ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების 2016 წლის შედეგები - #5(209), 2017
სადაზღვევო ბაზარი ზრდას განაგრძობს 

ჩვენს ჟურნალში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ვაგრძელებთ სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვას და გთავაზობთ ინფორმაციას 2016 წლის მანძილზე საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ შარშანდელი წელი სადაზღვევო კომპანიებისთვის კვლავ ზრდით გაგრძელდა და 2014 წლის შემდეგ მეორე წელია, რაც მოზიდული ჯამური პრემია მატულობს. 2016 წელს კომპანიებმა სულ 393,038,614 ლარი მოიზიდეს. წინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 359,798,773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მოზიდული პრემია თითქმის 9,24%-ით გაიზარდა. 

წინა წელთან შედარებით 2016 წელს ასევე გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ანაზღაურება. ეს მაჩვენებელი 231,862,996 ლარის ტოლია. 2015 წელს ზარალის ანაზღაურებაში კომპანიებმა 210,524,803 ლარი დახარჯეს. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი 9,2%-ით არის მომატებული. როგორც ვხედავთ, თითქმის თანაბარია მოზიდული ჯამური პრემიის და ზარალის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი.
 

2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 18,856,176 ლარი, 2015 წელს იგივე მაჩვენებელი 2,625,240 ლარი იყო. ასე რომ, წინა წელთან შედარებით მოგება გაზრდილია 618,26%-ით. თუმცა, აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2015 წელს წმინდა მოგება 1436%-ით იყო შემცირებული, რადგან 2014 წელს წმინდა მოგებამ 40,326,088 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება აქტივებს, სადაზღვევო კომპანიები 2016 წელს ჯამურად 542,3 მილიონ ლარს ფლობდნენ, ხოლო კაპიტალი 136,267,230 ლარს შეადგენდა. წინა, 2015 ში კი აქტივები 520,370,648 ლარი, ხოლო კაპიტალი 100,597,902 ლარი იყო. 

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, ისევე როგორც 2015-ში სადაზღვევო ბაზარზე 14 კომპანია იყო წარმოდგენილი. კომპანიების ჩამონათვალში ერთი ცვლილებაა. სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ ნაცვლად, ჩამონათვალში „თიბისი დაზღვევაა“. დანარჩენი კომპანიები ძველებურად აგრძელებენ ოპერირებას. 

„კოპენბურის“ 100%-იანი წილი „თიბისი ჯგუფმა“ გასული წლის ოქტომბერში შეიძინა. „თიბისიში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო. 

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თიბისი ბანკი“ აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები – მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნეს საკუთრების, სესხის დაზღვევა და სხვა. 

„ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში „თიბისი ჯგუფი“ გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება. 

ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი – პაატა ღაძაძე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ, ასევე, საქართველოში ერთ ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადეს „თიბისი ჯგუფში“. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით, 2015 წლის მსგავსად ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გახდა. ზოგადად, უცვლელია პირველი სამეულის პოზიცია. მეორე ადგილს ძველებურად „ალდაგი“ იკავებს, ხოლო მესამეზე ასევე შეინარჩუნა ადგილი „იმედი L“ მა. გარკვეული გადაადგილებებია ბაზრის სხვა მონაწილეებს შორის. 

როგორც უკვე ვთქვით, მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით რეიტინგში პირველ ადგილს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იკავებს 88,883,773 ლარით და ბაზრის 22.61% წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით მდგომარეობა გაიუმჯობესა. 2015-ში მან 72,921,987 ლარი მოიზიდა და ბაზარზე 20.27% წილი ეკავა. პრემიის ზრდა 11.97%-ია. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიამ 42,018,341 ლარი დაფარა. 2015-ში კი, 49,338,715 ლარი ჰქონდა გადახდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს 17.42%-ით ნაკლები თანხა აანაზღაურა წინა წელთან შედარებით. 
     

რეიტინგში მეორე ადგილს „ალდაგი“ იკავებს მოზიდული 77,902,354 ლარით და ბაზრის 19.82% წილით. ლიდერის მსგავსად, ამ კომპანიამაც გაიუმჯობესა მაჩვენებლები. 2015-ში 70,765,708 ლარის მოზიდვა და ბაზრის 19.67% წილის დაკავება შეძლო. ეს კი ნიშნავს, რომ ჯამური პრემიის ზრდამ 10.08% შეადგინა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიამ 2016 წელს 27,299,608 ლარი დაფარა, 2015-ში კი 24,789,930 ლარი აანაზღაურა. ასე რომ, ზარალის დაფარვაზე 10.12%-იანი ზრდაა. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მესამე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“, რომელმაც 67,620,360 ლარის მოზიდვა და ბაზრის 17.20% წლის დაკავება შეძლო. წინა წელს „იმედი L“-მა 62,804,788 ლარის მოზიდვით ბაზრის 17.46% დაიკავა. როგორც ვხედავთ, კომპანიამ ჯამური პრემია 7,6%-ით კი გაზარდა, მაგრამ, იმავდროულად ბაზარზე წილი 0.26% ით შეუმცირდა. სამაგიეროდ, „იმედი L“ ლიდერია ზარალის ანაზღაურების მხრივ. კომპანიამ 2016 წელს ყველაზე მეტი თანხა, 52,572,754 ლარი დაფარა. წინა, 2015-ში კი კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობა 44,036,668 ლარი იყო. ასე რომ, წინა წელთან შედარებით 19.38%-ით მეტი აანაზღაურა. 

რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევა“, რომლის მოზიდული ჯამური პრემია 31,528,057 ლარია და ბაზრის 8,02%-ს შეესაბამება. წინა წელთან შედარებით კომპანიამ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა. მაშინ 26,011,645 ლარის მოზიდვა, ბაზარზე 7,23%-ის და რეიტინგში მე-6 ადგილის დაკავება შეძლო. შესაბამისად, ამჟამად 21,2%-ით მეტი ჯამური პრემიაა მოზიდული. ზარალის ანაზღაურებაზე 16,589,374 ლარი გადაიხადა. 2015 წელს კომპანიას 17,617,347 ლარი აქვს გადახდილი. ასე რომ ფინანსური თვალსაზრისით, ამ მხრივაც წინსვლაა, რადგან 6,19%-ით ნაკლების გადახდამ მოუწია კომპანიას. 

რეიტინგის მეხუთე ადგილზეა „პსპ დაზღვევა“ მოზიდული 31,467,461 ლარით და ბაზრის 8,01% წილით. ამ კომპანიამაც გაიუმჯობესა მდგომარეობა – წინა წელს მოზიდული 18,114,464 ლარით და ბაზარზე 5.03% წილით რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, მოზიდული პრემიის მატებამ 73.71% შეადგინა. ზარალის ანაზღაურებაზე 2016-ში თუ 28,742,514 ლარი გადაიხადა, წინა წელს 17,204,749 ლარი ჰქონდა ანაზღაურებული. როგორც ვხედავთ, ზარალის ანაზღაურებაზე 67.06%-ით ნაკლების გადახდამ მოუწია, რაც კომპანიისთვის, წესით, კარგი შედეგია. 
     

რეიტინგში მეექვსე ადგილზეა კომპანია „ირაო“ მოზიდული 28,133,111 ლარით და ბაზრის 7,16% წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით რეიტინგში ადგილი ერთი პოზიციით გაიუარესა, რადგან მაშინ 29,007,102 ლარის მოზიდვა და ბაზრის 8.06%-ის დაკავება შეძლო. ჯამურ პრემიაში შემცირება 3,1%-ის ტოლია. კომპანიამ 2016 წელს 27,958,659 ლარი აანაზღაურა, წინა წელს კი 19,532,681 ლარის გადახდამ მოუწია. როგორც ვხედავთ, ზარალის ანაზღაურებაზე 43.13%-ით მეტი თანხაა გადახდილი, რაც კომპანიისთვის წესით, მთლად კარგი არ უნდა იყოს. 

მოზიდული პრემიის მიხედვით რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა კომპანია „უნისონი“, რომელმაც 21,165,130 ლარის მოზიდვა და ბაზრის 5,39% ის დაკავება შეძლო. 2015-ში კომპანიას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, რადგან 31,430,005 ლარი მოიზიდა, ბაზრის 8.74% დაიკავა და რეიტინგშიც მე-4 პოზიციაზე იყო. შესაბამისად, ჯამურ პრემიაში შემცირებამ 48.49% შეადგინა. ზარალის ანაზღაურებაზე კი 2016-ში 6,999,232 ლარია გადახდილი, წინა წელს კომპანიამ 4,608,122 ლარი აანაზღაურა. შესაბამისად, ბოლო წელიწადში ზარალის დაფარვაზე გაცემული თანხა 51.88%-ით გაიზარდა. ასე რომ, ჯამური პრემიის შემცირების პარალელურად გაზრდილია ზარალის ანაზღაურება. 

რეიტინგში მერვე ადგილზეა კომპანია „აი სი ჯგუფი“ მოზიდული 15,020,841 ლარით და ბაზარზე 3.82%-ის დაკავებით. წინა წელს კომპანიამ 14,939,036 ლარის მოზიდვით ბაზრის 4.15% დაიკავა. როგორც ვხედავთ, ჯამური პრემიის მოცულობა 0.54%-ით არის გაზრდილი. ზარალის ანაზღაურებაზე 2016-ში კომპანიამ 8,777,651 ლარი გადაიხადა, წინა წელს კი 10,435,084 ლარი. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებაზე გადახდილი თანხის კლება 18,88%-ია. 

რეიტინგში მეცხრე პოზიცია უკავია კომპანია „ქართუს“ მოზიდული 11,012,776 ლარით და ბაზრის 2.8% წილით. ჯამური პრემიის თვალსაზრისით 2015-თან შედარებით მცირე გაუარესებაა, რადგან მაშინ 11,226,307 ლარის მოზიდვა და ბაზრის 3.12%-ის დაკავება შეძლო. ზარალის ანაზღაურებაზეც მცირე ცვლილებაა: 2016-ში თუ 5,478,022 ლარია გადახდილი, 2015-ში 5,085,904 ლარი დაფარა. ასე რომ ჯამურ პრემიაში მცირედ შემცირებას ზარალის ანაზღაურებაზე მატება დაერთო და 7.7% შეადგინა. 
     

რეიტინგის მეათე პოზიციაზეა „თიბისი დაზღვევა“, რომელმაც კომპანია „კოპენბურის“ ადგილი დაიკავა. „თიბისი დაზღვევამ“ 7,705,065 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც ბაზარის 1.96%-ის შესაბამისია. თუკი „თიბისი დაზღვევის“ 2016 წლის მონაცემებს „კოპენბურის“ 2015 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ ჯამურ პრემიაში მცირე კლებაა, რადგან „კოპენბურმა“ 7,934,510 ლარი მოიზიდა, რაც ბაზრის 2.21%-ის შესაბამისი იყო. ზარალის ანაზღაურებაზე „თიბისი დაზღვევამ“ 4,424,619 ლარი გადაიხადა, „კოპენბურს“ კი წინა წელს 4,795,097 ლარი აქვს ანაზღაურებული. 

რეიტინგის მეთერთმეტე ადგილი უკავია კომპანია „ალფას“, რომელმაც 6,375,058 ლარის მოზიდვა და ბაზარზე 1.62%-ის დაკავება შეძლო. „ავერსის“ დაარსებულმა სადაზღვევო კომპანიამ 2015-ში 8,910,793 ლარის მოზიდვა და ბაზრის 2.48%-ის დაკავება მოახერხა, რაც რეიტინგში მე-10 პოზიციას უდრიდა. პრემიის კლებამ 39.77% შეადგინა. კომპანიამ 2016-ში ზარალის ანაზღაურებაზე 7,834,592 ლარი გადაიხადა, როცა წინა წელს 10,171,007 ლარი ჰქონდა გადახდილი. შესაბამისად, კლება 29,82% ია. 
როგორც 2015-ში, ასევე გასულ წელს კომპანიამ უფრო ნაკლები ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო, ვიდრე ზარალის ანაზღაურებაზე გადაიხადა. ასე რომ, „ალფა“ ბოლო წლებში ფინანსურად წამგებიან პოზიციას ინარჩუნებს. 

რეიტინგში მეთორმეტე პოზიციაზეა „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“ მოზიდული 5,777,357 ლარით და ბაზრის 1.47% წილით. წინა წელს კომპანიამ 5,043,317 ლარის მოზიდვა და ბაზრის 1.4%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, ჯამურ პრემიაში ზრდა 14.55%-ია. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 2016-ში 2,880,325 ლარი გადაიხადა, 2015-ში კი 2,361,075 აანაზღაურა. შესაბამისად, 21.99%-ით არის გაზრდილი ანაზღაურების მაჩვენებელი. 

რეიტინგში მეცამეტე პოზიციაზეა კომპანია „კამარა“ მოზიდული 328,838 ლარით და ბაზრის 0.08% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიას ზრდა აქვს. 2015-ში 65,740 ლარის მოზიდვა და ბაზრის 0.02%-ის დაკავება შეძლო. ზრდა 400%-ს აღემატება. ზარალის ანაზღაურებაზე 2016 წელს 203,198 ლარი გადაიხადა, წინა წელს კი 203,838 ლარი დაფარა. შესაბამისად, კლება 0.31%-ია. 

ბოლო, მეთოთხმეტე პოზიცია უჭირავს კომპანია „ტაოს“, რომელმაც 118.434 ლარის მოზიდვით ბაზრის 0.03% დაიკავა. 2015 წელს „ტაოს“ 623,371 ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის 0.17%-ს იკავებდა. შესაბამისად, შემცირებამ 526%-ს გადააჭარბა. ზარალის ანაზღაურებაზეც ყველაზე ნაკლები თანხა ამ კომპანიამ მიმართა, რომელმაც 84,108 ლარი შეადგინა, წინა წელს კი 344,586 ლარი აქვს დაფარული. ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც მასშტაბური შემცირებაა, რომელიც 309%-ს აღემატება. 

გადაზღვევის მაჩვენებელი 2016 წელს 

ტრადიციულად, წლევანდელი შედეგების მიმოხილვისას ვნახოთ როგორ შეიცვალა გადაზღვევის მაჩვენებელი სადაზღვევო კომპანიებისთვის. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წელს, ისევე როგორც 2015-ში იყო, გადაზღვევის წილი შემცირებულია. მხოლოდ სამი კომპანიის მონაცემებშია მითითებული, რომ 2015 წელთან შედარებით გადაზღვევის წილი გაზარდეს: ესენია „არდი ჯგუფი“, „აი სი ჯგუფი“ და „ალფა“. სხვა კომპანიების მონაცემებში ჩანს, რომ სადაზღვევო რისკების უფრო მეტად საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტეს, ვიდრე ეს 2015 წელს ჰქონდათ გაკეთებული. 

დაზღვევის პოპულარული სახეები 

ბაზრის სტრუქტურა თითქმის უცვლელია წინა წელთან შედარებით. ცხრილის ზედა ხუთეული ზუსტად წინა წლების ანალოგიურია, მცირე გადაადგილებებია ცხრილის შუაგულში. მაგალითად, `სამოგზაურო დაზღვევამ~, რომელიც მე-8 ადგილზე იყო, ჩამოინაცვლა მე-7-ზე. `ვალდებულებათა შესრულებამ~ კი მე-7 დან მერვეზე აინაცვლა. ასევე მე-9-მე-10 ადგილები გაცვალეს `ტვირთების დაზღვევამ~ და `საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევამ~. დანარჩენი სახეობები უცვლელია წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წელს რამე განსაკუთრებული არ მომხდარა დაზღვევის ბაზრის სტრუქტურაში ცვლილებების თვალსაზრისით. 

თემურ იობაშვილი