ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების 2015 წლის შედეგები - #6(198), 2016
სადაზღვევო ბაზარი შემცირების შემდეგ ზრდას დაუბრუნდა

ჩვენი ჟურნალი ტრადიციულად აგრძელებს სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვას და გთავაზობთ ინფორმაციას 2015 წლის მანძილზე საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ გასული ბოლო წლებისგან განსხვავებით, შარშან საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გაიზარდა. 2015 წელს სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ ერთობლივად 359,798,773 ლარი შეადგინა, როცა 2014-ში 302,640,671 ლარი იყო. გავიხსენოთ, რომ 2013 წელს მოზიდული პრემია 471,066,120 ლარს შეადგენდა, 2012-ში კი 515,471,427 ლარს. სწორედ 2012 წელს იყო რეკორდული მდგომარეობა მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით და დადებითი მოვლენაა, როცა რამდენიმეწლიანი შემცირების შემდეგ, სადაზღვევო ინდუსტრია კვლავ ზრდას დაუბრუნდა. თუმცა, აქვე იმის აღნიშვნაც ღირს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა გარკვეული სერვისები გააძვირეს, რის მიზეზიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი დაცემა და არსებული ინფლაციაა. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს მოზიდული პრემიის გაზრდაში. 

2015 წელს წინა წელთან შედარებით ჯამური პრემია 18,88%-ით არის გაზრდილი. კლებაა ზარალის ანაზღაურებაში და 210,524,803 ლარს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2014-ში 219,090,860 ლარი იყო. ასე რომ ზარალის ანაზღაურებაში 0,4%-იანი კლებაა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩამოყალიბებული დისბალანსი სადაზღვევო ბაზრის სასარგებლოდ იცვლება. 
რაც შეეხება მთლიანი ბაზრის მოგება-ზარალის მდგომარეობას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ გასულ წელს სადაზღვევო ინდუსტრიამ სულ 2,625,240 ლარის წმინდა მოგებაა მიიღო, როცა 2014 ში ამ მაჩვენებელმა 40,326,088 ლარი შეადგინა. ჩანს, რომ მართალია 2015 წელს სადაზღვევო ინდუსტრია ჯამში ზარალიანი არ ყოფილა, მაგრამ მოგების მხრივ მნიშვნელოვანი, 1436%- იანი კლებაა. 

ცხრილი #1. 2015 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით.
     
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განმარტებით, მონაცემების ასეთი მკვეთრი შემცირება დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია – თუ წინა წლებში მოგების მაჩვენებელში გათვალისწინებული იყო კომპანიის როგორც სადაზღვევო საქმიანობის, ისე მისი სხვა ბიზნესებიდან (მაგალითად, ჰოსპიტალური) მიღებული მოგება, გასული წლიდან სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგებად წმინდა სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული მოგება ჩაითვალა. 

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით (ცხრილი #1), ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „ჯიპიაის“ ლიდერობა არის „ალდაგის“ გაყოფის ტექნიკური შედეგი – როგორც ცნობილია, კომპანიაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გაიმიჯნა – პირველი მიმართულებით „ალდაგი“ მუშაობს, მეორე კი „იმედი ელმა“ ჩაიბარა. „ჯიპიაი“ კი ორივე სახეობას მოიცავს. შესაბამისად, „იმედი ელისა“ და „ალდაგის“ მიერ მოზიდული პრემიები კვლავ ბაზრის ყველაზე დიდ წილს იკავებს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი კომპანია დღეს დამოუკიდებელ მოთამაშეებად არიან ბაზარზე წარმოდგენილნი და მათი მონაცემებიც ცალ-ცალკე აღირიცხება, ბაზრის ლიდერობა „ჯიპიაის“ ერგო. 

საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია: ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში მოზიდულია 130,822,894 ლარის ოდენობის პრემია, რაც 23,027,761 ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. თუმცა, პოლისების რაოდენობა ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელოდ (533 471-დან 535 505-მდე გაიზარდა), შესაბამისად, პრემიების ზრდის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირებაზე მიუთითებს, რაც, ცხადია, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის შედეგია. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 

სადაზღვევო ბაზარზე 2015 წელს 14 კომპანია იყო წარმოდგენილი. 2014 წელს გამოქვეყნებულ ცხრილში 16 კომპანია იყო, თუმცა, ერთი ადგილი „ალდაგის“ რეორგანიზაციის შედეგად იყო დამატებული და ცხრილში წარმოდგენილი იყო ცალ-ცალკე „ალდაგი“ და „ალდაგი (ძველი)“ და ასევე იყო სადაზღვევო კომპანია ჩარტისის საქართველოს ფილიალი, რომელსაც ბოლო წლებში კლების ტენდენცია ჰქონდა და მართალია 2014 წლის ცხრილში კვლავ იყო შეტანილი, მაგრამ არც ჯამური პრემიის მოზიდვა ჰქონდა დაფიქსირებული და შესაბამისად, არც ზარალის ანაზღაურება. 2015 წელს ეს კომპანია აღარ არის წარმოდგენილი. 

სადაზღვევო კომპანიების უმეტესობამ 2014 წელთან შედარებით მეტი ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო. წინა წლის შედეგი ცხრა კომპანიამ გააუმჯობესა, 5 კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია კი შემცირებულია. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით რეიტინგში პირველ ადგილს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იკავებს 72,921,987 ლარით და ბაზარზე 20,27%-იანი წილით. 2014-ში კომპანიამ 79,384,260 ლარი მოიზიდა, რაც ბაზრის 26,23%-ის შესაბამისი იყო. როგორც ცხრილიდან ჩანს, „ჯიპიაიმ“ შარშან 0,88%-ით ნაკლები ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო 2014 წელთან შედარებით. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2015-ში 49,338,715 ლარი დაფარა, 2014-ში კი 47,395,087 ლარის გადახდამ მოუწია, რაც 4,1%-ით მეტ გადახდილ თანხას ნიშნავს. 

ცხრილის მიხედვით მეორე ადგილს „ალდაგი“ იკავებს მოზიდული 70,765,708 ლარით და ბაზრის 19.67% წილით. 2014 წელთან შედარებით კომპანიამ ნაკლები თანხის მოზიდვა შეძლო, თან 2014-ში კომპანიის რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და სტატისტიკურ მონაცემებში „ალდაგი“ ორ გრაფაში იყო წარმოდგენილი. ორივე მონაცემს თუ შევკრებთ, 2014 წელს კომპანიის მოზიდული პრემია 93,528,064 ლარია. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2015 წელს 24,789,930 დაფარა, 2014-ში კი 58,521,734 ლარი აანაზღაურა. ასე რომ ზარალის დაფარვაზე 136%-იანი კლებაა. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მესამე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“, თუმცა, ანაზღაურებული ზარალის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. „იმედი ელი“, მართალია „ალდაგის“ შემადგენლობაშია, მაგრამ 2014 წლიდან კვლავ ცალკე ბრენდით განაგრძობს ოპერირებას და ძირითადად სამედიცინო დაზღვევის სფეროში აქტიურობს. კომპანიამ 62,804,788 ლარის მოზიდვა და ბაზარზე 17,46%-ის დაკავება შეძლო. 2014-ში მოზიდული პრემია 11,065,214 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ მოზიდულ პრემიაში 467%-იანი ზრდა აქვს. კომპანიის ანაზღაურებულმა ზარალმა 44,036,668 ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს, 15,769,291 ლარს მნიშვნელოვნად აღემატება და ზრდა 179%-ს შეადგენს. 

რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს კომპანია „უნისონი“ მოზიდული 31,430,005 ლარით და ბაზრის 8,74% წილით. წინა წელთან შედარებით ჯამური პრემია თითქმის 120%-ით გაზრდილია. 2014-ში 14,293,328 ლარის მოზიდვა და ბაზარზე 4.72%-ის დაკავება შეძლო. ზარალის ანაზღაურებაზე 4,608,122 ლარი მიმართა, რაც 2014-ში გადახდილ 4,096,351 ლარს 12,49%-ით აღემატება. 

მეხუთე პოზიციაზეა კომპანია „ირაო“ მოზიდული 29,007,101 ლარით და ბაზრის 8.06% წილით. წინა წელს კომპანიამ 28,115,988 ლარის მოზიდვა და ბაზარზე 9,29%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, ზრდა 3,17%-ია. კლებაა ზარალის ანაზღაურებაში. 2015-ში თუ 19,532,681 ლარი დაფარა, 2014-ში ამ მაჩვენებელმა 25,051,530 ლარი შეადგინა, რაც 28,25%-ით ნაკლებია.

რეიტინგში მეექვსე ადგილზეა კომპანია „არდი ჯგუფი“ მოზიდული 26,011,645 ლარით და ბაზრის 7,23% წილით. 2014-ში კომპანიამ 23,282,166 ლარის მოზიდვა შეძლო. ზრდა 11,72%-ია. ზარალის ანაზღაურებაზე 17,617,347 ლარია გადახდილი, 2014-ში კი 13,544,585 ლარი დაფარა. ასე რომ ამ მაჩვენებელში კლებამ 30,06% შეადგინა. 

მეშვიდე პოზიცია უკავია „პსპ დაზღვევას“ მოზიდული 18,114,464 ლარით და ბაზრის 5,03% წილით. წინა წელს კომპანიამ 10,754,830 ლარის მოზიდვა შეძლო, შესაბამისად, ზრდა 68,64%-ია. „პსპ დაზღვევამ“ 2015 წელს ზარალის ანაზღაურებაზე 17,204,749 ლარი მიმართა, წინა, 2014 წელს კი ამ კუთხით კომპანიას 14,995,478 ლარი აქვს გადახდილი. ზარალის ანაზღაურებაზე ზრდამ 14,73% შეადგინა. 

რეიტინგის მერვე ადგილი უჭირავს „აისი ჯგუფს“ მოზიდული 14,939,036 ლარით და ბაზარზე 4,15% იანი წილით. 2014 წელს კომპანიამ 18,000,539 ლარის მოზიდვა შეძლო. ეს კი 20,49%-იანი კლებაა. 2015 ში კომპანიამ 10,435,084 ლარი ზარალი აანაზღაურა, 2014-ში 21,239,261 ლარი დაფარა. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაში კომპანიას 103,5% კლება აქვს. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით, მეცხრე ადგილზეა „ქართუ“ 11,226,307 ლარით და ბაზრის 3,12% წილით. 2014 წელს კომპანიამ 5,831,746 ლარის მოზიდვა შეძლო. 2014 წელს კომპანიამ ნაკლები იაქტიურა და 2013 წელთან შედარებით შემცირებული პრემია, 5,831,746 ლარი მოიზდა, რაც ბაზრის 1,93%-ის შესაბამისი იყო. შესაბამისად, 2015-ში ჯამური პრემიის ზრდამ 92,5% შეადგინა. ზარალების დაფარვაზე 2015 ში კომპანიამ 5,085,904 ლარი გადაიხადა, წინა, 2014 წელს კი ამ კუთხით 2,137,915 ლარი დაფარა. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაში კომპანიას ასევე მეტი აქვს გადახდილი, ზრდამ 137,89% შეადგინა.

ცხრილი #2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები.
     
რეიტინგის მეათე პოზიციას იკავებს სადაზღვევო კომპანია „ალფა“ მოზიდული 8,910,793 ლარით და ბაზარზე 2,48% წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით მეტის მოზიდვა შეძლო, 2014-ში ეს მაჩვენებელი 8,523,610 ლარის ტოლი იყო. შესაბამისად, ზრდამ 4,54% შეადგინა. ზარალის ანაზღაურებაზე გადახდილია 10,171,007 ლარი. 2014 წელს კომპანიამ 11,928,363 ლარი დაფარა. ზარალის ანაზღაურებაში კლებამ 17,27% შეადგინა, თუმცა, 2014 წლის მსგავსად, 2015-ში კვლავ ჩანს, რომ მოზიდული პრემია ნაკლებია, ვიდრე ანაზღაურებული ზარალი. 

ცხრილი #3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2015 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა).
     
მეთერთმეტე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, რომელმაც 2014 წლის შუაგულში დაიწყო აქტიური საქმიანობა. გასულ წელს 7,934,510 ლარის მოზიდვა და ბაზრის 2,12%-ის დაკავება შეძლო. 2014 წლის 5 თვის მანძილზე მოზიდულ 2,291,958 ლართან შედარებით ზრდამ 246%-ს გადააჭარბა. 
ზარალის ანაზღაურებაზე გასულ წელს კომპანიამ 4,795,097 ლარი გადაიხადა, 2014-ში კი 239,265 ლარი ჰქონდა დაფარული. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაში ზრდა მასშტაბურია და მატებამ 1904% შეადგინა. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ 2014 წელს კომპანიამ მხოლოდ 5 თვის მანძილზე მოასწრო საქმიანობა და შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემებიც ამიტომ არის კიდევ უფრო მასშტაბურად გაზრდილი 2015 წელს. 

მეთორმეტე ადგილი რეიტინგში უჭირავს კომპანია „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ მოზიდული 5,043,317 ლარით და ბაზრის 1,4% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ ნაკლების მოზიდვა შეძლო – ჯამურმა პრემიამ 2014-ში 5,383,045 ლარი შეადგინა. კლება 6,73%-ია. ზარალის ანაზღაურებაზე 2,361,075 ლარი გადაიხადა, 2014-ში კი ამ მიზნით გადახდილი თანხა 1,896,548 ლარი იყო. შესაბამისად,ზარალის დაფარვაში გადახდილი თანხა 198,28%-ით მეტია. 

რეიტინგში მეცამეტეა კომპანია „ტაო“ მოზიდული 623,371 ლარით, რაც ბაზრის 0,17%-ის შესაბამისია. კომპანია ბოლო წლებში შემცირების გზას ადგას. 2014-ში მოზიდულმა პრემიამ 2,105,271 ლარი შეადგინა, 2013-ში კი 6,185,109 ლარის მოზიდვა შეძლო. მოკლედ, 2014-თან შედარებით, გასულ წელს კომპანიამ 237,72%-ით ნაკლები თანხა მოიზიდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, გასულ წელს „ტაომ“ 344,586 ლარი აანაზღაურა, 2014-ში კი 1,990,799 ლარი აქვს დაფარული. ასე რომ, ამ მხრივაც კლებაა, რაც 477,73%-ის ტოლია. 

რეიტინგის ბოლო, მეთოთხმეტე პოზიციაზეა კომპანია „კამარა“ მოზიდული 65,740 ლარით და ბაზრის 0,02% წილით. „კამარა“ 2013 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, მაგრამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და მოზიდული პრემია 80,653 ლარს შეადგენდა. ასე რომ, გასულ წელს კომპანიას კლება ჰქონდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, შარშან 203,838 ლარი აქვს გადახდილი. 

გადაზღვევა 2015 წელს 

ტრადიციულად, წლევანდელი შედეგების მიმოხილ-ვისას ვნახოთ, როგორ შეიცვალა გადაზღვევის მაჩვენებელი სადაზღვევო კომპანიებისთვის. როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2015 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი შემცირებულია. მხოლოდ ორი კომპანიის მონაცემებშია მითითებული, რომ 2014 წელთან შედარებით გადაზღვევის წილი გაზარდეს: ესენია „ჯი პიაი ჰოლდინგი“, რომელმაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით მეტი გადააზღვია და ასევე კომპანია „ტაო“, რომელსაც 2014 წელს გადაზღვევა საერთოდ არ ჰქონია და გასულ წელს მოზიდული ჯამური პრემიის თითქმის 73% გადააზღვია. სხვა კომპანიების მონაცემებში ჩანს, რომ სადაზღვევო რისკების უფრო მეტად საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტეს, ვიდრე ეს 2014 წელს ჰქონდათ გაკეთებული. 

დაზღვევის პოპულარული სახეები 

ბაზრის სტრუქტურა თითქმის უცვლელია წინა წელთან შედარებით. ცხრილის ზედა ხუთეული ზუსტად წინა წლების ანალოგიურია. მცირე გადაადგილებებია ცხრილის შუაგულში, თუმცა, როგორც ცხრილი 3-დანაც ჩანს, დაზღვევის ეს სახეობები არსებით ამინდს არ ქმნის და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წელს რამე განსაკუთრებული არ მომხდარა სტრუქტურაში ცვლილებების თვალსაზრისით. 

ივლისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია გამოჩნდეს. „თიბისი ჯგუფის“ მიერ სადაზღვევო კომპანიის შექმნის შესახებ „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

როგორც აღნიშნა, „თიბისი ჯგუფის“ მიერ ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

„თიბისი ჯგუფის მიერ ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ არაერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი იყიდება და ჩვენ, ბანკის ხელმძღვანელობა ვადასტურებთ, რომ ეს სფერო მათთვის საინტერესოა“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ. 

როგორც ცნობილია, წლების წინ „თიბისი ბანკი“ მონაწილეობდა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაფუძნებაში. „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ კომპანიის აქციების უდიდესი ნაწილის შეძენის შემდეგად „თიბისი ბანკი“ და „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგრძელებდნენ მჭიდრო პარტნიორობას, ჯვარედინი საბანკო-სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის კუთხით. „თიბისი ბანკის“ მიერ სადაზღვევო კომპანიის დაარსება სავარაუდოდ გავლენას იქონიებს მათ ურთიერთობაზე. აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტს“ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კომენტარზე უარი განუცხადა. „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის“ პრეზიდენტის, გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით კი ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა და ახალი მოთამაშის გამოსვლა ისედაც დიდ კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. 

თემურ იობაშვილი