ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება გადაიდო - #2(182), 2015
რატომ ვერ მოხერხდა დაპირებული რეგულაციის ამოქმედება

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ბოლო წლებში საკმაოდ შეცვლილი სიტუაციაა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებმა დაზღვევის კერძო სექტორს მნიშვნელოვანი შემოსავალი დააკარგვინა. კომპანიებმა დაგეგმილი ბიზნესის ძველებურად გაგრძელება ვერ შეძლეს და ახალი სიტუაციის გამო ზოგიერთი გაკოტრდა, ზოგიერთი გარკვეული პროგრამებიდან გავიდა, ზოგიც სხვა კომპანიამ შეიერთა. სადაზღვევო ბაზარზე ასეთ ცვლილებებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტების ნაწილი იმასაც აბრალებს, რომ კომპანიებმა ან არასწორად გათვალეს თავისი საქმიანობა, ან წინა წლებში ზედმეტად მაღალი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს, რასაც ბოლომდე ვერ გასწვდნენ და ამის გამო შეექმნათ პრობლემები. საბოლოოდ ის გამოვიდა, რომ სადაზღვევო ბაზარი მცირდება. 
2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით მთლიანმა სადაზღვევო ინდუსტრიამ თუ 515 471 427 ლარი მოიზიდა, 2013 წლის მონაცემებით სადაზღვევო ბაზარმა 471 066 120 ლარის მოზიდვა შეძლო. 2014 წლის მონაცემები წესით მალე უნდა გამოქვეყნდეს და დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. 

მოკლედ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საკუთარი როლი გაზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში და კერძო კომპანიებს ამ მხრივ შემოსავალი შეუმცირდათ, სადაზღვევო ინდუსტრიის გამოცოცხლების ერთ-ერთ რეცეპტად სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება სახელდებოდა. ამ ინიციატივის მომხრეები ერთი მხრივ იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევა თვითონ მძღოლების ინტერესებში შედიოდა, მეორე მხრივ, სადაზღვევო ბიზნესის მამოძრავებელი ძალა შეიძლებოდა გამხდარიყო. არის გარკვეული არგუმენტები, რომ ავტომობილების დაზღვევა, რაც ასე პოპულარულია განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოშიც ამუშავდეს. თუმცა, აქ ისევ განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლების შესაძლებლობასთან მივდივართ. რა ფინანსური ტვირთის აწევაც ევროკავშირის მოსახლეობას შეუძლია, იგივეს დაკისრება საქართველოს მოქალაქისთვის შეუსაბამოა. მაგრამ, ასევე არც იმის დავიწყება ღირს, რომ თუ საქართველო ევროპული ცხოვრების მიმართ მიდის, ადრე თუ გვიან ევროკავშირში არსებული რეგულაციების გათვალისწინებაც მოუწევს. თუმცა, ეს როდის მოხდება და როდის იქნება ყველაზე ნაკლებად მტკივნეული საქართველოსთვის – ჯერ ეს ვადა განსაზღვრული არ არის.

მას შემდეგ, რაც სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებაზე დაიწყო ლაპარაკი, ყურადღება გამახვილდა არა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე, არამედ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მესამე პირის მიმართ. სადაზღვევო კომპანიებში განაცხადეს, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა და მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, ამ ნორმის შესრულებაზე იკისრა ვალდებულება.
„მთავრობა ავალდებულებს ავტომფლობელს, მანქანის დაქოქვის და დაძვრის წინ იქონიოს სადაზღვევო უზრუნველყოფა შესაძლო ზარალისა, რომელიც მან შესაძლოა მიაყენოს მესამე პირს~, – ასე განმარტა ამ დაზღევის არსი სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ნიკოლაძე ვარაუდობდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სავალდებულო დაზღვევის შემოღების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების დროს, დაახლოებით 17-18 ათასი ლარის გადახდა იქნება გათვალისწინებული, მკურნალობაზე კი 15 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაზღვევის აღნიშნული სახეობა სხვადასხვა პრინციპით მოქმედებს. მაგალითად, ზოგან, ტარიფების დათვლისას, გათვალისწინებულია ავარიების სტატისტიკა, ის, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორისაა ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები, როგორია ამა თუ იმ ავტომობილის დაზიანების საშუალო ხარჯი, და ა.შ. ასევე სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება ის კომპენსაცია, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანის ოჯახი იღებს – აქ ითვალისწინებენ, იყო თუ არა პიროვნება ოჯახის მარჩენალი, რა ასაკის იყო და ა.შ. 

საქართველოს შემთხვევაში მოხდება თუ არა ამ ფაქტორების მხედველობაში მიღება, უცნობია. შესაძლოა, თავდაპირველად არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სტატისტიკა, თუმცა, ამ დაზღვევის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ სადაზღვევო კომპანიებმა შესაძლოა შეადგინონ თავიანთი კლიენტების ბაზა – ვინაა ყველაზე კანონმორჩილი მძღოლი და ვინ უფრო ხშირად ხვდება ავტოსაგზაო შემთხვევებში, და ამის მიხედვით შეამცირონ ან გაზარდონ ტარიფი. 

გიორგი გიგოლაშვილის თქმით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთანასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა, თუმცა მისი შემოღებისთვის საქართველოს 4-5 წლიანი ვადა აქვს მიცემული. 

საინტერესოა, რომ ასეთი დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებებში ისედაც კაი ხანია არსებობს და ზოგიერთი მძღოლი საკუთარი ნებით ყიდულობს კიდეც დაზღვევას. თუმცა, 2013 წლის სტატისტიკით, ქვეყანაში არსებული დაახლოებით 900.000 ავტომობილიდან მესამე პირის მიმართ დაზღვევა მხოლოდ 45 ათასამდე ავტომფლობელს ჰქონდა. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი მოზიდული ჯამური პრემიიდან სახმელეთო ტრანსპორტის (სარკინიგზო ტრანსპორტის გარდა) დაზღვევაზე მხოლოდ 7,7% მოდიოდა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, მთელ სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული თანხის მხოლოდ 0,95%-ს შეადგენდა.

არსებული ინფორმაციით, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის მინიმალური სადაზღვევო პაკეტი წელიწადში 60 ლარია და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, წელიწადში 5 000 ლარის ზარალს ანაზღაურებს. თუმცა, წელიწადში 5000 ლარი არ არის ის თანხა, რაც ავტომფლობელს დაზღვევის ყიდვისკენ უბიძგებს. თუ დაზღვევის მყიდველს ზარალის ანაზღაურების ლიმიტის გაზრდა სურს, მაშინ შესაბამისად, სადაზღვევო პრემიაც უნდა გაიზარდოს და ავტომფლობელს 60 ლარის ნაცვლად მეტის გადახდა მოუწევს. რამდენი იქნება გადასახდელი სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, ჯერ მხოლოდ ვარაუდებია. ვარაუდებია ასვე ზარალის ანაზღაურების მოცულობაზეც.

„მატერიალურ ზარალზე რეალური ანაზღაურება უნდა იყოს არანაკლებ 10 000 ლარი. რაც შეეხება ტარიფს, მე ვფიქრობ, რომ 4 `კანისტრა~ ბენზინის საფასური წელიწადში. სადღაც, 100 დოლარი~, – ასეთი იყო დევი ხეჩინაშვილის ვარაუდი, რომელიც 2013 წელს გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში~ გააკეთა.

წელიწადში 100 დოლარი რომ ყველა ავტომფლობელისთვის სავალდებულო გადასახდელი გახდეს, ეს სადაზღვევო ბაზარს 80-90 მილიონ დოლარ შემოსავალს მოუტანს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად არის თანახმა საზოგადოება ასეთი რეგულაციისთვის და გამოიწვევს თუ არა განსაზღვრული თანხის გადახდის დავალდებულება ხელისუფლების მიმართ მასშტაბურ უკმაყოფილებას. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება სწორედ მასობრივ პროტესტს უფრთხის ხოლმე. მითუმეტეს, როცა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე დაიწყო ლაპარაკი, იქვე ავტოტრანსპორტის სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის აუცილებლობაზეც მიანიშნებდნენ ხოლმე. ეს რეგულაციაც კარგა ხანია საქართველოში გაუქმებულია და ავტომფლობელებს საკუთარი ტრანსპორტის გამართულობაზე ზრუნვა „ზემოდან~ ძალდატანების და ამ იძულებაში დამატებით ფულის გადახდის გარეშე უწევთ. 

2014 წლის ივლისში, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ სატელევიზიო გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან~ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2015 წელს სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდებოდა.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო მომავალი წლიდან ამ კუთხითაც მიუერთდება იმ ცივილურ სამყაროს, რომელშიც დაახლოებით სამოცდაათი წელია სავალდებულოდ მოქმედებს ეს ნორმა. ჩვენ ძალიან ბევრ ცვლილებას ველოდებით ზოგადად იმისთვის, რომ მივუერთდეთ ევროკავშირს.
კანონპროექტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ ველოდებით უახლოეს თვეებში და კვირებში უცხოელი ექსპერტების გადახედვას ჩვენი კანონისა. იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის მერე, ჩვენ მივუერთდებით გლობალური „მწვანე ბარათის~ სივრცეს, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიზაციას მოიცავს ევროპულ კანონმდებლობასთან. ანუ ჩვენ ახლა მივიღებთ ლოკალური პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონს, რომელიც გარკვეული პერიოდის მერე სრულად იქნება ჰარმონიზებული იმ დაფარვებთან და იმ მოთხოვნებთან, რაც მუშაობს ევროპაში. ახლა ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში და საფრანგეთში აღნიშნულ დაფარვებს არ გააჩნიათ ლიმიტი, უსაზღვრო დაფარვებია. ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ და აღმოსავლეთ ევროპის გარკვეული ქვეყნები ეს გარკვეულწილად ლიმიტირებულია. ეს არის იმისთვის, რომ გადახდისუნარიანობა ჩვენი მძღოლებისა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და მისაწვდომი~, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

ცნობილია, რომ შარშან, დეკემბერში ლაშა ნიკოლაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ჩანს, მისი პროგნოზი ვერ გამართლდება და წელს სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ვერ მოხერხდება. 

კანონპროექტი მზად იყო, მაგრამ არ განიხილეს

ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებდნენ, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონპროექტი თითქმის მზად იყო. საბოლოოდ თვენახევარში, ანუ 2014 წლის ბოლომდე ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნებოდა და კანონის ამოქმედებას კი 2015 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობდნენ. 

2015 წლის თებერვალში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა სავალდებულო ავტოდაზღვევის დაზღვევის ამოქმედების გადავადებას გეგმავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებას არ სურს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს მისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრებით. იგივე მიზეზი სახელდება ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ორი წლით, 2017 წლამდე გადავადების საფუძვლად. 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია~ აღნიშნული დაზღვევის ამოქმედების შესაძლო გადავადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნული სერვისის ამუშავება პოზიტიურად აისახება როგორც სადაზღვევო კომპანიებზე, ასევე თავად მოსახლეობაზე. მათი ინფორმაციით, ავტომფლობელთა ამ სერვისის წლიური ღირებულება საშუალოდ 160-200 ლარს შორის იქნება. ანუ, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ღირებულება 17 ლარს არ გადააჭარბებდა თითოეული ავტომფლობელისთვის. შესაბამისად, 800 ათასი ავტომფლობელის სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში მხოლოდ ამ პროდუქტის გაყიდვით სექტორის შემოსავალი წლიურად მინიმუმ 125-130 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც მთლიანი სექტორის ნახტომისებურ ზრდას გამოიწვევს. 

იმის შესახებ, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მუშაობა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში შეჩერებულია, ამ უწყებაშიც ადასტურებენ. სამსახურში ამბობენ, რომ ასევე შეჩერებულია აღნიშნული სახეობის დაზღვევის ტარიფების დაანგარიშების პროცესი.

ახალი კანონპროექტი – დაზღვევა გარკვეული კატეგორიისთვის

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევა დაგეგმილ დროს ვერ ამუშავდებოდა, კიდევ ერთი ახალი კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი. 

„საქართველოს დაზღვევის ასოციაციამ~ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო ავტოდაზღვევის ამოქმედებას 2 ეტაპად განიხილავს. პირველი ნაწილის ამოქმედება წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილი – კი 2017 წლიდან.

„საქართველოს დაზღვევის ასოციაციის~ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ პირველი ეტაპი გულისხმობს სატრანზიტო ნაკადის დაზღვევას, ისევე როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია. მისი თქმით, ეს სისტემა საინვესტიციო თვალსაზრისით სადაზღვევო სფეროს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის, შემოვა დამატებითი ვალუტა, რაც ქვეყნის ეკონომიკურგანვითარებას წინ წასწევს.

ხეჩინაშვილი ვერ აკონკრეტებს სავალდებულო დაზღვევის რა ნაწილი შეიძლება მოდიოდეს სატრანზიტო ნაკადების დაზღვევაზე, თუმცა აცხადებს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, მეორე ეტაპი, საყოველთაო, ყველასთვის სავალდებულო ავტოდაზღვევას გულისხმობს, რომლის ამოქმედებაც კანონპროექტში 2017 წლიდანაა ჩადებული.

ხეჩინაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ეხლაც მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად იქნა, შესაძლებელია მისი განხილვა პარლამენტში შემოდგომაზე მოხდეს.

„2017-18 წლებში გახდება სავალდებულო საქართველოს მოსახლეობისთვის. ამისთვის დრო ყველას ექნება დრო, რომ მოემზადოს~, – ამბობს ხეჩინაშვილი.

ასე რომ, ცალკე სადაზღვევო კომპანიები, ცალკე მთავრობა ცდილობენ რამენაირად სავალდებულო დაზღვევის შემოღებას. თუმცა, აქამდე კანონის მიღება ვერ მოხერხდა. შემუშავებულმა კანონპროექტებმა საპარლამენტო განხილვებამდე ვერ მიაღწია. ეს კი დღეს ალბათ კიდევ უფრო გართულდება იმ ფონზე, როდესაც ლარის გაუფასურების გამო მთავრობის მიმართ პრეტენზიები მატულობს. ახლა რომ ხელისუფლებამ ავტომფლობელებს დაზღვევის ყიდვა აიძულოს, შეიძლება კიდევ უფრო უარყოფითად განაწყოს ხალხი. ასეთ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ძნელი სათქმელია.

თემურ იობაშვილი