ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ფართოვდება - #9(45), 2003
სექტემბერში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ 2003 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით. უფრო ადრე, მარტში გამოქვეყნებული იქნა ანალოგიური მონაცემები 2002 წლის 12 თვის მიხედვით. როგორც გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში სადაზღვევო ბაზარი აღმავლობას განიცდის. ამის დასტურად მოვიყვანთ შემდეგი მაჩვენებლებს:

2002 წლის მანძილზე ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ შეადგინა 25297,2 ათასი ლარი. ეს მხოლოდ 2,7% ით აღემატება წინა 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (24641,3 ათასი ლარი), მაგრამ სამაგიეროდ, 2003 წლის 6 თვის მანძილზე მოზიდული იქნა ჯამური სადაზღვევო პრემია 18448,9 ათასი ლარის ოდენობით, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 51,6% ით (!) აღემატება.

სადაზღვევო ბაზრის მეორე უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ზარალიანობა ანუ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეულებისათვის ანაზღაურებული ზარალი. 2002 წელს ამ მაჩვენებელმა 8837,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (7410,2 ათასი ლარი) 19,3%-ით აჭარბებს. რაც შეეხება 2003 წლის 6 თვეს, ანაზღაურებული ზარალი შეადგენს 5623,1 ათას ლარს, რაც 56,2%-ით (!) უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

2002 წელს საქმიანობა შეწყვიტეს სადაზღვევო კომპანიებმა: “ევრო-აზიურმა სადაზღვევო კომპანიამ” და “ღ-ჯორჯია”-მ, აგრეთვე, ბაზრის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა სადაზღვევო კომპანია “ენიკმა”. 2003 წელს იგივე ბედი იქნა გაზიარებული სადაზღვევო კომპანიების _ “მადლი”-ს და “მოდუსი”-ს მიერ. სამაგიეროდ, განვლილ პერიოდში დაარსებულ იქნენ ახალი სადაზღვევო კომპანიები: “სელბი”, “ალიანსი”, “გეოპოლისი”, “იბერგარანტი”, “ლაგუნა”, “საზღვაო სადაზღვევო კომპანია”. სულ 2003 წლის 6 თვის მანძილზე დაზღვევას ახორციელებდა 25 სადაზღვევო კომპანია, მაშინ, როცა 2001 წელს მათი რიცხვი 20-ს შეადგენდა.

სადაზღვევო კომპანია “მადლთან” დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავისი არსებობის მანძილზე ეს კომპანია ძირითადად აზღვევდა მხოლოდ დაზღვევის სავალდებულო სახეობებში, რაც მეტყველებდა გარკვეულ შეზღუდულობაზე მის საქმიანობაში. მაგალითად, 2001 წელს “მადლი”-ს შემოსავლებში სავალდებულო დაზღვევის სახეობების ხვედრითი წილი შეადგენდა 85%-ს, ამიტომ ეს კომპანია ვერ მოხვდა წამყვანი სადაზღვევო კომპანიების “ააფი”-ს რეიტინგში, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენი ჟურნალის 2002 წლის # 4(28) ნომერში (იხ. გიორგი გვაზავას სტატია “ექვსი ლიდერი სადაზღვევო კომპანიებს შორის”). მით უფრო გასაკვირია, რომ სხვა ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2003 წლის დასაწყისი ჩატარდა, ეს კომპანია ჯერ კიდევ სახელდებოდა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად.

სადაზღვევო კომპანიების რიცხვისა და მათი აქტიურობის ზრდამ, როგორც ჩანს, განაპირობა ის, რომ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”, მართალია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, მაგრამ მისი ლიდერობა აღარ არის ისეთი აშკარა, როგორც ეს ადრე იყო. თუ ამ კომპანიის ხვედრითი წილი სადაზღვევო ბაზარზე შეადგენდა: 2001 წელს _ 46,7%-ს, ხოლო 2002 წელს _ 33,3%-ს, 2003 წლის 6 თვის შედეგების მიხედვით მისმა წილმა მხოლოდ 24,9% შეადგინა და ოდნავღა უსწრებს მთავარ კონკურენტს _ “იმედი L” ს, რომლის ხვედრითი წილი ბაზარზე განვლილ წლებში თანდათანობით იზრდებოდა: 2001 წელს _ 19,2%, 2002 წელს _ 23,1%, ხოლო 2003 წლის 6 თვეში _ 23,9%. მოზიდული სადაზღვევო შემოსავლების მხრივ მესამე ადგილზეა “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი”, რომლის ხვედრითი წილი ბაზარზე 10,7%-ს შეადგენს. კონკურენციის ზრდის დამადასტურებელია აგრეთვე ის, რომ შემცირდა სადაზღვევო ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი პირველი 5 სადაზღვევო კომპანიის მიხედვით (იხ. ცხრილი 1). ამ მაჩვენებელმა 2003 წლის 6 თვის მონაცემებით შეადგინა 74,5%, რაც 4,1%-ით ნაკლებია შარშანდელი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (თუმცა კვლავინდებურად საკმაოდ მაღალია).

ცხრილი 1. ხუთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე
     
საინტერესოა ერთი ტენდენცია: შემოსავლების მხრივ საუკეთესო ათ სადაზღვევო კომპანიას შორისაა სამი კომპანია: “საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგი”, “ქართუ” და “სელბი”, რომლებიც მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან წამყვან კომერციულ ბანკებთან (ეს ბანკებია, შესაბამისად, “თი-ბი-სი ბანკი”, “ქართუ” და ბანკი “რესპუბლიკა”) და ფაქტობრივად მათ მეკავშირე საწარმოებს წარმოადგენენ. ფორმულა “ბანკი”+”სადაზღვევო კომპანია” სასარგებლოა ბანკებისთვისაც და სადაზღვევო კომპანიებისათვისაც, ამიტომ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ადრე თუ გვიან, დასახელებულ ბანკებს სხვა წამყვანი ბანკებიც (მაგალითად, “საქართველოს ბანკი” ან “გაერთიანებული ქართული ბანკი”) მიბაძავენ და “საკუთარ” სადაზღვევო კომპანიებს შექმნიან. პრინციპში, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ. საფინანსო ჰოლდინგების ჩამოყალიბებამ ან/და გამსხვილებამ წესით უნდა აამაღლოს მათში შემავალი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების სტაბილურობა.

ცხრილი 2. სადაზღვევო ბაზრის განაწილება დაზღვევის სახეობების მიხედვით
     
საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია: მოზიდულ სადაზღვევო პრემიებს შორის სავალდებულო დაზღვევის სახეობების ხვედრითი წილი (სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და ავტომოტოტრან-სპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) თანდათანობით მცირდება: 2001 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 27,8%-ს, 2002 წელს _ 20,6%-ს, ხოლო 2003 წლის 6 თვის შედეგების მიხედვით _ მხოლოდ 16,9%-ს (იხ. ცხრილი 2). შესაბამისად, მატულობს ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობების ხვედრითი წილი. მატების ტენდენცია განსაკუთრებით აშკარაა ქონების (ნებაყოფლობითი) დაზღვევის სახეობაში. მისი ხვედრითი წილი 2001 წელს შეადგენდა 18,4%-ს, 2002 წელს _ 22,7%-ს, ხოლო 2003 წლის 6 თვის მიხედვით _ უკვე 27,6% ს.

მოყვანილი მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოში სადაზღვევო ბაზარი აგრძელებს განვითარებას და გაფართოვებას. გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიებისათვის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა, ვინაიდან დღეს-დღეობით ძალიან სუსტად არის განვითარებული მთელი რიგი დაზღვევის სახეობები, მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელთაც განვითარებული სადაზღვევო ბაზრის პირობებში საგრძნობი წილი უნდა ეკავოთ. ძირითადად ეს აიხსნება საზოგადოების დაბალი “სადაზღვევო კულტურით”, რაც ალბათ აღმოიფხვრება სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სწორი და აქტიური სარეკლამო პოლიტიკითა და საზოგადოებასთან ურთიერთობებით, რომლებიც მათდამი და მთლიანად დაზღვევის ინსტიტუტისადმი ნდობის ამაღლებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების ახალ რეიტინგს, მის გამოქვეყნებას “ააფი”-ს რედაქცია გეგმავს მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც ცნობილი გახდება სადაზღვევო ბაზრის მაჩვენებლები 2003 წლის 12 თვის მიხედვით.

გიორგი გვაზავა