ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერები და განვითარების ტენდენციები - #5(53), 2004
ოფიციალური მონაცემები

ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს გასული წლის სადაზღვევო ბაზრის ოფიციალურ მაჩვენებლებს. როგორც წესი, ყოველი წლის შედეგები საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების დამადასტურებელია. ასე მოხდა 2003 წელსაც, რაც ნათლად ჩანს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენში გამოქვეყნებული ოფიცია-ლური მონაცემებიდან (“დაზღვევა Nეწს”, # 81). თავად განსაჯეთ: თუ 2002 წელს საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია 25297,2 ათასი ლარი იყო, ამ მაჩვენებელმა 2003 წელს უკვე 38388,4 ათასი ლარი ანუ 51,75%-ით მეტი შეადგინა! მხოლოდ ამ ერთი მონაცემიდანაც კი აშკარაა, რომ საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ზრდას აგრძელებს.

სადაზღვევო ბიზნესის განვითარება დასტურდება სხვა მაჩვენებლებითაც. თუ 2002 წელს სადაზღვევო კომპანიებმა რისკების გადაზღვევაზე მიმართეს 11043,1 ათასი ლარი, რაც მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 43,65% იყო, 2003 წელს მათ გადაზღვევაზე მიმართეს უკვე 19673,4 ათასი ლარი, რაც მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 51,2%-ს შეადგენს. ეს მიანიშნებს მასზე, რომ სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი საკუთარი სადაზღვევო რისკების შემცირებაზე, ვიდრე უწინ.

ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით
     
რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის მესამე უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს _ ზარალიანობას ანუ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული პირებისათვის ანაზღაურებულ ზარალს, 2003 წელს მან 12600,6 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2002 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (8837,4 ათასი ლარი) 42,6%-ით აღემატება. ანაზღაურებული ზარალიდან 7912,5 ათასი ლარი ანუ 62,8% დაფარული იქნა თავად ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ, ხოლო დანარჩენი _ გადამზღვევლების მიერ.

საქართველოში სადაზღვევო ბაზრის წინსვლაზე უდაოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბაზრის საერთო მოცულობაში თანდათანობით კლებულობს სავალდებულო დაზღვევის სახეობების წილი და მატულობს ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობების წილი. 2003 წელს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო და ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევათა ჯამური წილი სადაზღვევო ბაზრის საერთო მოცულობაში შეადგენდა მხოლოდ 13,6%-ს (7,8% და 5,8% შესაბამისად), მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი ორი წლის წინ 2-ჯერ მეტს _ 27,8%-ს (17,0% და 10,8%) შეადგენდა! აღნიშნული მოწმობს იმას, რომ სადაზღვევო საქმიანობა საქართველოში თანდათანობით თავისუფლდება სახელმწიფოს მხრიდან პროტექციო-ნისტური პოლიტიკის გატარების აუცილებლობისაგან.

სადაზღვევო შემოსავლების განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით მიუთითებს, რომ ძირითადი წილი უკავიათ ქონების, სამედიცინო, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას. ამ ოთხი სახეობის ხვედრითი წილი შეადგენს 64,4%-ს, რაც საგრძნობლად აღემატება დაზღვევის დანარჩენ 12 სახეობაში მოზიდული შემოსავლების ხვედრით წილს (იხ. ცხრილი 1). როგორც წინა წლებში, კვლავინდებურად მცირეა ისეთი მნიშვნელოვანი სადაზღვევო სახეობების ხვედრითი წილი ბაზარზე, როგორიცაა სიცოცხლისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. სამაგიეროდ, შეინიშნება საპენსიო დაზღვევისადმი მოსახლეობის მზარდი ინტერესი, რაც დაზღვევის ამ სახეობას კარგ მომავალს უქადის.
სადაზღვევო ბაზრის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ძალიან მაღალია ბაზრის კონცენტრაციის დონე წამყვანი სადაზღვევო კომპანიების მიხედვით. კერძოდ, ხუთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა შემოსავლებმა 2003 წლის საერთო სადაზღვევო შემოსავლებში შეადგინა 76,35%, რაც, რათქმაუნდა, ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ამ სფეროში კონკურენციის შედარებით სისუსტეზე მეტყველებს (იხ. ცხრილი 2). შემდგომი “ხუთეულის” ჯამური წილი ბაზარზე 17,40%-ია (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 2. ხუთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე
   

ცხრილი 3. წამყვანი სადაზღვევო კომპანიების მეორე “ხუთეული”
     

საინტერესოა ერთი გარემოების აღნიშვნა: თუ 2002 წელს “ალდაგის” მაჩვენებელი მოზიდული პრემიის მიხედვით (8426,4 ათასი ლარი) მეორე ადგილზე მყოფი “იმედი L”-ის ანალოგიურ მაჩვენებელს (5835,0 ათასი ლარი) 2,5 მილიონი ლარით უსწრებდა, ახლა ეს სხვაობა მხოლოდ 362 ათას ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ 2003 წელს წინა წელთან შედარებით თავიანთი მაჩვენებლები გააორმაგეს როგორც “ბრიტანეთი-კავკასიამ”, ასევე “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგმა”, უნდა ვივარაუდოთ, რომ მე-2-3-4 ადგილზე მყოფი ეს კომპანიები ჯერ კიდევ პირველ ადგილზე მყოფ “ალდაგს” მომავალში კიდევ უფრო მეტ კონკურენციას გაუწევენ.

გასულ წელს საქართველოში სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებდა 24 სადაზღვევო კომპანია (მათ შორის ორი _ ახლად შექმნილი). 2003 წლის ბოლოს და 2004 წლის დასაწყისში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გაუუქმა ლიცენზიები რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას (მათ შორის _ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ “ძველ” მონაწილეს, კომპანია “ჰელიოსს”), რის შედეგად ამჟამად მოქმედი სადაზღვევო კომპანიების რიცხვი 17-მდე შემცირდა.

“ააფი”-ს რეიტინგი

ჟურნალის რედაქციამ უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, გადაწყვიტა  გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით დაესახელებინა გასული წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები. რეიტინგის შედგენისას, გარდა აღნიშნული ოფიციალური მონაცემებისა, გათვალისწინებული იქნა აგრეთვე სტატიის ავტორის ხელთ არსებული ზოგიერთი სხვა არაფინანსური ინფორმაციაც. კერძოდ, ჩვენს რეიტინგში ვერ მოხვდა სადაზღვევო კომპანია “ქართუ”, ვინაიდან ამ კომპანიის თავისებურებებიდან გამომდინარე, მისი შემოსავლების 97,7%-ს შეადგენს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც თავის მხრივ ძირითადად საქართველოს ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. ასევე, რეიტინგში არ იქნა ჩართული ეროვნული ბანკი, რადგან ის მხოლოდ დაზღვევის ერთადერთ სახეობას _ საპენსიო დაზღვევას ახორციელებს. 
გავითვალისწინეთ “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგის” აშკარად სწრაფი მზარდი პოპულარობა; გავითვალისწინეთ აგრეთვე საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” მონაწილის _ “ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანიის” მაღალი იმიჯიც (სხვათა შორის, ეს კომპანია ერთადერთია მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს შორის, რომელსაც უცხოელი დირექტორი ხელმძღვანელობს). ყოველივე აღნიშნული გარემოებებიდან და ზოგი სხვა დამატებითი მოსაზრებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2003 წელს საქართველოში სადაზღვევო ბიზნესში ლიდერებს წარმოადგენდა შვიდი სადაზღვევო კომპანია, რომლებიც “ააფი”-ს რეიტინგში შემდეგნაირად განლაგდნენ:

1. "ალდაგი";

2. "იმედი L";

3. "საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი";

4. "ბრიტანეთი-კავკასია";

5. "ნაბათი";

6. "სელბი";

7. "ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანია".

რეიტინგში ჩვენს მიერ დასახელებული შვიდი კომპანიის წილად მოდის 2003 წლის მანძილზე დაზღვევის სახეობებში მოზიდული ჯამური პრემიის 82,4% და ანაზღაურებული ზარალის 65,9%.

“ააფი”-ს რედაქცია კვლავინდებურად გააგრძელებს (ყოველწლიურად) მსგავსი რეიტინგების გამოქვეყნებას.

გიორგი გვაზავა

შენიშვნა: ჟურნალის რედაქცია ეთანხმება სტატიაში მოყვანილ ავტორისეულ მოსაზრებებს.