ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
რა შეიცვალა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
#4(64), 2005
ოფიციალური მონაცემები

2003 წლის მარტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა თავისსაინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენში (“დაზღვევა News”, #90) გამოაქვეყნა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2004 წლის ოფიციალური მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები ქვეყნდება ყოველწლიურად, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს მიმოვიხილოთ სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები.

ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით
     

ისევე როგორც შარშანწინ, შარშანდელი წელიც საქართველოში სადაზღვევო საქმიანობისათვის წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ზრდის ტენდენციები ცოტა შენელდა. ასეთი შეფასების საფუძველს გამოქვეყნებული მონაცემები იძლევა, კერძოდ:

თუ 2003 წელს საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია 38388,4 ათასი ლარი იყო, ამ მაჩვენებელმა 2004 წელს უკვე 45459,2 ათასი ლარი ანუ 18,4%-ით მეტი შეადგინა.

2003 წელს სადაზღვევო კომპანიებმა რისკების გადაზღვევაზე მიმართეს 19673,4 ათასი ლარი, რაც მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 51,2% იყო, 2004 წელს მათ გადაზღვევაზე მიმართეს ოდნავ ნაკლები _ 19581,0 ათასი ლარი, რაც მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 43,1%-ს შეადგენს. ეს უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად ცდილობენ შეაფასონ თავიანთი საკუთარი სადაზღვევო რისკები, ვიდრე უწინ და ახდენენ მათ შერჩევით გადაზღვევას.

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის მესამე უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს _ ზარალიანობას ანუ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული პირებისათვის ანაზღაურებულ ზარალს, 2004 წელს მან 12125,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (12600,6 ათასი ლარი) ოდნავ ჩამორჩება. ანაზღაურებული ზარალიდან 8587,7 ათასი ლარი ანუ 70,8% დაფარული იქნა თავად ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ, ხოლო დანარჩენი _ გადამზღვევლების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წელს ქართულისადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი 7912,5 ათასი ლარი იყო, რაც პროცენტულად მთლიან ანაზღაურებულ ზარალში 62,8%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიების მცდელობამ ეკონომია გაეკეთებინათ გადაზღვევის ხარჯებზე, ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ მათ უფრო ხშირად უწევთ ზარალის ანაზღაურება საკუთარი სახსრებიდან.

საქართველოში სადაზღვევო ბაზრის წინსვლაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბაზრის საერთო მოცულობაში კვლავინდებურად კლებულობს სავალდებულო დაზღვევის სახეობების წილი და მატულობს ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობების წილი. ეს ტენდენცია გამოიკვეთა 2003 წელს და გაგრძელდა 2004 წელში. 2004 წელს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო და ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევათა ჯამური წილი სადაზღვევო ბაზრის საერთო მოცულობაში შეადგენს მხოლოდ 11,7%-ს (8,1% და 3,6% შესაბამისად), მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი 2003 წელში 13,6%-ს (7,8% და 5,8%) შეადგენდა. ნაწილობრივ ამ ტენდენციაზე ზეგავლენა მოახდინა იმანაც, რომ საკანონმდებლო წესით 2004 წლის 13 სექტემბრიდან არსებითად შეიზღუდა იმ ავტოტრანსპორტის ოდენობა, რომელიც სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება.

სადაზღვევო შემოსავლების განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით მიუთითებს, რომ ძირითადი წილი უკავიათ ქონების, სამედიცინო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას. ამ სამი სახეობის ხვედრითი წილი შეადგენს 59,7%-ს, რაც საგრძნობლად აღემატება დაზღვევის დანარჩენ 13 სახეობაში მოზიდული შემოსავლების ხვედრით წილს. როგორც წინა წლებში, კვლავინდებურად ძალიან მცირეა ისეთი მნიშვნელოვანი სადაზღვევო სახეობების ხვედრითი წილი ბაზარზე, როგორიცაა პროფესიული პასუხისმგებლობისა და სიცოცხლის დაზღვევა. არ გამართლდა აგრეთვე ვარაუდი, რომ 2004 წელს შეიძლებოდა დაწყებულიყო საპენსიო დაზღვევის ხვედრითი წილის ზრდა. დაზღვევის ამ სახეობაზე ამჟამად მოდის სადაზღვევო ბაზრის მხოლოდ 2,2%, რაც მხოლოდ 0,1%-ით აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს.

ცხრილი 2. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე
     
ცხრილი 3. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები გადაზღვევაში
     
ცხრილი 4. ათი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მაჩვენებლები ზარალის ანაზღაურებაში
     
2004 წლის მანძილზე საქართველოში სადაზღვევო საქმიანობას ეწეოდა 17 კომპანია. ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო ბაზრის ნაკლად მუდამ ითვლებოდა ის, რომ ძალიან მაღალია ბაზრის კონცენტრაციის დონე 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიხედვით. ეს მაჩვენებელი 2004 წელს 2003 წელთან შედარებით არა თუ არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. კერძოდ, თუ ხუთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული შემოსავალი 2003 წლის საერთო სადაზღვევო შემოსავლებში შეადგენდა 76,35% ს, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2004 წელს 81,9%-ს მიაღწია.

“ააფი”-ს რეიტინგი

ჟურნალის რედაქციამ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, გადაწყვიტა  გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით დაესახელებინა გასული წლის შვიდი საუკეთესო სადაზღვევო კომპანია. რეიტინგის შედგენისას, გარდა ოფიციალური მონაცემებისა, გათვალისწინებულია აგრეთვე სტატიის ავტორის ხელთ არსებული ზოგიერთი სხვა არაფინანსური ინფორმაცია. მაგალითად, ჩვენს რეიტინგში ვერ მოხვდა “დაზღვევის კომპანია ქართუ”, ვინაიდან, მართალია, ეს კომპანია მეხუთეა მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით, მაგრამ მისი შემოსავლების 97,5%-ს შეადგენს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც თავის მხრივ ძირითადად საქართველოს საჩხერის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. ამ თავისებურების გამო, ძნელია “ქართუ” კლასიკურ სადაზღვევო კომპანიად მივიჩნიოთ.

ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერად კვლავ რჩება სს “ალდაგი” მოზიდული სადაზღვევო პრემიით 11073,5 ათასი ლარის ოდენობით. საინტერესოა იმ გარემოების აღნიშვნა, რომ თუ 2003 წელს “ალდაგის” მაჩვენებელი მოზიდული პრემიის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი “იმედი L”-ს ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 362 ათას ლარით უსწრებდა (მაშინ ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მალე “იმედი L” “ალდაგს” გადაუსწრებდა), 2004 წელს ამ სხვაობამ თითქმის 1,9 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ “ალდაგმა” ლიდერობა განიმტკიცა. ანაზღაურებული ზარალის ოდენობით კი “ალდაგი” მეორეა 2846,4 ათასი ლარით და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ “დაზღვევის კომპანია ქართუს” ჩამორჩება. ვფიქრობთ, “ალდაგი” დამსახურებულად არის ჩვენი რეიტინგის სათავეში.

საერთოდ, რეიტინგის შედგენისას შემოსავლის ანუ მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სხვაობა ორი კომპანიის მაჩვენებლებს შორის დიდი არ არის, მაშინ უკვე გასათვალისწინებელი ხდება სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, “სელბი” 122 ათასი ლარით უსწრებს “ევროპეისს” მოზიდული პრემიის ოდენობით, მაგრამ ჩვენს რეიტინგში უპირატესობა “ევროპეისს” მივანიჭეთ, რადგან, ჩვენი დაკვირვებით, 2004 წელს ამ უკანასკნელის აქტიურობა სადაზღვევო ბაზარზე უფრო საგრძნობი იყო. ასევე, “პი-აი-სი”-სა და “გეოპოლისთან” შედარებით უპირატესობა მივანიჭეთ “ანგლო-ქართულ სადაზღვევო კომპანიას” მისი “სტაჟიანობისა” და მაღალი იმიჯის გამო, თუმცა შემოსავლების კლების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ამ კომპანიას რეიტინგში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2004 წელს საქართველოში სადაზღვევო ბიზნესში ლიდერებს წარმოადგენდა შვიდი სადაზღვევო კომპანია, რომლებიც “ააფი”-ს რეიტინგში ისევე განლაგდნენ, როგორც ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ჩვენს რეიტინგში:

1. ”ალდაგი”

2. ”იმედი L”

3. ”საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი”

4. ”ბრიტანეთი-კავკასია”

5. ”ევროპეისი”

6. ”სელბი”

7. ”ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანია”

რეიტინგში ჩვენს მიერ დასახელებული შვიდი კომპანიის წილად მოდის 2004 წლის მანძილზე დაზღვევის სახეობებში მოზიდული ჯამური პრემიის 81,2% და მთლიანი ანაზღაურებული ზარალის 56,4%. ანაზღაურებული ზარალის შედარებითი ზომიერი ხვედრითი წილი განპირობებულია იმით, რომ მთლიანი ანაზღაურებული ზარალიდან “ლომის წილი” - 36,1% მოდის “დაზღვევის კომპანია ქართუზე”, რაც ამ კომპანიის თავისებურების გამოხატულებაა.

რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, სავარაუდოა, რომ მიმდინარე 2005 წელს რეიტინგს საგრძნობლად გაიუმჯობესებენ სადაზღვევო კომპანიები “პი-აი-სი” და “ირაო”, რომლებმაც 2004 წლის მე-4 კვარტალში მოზიდული შემოსავლებით გაუსწრეს როგორც “ანგლო-ქართულ სადაზღვევო კომპანიას” და “გეოპოლისს”, ასევე “ევროპეისსა” და “სელბის”. განსაკუთრებით აქტიურობს კომპანია “ირაო”, რომელიც არ მალავს, რომ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობთ, 2005 წელი საკმარისი იქნება იმის გამოსაჩენად, თუ რამდენად რეალურია მისი სალიდერო ამბიციები.

“ააფი”-ს რედაქცია კვლავინდებურად გააგრძელებს (ყოველწლიურად) მსგავსი რეიტინგების გამოქვეყნებას.

გიორგი გვაზავა

შენიშვნა: ჟურნალის რედაქცია ეთანხმება სტატიაში მოყვანილ ავტორისეულ მოსაზრებებს.