ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხა დაუმატეს - #8(188), 2015
რა გახდა ჯანდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზეზი

გასულ თვეში კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა განხილვის საგანი. უკვე კარგა ხანია, ხელისუფლება ამ პროგრამით ამაყობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველასთვის გაიზარდა ჯანდაცვის სერვისზე წვდომა და ყველა კმაყოფილია. თუმცა, ოპოზიცია აღნიშნულ პროგრამაში დიდი ხანია პრობლემებს ხედავს და ამბობს, რომ ბიუჯეტი მსგავსი ტიპის ხარჯებს დიდხანს ვერ გაუძლებს. შესაბამისად, ერთი შეხედვით „კეთილი საქმე” სახელმწიფო ბიუჯეტს შეიძლება ძალიან „ბოროტადაც~ შემოუტრიალდეს. 

მარტივად რომ ვთქვათ, დაგეგმილი ხარჯი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არ ჰყოფნის და ხელისუფლებას დამატებითი თანხების მოძიება უწევს. ეს დამატებითი თანხები კი როდემდე შეიძლება გამოძებნოს მთავრობამ, ან რა წყაროებიდან – მთავარი კითხვებია, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ირგვლივ არსებობს. 

აგვისტოს ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის~ წევრმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაცსაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ მდგომარეობაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტი უკვე 84 მლნ ლარია.

„დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით პენსიონერის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველის მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახებს დააწვება. ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე, ეს მდგომარეობა უამრავ ადამიანს კატასტროფის წინაშე აყენებს.

ამოიწურა პროგრამის „რეფერალური მომსახურება~ (კოდი 35 03 03 09) წლიური ბიუჯეტიც. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 15 მლნ ლარიანი მლნ ლარი თითქმის უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას~, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის მოსაზრებებს არ ეთანხმება ხელისუფლება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს და ასევე შეფერხების გარეშე გაგრძელდება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ გაზეთ „რეზონანსთან~ საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, იმ შემთხვევაში კი, თუ მას ფული დააკლდება, ბიუჯეტში ამ მუხლის კორექტირება აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, ასე გამოიყურება: 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილია 470 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის მიხედვით, 9 თვეში პროგრამაზე უნდა დაიხარჯოს 361,7 მლნ ლარი, ბიუჯეტის 7 თვის შესრულების მიხედვით კი სულ დახარჯულია 317,2 მლნ ლარი, ანუ დარჩენილ 5 თვეში პროგრამას 152,7 მლნ ლარი უნდა ეყოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ თუ პროგრამას დარჩენილი თანხა არ ეყო, ცხადია, მოხდება მისი ბიუჯეტის კორექტირება: 

„მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ პროგრამას ფული დააკლდეს. რა იქნება 2-3 თვის მერე, 2-3 თვის შემდეგ ვნახავთ. დღეს პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს და მას არც მომავალში შეექმნება საფრთხე. თანაც, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში წინა თვეებთან შედარებით საყოველთა ჯანდაცვის პროგრამის ხარჯი შემცირებულია~, – განაცხადა სოფრომაძემ 27 აგვისტოს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა ლარის გაუფასურება აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების კორექტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ მიმართა. როგორც ზაზა სოფრომაძე აცხადებს, სამედიცინო დაწესებულებებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დღემდე მიმდინარეობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

„ბუნებრივია, ჯანდაცვის ტარიფები რეალური უნდა იყოს. ლარის გაუფასურების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების კორექტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ მომართა. ჩვენ ვიხილავთ, თუ რამდენად რეალურია ამა თუ იმ კლინიკის მომართა და შესაბამისად, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას~, – განაცხადა სოფრომაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ფასების მატება აღინიშნებოდა. გაძვირების ტენდენცია წელსაც გრძელდება. „საქსტატის~ მონაცემებით, 2015 წლის ივლისში, გასული წლის იანვართან შედარებით, ფასები 7,3 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (16,6% ით).

რაც შეეხება პროგრამის მიმართვიანობის სტატისტიკას, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 397 163 შემთხვევა დაფინანსდა, მათ შორის, მშობიარობა და საკეისრო კვეთა – 86 506 ერთეული, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია – 53 281 შემთხვევა, ხოლო კარდიოლოგია – 4441 ერთეული.

ამავე პერიოდში გადაუდებელი ამბულატორული მომსახურებით 827 174 პაციენტმა ისარგებლა, იმუნიზაციის პროგრამით – 238 511-მა; ანტირაბიული ვაქცინის პროგრამით – 222 122-მა; ანტიტეტანური ვაქცინა კი 16 389 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

გარდა ამისა, 2013-15 წლებში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება 295 651 პაციენტს დაუფინანსდა, გეგმური ქირურგიული მომსახურება (კარდიოლოგიის გარდა) კი – 127 640-ს, გეგმური ამბულატორიული მომსახურება – 2 470 პაციენტს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში სულ 3 054 486 ბენეფიციარია რეგისტრირებული.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით, დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. იმავე წლის პირველი ივლისიდან კი პროგრამა უფრო გაფართოვდა და ამბულატორიას გეგმიური სტაციონალური თუ სხვა პროგრამების დაფინანსება დაემატა.

თუმცა, ამ ფონზე უკმაყოფილო პაციენტებიც გამოჩნდნენ. ერთია სამედიცინო მომსახურების ფასის გაძვირება სერვისზე, მეორე გაზრდილი რიგები და რიგ შემთხვევაში ამა თუ იმ პროცედურის დაფინანსებაზე უარის თქმა. 

კორექტირებული ბიუჯეტი

საქმე რომ მთლად ისე არ იყო, როგორც მთავრობაში ამბობდნენ, სექტემბრის დასაწყისშივე დადასტურდა, კერძოდ, თავდაპირველად დაგეგმილი თანხა რომ დროზე ადრე დაიხარჯა და ჯანდაცვის პროგრამის ხარჯი იმაზე მეტია, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვა-დამტკიცებისას წარმოედგინათ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიმდინარე წლის პირველი 9 თვის გეგმა 49 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის საჭიროება განაპირობა ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად ზრდამ, რომლის თავდაპირველი გეგმა 61 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის გეგმა 52.6 მილიონი ლარით გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხაზინის ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციით, 9 თვის გეგმიდან სამინისტროს სექტემბერში დასახარჯად დარჩა მხოლოდ 56 მილიონი ლარი, როცა სამინისტროს საშუალოთვიური ხარჯი 258 მილიონი ლარია.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ კორექტირებას დრამატულად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროგრამაში შეიძლება შევიდეს ცვლილება. მისი თქმით, თანდათან პროგრამის შესახებ ინფორმაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდა; გარდა ამისა, დაფინანსების მისაღებად შემცირდა ლოდინის ვადა, რამაც ხელიშეუწყო კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდას.

„ბიუჯეტი კორექტირებადია და ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. როგორც ვიცი, დაახლოებით 35 მილიონ ლარზეა საუბარი და ამის გამო ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. შეიძლება ნებისმიერმა პროგრამამ განიცადოს ცვლილება და არა მგონია, რომ ეს დრამატული თემა იყოს~, – ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სქემის შესახებ საკუთარი ვარაუდი აქვს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანს, არჩილ მორჩილაძეს. მისი განცხადებით, საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა აუცილებელია. როგორც არჩილ მორჩილაძემ განაცხადა, საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა ის კარგად აპრობირებული მოდელია, რომლიც უკვე წლებია ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს.

„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ უკვე წარმოაჩინა, რომ ამ ფორმით ამ მასშტაბის დატვირთვის გაძლება ბიუჯეტს გაუჭირდება. იმისათვის, რომ, ეს ყველაფერი სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე არ აისახოს, აუცილებელია აღნიშნული პროგრამის მოდიფიცირების გზებზე ფიქრი. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიზნობრიობაზე ხშირად საზოგადოების ნაწილში მცდარი შეხედულება ყალიბდება, თითქოს, ის ვინც დასაქმებულია, არ უნდა იყოს ამ პროექტის ბენეფიციარი, რაც არასწორია.

ყველა დასაქმებული ადამიანი იხდის საშემოსავლო გადასახადს და მის მიერ გადახდილი თანხაც ხმარდება ამ პროექტს. ასევე, ყოველთვის არსებობს უმუშევრობის რისკი და სამუშაოს დაკარგვა არ უნდა იყოს დაკავშირებული ჯანდაცვის მომსახურების დაკარგვასთან. ევროპის სოციალური დაცვის კოდექსში პირდაპირაა ასახული ჯანდაცვა, როგორც ერთ-ერთი რისკი დანარჩენ სოციალურ რისკთა შორის და რაც მთავარია, ის მათ შორის პირველ ადგილზეა~, – აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

ცხრილი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები
     
მისივე თქმით, დროა, საქართველომ ამ კუთხით, ევროპული ქვეყნების პრაქტიკა გაიზიაროს. მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა მოხდება, თითოეულ დასაქმებულს შეეძლება საკუთარი გადახდილი წილი მიმართოს კერძო სადაზღვევო კომპანიაშიც.

„მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ათასი ლარი ხელფასი, ხოლო ჯანდაცვის წილად განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის მესამედი, დაახლოებით 80 ლარი, მას შეუძლია მივიდეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში, დაამატოს თანხა და მიიღოს საბაზისო პაკეტზე გაცილებით უკეთესი დაზღვევა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია, კერძო ფონდებში ბენეფიციარს გაატანოს არა სრული თანხა, არამედ ამ თანხის 50-60%, ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ჯანდაცვის გადასახადისაგან, თუ ის სრულად უარს იტყვის სახელმწიფო დაზღვევაზე. ამ მოდელით მოხდება ჯანდაცვის ტვირთის კერძო სექტორზე ისეთი ფორმით გადანაწილება, რომ თავად კერძო სადაზღვევო ბაზარიც განვითარდება.

ისევე, როგორც აუცილებელია სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგის განხორციელება, რათა კლინიკებზე არ მოხდეს თანხების მექანიკური ჩამოჭრა, რაც შემდეგ პირდაპირ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აისახება~, – აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაგრძელებისთვის, თუნდაც ეს ბიუჯეტს ძვირად დაუჯდეს. ამ პროგრამაზე ხელისუფლება და მისი მომხრეები ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამ უდიდესი სიკეთე მოიტანა. თუმცა, ცხადია, ბიუჯეტიდან ყველასთვის, მათ შორის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანების ჯანდაცვის დაფინანსებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმწიფოს ხარჯი და ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას კიდევ მეტად შეუწყო ხელი. 

სადამდე გაუძლებს ამ დატვირთვას სახელმწიფო ბიუჯეტი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ეროვნული ვალუტა კი საგრძნობლად გაუფასურებული?! ეს დღევანდელობის აქტუალური კითხვაა.

თემურ იობაშვილი