აშშ-ში, ვთქვათ მეან-გინეკოლოგის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ ორ-სამჯერ დადგა, ის უკვე საერთოდ ტოვებს ამ პროფესიას. იქ პაციენტი თავის ჯანმრთელობას არც ანდობს ექიმს, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობა დაზღვეული არა აქვს. ჩვენთან კი ამის მოთხოვნილება არც მოსახლეობის მხრიდან არსებობს და ხშირ შემთხვევაში, ექიმის შემოსავალიც სიმბოლურია.

და მაინც, ჩვენში რომელი პროფესიების წარმომადგენლები აზღვევენ თავიანთ პროფესიულ პასუხისმგებლობას? სანამ ამ პროფესიათა ჩამოთვლას შევუდგებოდეთ, შევნიშნავთ, რომ ზემოთ დასახელებული 7 სადაზღვევო კომპანიიდან არც ერთი არ აწარმოებს ფიზიკური პირის (ვთქვათ, დამოუკიდებელი აუდიტორის) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.
“ბრიტანეთი-კავკასიის” ფინანსური რისკებისა და პასუხისმგებლობის უფროსი მენეჯერის ირაკლი ტიკარაძის ინფორმაციით, პროფესიული პასუხისმგებ-ლობის სფეროში ამ კომპანიის გამოცდილება სათავეს 1999 წლიდან იღებს. 
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტრანზიტული ქვეყანაა და ძირითადი აქცენტი გადატანილია სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებაზე, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თვალსაზრისით “ბრიტანეთი-კავკასიას” სერიოზული ამბიციები გააჩნია, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე საკუთარ თავს ლიდერად მიიჩნევს და აზღვევს გადამზიდველებისა და ექსპედიტორების, პორტებისა და საბაჟო ტერმინალების პროფესიულ პასუხისმგებლობებს. ეს საკმაოდ ძვირადღირებული დაზღვევაა და სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული, 15 000-დან 30 000 დოლარამდე უჯდება. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებლობითაა ნაკარნახები. უბრალოდ, კომპანიას არ ექნება სერიოზული სამუშაო, ეს დაზღვევა რომ არ ჰქონდეს. “ბრიტანეთი-კავკასიას” გაკეთებული აქვს აგრეთვე პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევები იურიდიული და ფინანსური კონსულტაციის ფირმებისათვის, თუმცა ეს პროდუქტი სტაბილურად არაა ჩამოყალიბებული. კომპანიას ფაქტიურად დამუშავებული აქვს ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და ბაზარზე მის მასობრივად შეტანას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს.

“ირაო” აზღვევს მხოლოდ საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის პროფესიულ პასუხისმგებლობას. სხვათაშორის, “ირაოში” მიიჩნევენ, რომ საერთოდ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევისას სადაზღვევო კომპანიები სერიოზულ რისკზე მიდიან, ვინაიდან ძალიან ძნელია მთელი სადაზღვევო ბაზრიდან შემოსული პრემიიდან ერთი სადაზღვევო შემთხვევის რეზერვიც კი შეიქმნას. ამიტომ თუ კომპლექსურიდაზღვევის პროდუქტი არ არის, “ირაო” თავის კლიენტებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას იშვიათად სთავაზობს. ვახტანგიშვილის აზრით, ბევრი სხვა პროდუქტია, რომელიც მოსახლეობას უფრო სჭირდება ამჟამად და ასეთებია, მაგალითად, ქონების დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, მგზავრთა და უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა... ანუ, რეალურად კომპანიას აქცენტი უკვე აღებული აქვს არასავალდებულო სახეობებზე.

“ევროპეისის” კომპლექსური დაზღვევის მენეჯერი სოფიო ბერაია ამ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობას აფასებს, როგორც წარმატებულს საბაჟო ბროკერების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაში და როგორც ნაკლებად წარმატებულს _ დაცვის სამსახურებისა და მშენებლების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაში. მისივე ინფორმაციით, კომპანიას ყველა პირობა აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა განახორციელოს ადვოკატთა და ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, ოღონდ ელოდებიან ადვოკატთა და ნოტარიუსთა კანონის ამოქმედებას, რომლის ძალაში შესვლაც 2006 წლამდე არის გადადებული. 
თურმე როდესაც საპარლამენტო კომიტეტები აღნიშნულ კანონზე მუშაობდნენ, მათ “ევროპეისის” მიერ მიწოდებული შენიშვნები და წინადადებებიც გაითვალისწინეს. სამომავლოდ კომპანია აპირებს, რომ ექიმთა კოლექტივების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაც განახორციელოს. 

“იმედი-L”-ის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთადერთი კოლექტივის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით შემოიფარგლება და ეს გახლავთ სამედიცინო სამენეჯერო კომპანია “მედი კლაბ ჯორჯია”, რომელიც ალექსანდრე ტუღუშის ინფორმაციით, ემსახურება საქართველოში მომუშავე უცხოელებს. დაზღვევა სწორედ უცხოელთა კატეგორიული მოთხოვნის გამო განხორციელებულა. პროფესორი ტუღუში აცხადებს, რომ საქართველოში ასევე ნამდვილად არსებობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტური კომპანიები თუ ნოტარიუსები და იგი ზოგიერთ მათთგანთან სიამოვნებით ითანამშრომლებდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის კუთხით, მაგრმ ისინი რეალურად არ დამდგარან ასეთი პასუხისმგებლობის წინაშე. 

ამჟამად “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგს” პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში კლიენტები ჰყავს სამედიცინო დაწესებულებებისა და იურიდიული საკონსულტაციო ფირმების სახით. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჰოლდინგი აუცილებლად უარს იტყვის სხვების (მაგალითად, არქიტექტორების) დაზღვევაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ესა თუ ის პირი ავსებს სპეციალურ ე.წ განაცხადს, სადაც მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, მისი თანამშრომლების გამოცდილების თაობაზე, გარდა ამისა, თუ რა რისკის დაზღვევა სურთ მათ, რა თანხის ფარგლებში და ასეშემდეგ. განაცხადის შევსების შემდეგ ჰოლდინგი აფასებს კოლექტიური კლიენტის რისკიანობის ხარისხს და შესაბამისად, დაზღვევაზე ის აჰყავს ან არ აჰყავს.

“სელბს” ეს სადაზღვევო პროდუქტი მეორე წელია რაც აქვს. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაში მისი პრიორიტეტი ძალიან მცირეა და ძირითადად ეს არის ექიმების სრული პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხისადმი ისეთივე პოზიცია, როგორიც აქვს “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგს”.

“ალდაგი” უკვე რამდენიმე წელია პრაქტიკულად ახორციელებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას და ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნილება გაჩნდა. ძირითადად ეს არის ექიმების, იურისტების, ადვოკატების, აუდიტორებისა და ბუღალტრების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. მათი მხრიდან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნილება გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებიდან, რომლებსაც ფირმები თავიათ კლიენტებთან დებენ. იმისათვის, რომ “ალდაგმა” ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობა დააზღვიოს, იგი ითხოვს, რომ ამ ფირმის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ან სამოქალაქო კოდექსით, ან გარკვეული ხელშეკრულებით, რომელსაც ფირმა დებს თავის კლიენტებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის დროს გაურკვეველი იქნება, როგორ უნდა მოხდეს თანხების გადახდა და რაზე უნდა მოხდეს მისი პასუხისმგებლობა.

ისე, ზემოთ აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიებს თავიანთი კლიენტების პროფესიულ პასუხისმგებ-ლობასთან დაკავშირებით არც სარჩელის და შესაბამისად არც ანაზღაურების შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ.

ბუნებრივია, ყოველი სადაზღვევო კომპანია უდიდესი სიფრთხილით ეკიდება თითოეული კლიენტის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, მაგრამ როგორც წესი, აპრიორულად არ ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზღვევს ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელთა პროფესიულ პასუხისმგებლობას. თუმცა, გამონაკლისები აქაც აღმოჩნდა. მაგალითად, “იმედი-L”-სა და “ალდაგში” პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. ისე, საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის მოთხოვნილება მათგან საერთოდ არც დაფიქსირებულა არც ერთ სადაზღვევო კომპანიაში. საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი პაატა ლომაძე აცხადებს, რომ ამ კომპანიას, ვთქვათ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული პასუხისმგებლობის პრაქტიკა არ გააჩნია, მაგრამ აღნიშნული კუთხით მუშაობა და ჰოლდინგის გადამზღვევებთან შეთანხმების მიღწევა გამორიცხული არაა. იგივეს აცხადებს “სელბიშიც” ამ სადაზღვევო კომპანიის გადაზღვევის დირექტორი.

ძირითადი პრობლემა, რასაც ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, გახლავთ ქართული საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება. მათი აზრით, პროფესიულ პასუხისმგებლობას კანონი უნდა განსაზღვრავდეს. შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო ბაზის არსებობა თავისთავად მოახდენს პროფესიული დაზღვევის ინიცირებას და მოთხოვნას. შედეგად კი დაცული და მოგებული საქართველოს მთელი მოსახლეობა იქნება.

დალი ჩიკვაიძე