ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
დატბორილი ვერეს ხეობა და სადაზღვევო კომპანიების ზარალი - #6(186), 2015
რატომ არ არის პოპულარული ქონების დაზღვევა საქართველოში

საქართველოში რომ სადაზღვევო ბიზნესი მაინცდამაინც არ არის განვითარებული და არც დაზღვევის ყიდვის მსურველების რაოდენობაა მაღალი, იოლი დასანახია. მართალია, სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეული ხალხის რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მთელ მოსახლეობას დაზღვევის სერვისის მიღება შეუძლია, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას. რაც შეეხება ქონების დაზღვევას, აქ სახელმწიფო პროგრამები არ არსებობს და არც სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს. ქონების დაზღვევა მთლიანად ცალკეული ადამიანის სურვილზე და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. დაზღვევის სურვილი და შესაძლებლობა რომ საკმაოდ მწირია, 13 ივნისის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა 20 ადამიანის სიკვდილთან ერთად საკმაოდ დიდი ოდენობით ქონების განადგურებაც გამოიწვია. ხეობაში იყო რამდენიმე საწარმო, საწყობები და მცირე მეურნეობები. დაიტბორა და მნიშვნელოვნად დაზიანდა თბილისის ზოოპარკის ინფრასტრუქტურა. ცხოველთა ნაწილი წყალმა დაახრჩო, ზოგიერთი ცხოველი კი წყალდიდობისას გალიის მიღმა აღმოჩნდა და ერთმა მათგანმა ადამიანიც შეიწირა... აღდგენას აღარ ექვემდებარება ზოოპარკის ტერიტორიისნაწილი, აგრეთვე მთლიანად და ნაწილობრივ განადგურებულია საცხოვრებელი სახლებიც. ზოგიერთი სახლი კი საერთოდ აღარ არსებობს – ნიაღვარმა საძირკვლიანად წაიღო და ნასახლარის ადგილას მდინარის კალაპოტიღაა დარჩენილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიიდან პირველ დღეებში აცხადებდნენ, რომ ზარალს შეიძლება 30-40 მილიონი ლარისთვის მიეღწია, რაზეც ექსპერტების ნაწილი არ თანხმდებოდა და აცხადებდა, რომ ზარალი გაცილებით მასშტაბური იყო. საბოლოოდ, ხელისუფლე  ბამაც განაცხადა, რომ 13 ივნისს მომხდარი წყალ  დიდობის შედეგად ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

ზარალი და სადაზღვევო კომპანიები

გავრცელებული ინფორმაციით, ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამო მიყენებული ზარალი დაახლოებით 100 მილიონი ლარია. აქედან, სადაზღვევო კომპანიების ზარალი 5-6 მილიონს შეადგენს. ამ ციფრებიდანაც ჩანს, რომ მთლიან ზარალში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა ძალიან მცირეა და შესაბამისად, დაზღვევის მიღმა არსებული ზარალის ანაზღაურება ძირითადად სახელმწიფოს საშუალებაზე და ჩინოვნიკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ცხადია, არსებობს სხვადასხვა ფონდები და შემოწირულობები დაზარალებულთა დასახმარებლად, მაგრამ ეგ თანხაც შემომწირველების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და გადანაწილებაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ჩინოვნიკების სუბიექტურობის მიხედვით მოხდეს. ისმის კიდეც პრეტენზიები, რომ სახელმწიფომ არასათანადოდ შეაფასა დაზარალებულთა მდგომარეობა და ადეკვატურად არ ეხმარება. მათ შორის, უსამართლოდ მიაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან ბინების შეძენა ოჯახში სულადობის მიხედვით. თუმცა, ცხადია, ძნელია დაავალდებულო სახელმწიფო ზუსტად აანაზღაუროს ის ზარალი, რაც მოქალაქეებმა მიიღეს. სხვა საქმეა სადაზღვევო კომპანიები. ისინი სწორედაც ვალდებული არიან მიყენებული ზარალი სადაზღვევო პირობების შესაბამისად დაუფარონ დაზარალებულებს. როგორც სტიქიიდან პირველივე დღეებში გამოიკვეთა, სადაზღვევო კომპანიებს ძირითადად ავტომობილების დაზიანება-განადგურებით მიყენებული ზარალის დაფარვის ვალდებულება შეეხოთ.

ჯერ კიდევ 20 ივნისამდე არსებული ინფორმაციით სადაზღვევო კომპანიებს სხვადასხვა მოცულობის ზარალზე ჰქონდათ ინფორმაცია. მაგალითად, „ჯიპიაი ჰოლდინგში~ დაზღვეული დაახლოებით 100 ავტომობილი მოექცა ზარალის ასანაზღაურებელ ნუსხაში. კომპანიას სულ დაახლოებით 700 000 ლარის ფარგლებში აქვს დასაფარი.

„13 ივნისის დროს ასობით ჩვენი დაზღვეული დაზარალდა. მარტო ავტოდაზღვევის სექტორში 80-100 შემთხვევა გვაქვს. მათ შორის რამდენიმე ისეთი ავტომობილია, რომელიც სტიქიის დროს დაიკარგა დადღემდე ვერ მოიძებნა. ჩვენ ყველა შემთხვევას უკლებლივ ვსწავლობთ და ზარალი ნებისმიერს აუნაზღაურდება. ანაზღაურების მენეჯერები სტიქიის ღამეს ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაზარალებულების დახმარებას~, – განუცხადა „რეზონანსს~ „ჯიპიაი ჰოლდინგის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ სტამბოლიშვილმა. 

რაც შეეხება „ალდაგში~ დაზღვეულებს, ვინც სტიქიამ დააზარალა, კომპანია მათ ზარალის 100%-ით დაფარვას პირდება. როგორც ირკვევა, ამ კომპანიაში დაზღვეული და სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების რაოდენობა დაახლოებით 40 ცალია. 

დღეის მდგომარეობით, ავტოზარალის მხრივ 40 შემთხვევაა. კომპანიის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია დაახლოებით 100 ზარი, 60 შემთხვევა ქონების ზარალს შეეხება. ანაზღაურების პროცესი დაიწყო და უახლოეს დღეებში დავასრულებთ~, – აცხადებენ „ალდაგში~.

ზარალის დაფარვა ავტომობილებზე კიდევ ერთ სადაზღვევო კომპანია „ირაოში~ უწევთ. 18 ივნისის მდგომარეობით მათ დაზღვეული 6 ავტომობილის შემთხვევა ჰქონდათ დათვლილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯამში დაახლოებით 100 000 ლარის დაფარვა უწევთ. „ირაოში~ ასევე განაცხადეს, რომ გარდა ამ 6 ავტომობილისა, მათ ასევე უწევთ ანაზღაურება ერთ-ერთი მაღაზიის 200 000 ლარად შეფასებულ მარაგზე. თუმცა, იმ მომენტისთვის ჯერ არ იყო დათვლილი ზუსტი ზარალი დათვლილი და ანაზღაურებაც ზარალის დაზუსტების შემდეგ უნდა მომხდარიყო.

„დაზიანებული ავტომობილებიდან 2 სრულიადაა განადგურებული. ყველა შესაბამისი პროცედურა ტარდება. ავტომანქანის დაკარგვის შემთხვევა არ ფიქსირდება, ექვსივე ავტომანქანა სტიქიის ადგილას რიგ-რიგობით იქნა აღმოჩენილი~, – განაცხადეს „ირაოში~.

სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფში~ განაცხადეს, რომ მათ კომპანიაში დაზღვეული და სტიქიის გამო ასანაზღაურებელი თანხა დაახლოებით 300 000 ლარია.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რომელიც ივნისის ბოლო დღეებში გავრცელდა, კერძო პირებისთვის ზარალის ანაზღაურების პროცედურა დაწყებულია და გრძელდება. სამსახური კი პროცესს მონიტორინგს უწევს. მაგ პერიოდისთვის, სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეულებს ზიანის 70% უკვე დაფარული ჰქონდათ. სტიქიამ დაუზღვეველი ავტომობილების გარდა 121 დაზღვეული ავტომობილი დააზიანა. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ გიგოლაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიები აღიარებენ ზარალს და დაზღვეულებისთვის შესაბამისი თანხის გადახდა უპრობლემოდ მოხდება.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი კი `რუსთავი-2~-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დაზღვეული ქონების წილის გაზრდა. 

„ჩვენ აუცილებლად უნდა სისტემურად ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავზარდოთ მომავალში დაზღვეული ზარალის წილი~, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო კომპანია „არდის~ ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან~ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში დაზღვევის კულტურა თუ მაღალი იქნებოდა, სადაზღვევო კომპანიები გაცილებით მეტ ზარალს აანაზღაურებდნენ.

„ზარალი დიდია. წინასწარი შეფასებით სადაზღვევო კომპანიებს დაახლოებით 5-6 მილიონის ზარალი დაუდგათ. ძირითადი ზარალი მოდის ქონებისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით. იყო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურებული შემთხვევებიც – ტრავმები და მოტეხილობები. „არდის~ შემთხვევაში ზიანი დაახლოებით 150 000 ლარის ფარგლებში მერყეობს და მათი დიდი ნაწილი უკვე დარეგულირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოგახსენეთ, სადაზღვევო კომპანიების წილად რამდენიმე მილიონი ლარის მოდის, ეს ციფრი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო დაზღვევის კულტურას უფრო მეტად რომ ქონდეს ფეხი მოკიდებული ქვეყანაში. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ დაზღვევა მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მცდარი შეხედულებაა. 
მაგალითისათვის 100.000 ლარის ქონების დაზღვევის საფასური დაახლოებით 250-300 ლარია წელიწადში ანუ 20-25 ლარი თვეში, რაც დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე დიდი თანხაა. ანალოგიურად ხელმისაწვდომია ავტოდაზღვევის ღირებულება. სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით კი კიდევ უფრო საინტერესო და ერთი შეხედვით გაუგებარი ფაქტი გვაქვს სახეზე – კერძოდ, საქართველოში ერთ კაცზე გადახდილი საშუალო ყოველთვიური შენატანი ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით დაახლოებით 25 ლარია. ეს ოთხჯერ ნაკლებია ვიდრე ერთი თვის განმავლობაში მწეველის მიერ სიგარეტში გადახდილი თანხა. ვფიქრობ, ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, თუ როგორი განუვითარებელია ჯერ კიდევ დაზღვევის კულტურა საქართველოში~, – ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.

რაც შეეხება დაზღვევის გარეშე არსებული და განადგურებული ქონების ზარალის ანაზღაურებას, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობა დონორი ორგანიზაციებისგან სესხის აღებას აპირებს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან და შემოწირულობებიდან მობილიზებული თანხა საკმარისი არ არის ზარალის დასაფარად. 

„აზიის განვითარების ბანკი მზად არის, რომ ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში, 11 მილიონი დოლარი გამოგვიყოს. ეს თანხა პირველ ეტაპზე მოაკლდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც შემდეგ შეივსება და მშენებლობა არ შეფერხდება. გარდა ამისა, 3 თვის განმავლობაში, პროცედურების დაცვით, ისინი მზად არიან დაახლოებით 57 მილიონი დოლარის იაფ რესურსზე გვესაუბრონ~, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ახალი ზოოპარკის მოწყობას 22 მილიონი ევრო სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი გზის აღსადგენად საჭირო თანხის ოდენობა. ერთი კი ცნობილია, რომ გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან მის გარეშე თბილისის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება გარდაუვალი იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას აიმედებს, რომ თუ სესხი და სხვა რესურსები არ იქნება საკმარისი, მათ საკუთარი ფინანსებიდან შეავსებს:

„ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს ხელისუფლების საქმეა, მთავრობის. ისინი აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ ეს ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა და ამ უბედურებამ. რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თანხა, ჩათვალეთ, რომ აქვთ, პრინციპში. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით~.

რესურსების მოძიებაში ძირითადად საგარეო ვალების აღება იგულისხმება, რადგან მთავრობა ბოლო დრომდე თავს იკავებდა ბიუჯეტის სეკვესტრირებისა და ხარჯების შემცირებისგან. საგარეო ვალის გაზრდის პერსპექტივას ეკონომისტების ნაწილი ეწინააღმდეგება.

„რომ არა 300 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო და საპრემიო ფონდი, იქნებ ფული არც კი ყოფილიყო ამ გზით მოსაძიებელი?~ – ასეთ კითხვას სვამს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. იგი ასევე აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა და რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულებს ბანკები სესხებს ჩამოაწერენ. გაუგებარი რჩება, ეს სესხები დონორებიდან მიღებული კრედიტით დაიფარება თუ ბანკებმა თავად იტვირთეს ეს ზარალი. `თუ ბანკების გადაწყვეტილება მთავრობის დავალების შედეგია, მაშინ ის სამომავლო უსიამოვნებებზე უნდა დაფიქრდეს~, – აცხადებს რადიო `თავისუფლებასთან~ საუბრისას ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

ექსპერტების კომენტარები

ასე რომ, ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს. სტიქიამ აჩვენა, რომ მოსახლეობასაც და კერძო ბიზნესსაც ძირითადად ავტომობილები ჰქონდა დაზღვეული და ისიც მცირე რაოდენობით. უძრავი ქონების დაზღვევის ფაქტები იშვიათია. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დაზღვევს კულტურის არარსებობა მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის გაცილებით ნაკლები ტვირთი და პრობლემა იქნებოდა. 

„დასავლეთის ყველა განვითარებულ ქვეყანაშისაცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ქონება, ავტომობილები, ტექნიკა და ა.შ. როგორც წესი, დაზღვეულია. ეს არის გარკვეულწილად, სადაზღვევო კომპანიების პასუხისმგებლობა და რისკი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან სადაზღვევო კულტურა და ტრადიცია ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, სახელმწიფო მთელ რისკს საკუთარ თავზე იღებს~, – ამბობს კალანდაძე.

თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სხვა სადაზღვევო სერვისთან შედარებით საცხოვრებელი ფართის დაზღვევა ყველაზე იაფია და ბინის ღირებულების 0,2-დან 0,25%-მდე თანხას შეადგენს. პირობითად, 100 000 ლარიანი საცხოვრებლის დაზღვევა მფლობელს წელიწადში 200-250 ლარი უჯდება. თუ ფართოდ გავრცელდება ასეთი დაზღვევა, მაშინ ცხადია, სადაზღვევო პრემია კიდევ უფრო შემცირდება.

არსებობს მოსაზრება, რომ პრობლემას სავალდებულო დაზღვევის შემოღება გადაჭრის. მაგალითად, ლაშა ნიკოლაძე, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედა  მხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა და თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა, „რეზონანსთან~ აცხადებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს და საქართველოში ეს დისკრიმინაციად მიაჩნიათ. 

„გამოსავალი არის წლებზე გაწელილი და ყველაზეთანაბრად გადანაწილებული სისტემა, რასაც სავალდებულო დაზღვევა ჰქვია~, – ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
სავალდებულო დაზღვევა მისაღებია თავად სადაზღვევო კომპანიებისთვის. დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ამის ინიციატორი სახელმწიფო უნდა იყოს და უცხო ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც უნდა დაინერგოს რაიმე ფორმით უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევა.

ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ასევე დარგის სუბსიდირებაც. მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვს მოხდეს დაზღვევის თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

თუმცა, ისიც ცხადია, რომ როდესაც თავად ბიზნესს არ აქვს დაზღვეული საკუთარი ქონება, მაშინ ძნელია მოსახლეობა დაავალდებულო ქონება დააზღვიოს. ასევე, თუ სახელმწიფო დაუზღვეველი ქონების ანაზღაურებას საკუთარი ბიუჯეტიდან აპირებს, ეს კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებას: ადამიანებმა თვითონ უნდა შეაფასონ საკუთარი რისკი და შემდეგ არ აღმოჩნდნენ იმგვარ სიტუაციაში, როცა სახელმწიფოს კეთილ ნებაზე და ბიუჯეტში არსებულ ფულზე იქნება დამოკიდებული მათი ზარალის დაფარვა. 

თემურ იობაშვილი